USD 2.7087
EUR 2.9406
RUB 3.1634
Тбилиси
გიორგი ერიშვილი - ქართველ ებრაელთა ღვაწლი და მომავლის კეთილი ნება
дата:  510

ოცდაექვსი საუკუნის მანძილზე ცხოვრობენ საქართველოში ებრაელები. იმ დროიდან მოკიდებული, რაც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი მათი ნაწილი ქვეყნიერებაზე დაიფანტა და ერთი ჯგუფი იბერიელებმა შეიფარა, მათ არასოდეს უგრძვნიათ თავი უცხოდ ამ მიწაზე. კიდევაც მეტი, ქართველ ხალხს იმდენად შეეთვისნენ და შეეხმატკბილნენ, რომ საკუთარ ეროვნებას მათიც ზედ დაურთეს და ,,ქართველ ებრაელად'' იწოდნენ. საუკუნეების მანძილზე თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ორივე ერის სახელსა და ღირსებას. თვისტომის თავს მოწეული მრავალი განსაცდელის ჟამს ისინი მთელ მსოფლიოს ანცვიფრებდნენ მათი მეორე სამშობლოს მკვიდრებთან ძმური თანაცხოვრებითა და მასპინძლების დიდსულოვნებით, რასაც საყოველთაოდ ცნობილი შემდეგი მაგალითიც მოწმობს:

გასული საუკუნის დამდეგს, 1913 წელს, ფრანკფურტში, ებრაელთა ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო თავყრილობაზე, სადაც დელეგატები ერთმანეთზე უფრო შემზარავ ფაქტებს ჰყვებოდნენ თავიანთ ქვეყნებში ებრაელების დევნა-შევიწროების შესახებ – საქართველოდან ჩასულმა სასულიერო მოღვაწემ, დავით ბააზოვმა უეცარი დისონანსი შეიტანა დამსწრე საზოგადოებაში და თვალებგაფართოებულ აუდიტორიას გაუგონარი სენსაცია ამცნო:

– ქვეყანა, საიდანაც მე ჩამოვედი, შორეულ კავკასიაშია. მას საქართველო ჰქვია. ეს არის ქვეყანა, სადაც არასოდეს არ ყოფილა ებრაელთა რბევა. მის შვილებს არასოდეს არ აუწიოკებიათ ჩემი ხალხი და აგერ, ოცი საუკუნეა, ტკბილად და ძმურად ვცხოვრობთ.

ეს იმდენად გამორჩეული განცხადება იყო გამოსვლების საერთო კონტექსტიდან, რომ კონფერენციის თავმჯდომარემ, საფრანგეთის წარმომადგენელმა – გენერალმა ლიფმონმა საჯაროდ განუცხადა თანამემამულეებს:

– ძმებო, თქვენს წინაშე დგას თქვენი ძმა შორეული ქვეყნიდან. ეს ქვეყანა შორს არის ჩვენგან, მაგრამ იგი ახლოს უნდა იყოს ყველა ებრაელის გულში. ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას, ეს კი ქართველ ერს 2000 წლის წინათ ჰქონდა შეთვისებული. ამის მოწმეა მცხეთის ქალაქი და მისი პრეზიდენტი – მამასახლისი, რომელიც დაუხვდა იერუსალიმიდან გამოსულ ებრაელებს პურ-მარილით. აქ ისტუმრა ძმურად და დღევანდლამდე თუმცა ბევრი ცვლილება მოხდა ამ მშვენიერ ერში, მაგრამ თავისი იდეალი ადამიანის სიყვარულისა და ძმური განწყობისა, მათში შეუცვლელია... – კიდევ მრავალი საქებარი სიტყვა თქვა გენერალმა ქართველთა მისამართით და ბოლოს დასძინა: – ქართველ ერს შეუძლია ამაყად წარმოთქვას: ,,ჩვენც გვყავდა მეფეები, სამღვდელოება, მხედრობა, მწერლობა, მაგრამ სხვა ერების დევნა ფიქრადაც არ მოგვსვლიაო, ევროპის ძალებით დაქცეულ სისხლში ჩვენი ხელი არ გასვრილაო''. აი, ასეთია ქართველი ხალხი და მათი ის ქვეყანა, საიდანაც ჩვენი სტუმარი ჩამოვიდა!

კრებაზე გამაყრუებელი ტაშისცემა ატყდა და ყველა ერთხმად გაიძახოდა: – გაუმარჯოს ქართველ ხალხს! სიცოცხლე და ბედნიერება ქართველ ხალხს! – ბევრი ადამიანის თვალებზე ცრემლები კიაფობდა, საზოგადოება დიდხანს ვერ დამშვიდდა. გენერალმა კი თავისი სიტყვა ასე დაასრულა: – შვილებო, ანდერძად გქონდეთ, ვისაც როგორ შეგეძლოთ, იმით გამოხატეთ ქართველი ერის სიყვარული!''

ასეთი იყო ფრანკფურტის ყრილობაზე დავით ბააზოვის გამოსვლის შედეგი. ქართველ ებრაელობას სხვა დროსაც არაერთგზის დაუდასტურებია თავიანთი კეთილი მასპინძლებისადმი, ქართველებისადმი მადლიერება და სიყვარული, ხოლო თუ როგორია ქართველთაგან ამ სიყვარულზე მისაგებელი, ამის ახსნის მცდელობა ქვემოთ წარმოდგენილ წერილში გახლავთ:

 

ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობებს უძველესი დროიდან საგანგებო სამეცნიერო გამოკვლევა უძღვნა კირიონ ქართველთა კათალიკოსმა: ,,იუდეველები ძველს ივერიაში; საყოველთაო მოლოდინი მესიისა; განთესილ იუდეველთა გავლენა ჩვენი წინაპრების სარწმუნოებაზე და ებრაელთა მიერ საუფლო კვართის ჩამოტანა მცხეთაში''.

აქ ყველაფერი სათაურშივეა გაცხადებული და შემდგომ მთელ წერილშია მოთხრობილი, თუ როგორ მოხდა სალმანასარის ასურელი და ნაბუქოდონოსორის ბაბილონური დევნის შედეგად დატყვევებული და განთესილი ებრაელების დამკვიდრება საქართველოში ძველი წელთააღრიცხვის VIII-VI საუკუნეებში, როგორ მოიტანეს მათ ცნობა ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და როგორ ეზიარა იბერთა ტომი მონოთეისტურ მსოფლმხედველობას; ხოლო რათა სრულად წარმოვაჩინოთ მადლიერების ნიშნები ძველი აღთქმის საიდუმლოს მომპოვებელი რჩეული ერის მიმართ, უნდა მივდიოთ მის თხრობას:

ღვთის რჩეული ერის – ისრაელის დანიშნულება – ორგვარი იყო: იგი უნდა ყოფილიყო ქრისტიანული ეკლესიის შობის ადგილიცა და მას ქრისტიანობისათვის გზაც უნდა გაეკვლია წარმართებში. სხვა ხალხებისაგან განსხვავებით ებრაელ ერს გამოარჩევდა ერთი ღმერთის აღიარება, რომლის თაყვანისცემაც, ყველა ქვეყანაში განთესილ ებრაელთაგან, მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში ხდებოდა. მესიის მოლოდინს, რომელსაც მთელი სამყაროს ებრაელები სასოებდნენ, ებრაელების გავლენით, ბევრნი წარმართნიც იზიარებდნენ. სწორედ აქ ეყრებოდა საფუძველი ორი ერის სულიერ თანაზიარობას: ქართველებიც მოელოდნენ უკვე არაჩვეულებრივ ყრმას, რომელიც იმისთვის უნდა შობილიყო, რომ წარმართობის ,,ნათელი'' დაებნელებინა. ჩვენს წარმართ წინაპრებს სმენოდათ მათი უმთავრესი ეროვნული კერპის – არმაზისაგან მომდინარე შემდეგი სიტყვები: ,,შობილი ვარ მე უნათლესი ნათლისაგან, ხოლო ახალშობილი (ყრმა) განმზადებულ არს დასაბნელებლად ჩემი ნათლისა''. ასე რომ, უკვე გასაკვირი აღარ არის, როდესაც წმიდა ნინოს ლოცვის შედეგად კერპები იმსხვრეოდა საქართველოში, ქართველობა ფსიქოლოგიურად მზად ყოფილიყო ამ მოვლენის ტრაგიკული განცდის გარეშე გადასატანად!

