USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
გიორგი გახარიას მიმართვა - ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო ქართველი ხალხისაა
дата:  363

ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს და პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელს აფასებს. მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს არ არის თავის მართლების დრო, არამედ მოქმედების დროა.

როგორც გახარია აცხადებს, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა უარესობისკენ.

„18 თებერვალს 2 წელი ხდება, რაც გადავდექი. გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის/ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ „ოცნება“ ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს; დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს ყოფილა მათი მიზანი. ამ 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა. სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, 2 წლის თავზე სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო. ქვეყანაში, სადაც აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სადაც ყველას, ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან თავისუფალი აზრისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ. ამავე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა - უკვე დღეს და არა ათეული წლის შემდეგ გავხდეთ თანამედროვე ევროპის ნაწილი.

შესაძლებლობა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, რომელსაც ვიმსახურებთ და რომლის ფასი ომით რამდენჯერმე გადავიხადეთ. დღეს ეს შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა.

ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია - საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?! - და ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც მის უკონტროლო ძალაუფლებას შეზღუდავს და ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი. ერთის მხრივ „ოცნება“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ივანიშვილის ფული იყოს დაცული. მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს“, - აღნიშნავს გახარია.

მისივე თქმით, ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა.

„ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპული მომავალია. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, დაბალანსებული და ფრთხილი საგარეო პოლიტიკა. მაგრამ, სინამდვილეში „ოცნების“ ვითომ “მშვიდობიანი" და „ფრთხილი" პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე, გვტოვებს პირისპირ რუსეთთან. სამწუხაროდ, დღეს, საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. გარბიან არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, არამედ, პირველ რიგში, უიმედობის გამო. გარბიან ევროპაში, ამერიკაში, იქ სადაც საკუთარ მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ დარჩენა სამშობლოში, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში.

ამ გამოწვევების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არის.

ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების დრო, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ!

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიას დრო მოვუგოთ და გავხდეთ თანამედროვე ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს!“-განაცხადა გახარიამ.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати