USD 2.7195
EUR 3.2090
RUB 3.4546
Тбилиси
გიორგი გახარიას წერილი ჯო ბაიდენს
дата:  364

საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. პრემიერ გიორგი გახარიას წერილის ქართულ თარგმანს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ,

ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ თქვენ, როგორც ლიდერს, და თქვენს ხედვას ამერიკული იდეალების ხორცშესხმასთან დაკავშირებით როგორც შინ, ისე მთელ მსოფლიოში. ამ ისტორიულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების სიძლიერე და სიმტკიცე.

ჩვენ საქართველოში ვიზიარებთ თქვენს რწმენას და გვჯერა, რომ თანამშრომლობით ჩვენ გავუძლებთ „კრიზისისა და გამოწვევების ჟამს“ და კიდევ უფრო გაძლიერებულნი გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. თქვენი პრეზიდენტობის დასაწყისი გამოხმაურებას ჰპოვებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში - ამერიკის ერთგულ მოკავშირე ქვეყანაში, რომელიც იზიარებს თქვენს ერთგულებას გლობალური ალიანსების განმტკიცების მიმართ. ჩვენს ერებს შორის მტკიცე პარტნიორობის ფესვები ემყარება საერთო ღირებულებებს და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თქვენი ფასდაუდებელი დახმარება ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმეს მომენტებში.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება, ყოველთვის მხარში დაუდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც თავის ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორს. ერთად ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელ მსოფლიოში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო მხარემ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩემი ქვეყანა დღესაც წარმოადგენს მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ გლობალურ უსაფრთხოებას.

მომდევნო წლებში ჩვენი მიზანია საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ბუნებრივია, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენს წარმატების ქვაკუთხედს ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მტკიცე კავშირების უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე ვაფასებთ თქვენი ლიდერობით გაწეულ ძალისხმევას ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებების ხორცშესხმას ნატოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით.

ამერიკა ყოველთვის ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას ამ არსებითად მნიშვნელოვან სფეროში. ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულად ინტეგრირებული ძლიერი, უნარიანი საქართველო განამტკიცებს მშვიდობას და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება, გააგრძელოს თანამშრომლობა აშშ-სთან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების მიზნით. ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პარტნიორობას და განამტკიცებს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ამავე დროს, ხელს შეუწყობს რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ! ვიმედოვნებ, თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მიზნით, თქვენთან შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. გისურვებთ წარმატებას ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში თქვენი დიდი ერის ლიდერობაში და თქვენი ხედვის სრულად ხორცშესხმაში: მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია გიორგი გახარიას წერილში.

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати