USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გიორგი გახარია - მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არასდროს დატოვებს
дата:  663

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი და სხვებს არ დაასაქმებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი რამ ისევ გასაკეთებელია. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში და მათ შორის, ქედაში, სისტემური ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მისი თქმით, სასმელი წყლის პრობლემა ქედაში მოსახლეობას 2-3 წელში მოუგვარდება.

„დიდი პატივია ვიყო აქ, ქედა ხომ დაწყებული შუა საუკუნეებიდან ვაჭრობის და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ცენტრი იყო, დღეს კი ქედა იქცა ბუნების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, ტურიზმის განვითარების ცენტრად. თქვენ აქ ცხოვრობთ და ჩამოსულ სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და მომავლის იმედს უქმნით თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე ჩვენ ერთად დავიწყეთ, ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ქედაში ბევრი წამოწყებაა გასაკეთებელი და დასასრულებელი. ბევრი ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რაც ჯერ კიდევ აღელვებს აქ მცხოვრებ ხალხს. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება, წყალანარინება არის უაღრესად დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. მოგეხსენებათ, რომ უახლოესი ორი- სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა აქ მოგვარდება. გაზიფიცირება - საერთოდ გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა და უკვე მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და ეს პრობლემაც ჩვენ მოქალაქეებს, თითოეულ ოჯახს უნდა მოვუგვაროთ. გზები - მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ცენტრებიდან სოფლებამდე გზები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაშია, სოფლებს შიგნით გზები და ასევე, ქედაშიც გზებისთვის თანხები გამოყოფილია და ამის რეაბილიტაციაც დაიწყება. ბევრი რამ გაკეთდება, ქედის საშუალო სკოლის რემონტი, მუზეუმის, კულტურის სახლის რემონტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, თბილისში იქნება, ბათუმში თუ ქედაში, ჩვენს მოქალაქეებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს, ის მინიმალური დონე ცხოვრების უნდა დაკმაყოფილდეს ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც აჭარაში საერთოდ და ქედაში დაგროვდა, ეს არის მიწის რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური პროგრამა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარაშიც აღარ იქნება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვითი სამუშაოებისთვის გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემები, როგორიც არის გზა, წყალი, გაზი, მივდივართ ნელ-ნელა უკეთესობა ეტყობა, როგორც ბათუმს, ქედას და მთლიან საქართველოს. თუმცა, ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ. ამასთან ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გლეხი გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. არავის ეგონოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ამიტომ როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტული ექსპორტზე გატანის ნაწილში სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე - ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლო ჯამში ქვეყანაზე. მინდა გისურვოთ გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати