USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
გიორგი ცინცაძე - ბუნება ატრაქციონი არ არის
თარიღი:  453

2022 წლის შემოდგომაზე, აბაშის ხეობის სამხრეთი ნაწილი, რომელსაც ბალდის კანიონს უწოდებენ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ აუქციონზე გაიტანა. აუქციონის შედეგად, მარტვილში მდებარე კანიონი, რომელიც 2013 წლიდან ბუნების ძეგლის სტატუსს ატარებს, ორმოცწლიანი იჯარის წესით კერძო ინვესტორს გადაეცა.

ისედაც დისტოპიური მოცემულობა კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება, როცა აუქციონში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი, მედიასთან საუბრისას, სურათს დეტალებით ავსებს: „ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომელიც 390-400 მეტრის ბილიკს, საფეხმავლო ბილიკს, დაკიდულ ბილიკს, გასართობ დიდ ატრაქციას მოიცავს“, - განმარტავს „კანიონი 350”-ის დირექტორი და იქვე ყურადღებას ამახვილებს პროექტის ინოვაციურ ხასიათზე: „ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ზიპლაინი გვაქვს აშენებული და აქ რაიმე ახლის შემოტანა გადავწყვიტეთ. ეს ე.წ. „როლერია“, იგივე ზიპლაინი, თუმცა არა სწორხაზოვანი, არამედ კანიონის რელიეფს იმეორებს“.

როგორც ჩანს, ჯერაც დასაზუსტებელია, ბილიკი 390 მეტრი იქნება, თუ ათი მეტრით უფრო გრძელი, მაგრამ პროექტის შინაარსი დამაბრმავებლად ნათელია, როგორც მზიანი დღე თოვლით დაფარულ კანიონში. იქაურობა უნდა „მოწესრიგდეს“, „გასუფთავდეს“, გახდეს „უსაფრთხო“ და „მიმზიდველი“. კანიონი უნდა იქცეს „დიდ ატრაქციად“ - ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების მაგნიტად, რომელსაც ყოველ წელს 100,000 ადამიანი ესტუმრება. „ვიზიტორები“ გადაიხდიან ბილეთის საფასურს, იყიდიან სუვენირებს, ჩამოსრიალდებიან ზიპლაინზე და მოძებნიან ფულის დახარჯვის სხვა და მრავალფეროვან გზებს. ამ ფულის ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან დარჩება, როგორც ბიუჯეტში გადახდილი თანხის, ისე ანაზღაურების სახით, რომელსაც ახალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულები მიიღებენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომელმაც ჩაატარა აუქციონი, შეარჩია კომპანია და ბალდის კანიონი 40 წლით კერძო ინვესტორს გადასცა?

სააგენტოს გადაწყვეტილებაში ტერიტორიის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის შესახებ,  ირონიული მხოლოდ ის არ არის, რომ კანიონი დღეს მიმზიდველი ზუსტად იმიტომაა, რომ ის მიუთვისებელი, საერთო სივრცეა - ხელუხლებელი თუ არა, უფრო ნაკლებად ხელშევლებული, ვიდრე ის ქუჩები და ქალაქები, სადაც მის სანახავად ჩასული ვიზიტორები ცხოვრობენ. ირონიულია ისიც, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო, არათუ არ იცავს ამ სივრცეს კომერციული გარდაქმნისგან, არამედ თავად გადასცემს მას ბიზნესს, რომლისგან დაცვაც საქართველოს ეკოსისტემებს ყველაზე მეტად სჭირდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს მთავარს - დღეს, საქართველოში, კომერციალიზაცია არა ბუნებრივი სივრცეების „მოწესრიგების“, „გასუფთავების“ ან მიმზიდველად ქცევის, არამედ მათი დეგრადაციის, გაერთფეროვნების და გაუფასურების ინსტრუმენტია. კომერციალიზაცია - განსაკუთრებით იმ ტიპის, რომელსაც ბალდის კანიონის ახალი პროექტი მოიაზრებს - მორგებულია არა ზოგადად ადამიანის კანიონში მიზიდვასა და მის შესაძლო ინტერესებზე, არამედ ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის ერთ კონკრეტულ და განსაკუთრებით საზიანო ფორმაზე.

ჯოზეფ საქსი, თავის მოკლე და ძალიან დახვეწილ წიგნში, „მთა მოაჯირის გარეშე“, ამ ტიპის „დასვენებას“ კონსუმერისტულ რეკრეაციას უწოდებს. ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების დასაწყისში, საქსი წერდა ტურისტული „გამოცდილებების“ ახალ და პოპულარულ ფორმებზე, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს არა ბუნების „უბრალოდ მონახულებას“ - რაც თანამედროვე ვიზიტორისთვის ძალიან მოსაწყენია - არამედ მრავალფეროვან აქტივობებს ბუნებაში. ხედები, მდინარის ხმა და ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება თანდათან დამარცხდნენ ისეთ ტურისტულ პროდუქტებთან კონკურენციაში, როგორიცაა კაიაკინგი, პიკნიკი, ექსტრემალური სპორტი, სრიალი, ცოცვა და, რა თქმა უნდა, ზიპლაინი. შედეგად, ძვირფასი ბუნებრივი სივრცეები მზარდი პოპულარობის აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით და მათი ფულისმხარჯველი მომხმარებლებით გადაიჭედა. საქსთან საუბრისას მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკის მთავარი ეკოლოგი ვიზიტორების ინტერესის ცვლილებას ასე აფასებდა: „ადრე აქ ხალხი სიმშვიდისა და სილამაზისთვის ჩამოდიოდა. დღევანდელ ვიზიტორს ხალხის სიმრავლე არც აწუხებს - პირიქით, მოსწონს კიდეც. ის აქ ექშენისთვის ჩამოდის“.[1]

ძვირფასი ბუნებრივი სივრცეების კომერციული აქტივობებით გადატვირთვის ტენდენცია, მთელ მსოფლიოში, მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. საქსი მკითხველს აფრთხილებდა, რომ მომხმარებლური ტურიზმის მზარდი პოპულარობა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა უბიძგებდეს დაცულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელ უწყებებს, რომლებმაც დატვირთვა ისე უნდა გაანაწილონ, რომ მათი ძირითადი ფუნქცია - ღირებული ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა - კომერციალიზაციის ტალღას არ შეეწიროს. ყველაზე ღირებული ეკოსისტემები ყველაზე მომხმარებლური გამოცდილებების დეკორაციად რომ არ იქცეს, კომერციული დატვირთვისთვის უნდა გამოინახოს არა ისეთი სივრცეები, რომლებიც პირველ რიგში თავიანთი ბუნებრივი სილამაზით თუ ეკოლოგიური ღირებულებითაა მნიშვნელოვანი, არამედ ისეთი საჯარო თუ კერძო ტერიტორია, სადაც კომერციული აქტივობა კონსერვაციის პრიორიტეტთან წინააღმდეგობაში არ მოვა. უფრო მოკლედ - მოეწყოს ზიპლაინი მათთვის, ვისაც ეს აქტივობა უყვარს და ვისაც ამაში ფულის გადახდა სურს, მაგრამ ნუ მოეწყობა ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე.

საქსის „კონსუმერი-დამსვენებლის“ აჩრდილი საქართველოს კურორტებს დასტრიალებს მშიერ მოჩვენებასავით, რომელსაც სჭირდება სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები 24/7, ყოველთვის ხელმისაწვდომი ყველა სახის პროდუქტი და, რაც ყველაზე მთავარია, უწყვეტი გართობა. ტურისტის მზერა თავის თავზე ირგებს მისთვის მიმზიდველი სივრცის მთლიანობას, აწესებს მისი მართვის პრიორიტეტებს. მისი ინტერესი ისახება სამშენებლო მტვრის ვერცხლისფერ ღრუბელში, ისმის ბურღის ბიძგებს შორის, კრთება გადანათებული სარეკლამო აბრის შუქზე.

საქართველოს ეკოსისტემების ნაწილი კომერციალიზაციის ალყაშია, ნაწილში კი კონსუმერისტულმა ტურიზმმა უკვე ღრმად გაიდგა ფესვი. კომერციალიზაცია ზოგან განაშენიანების სახეს იღებს, ზოგან ტურისტული ინფრასტრუქტურის, ზოგან კი სამონადირეო მეურნეობის. ჭარბმა კომერციულმა ინტერესმა ბაკურიანი სამშენებლო მოედნად აქცია. მახლობლად, ბორჯომის პარკში მიმსვლელი ვერსად გაექცევა ხმამაღალ და ყველაფერ ბუნებრივთან შეუსაბამო მუსიკას, რომელიც პარკის ღობეს მიბჯენილი კაფეებიდან მოდის. კვარიათი დაემსგავსა ბაგებს, მწვანე კონცხი კი იმდენად გადაივსო ახალი სახლებითა და სასტუმროებით, რომ იქ ჩასული ტურისტები მალე გიდს ჰკითხავენ - რატომ დაარქვეს ამ ადგილს მწვანე კონცხი?

თუმცა ადგილი, რომელიც ყველაზე უკეთ განასახიერებს მომხმარებლური ტურიზმის აღმასვლას, წალკაში მდებარეობს. იქ, დაშბაშის კანიონის ორ მხარეს დღეს საფეხმავლო ხიდი აკავშირებს, რომლის ცენტრშიც გიგანტური შუშის ბრილიანტი კიდია. დაშბაშის კანიონიც ბუნებრივი ძეგლია.

„წალკის ბრილიანტი“, რომლის მონახულებაც საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასად, 29 ლარად შეუძლიათ, მიუღებელია არა მხოლოდ მათთვის, ვინც შესაძლოა სკეპტიკური იყოს ზოგადად ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართ, არამედ თავად საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისთვისაც, რომელიც მიიჩნევს, რომ „მოწყობილმა ინფრასტრუქტურამ შენარჩუნების ნაცვლად სრულად შეცვალა არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის გარეგნული მხარე“, და რომ „საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ცოცხალი კულტურის კომპონენტი. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან ამ კონკრეტული ინვესტიციის „უნიკალურ ეკოტურისტულ სივრცედ“ წარმოჩენა შეუსაბამობაში მოდის თავად ეკოტურიზმის არსთან და მის ძირითად პრინციპებთან“. „ეკოტურიზმი“, როგორც ტურიზმის ქვეკატეგორია, სწორედ იმ უდავო ფაქტის გაცნობიერების შედეგად გაჩნდა, რომ ტურიზმი ხშირად ბუნებრივ სივრცეებს შეუქცევადად აზიანებს. თუმცა ბუნებრივი გარემოს კომერციალიზაციის უახლესი ქართული გამოცდილება მიუთითებს, რომ ტურისტული შეჭრა ბუნებრივ სივრცეებში, მიუხედავად პრეფიქსისა, ამ სივრცეებს გაცილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ვიდრე უბილიკობა ან უხიდობაა.

ბუნებრივი სივრცეების ამ ტიპის „განვითარებას“ არაფერი აქვს საერთო წესრიგსა თუ სისუფთავესთან. ასეთ სივრცეებში, ბუნებრივ მრავალფეროვნებას მომხმარებლური ერთფეროვნება ანაცვლებს. კომერციული მონოკულტურა მასპინძელ ეკოლოგიურ სისტემებს ერთგვაროვან თარგზე ჭრის. შედეგად, სივრცეებსა და გამოცდილებებს შორის განსხვავება ისევე მცირდება, როგორც განსხვავება ზიპლაინსა და როლერს შორის.

უნიკალური ბუნების ძეგლი არ უნდა იმართებოდეს იმ ვიზიტორისთვის, რომლისთვისაც კანიონი უინტერესოა, თუ იქ ზიპლაინით ვერ ჩამოსრიალდება. ეს ტიპური კონსუმერია, რომლისთვისაც ბუნებრივი გარემო ნაყიდი გამოცდილებების დეკორაციაა. როგორც არ უნდა მოვინდომოთ, მის კაპრიზულ, ცვალებად გემოვნებას ვერ დავეწევით, როგორც აქილევსი ვერ დაეწევა კუს. ზიპლაინის „როლერით“ ჩანაცვლება, მიუხედავად ამ არქიტექტურული გადაწყვეტის უდავო ინოვაციურობისა, მხოლოდ გადაავადებს ეგზოტიკურის გარდაუვალ გაშინაურებას - სიახლე წარმავალია, პოპულარობას აუცილებლად მოსდევს ყავლგასულობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ხელს უწყობს ბალდის კანიონის ისეთ ვიზიტორზე - ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისეთ მომხარებელზე - მორგებას, რომლის ვიზიტსაც ინფასტრუქტურა, კომერციული პროდუქცია და კომერციული გამოცდილებები სჭირდება და რომელსაც კუდში დამლაგებლების არმია უნდა მოსდევდეს. ამის ნაცვლად, სააგენტო ამ სივრცეს იმ მიზნით უნდა მართავდეს, რომ მიმსვლელებს შორის ბუნებრივი გარემოს მიმართ არამომხმარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ისეთი დამოკიდებულების, რომელიც იქაურობის სისუფთავეს თუ უსაფრთხოებას არ დაემუქრება.

თუმცა სააგენტო ცდილობს ბუნებრივი გარემო თვითონ აქციოს სამომხმარებლო გამოცდილებად. სწორედ ამისთვის სჭირდება მას ინფრასტრუქტურა და მისი მომწყობი კერძო ინვესტორი. ინფრასტრუქტურა სჭირდება ტურისტულ ინდუსტრიას, რომელმაც კანიონი არა უბრალოდ „მიმზიდველი“, არამედ კომერციულად მიმზიდველი უნდა გახადოს. თორემ მიმზიდველი ბალდის კანიონი ისედაც არის - უბრალოდ ის დღეს არ არის მომგებიანი.

ცხადია, ჩარევასა და სივრცის მაქსიმალურად ხელუხლებლად შენარჩუნებას შორის კონფლიქტი მხოლოდ კომერციული ინტერესის პირობებში არ ჩნდება. უნდა იყოს თუ არა ეროვნული პარკები შშმ-ადაპტირებული? ტურისტული ინფრასტრუქტურის რა ნაწილია აუცილებელი, და რა - ზედმეტი? რამდენად შეთავსებადია ლაშქრობა და კომფორტი? როგორ შეიძლება რეკრეაციის მრავალფეროვანი ფორმების თანაგანვითარება ურთიერთდაუზიანებლად? რამდენად თავსებადია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ბუნების კონსერვაციასთან?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ფრთხილი და წინდახედული გადაწყვეტილებები სჭირდება. სენსიტიური და წინდახედული მართვისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს სივრცის დაცვის განსხვავებული სტატუსების არსენალი, რომელთა დახმარებითაც მას დატვირთის გონივრულად განაწილება და კონსერვაციის და სხვა მიზნების ერთმანეთთან შეთავსება შეუძლია. თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრობლემების წყაროს - კომერციალიზაციას - მათი გადაჭრის გზად წარმოსახავს.

წყარო: https://socialjustice.org.ge

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.