USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
გიორგი კანდელაკი: თუ ახლაც მკაცრ შეზღუდვებს ავირჩევთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება
Date:  405
ცნობილი ქართველი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ბოლო დღეებში გაუარესებულ ეპიდვითარებას ეხმაურება. 
 
"158 შემთხვევა გუშინ. შევდივართ ექსპონენციალური გავრცელების ფაზაში. ხდება ის რაც გარდაუვალი იყო თავიდანვე, და სრულიად მოსალოდნელი - რესპირატორული ვირუსის ტალღის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია! საზოგადოების ერთ ნაწილში გაკვირვებაა, მეორე ნაწილში პანიკა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები - თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია. არის მცდელობები, რომ ყველაფერი გადაბრალდეს თავად მოსახლეობას, თითქოს შეზღუდვების მიმართ, მოსახლეობის ნაკლები დამყოლიანობა არის სწორედ მიზეზი ეპიდემიის გააქტიურებისა. ჩვენ ამ ილუზორული ტრანსიდან უნდა გამოვიდეთ და თვალი გავუსწოროთ მარტივ, ბანალურ ჭეშმარიტებს, რომ მაღალი კონტაგიოზურობის მქონე, ახალი, პანდემიური პოტენციალის ვირუსული რესპირატორული ინფექციის შეჩერება არარეალისტურია.
სინამდვილეში იმ ტოტალური ქვეყნის პარალიზების პოლიტიკამ, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო შედეგებისა, მოიტანა ის, რომ ეხლა კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ პირდაპირ თანმხვედრი იქნება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული რესპირატორული ინფექციების გავრცელების პიკისა, რაც ერთიორად გააძნელებს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას და შესაძლოა რეალურად პარალიზების რისკიც დაგეს. ნაცვლად იმისა, რომ კონტროლირებული გავრცელების გზით, მინიმალური შეზღუდვებით ძირითადი დარტყმა მიგვეღო ყველაზე ხელსაყრელ თვეებში - აპრილი, მაისი, ივნისი (ისე როგორც მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში), ჩვენი პოლიტიკით პირდაპირ დავუმიზნეთ კორონავირუსის ეპიდემიის ტალღა გრიპის პიკს. ამ საკითხზე ჩვენ ვწერდით გაზაფხულზე და გამოვთქვამდით შეშფოთებას, თუმცა მხოლოდ კრიტიკა მივიღეთ პასუხად. ცხადია, რომ ქვეყანა მუდმივ „ლოქდაუნში“ ვერ იქნება და არც უნდა იყოს. თუ ეხლაც მკაცრ შეზღუდვებს ავირჩევთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება, ჯერ კიდევ გვაქვს იმის საშუალება, რომ შემოდგომაზე მოვიდეს მთავარი დარტყმა და არა შუა ზამთარში. თუმცა ამჯერადაც სკოლების დახურვით დავიწყეთ და დიდი ეჭვი მაქვს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებაზე კვლავ გაგვექცევა ხელი. გაუთავებელი შეზღუდვები სიზიფეს შრომაა, ზიანის მომატნია თავად ეპიდემიის მართვის კუთხით, ვერ იქნება ხანგრძლივად მდგრადი და შენარჩუნებადი, მუდმივად დაგვაყენებს ახალ-ახალი ტალღების რისკების ქვეშ.
ნაცვლად ამისა ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ შემდეგ პრობლემებზე:
- დღემდე არ არის საკმარისი და ხარისხიანი პერსონალური დაცვის საშუალებები ხელმისაწვდომი საავადმყოფოებისათვის
- უმეტეს საავადმყოფოებში ინფექციური კონტროლის სისტემა ფუნქციონირებადი ფორმით ან საერთოდ არ არსებობს ან ძალზე სუსტია
- სასწრაფოდ უნდა შეწყდეს უსიმპტომო პაციენტების ე.წ. „მკურნალობა“ როგორც სასტუმროებში (ეს საერთოდ ნონსენსია და არ დავიჯერე სანამ ოფიციალურ განცხადებებში თავად არ წავიკითხე) ისევე სავადმყოფოებში - ეს არის ბიუჯეტის უმიზნოდ ფლანგვა საუკეთესო შემთხვევაში და ღია კორუფია უარეს ვარიანტში. ასევე არ უნდა ხდებოდეს მსუბუქად სიმპტომური პაციენტების ჰოსპიტალიზაციაც. გამოთავისუფლებული რესურსები უნდა წარიმართოს ისევ საავადმყოფოებში (როგორც კოვიდ ასევე არა-კოვიდ საავადმყოფოებში) ელემენტარული ინფექციური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაზე და ხარისხიანი პერსონალური დაცვის საშუალებების შეძენაზე
- უნდა დაზუსტდეს/შეფასდეს საწოლების და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა/ფუნქციონირება
- გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდით ინფიცირებული მძიმე პაციენტების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, იღუპება არა თავად ვირუსისგან, არამედ ნოზოკომიური, მულტირეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიებით და სხვა ინფექციებით, აუცილებელია რომ ის უდიდესი დეფიციტი, რაც ბოლო წლებში გვაქვს ასეთ ინფექციებთან საბრძოლველი ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატების კუთხით გამოსწორდეს და სახელმწიფომ შემოიტანოს თანამედროვე, ეფექტური ანტიბიოტიკები, რაც სამწუხაროდ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არ მოიპოვება
პრობლემების მიუხედავად, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს ბევრი მიზეზის გამო:
- ეს ვირუსი მართალია სეზონურ გრიპზე უარესია, მაგრამ არა დრამატულად უარესი
- იტალიის ლომბარდიის პროვინციის გარდა, არსად მსოფლიოში, არც იქ სადაც დრაკონული შეზღუდვები განხორციელდა და არც იქ სადაც საერთოდ არანაირი შეზღუდვები არ იყო, არც ჩვენზე გაცილებით განვითარებულ და არც ჩვენნაირი ეკონომიკური და სამედიცინო პოტენციალის ქვეყნებში, კორონავირუსის ეპიდემიას არ გამოუწვევია სამედიცინო სისტემის პარალიზება და კრახი. აქ ერთადერთ რისკს გრიპის და კოვიდის სინქრონულ პიკებში ვხედავ მხოლოდ.
- დაავადების მართვაში მეტი ცოდნაა დაგროვებული, ვიცით რომ სტეროიდები მძიმე პაციენტებში ამცირებენ 1/3-ით სიკვდილიანობას; ვიცით ანტიკოაგულაციის დადებითი ეფექტების შესახებაც და დაიხვეწა კოვიდით გამოწვეული დისტრესების მართვაც."
698George Kamkamidze და 697 სხვა
55 კომენტარი
581 გაზიარება
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way