- წუხელ უკრაინელებმა განმეორებით რამდენჯერმე დაბომბეს რუსული პოზიციები მარიუპოლში. აფეთქებები იყო დონეცკის რაიონის სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძში - დებალცევეში. ამ ქალაქის აღება რუსებმა 2015 წელს, დონბასის აქტიური ომის ბოლოს შეძლეს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა გამორჩეულად მაღალია.
მარიუპოლში რუსული სამხედრო ძალების მომარაგების ცენტრია. ქალაქში ხდება ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანა და დონეცკის რაიონის სამხრეთ წერტილში რუსების მთავარ საყრდენ პუნქტს ქმნის. წუხანდელი განმეორებითი იერიშების შედეგები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მოსახლეობისაგან თითქმის სრულიად დაცლილ ქალაქში, რომელიც სამხედრო პუნქტადაა ქცეული, რუსული სამიზნეები განადგურებულია.
უფრო მეტი ხდება ცნობილი დებალცევეს იერიშიდან. უკრაინელებმა რუსული ცოცხალი ძალის თავშეყრის ადგილები და ამუნიციის საწყობებად გადაკეთებული შენობები გაანადგურეს.
- "ვაგნერისა" და მისი ლიდერის ევგენი პრიგოჟინის მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირება საკმაოდ უცნაურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად "ვაგნერის" საინფორმაციო ცენტრმა საკუთარ რიგებში ყოველდღიურად ასობით მოკლულსა და დაჭრილზე ისაუბრა და ახლადმოკლული რუსი სამხედროების ფოტო დადო. ამის შემდეგ გავრცელდა ვიდეო რომელიც იმ სასაფლაოდანაა გადაღებული რომელიც "ვაგნერელებითაა" სავსე. ეს ყველაფერი კი იმის დასამტკიცებლად რომ აგერ "ვაგნერი" იბრძვის და კვდება და თქვენ (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ) არაფერს აკეთებთო. ფოტომ და ვიდეომ რუსული სოციალური ქსელები მოიარა და დიდი კრიტიკა მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე პრიგოჟინი შესაძლოა მისთვის ძალიან ცუდ მიმართულებაზე აღმოჩნდეს.
- დღეს დილით ლუგანსკის რაიონში კრემინას მიმართულებაზე რუსებმა შეტევა განაახლეს და აქტიურად ჩართეს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. საღამოსათვის კი დიდი მსხვერპლისა და ტექნიკური დანაკარგის ფონზე კვლავ კრემინასაკენ დაიხიეს უკან. არადა ამ შეტევის სიხარული იგორ გირკინსაც - რუს სამხედრო დამნაშავეს - კი ჰქონდა გადადებული. აშკარაა რუსები კრემინას მიმართულებით აქტიურობას არ წყვეტენ და პრაქტიკულად სამ კვირაზე მეტია წარმატებული იერიშის განხორციელებას ცდილობენ.
- უკრაინის უშიშროების უფროსმა კირილო ბუდანოვმა "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსების მხრიდან დაანონსებული შეტევა უკვე დაწყებულია და რუსების ქვეითებისა და ტექნიკის მხრიდან განსაკუთრებულს არაფერს ელოდება.
- ძეხვი, პელმენი, სოსისი, ნიორი და კარტოფილის შეკვრა - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელსაც სერტიფიკატთან ერთად აძლევენ მოკლული რუსი სამხედროების მშობლებს, ცოლებს ან ქმრებს. ოღონდ არ იფიქროთ რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს აძლევენ ერთად. არა, მხოლოდ ერთ-ერთ პროდუქტს. აი ეგ ღირს კრემლისათვის ერთი ადამიანის სიცოცხლე. ომის პირველ პერიოდში "ლადას" მანქანებს ჩუქნიდნენ, ახლა ამასაც აღარ აკეთებენ და სერტიფიკატთან და ერთჯერად საკვებთან ერთად სოციალურ დახმარების პაკეტს ჰპირდებიან.
- ჩინეთის დიპლომატიური კორპუსი მოსკოვშია. დახურულ კარს მიღმა რუსეთთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კრემლი ჩინეთისაგან იარაღს ითხოვს. პეკინისათვის რუსეთთან ერთად ერთ ბანაკში აღმოჩენა არ სურს, მაგრამ არც მისი სწრაფი დაძირვა ეჩქარება. ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რუსეთის დახმარების შესახებ - უცნობია. ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში აპირებს ჩასვლას, სადაც სამშვიდობო გეგმაზე აპირებს საუბარს. ამ ფონზე უფრო მეტი რამ გახდება ნათელი. გრძელვადიანად ჩინეთი და რუსეთი იმაზე დიდი მეტოქეები არიან, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.