USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გიორგი გახარია - დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა
дата:  2312

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 „დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში. აქ მარტივია, ჩვენ სოფლის ექიმები გყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი. სად არიან ესენი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია, პირველ რიგში შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია რამეთუ ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს," - განაცხადა გახარიამ.

 მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.

 „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

 გიორგი გახარიას შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.

 მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.

 „ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.“

 გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.

  მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. 

 „გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო მაგალითად ეკონომიკური ღონისძიებების თვალსაზრისიით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და შევზღუდეთ გარკვეული აქტივობები მიტანის სერვისებთან დაკავშირებით. ყველამ მკაფიოდ უნდა გაიგოს ერთი რამ, მათ შორის მიტანის სერვისები, რომლის განვითარებას ქვეყანაში მივესალმებით, უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, რომელსაც გვიდგენს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, ექნება საშუალება გააგრძელოს ფუნქციონირება.

ამ ნაწილზე საუბრის დასასრულს მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მერე ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად აქ პრიორიტეტების დაყენება არ იქნება სწორი, ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

 მთავრობის მეთაურმა პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა იყოს აშკარა სხვაობა - რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა - პოსტკრიზისულ პერიოდში.

 გახარიას განცხადებით, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა,  ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია იმაზე დაიწყება, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.

 „სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტები უნდა შემოვიტანოთ ეკონომიკის ნაწილზე. უკვე მივიღეთ საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, ოღონდ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოსტკრიზისულ რეჟიმზე, კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე შევძლებთ კომპანიებს დავეხმაროთ სწრაფად განვითარებაში. რეალურად ჩვენ ახლა რაც დავთვალეთ, შეგვიძლია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კრედიტების ასე თუ ისე გარანტიების სქემებით დახმარება. ოღონდ ეს არის პოსტკრიზისული პერიოდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისათან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა - რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერმე ვთქვით უკვე, რომ ყველაზე დიდი გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის დაიწყება, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას,“ - განაცხადა გახარიამ.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати