USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 13 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  339

- ვლადიმერ პუტინი ომის კორესპონდენტ-პროპაგანდისტებს შეხვდა. შეხვედრის დათქმული მიზანი თითქოს ალტერნატიული საინფორმაციო წყაროების ანალიზი იყო, მაგრამ სინამდვილეში პუტინი დამსწრეებს მითითებებს აძლევდა თუ როგორ უნდა წარემართათ პროპაგანდა. მაგრამ შეხვედრაზე მაინც რამდენიმე მეტად უცნაური კომენტარი გააკეთა პუტინმა. მათ შორის კი იყო ის, რომ ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი და განვითარება დამოკიდებულია უკრაინელთა კონტრშეტევაზეო. არადა, კრემლის გადასახედიდან რუსეთი ანექსირებულ ანუ მათი თვალთახედვიდან გამოდის რომ საკუთარ ტერიტორიებს კარგავენ უკრაინაში, მაგრამ პუტინი მაინც იმეორებს მოწინააღმდეგეს არავითარი წარმატება არ აქვსო. რეალურად იკვეთება რომ კრემლში არავითარი ხედვა არ არსებობს თუ როგორ ეხებათ ამ ომის დასრულება და ამასთან მთლიანად აქვთ სამხედრო-პოლიტიკური ინიციატივა დაკარგული - უკრაინა რას იზამს იმას შეჰყურებენ. არადა ამ პროცესში, ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთი არამხოლოდ ოკუპირებულ უკრაინას კარგავენ რუსები, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო ნაწილზე აქვთ კონტროლი დაკარგული.

- ზაპორიჟიას ოლქში, სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინული სარაკეტო შეტევის შემდეგ მოკლულ იქნა 35-ე არმიის გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი. საინტერესოა ისიც, რომ სარაკეტო დარტყმისას სავარაუდოდ განადგურებულ იქნა რამდენიმე სხვა ოფიცერიც. შტაბზე დარტყმისას მხოლოდ ერთი გენერალი არ კვდება ხოლმე. ამასთან, დღესვე ცნობილი ხდება კიდევ ერთი რუსი პოლკოვნიკის მოკვდინების შესახებ. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს აქვთ სწორი კოორდინატები და კარგად ახერხებენ სამიზნეების განადგურებას.

- უკრაინელთა შეტევის შეფასებისას "ვაგნერის" ხელმძღვანელი პრიგოჟინი მუდამ იმეორებს ერთსა და იმავეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმართული საბრძოლო მოქმედებები აუცილებლად მიიყვანს არმიას მარცხამდე. მან უკვე დაიწყო საუბარი რომ ზაპორიჟიაში უკრაინელები წარმატებას აღწევენ და ფრონტი იშლება. ხოლო ბახმუტში უკრაინელთა წარმატების შემთხვევაში პრიგოჟინის მხრიდან თავდაცვის ძალებთან დაპირისპირება სულ სხვა ეტაპზე გადავა. პრიგოჟინს სურს რუსეთის ყველა წარუმატებლობა თავდაცვის ძალებს დააბრალოს (და ყველა წარმატება თავად მიიწეროს). ამიტომაცაა, რომ რაც უფრო მძლავრი იქნება უკრაინელთა შეტევები ყველა მიმართულებით, მით უფრო გააქტიურდება იგი და დაიწყებს "მეფის კარზე" განტევების ვაცების - შოიგუ-გერასიმოვის - ძიებას.

- უკრაინელები აშშ-ს მხრიდან იმდენივე ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლის" მიიღებენ რამდენიც დაკარგეს. ზოგადად, მცირედ კომიკურად იქცა კრემლის მხრიდან დასავლური ტექნიკის განადგურებაზე საუბარი. ეს რომ ყოფილიყო იგივე საბჭოთა წარმოშობის ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП მათ განადგურებაზე აქცენტი არ გაკეთდებოდა. მაგრამ კრემლისა და მისი პროპაგანდისტებისათვის ერთი "ბრედლი" შეიძლება ას БМП-საც უდრიდეს და განა იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანია ის რა, არა, იმიტომ რომ კრემლის პროპაგანდით ისინი დასავლეთს ებრძვიან და დასავლური ტექნიკის თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობით განადგურება მნიშვნელოვანი იარაღია.

- უკრაინელებმა ქალაქი დონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით რუსეთის სამხედრო ნაწილი დაბომბეს. დარტყმა უშუალოდ თავშეყრის ადგილას განხორციელდა. მსხვერპლი მინიმუმ რამდენიმე ათეული სამხედროა.

- იბომბება ზაპორიჟიას ოლქის ქალაქი ტოკმაკის შემოგარენი. რეალურად, უკრაინელები ფორტიფიცირებულ რუსულ პოზიციებს ყოველდღიურ რეჟიმში ბომბავენ, მაგრამ პერიოდულად აფეთქებების სიმძლავრე და ინტენსივობა მატულობს ხოლმე.

- ფრონტის ხაზზე ზაპორიჟიაში უკრაინელები აღებულ ტერიტორიებს ამაგრებენ. შეტევის ინტენსივობამ მათი მხრიდან იკლო. ამას დაემატა ცუდი ამინდიც, რომელიც კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. მიუხედავად ამისა ტყვეები ბევრნი არიან. ამასთან, რუსული კონტრშეტევის ყველა დაანონსებული მცდელობა ჩავარდა, მათ შორის ახლადგათავისუფლებულ მაკარივკაზეც.

- უკრაინელები აგრძელებენ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე. კვლავ იბომბება ბელგოროდისა და კურსკის ოლქების სამხედრო სამიზნეები. ეს იმდენად ყოველდღიურად იქცა, რომ არც რუსული მედია აშუქებს მას და არც რუსი პროპაგანდისტები საუბრობენ. უძლეველი რუსეთის მითი სულ უბრალოდ ყოველდღიურად იმსხვრევა.

tbilisi
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

See all
Survey
By the way