USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის ზოგადი მდგომარეობის შეჯამება უკრაინაში
Date:  336
2023 წლის ზოგადი მდგომარეობის, ფრონტის ხაზის ცვლილებისა და ტერიტორიების ფლობის შეჯამება უკრაინაში:
[რუკაზე წითელი ფერით რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიაა ნაჩვენები; ყვითელი ფერით კი უკრაინელთა მიერ გათავისუფლებული ტერიტორიები]
- [ რუსეთი] 2023 წლის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 590 km² დაკავება შეძლეს. მათ ყველაზე დიდ წარმატებას ბახმუტის მიმართულებით მიაღწიეს. დაიკავეს ქალაქი და მისი შემოგარენი, თუმცა დანაკარგის რაოდენობა 60 ათასი სამხედრო იყო, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვაგნერზე მოდიოდა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი და კატასტროფული დანაკარგები კი ვუჰლედარის მიმართულებით ჰქონდათ, დონეცკის ოლქში. დანაღმულ მდელოზე ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ 6000-მდე სამხედრო და ათეულობით ერთეული დაკარგა რუსეთმა.
2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ინტენსიური ბრძოლა ახლა მიმდინარეობს ავდიივკას მიმართულებით, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ. უკრაინელები ქალაქში მყარად დგანან, მაგრამ რუსების ინტენსიური შეტევა ფლანგების მიმართულებით მიმდინარეობს. მთლიანობაში 50 km² დაკავება შეძლეს რუსებმა დანაკარგები კი პროფესიონალ სამხედროებში 15 ათასამდეა. განადგურებულია ძვირფასი ტექნიკა.
- [ უკრაინა ] - უკრაინელთა მხრიდან ყველაზე დიდი წარმატება დონეცკის ოლქში, სამხრეთში, ველიკა ნოვოსილკას მიმართულებით ჰქონდათ. მათ არამხოლოდ ყოველგვარი საფრთხე მოხსნეს ქალაქს, არამედ გაათავისუფლეს მის სამხრეთით მდებარე დასახლებები როგორიცაა ნესკუჩნე, ბლაჰოდატნე, სტაროჟევე, მაკარივკა, სტარომაიორსკე, უროჟაინე, ნოვოდარივკა და რივნოპოლი. სულ უკრაინელებმა 570 km² გაათავისუფლეს.
უკრაინელთა მხრიდან ზაპორიჟიას ოლქში დაწყებული შეტევა მეტწილად წარუმატებელი იყო. ზაპორიჟიას ოლქში ვერ მოხერხდა რუსული თავდაცვის ზღუდის გარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ რობოტინეს გათავისუფლების შემდეგ ფორტიფიკაციების ნაწილობრივი გადალახვა რამდენიმე ადგილას მოხდა. ზაპორიჟიას ოლქში უკრაინელებმა მხოლოდ რობოტინე, ლობკოვე და პიატიხატკი გაათავისუფლეს.
მცირე წინსვლა იყო ხერსონის ოლქში, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე, სადაც უკრაინელებმა კონკას აუზში დაჩები დაიკავეს და კრინკის შეუტიეს. ამ უკანასკნელისათვის ბრძოლა ახლაც გრძელდება.
თუკი 2022 წელს საოცარ იარაღად არტილერია HIMARS იყო წელს მისი ადგილი ფრთოსანმა რაკეტა Storm Shadow-მ დაიკავა. მისი მეშვეობით უკრაინელებმა დაფარეს ყირიმის დიდი ნაწილი და რამდენჯერმე დაბომბეს სევასტოპოლი თუ სხვა საპორტო ქალაქები.
-  საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მარტიდან მოყოლებული რამდენიმე სამხედრო ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ბელგოროდის ისე ბრიანსკის ოლქის მიმართულებით, სადაც უკრაინელთა მიერ ორგანიზებულმა თავისუფალი რუსეთის ლეგიონმა და მოხალისეთა კორპუსმა რამდენიმე მცირე დასახლების დროებითი დაკავება და რუსული ტექნიკის განადგურება შეძლო. ამან არამხოლოდ რუსული ნაწილები დააჯაჭვა სასაზღვრო ზონას, არამედ მსოფლიოს დაანახა რომ რუსეთის მიერ ყველა დადგენილი წითელი ხაზი გადალახვადია და საპასუხოდ ბევრი ვერაფერიც ვერ მოხდება.
- 2023 წელს რუსეთის მიერ დადგენილი კიდევ ორი წითელი ხაზი გადაილახა: 1. ყირიმის ხიდის ხელშეუხებლობა დაირღვა და მისი კიდევ ერთხელ აფეთქება შეძლეს უკრაინელებმა (მოგვიანებით ის ისევ გაარემონტეს). 2. მოსკოვის ოლქი და ქალაქი მოსკოვი რამდენჯერმე დაიბომბა. ამასთან, კრემლის სახურავსაც დაეცა დრონი. ამაზე რუსეთის მხრიდან ვერანაირი ხელშესახები პასუხი ვერ იქნა გაცემული გარდა მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლისა.
წითელ ხაზად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ პრიგოჟინის ამბოხი დიდი დარტყმა იყო კრემლის სტაბილურობისათვის. მასაც გაუბედეს აჯანყება. ეგ კი უბრალო რამ არ არის.
- 2023 წლის რუსეთის მხრიდან პოლიტიკურად ჩავარდნილი და მისთვის კონტრპროდუქტიული მუქარა უკრაინის პორტების ბლოკადასთან იყო დაკავშირებული, რუსეთმა არათუ ვერ შეძლო უკრაინის წინააღმდეგ ბლოკადის შენარჩუნება, არამედ ამ პროცესში რამდენიმე სამხედრო და საპატრულო ხომალდი დაკარგა და სამხედრო გემები საზღვაო პორტებს მიაჯაჭვა. საბოლოოდ მათი ნაწილი უკრაინელებმა ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს პორტის ტერიტორიაზევე და ამ ფონზე არამხოლოდ სადესანტო ხომალდი, არამედ წყალქვეშა ნავიც კი გაუნადგურეს. იმ ფონზე, რომ ფლოტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სიამოვნებაა და მისი აღდგენა სპეციალურ ინფრასტრუქტურასა და ხანგრძლივ დროს საჭიროებს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების განადგურება და დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო და პოლიტიკური დარტყმა იყო რუსეთისათვის.
- რუსეთის პროპაგანდა იმაზე იყო აგებული რომ ის ნატოს გაფართოებას არ დაუშვებდა. 2023 წელს ნატო ფინეთის სახით გაფართოვდა და რუსეთმა ნატოსთან 1300 კილომეტრიანი ახალი საზღვარი მიიღო. რა გააკეთა რუსეთმა საპასუხოდ. ვერაფერი გარდა იმისა, რომ ათასობით მიგრანტის შესევა სცადა ფინეთს, მაგრამ ფინეთმა საზღვარი ჩაკეტა ხოლო ამ მიგრანტებმა რუსეთის ქალაქებში აქეთ შექმნეს პრობლემები.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
 
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way