აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე – New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის „ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს – ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.
„თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველო კარიბჭეა ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჩვენ საქართველოს მოვიაზრებთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან მნიშვნელოვან როლზე, რომლის შესრულება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით შეუძლია.
„ვგულისხმობთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის შემდეგ, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორე მხრივ, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამიტომ მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ. სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი, დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ – ჩვენი მეგობრები – ევროპის მომავალზე ისაუბრებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.