USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
თბილისი
გიორგი ჯაჯანიძე: ჩემი ცხოვრება წინასწარ მაქვს ნანახი
თარიღი:  1340

უკვე მრავალი წელია გიორგი ჯაჯანიძე ქართულ ტელე-სივრცეში გამორჩეული სახეა. ხშირად ეპატაჟური, ხშირად არაორდინალური,  საინტერესო ისტორიებით და  ადამიანებისადმი და ცხოვრებისადმი  საკუთარი “ წესებით”, რასაც როგორც თავად ამბობს, თითქმის არასდროს ღალატობს. 

როგორია 61 წლის ტელე-წამყვანის ცხოვრება კადრს მიღმა და ვინ არიან ადამიანები, ვინც მისი მთავარი გზა განსაზღვრა - გიორგი ჯაჯანიძის  “სხვა რაკურსი” “თბილისი პოსტისთვის”. 

გიორგი ჯაჯანიძე: 43 წელია ტელევიზიაში ვმუშაობ, ვიმუშავე გამნათებლად, ოპერატორად, მემონტაჟედ, რეჟისორად, ჟურნალისტად. თუ კი ტელევიზიაში  რაიმე არსებობს ყველაფერი ვიცი, ყველაფერი გავიარე. ახლახან ათი წელი გახდა, რაც “სხვა რაკურსის” წამყვანი ვარ, თუმცა  იქამდე მქონდა  სხვა ტელე-პროექტებიც. პროფესიით კინო-რეჟისორი ვარ, სადიპლომო დავიცავი დოკუმენტური ფილმით “მე ქართველი ვარ”,  რომელიც თურქეთში გადავიღე, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ტელევიზია მაინც ჩემი მთავარი სიყვარული აღმოჩნდა. ბავშვობიდან კინოზე, მსახიობობაზე  ვოცნებობდი. ჭიათურაში ძალიან  კარგი თეატრი გვქონდა, რომელიც ჩემი სახლიდან  შორს იყო. რკინიგზის ლიანდაგებით, დიდი გზა უნდა გაგევლო, თეატრში მისასავლელად. მივდიოდი და ვოცნებობდი ხოლმე, თუ როგორ ვდგავარ ამ თეატრის სცენაზე.  ყველა ბავშვის ცხოვრებაში ხომ არსებობს კეთილი ზღაპარი, ეს იყო ჩემი ზღაპარი და ავისრულე. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ჭიათურის თეატრის სცენაზე მოვხვდი. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ კამერა “მიყურებდა” და მე ვიყავი ფილმის გმირი. ეს დღემდე გამომყვა,   ისე მიყვარს კამერა, როცა ირთვება შემიძლია ყველაფერი ჩავიდინო.

- როგორ გქონდათ წარმოდგენილი, თქვენი მომავალი ცხოვრება?

 - ჩემი ცხოვრება წინასწარ მაქვს ნანახი, ჭიათურაში ერთი ადგილია, კლდე. ამ კლდესთან ხშირად მივდიოდი. ერთ დღეს უცბად, რაღაც ძალამ გამაჩერა, წამიერად გამიელვა ყველაფერმა, რაც წინ მელოდა. 

ჩემი წარმატება დგას დიდ შრომაზე, გადაცემისთვის გამიკეთებია ისეთი რაღაცეები, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. გადმოვხტი მაღალი ხიდიდან, ვიფრინე პარაპლანით, გადმოვხტი პარაშუტიდან, ჩავხტი ზღვაში, ისე, რომ ცურვა არ ვიცოდი, ველოსიპედით გავიარე თოკზე, წალკაში ისეთი ატრაქციონები “დავიპყარი”, მერე  რომ ვუყურე, საკუთარი თავის გამიკვირდა. სიმღერა არ ვიცოდი და ვიმღერე, ცეკვა არ ვიცოდი და ავცეკვდი. ხვამლის მთაზე ისეთ გამოქვაბულში ჩავედი, შემთხვევით მიწა რომ ჩამოყრილიყო, იქ დავიმარხებოდი. ძლივს გამოვედი გარეთ.ამ ყველაფერს ისე ვაკეთებ,  შიშის ნატამალი არ გამაჩნია.მე მიყვარს ჩემი მაყურებელი და ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. ამაში ძალიან გულწრფელი ვარ.  სიყვარული საქმის მიმართ, მაინც მაყურებლის სიყვარულიდან მოდის. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანების სიყვარული არ გაქვს, ვერც ერთ საქმეს ვერ გააკეთებ. მე მიყვარს ადამიანები, ესაა ჩემი წარმატების გასაღები. 

 

 - იღბალი რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენს წარმატებაში? 

- იღბალიც იყო, რა თქმა უნდა,იმდენად მიმართლებდა ადამიანებში, იღბალზე როგორ უნდა დავიწუწუნო?  როდესაც ჭიათურიდან თბილისში ჩამოვედი, ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, ბევრი მათგანის როლი გადამწყვეტი იყო ჩემს ცხოვრებაში,  მაგრამ ყველაფერი მაინც შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას მოაქვს. ბაბუაჩემი ჯართის პუნქტის დარაჯი იყო. ბაბუამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაკარგა ხელი, მხოლოდ ერთი ხელი ჰქონდა, ამის მიუხედავად, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი იყო, რასაც  მეც შემაჩვია მასთან ხშირად მივდიოდი. მეც  მავალებდა რაღაცეებს. 11 წლის ვიყავი, ლიმონათის ყუთებს ვჭედავდი საამქროში, სადაც აკვნები და კუბოებიც მზადდებოდა.  საამქროს უფროსი სულ მეუბნებოდა, შენგან კარგი დურგალი დადგებაო, მე ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ ამ საქმეს  ფულის გამო ვაკეთებდი და დურგალი არ გავხდებოდი. ჩემი ოცნება იყო, გავქცეულიყავი ამ საამქროდან, მტანჯავდა მეკუბოვე კაცის წინასწარმეტყველება, თუმცა ამ პერიოდიდან ერთი კარგი გამოცდილება მაინც მივიღე. კუბოების და აკვნების საამქროში, ძალიან პატარა ასაკში მივხვდი, რომ სიკვდილი და სიცოცხლე ერთად, გვერდიგვერდ არიან. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ფილოსოფია.   

- ადრეულ ასაკში მიღებული კიდევ რა გამოცდილება დაგეხმარათ მომავალში?

- იმის მიუხედავად, რომ სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, ჭკვიანი ვიყავი. როცა ჩემი ტოლები თამაშობდნენ, მე ან ვკითხულობდი, ან ტელევიზორს ვუყურებდი მეზობელთან, რადგან ჩვენ ტელევიზორი არ გვქონდა. დიდი ოცნებები არ მქონია არასდროს, არც მაშინ, პატარობისას - არც ვიცოდი, რა ხდებოდა  ჭიათურის იქით. მახსოვს, პირველად ქუთაისში რომ მივდიოდით, ღამე არ მეძინა. ქუთაისი მეგონა სხვა სამყარო.  ამის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვიყავი. ბედნიერება ჩემი თანმდევი მდგომარეობა იყო. ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როცა საჭმელი არ მქონდა და მაშინაც, როდესაც მქონდა. ხომ არის ადამიანი, რომელიც იბადება დაბალი, მაღალი, ქერა, შავგგვრემანი, მე ბედნიერი დავიბადე. ბედნიერების იმდენი მიზეზი მაქვს, რატომ ვიფიქრო წარსულზე, რომელიც არ იყო მარტივი ცოცხალი რომ ვარ, სახლი მაქვს, არ ვარ ავად, მყავს დედა,  შვილები, შვილიშვილები, მეტი რა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის?!

- როგორია თქვენი ცხოვრების მთავარი ისტორია? 

 - ეს არის ჩემი დაბადება. ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან დედაჩემი და მამაჩემი. არასდროს მავიწყდება, რომ მათ გამაჩინეს, მათ  მაჩუქეს სიცოცხლე. რაც ვარ, რა თვისებებიც მაქვს, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა. წარმატების ფორმულა ჰგავს აგურით აშენებულ კედელს, რომლის შემადგენელი აგურები ადამიანის ხასიათი და თვისებებია, რაც მე ჩემი მშობლებისგან მაქვს. ჩემს გონებაში არასდროს დამიშვია, თუ როგორი იქნებოდა მათ გარეშე  ჩემი ცხოვრება. მამა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებებს. მახსოვს, როდესაც მამა გარდაიცვალა, ბებიამ ჩემს მეგობართან დარეკა  და შეატყობინა, თან სია დამიტოვა, რა უნდა წამეღო თბილისიდან. მაშინ ყველგან დიდი გაჭირვება იყო, მით უმეტეს ჭიათურაში. ჩემი  მეგობრის დახმარებით მაინც  შევძელი ყველაფრის ყიდვა, რაც ბებიამ მთხოვა.ისეთი თოვლი იყო ტრაქტორით  ძლივს გადავედი ჩემს  სახლამდე, თუმცა ჩემი ვალი მაინც მოვიხადე.  

დედაჩემი საოცარი ქალია.იმიტომ კი არა, რომ დედაჩემია, მაგრამ მართლაც არ შევხვედრილვარ, მის მსგავს წესიერ და სათნო ადამიანს. არ მახსოვს, ვინმესთან რაიმე პატარა კონფლიქტი მოსვლოდა. სკოლაში  ცუდად  ვსწავლობდი, რის გამოც დედა  ხშირად იღებდა ჩემ გამო საყვედურებს, სახლის გზაზე, რომელიც ძალიან გრძელი იყო, ჩუმად მომყვებოდა ხოლმე. ერთი საყვედური არ დაცდებოდა. მუნჯებივით მოვდიოდით. დღემდე მახსოვს ის მტანჯველი განცდა. მის დუმილს მერჩია, გაველანძღე, მაგრამ დედა არასდროს არაფერს ამბობდა. მახსოვს  გზაში ჩემს თავს ვეუბნებოდი, დედა ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი გული გახარებული იყოს თქო.

 - გამოგივიდათ? როგორც ამბობენ, მზრუნველი შვილი ხართ.

- კი, მეც და ჩემი და-ძმაც  ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დედამ ბედნიერად იგრძნოს თავი. მე და დედა წლები ვცხოვრობდით კორპუსის პატარა ბინაში. ვიცოდი, დედას როგორ ენატრებოდა ეზო, რადგან  მთელი ცხოვრება ეზოში ჰქონდა გატარებული. მერე, როდესაც საკუთარ სახლში გადმოვედით, რომელსაც დიდი ეზო აქვს, დედამ გამიმხილა: იმ სახლში დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი, აქ  ცხოვრება გამიხანგძლივეო. ერთი წელი ისე მქონდა ეს სახლი, არავინ იცოდა, მათ შორის არც დედამ. მინდოდა ეზო მომეწყო და  ისე მომეყვანა. ერთ დღეს ვუთხარი, დედა მეგობარმა მთხოვა, უცხოეთში მივდივარ და ჩემს სახლს დახედე ხოლმეო. მოტყუებით შემოვიყვანე ამ სახლში, როცა  ვუთხარი: დედა ეს ჩვენი სახლია, ამის შემდეგ  აქ უნდა ვიცხოვროთ-მეთქი, დედას ცრემლები მოერია. ვიდქით ცარიელ სახლში და ვტიროდით. თავიდან შეჩვევა გამიჭირდა. პირველი ღამე ამ სახლში თეთრად გავათენე. მე და დედაჩემი ერთმანეთს შეცბუნებულები ვუყურებდით. ისე ვიყავით შეჩვეული ჩვენს ძველ,  პატარა სახლს, რამდენიმე დღე ერთმანეთს ვეძებდით სართულებს შორის  (იცინის) ცხოვრება ასეთი უცნაურია. როცა თბილისში ჩამოვედი, ჩემი ოცნება პატარა ოთახი  იყო, სადაც თავს შევაფარებდი. უამრავი ადგილის შეცვლა მომიწია, ერთხანს კინოსტუდიის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მერე მე და ჩემმს ცოლმა მუხიანში მივიღეთ პატარა ბინა. მე ხშირად ფეხით მიწევდა მუხიანიდან ცენტრში გამოსვლა. როცა კორპუსებში გაჩახჩახებულ შუქს ვხედავდი და მახსენდებოდა, რომ მე ფეხით უნდა გავსულიყავი მუხიანში, იმ ბედნიერი ადამიანების ადგილზე ყოფნას ვნატრობდი, ვინც ცენტრში ცხოვრობდა. . 

ჩემი ძმის დახმარებით ეზოში წალკოტი გვაქვს. წლებია, არც მწვანილი გვიყიდია და არც ბოსტნეული. დედაჩემმა გული იჯერა, ყველაფერი დარგო და დათესა, რისი დარგვაც შეიძლებოდა. ამ ბოსტნით ისეთი ბედნიერია, ყველაფერი მოჰყავს: კიტრი, პომიდორი, მწვანილი, ბოლოკი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, ათასნაირი ხილი. ყოველ დილას ამოაქვს ჩემთვის თავისი ხელით მოკრეფილი ბოსტნეული, ვაშლი. წლებია  ჩვენ ნატურალური, ჩვენი მოყვანილი პროდუქტით ვიკვებებით.   

დედა ამბობს, რომ მზრუნველი შვილი ვარ. არ ვიცი ალბათ ასეა, საოცარი და-ძმა მყავს, მე არ ვიცი, რა გააკეთა დედაჩემმა იმისთვის, რომ ჩვენ რომ ასეთი სიყვარული გვქონოდა. მართალია მე და დედა მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთან ხშირად არიან ჩემი ძმა, ჩემი და, მათი შვილები.

 

- რატომ გადაწყვიტეთ  მარტო ცხოვრება?

 -მომწონს ასე, მაქვს თავისუფლება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღარ მინდა რია- რია. ახლა ჩემს სახლში რომ ქალმა სირბილი დაიწყოს, ხომ გადავირევი?! სახლში მყავს დედა,რომელიც ბავშვით დამდევს და ზრუნავს ჩემზე, ასე რომ ცოლის გარეშეც  კარგად  ვარ (იცინის) იყო ჩემს ცხოვრებაში გრძნობები, მყავდა სამი ცოლი, მათთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი კარგი ადამიანები არიან,  მაგრამ მაინც მარტო აღმოვჩნდი - იმდენ რამეში გამიმართლა, ალბათ, ამ საკითხში ასე უნდა ყოფილიყო. მყავს ძალიან კარგი შვილები, გამიმართლა სიძეებშიც. ბედნიერი ადამიანი ვარ, ჩემმა შვილებმა მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. თვითონ  მეუბნებიან, რომ კარგი მამა და კარგი ბაბუა ვარ, არ მახსოვს შენიშვნა ან საყვედური მეთქვას მათთვის ოდესმე. ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, რადგან ჩემი შვილებიც ძალიან დაკავებულები არიან. აქვთ ოჯახები, სამსახურები. თვითონ ყურადღებიანი შვილები არიან, მე  “ხუთწუთას” მეძახიან. იციან, რომ  ხუთი წუთი მყოფნის მათი  და მათი შვილების  მოსაფერებელად, საჩუქრების მისაცემად, მერე იციან, რომ მარტო უნდა დამტოვონ (იცინის) 

- რა არის თქვენი გამორჩეული თვისება, რაც ყველაზე მეტად დაგეხმარათ ცხოვრებაში?

-  ეს არის მოთმინება, იოგის მოთმინება მაქვს, უსასრულოდ შემიძლია ლოდინი. არასდროს ვჩქარობ, არასდროს გადამიდგამს ნაჩქარევი ნაბიჯი. არასდროს მიბრძოლია წარმატებისთვის, ყოველთვის ველოდებოდი ჩემს დროს. ჩემი აზრით, მოთმინება და ნებისყოფა  წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრებაში. როდესაც პირველ არხზე მივედი, რომელ ოთახშიც პირველად შევედი, წლების შემდეგ  იმ კაბინეტში დამაწინაურეს. ზუსტად იქ მომიწია მუშაობა, ასეა, რაც შენია, შენია. არ  არის საჭირო ბრძოლები. მრავალი წელია, ადამიანებს ვასწავლი, როგორ გააკონტროლონ ემოციები, თუ ამას აკეთებ, ყოველთვის გაიმარჯვებ და წარმატებული იქნები.

ადამიანების მიმართ ტოლერანტული ვარ, იოლად ვპატიობ შეცდომებს, არ მახსოვს წყენები. ვღელავ, როდესაც ვხედავ, როგორ ჩაგრავენ  ადამიანები როგორ ერთმანეთს. ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს, ეს  არის ჩემი მთავარი სევდა. მე არავის მიმართ არ მაქვს მტრობა, შური, ბოღმა.   გააზრებული მაქვს, რომ სხვისი ნიჭი, გარეგნობა, ქონება თუ სილამაზე, ვერასდროს გახდება ჩემი და არც მინდა, შურით როგორ დავინგრევ ჯანმრთელობას? თუ ბოლომდე გააცნობიერებ, რომ ყველას თავისი მისია აქვს ამ ცხოვრებაში და რაც შენია, ის შენთან მოდის, შურიც გაქრება.  მე ჯანმრთელი ფსიქიკა მაქვს. არ მეშინია არც ასაკის, არც სიბერის, არც ფულის, არც უფლობის (იცინის)  

 - ფულთან როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- მე ვარ ძალიან პრაქტიკული, რაციონალური ადამიანი, არ მიყვარს ფულის უთავბოლოდ ხარჯვა. მთელი ცხოვრება ხელფასზე ვმუშაობ,  არასდროს მქონია ბიზნესი, ან სხვა შემოსავალი, ამიტომაც  ფულს ყოველთვის ეკონომიურად ვხარჯავდი. ახლაც ასე ვარ. თვეში ერთხელ მივდივარ საბითუმო ბაზრობაზე სადაც იაფად ვყიდულობ ყველაფერს, რაც ოჯახს სჭირდება. არ ვიცი ეს გაჭირვებამ მასწავლა თუ ოჯახიდან მომყვება, ალბათ, უფრო ოჯახისგან. 90 -იან წლებში, როცა დიდი გაჭირვება იყო, ჩვენ ხშირად ვჭამდით რუხ პურს, რადგან უფრო იაფი იყო,  თეთრი პური მხოლოდ დღესასწაულებზე გვქონდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. გვიყვარდა სტუმრები, მაშინაც როცა გვიჭირდა და მერეც, დედაჩემს ხშირად სტუმრობენ ნათესავები, რაც მას ყველაზე მეტად ახარებს.  

 - დღეს  როგორი დამოკიდებულება გაქვთ დღესასწაულებთან დაკავშირებით?

-  დღესასწაულების დიდი სიყვარულით არ გამოვირჩევი, ბოლო წლებია, ახალ წელს სახლში არ ვხვდები, რადგან საახალწლო საღამოები მიმყავს, იქამდე ყველამ იცის როგორი იყო ჩემი ახალი წლები.სახლში მომქონდა ბევრი  მზესუმზირა და ახალ წელს პიჟამოებით, მზესუმზირის ჭამაში, ტელევიზორთან ვხვდებოდი. ვინც ახლოს მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება დღესასწაულების მიმართ - შემიძლია საკუთარი დაბადების დღე მარტომ სახლში გავატარო. მრავალი წელია მივხვდი, რომ ჩემთვის ყოველი დილა დღესასწაულია და ამ განწყობისთვის  განსაკუთრებული დღეები არ მჭირდება. თუ გააცნობიერებ, რომ ყოველდღე თავიდან იბადები, თუ  გიყვარს სიცოცხლე, მაგრამ  გახსოვს სიკვდილი, ცხოვრების ყოველი დღე დღესასწაული ხდება.  

თამუნა ნიჟარაძე

 

მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.