USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 1-2 ივლისის შეჯამება უკრაინაში
Date:  729

- ყველაზე შესამჩნევი უკრაინული აქტივობა ბახმუტის ირგვლივ მიმდინარეობს. უკრაინელებმა ქალაქის ჩრდილოეთით ბახმუტი-სლავიანსკის გზის მონაკვეთზე კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს წინ უშუალოდ გზის გასწვრივ. საბრძოლო მოქმედებები ძალიან ინტენსიურია და ყველა სახის შეიარაღებაა ჩართული. მიუხედავად ასეთი მაღალი აქტივობისა რუსებს სასანგრე პოზიციები აქვთ გამართული და თითოეული ათეული მეტრისათვის მიმდინარეობს შეტაკებები. უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ბერხივკასა და შემდგომ იაჰიდნეს გათავისუფლებას. ბერხივკას ნაწილი უკრაინელთა ხელშია და სოფელში ბრძოლა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, მაგრამ რუსები ცოცხალ ძალას არ იშურებენ პოზიციების შესანარჩუნებლად.

ბახმუტის მიმართულებით რუსებს თავდაცვის ზღუდეები ზაპორიჟიასთან შედარებით სუსტი აქვთ. თუმცა სასანგრე ბრძოლები აქ პრაქტიკულად 10-11 თვეა მიმდინარეობს. ამასთან, რადგანაც რუსებისათვის ბახმუტმა სიმბოლური მნიშვნელობა მიიღო მის დაკარგვას ასე ადვილად ვერ შეეგუებიან. ამიტომაა, რომ ცოცხალ ძალას ასე თამამად სწირავენ სტრატეგიული თვალსაზრისით არცთუ მნიშვნელოვანი დასახლებების (ნასახლარების უფრო) მაქსიმალური შენარჩუნებისათვის. რუსების მხრიდან ეს თვითგამოფიტვის პროცესი უკრაინელებსაც აძლევს ხელს, თუმცა მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისა და მისი შემოგარენის გათავისუფლება.

- ზაპორიჟიას მიმართულებით დიდი ცვლილებები არ არის - და არც ინფორმაცია ნათელი. ერთადერთი რუსული წყაროები წერენ, რომ ორიხივი-ტოკმაკის გზაზე, რობოტინეს სიახლოვეს უკრაინელებმა შეძლეს და რობოტინეს გამაგრებულ ზონას შემოუარეს და თან ისე, რომ რობოტინეზე დაწოლა არ შემცირებულაო. რეალურად, რა ხდება ამ პერიმეტრზე ცნობილი არ არის, მაგრამ ის, რომ უკრაინელებმა უკვე გაათავისუფლეს ყველა ის პოზიცია, სადაც ივნისის დასაწყისში ტანკები დაკარგეს, ეს ცხადია. სხვათა შორის უკრაინის გენშტაბის მხრიდან გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადება ამასთან დაკავშირებით: ტანკები სააღლუმედ არ გვინდოდა, არამედ იმისაა, რომ იბრძოლო, ზოგი დაიკარგება და ზოგით მოწინააღმდეგის პოზიციას აიღებო.

- რუსებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელეს ხერსონის ოლქში, ანტონოვის ხიდის მომიჯნავედ მიმდინარე პროცესებზე. ერთი ინფორმაციით რაც კი უკრაინელებმა 24-ში განახორციელეს მდინარის გადალახვა, მას შემდეგ რუსული არტილერია და ფრთოსანი რაკეტები ბომბავს უკრაინულ პოზიციებს, რის შედეგადაც უკრაინელების შეტევა ჩავარდაო, ხოლო მეორე ინფორმაციით უკრაინელები ოლეშკის სიახლოვეს იმყოფებიან უკან და არათუ დაჩების პოზიციის შენარჩუნება შეძლეს, არამედ კიდევ უფრო ღრმად უტევენ რუსებს.

- უკრაინელებმა მელიტოპოლი დაბომბეს. ინტენსიური დარტყმების შედეგად რუსული სამეთაურო პოზიციები იქნა განადგურებული. ქალაქი კი თანდათან იცლება მოსახლეობისა და კოლაბორაციონისტებისაგან.

- CIA-ს უფროსი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის ამბოხს მნიშვნელოვანი გამოფიტვის ეფექტი ჰქონდა პუტინის რეჟიმისათვის და ამ ყველაფერს გრძელვადიანი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს. ზოგადად ასეა, ავტოკრატიებს ამბოხებები მეტად ავნებთ ხოლმე, მით უფრო ომში მყოფებს.

- უკრაინის გენშტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნი "ვაშინგტონპოსტთან" ინტერვიუში საკმაოდ კრიტიკულად აფასებს სიტუაციას და ამბობს, რომ ფრონტის ხაზის გარღვევას და წარმატებას დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური და სწრაფი მხარდაჭერა სჭირდება, პირველ რიგში კი საუბარია F16-ებზე, რომლებმაც უკრაინელებს ჰაერში უპირატესობა თუ არა წონასწორობა მაინც უნდა მიაღწევინონ.

შეჯამება:

ზოგადად, ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან აქტიური არცერთი მიმართულებით არ არის, მაგრამ ამას ემატება ინფორმაციის კატასტროფული დეფიციტი და შეზღუდვა და ეს არამხოლოდ უკრაინელთა არამედ რუსების მხრიდანაც, რომლებიც, პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ კიდევ უფრო მალავენ და აკონტროლებენ ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way