მაშასადამე, საქართველოს მიწა-წყალზე ერთად იდგა წარმართობა და იუდეველობა. იუდეველები აქ საკმაოდ დიდ საზოგადოებას შეადგენდნენ, რომლის რწმენასა და მოლოდინს, ნებსით თუ უნებლიეთ, უსათუოდ უნდა მიეპყრო ჩვენი წინაპრების ყურადღება, მით უმეტეს, რომ თავიანთი კერპები მათ უკვე ვეღარ ანიჭებდნენ ვერანაირ შვებას თუ ნუგეშს. ამ დროისათვის ქართველები ებრაელთა მონოთეისტური რელიგიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იყვნენ. ქართველ ებრაელობას ჰყავდა თავისი საკუთარი საეკლესიო იერარქია, მღვდელმსახურით სათავეში. და ეს თანამდებობა მცხეთელ ებრაელობაში მემკვიდრეობით გადაეცემოდა. სწორედ ერთი ასეთი მემკვიდრეობითი სასულიერო პირის, აბიათარ მღვდლის ნაამბობი გადმოგვცემს ქართველი ებრაელების ღვაწლს საქართველოს ქრისტეს ნათელთან ზიარების საქმეში:

იესო ქრისტეს საქმეთა განსასჯელად იერუსალიმიდან ანნა მღვდელმთავარმა ყველა ქვეყნის ებრაელებს მოუწოდა და მცხეთას ეს ცნობა მღვდელ ელიოზსაც მოუვიდა. როცა ელიოზმა, სხვა იუდეველებთან ერთად, იერუსალიმს წასვლა გადაწყვიტა, მაშინ დედამისმა, ღვთისნიერმა მოხუცმა დედაკაცმა (რომელიც ჩამომავლობით ელია მღვდელმთავრის გვარისა იყო), ასე მიმართა ვაჟიშვილს: ,,წარვედ, შვილო, წოდებისა მაგას მეფისასა და წესსა სჯულისას, გარნა რომელსა ისინი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობაი შენი! ნუ, შვილო ჩემო, რამეთუ იგი არს სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთა და საიდუმლო დაფარული ჰურიათაგან და წარმართთა ნათელი და ცხოვრება საუკუნო''.

ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი იერუსალიმს გაემგზავრნენ. იქ ისინი მაცხოვრის ჯვარზე ვნების შემსწრენი აღმოჩნდნენ, ხოლო მცხეთაში, ელიოზის ღვთივგანბრძნობილსა და ნათელმხილველ დედას ანაზდად სამსჭვალზე ჩაქუჩის ცემის ხმა ესმა, ოდეს იუდეველები ჯვარზე აკრავდნენ იესოს და შეიცხადა: ,,მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათა, რამეთუ მოჰკალით თავისა თქვენისა მაცხოვარი და მხსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ და მკვლელ შემოქმედისა! ვაი, თავსა ჩემსა, რომელ არა მეუფლა მე უწინარეს ამისსა სიკვდილი, რათამცა არღარა სმენილ იყო ყურთა ჩემთა არცაღა შემდგომად ამისა ღირს ვიქმენ მე ხილვად ნათლისა წარმართთა ზედა და მშვიდობა ისრაილისა''. როგორც კი დაასრულა ეს სიტყვა, სულიც განუტევა.

ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, როდესაც მეომრებმა წილი ჰყარეს ქრისტეს კვართზე, იმ მეომართაგან, ვისაც წილად ხვდა ეს სამოსელი, ელიოზ მცხეთელმა შეისყიდა და მცხეთაში ჩამოიტანა. აქ მას შეეგება დაი მისი, სიდონია, რომელმაც დედის სიკვდილის ამბავი აუწყა და, როცა ელიოზმა დაუდასტურა დას დედის წინათგრძნობის გამართლება და ჯვარცმულის სისხლიანი კვართიც უჩვენა, სიდონიამ უმალ გამოართვა, ცრემლთაღვრით ეამბორა, გულში ჩაიკრა და იმწამსვე კვართიანად უსულოდ დაეცა მიწაზე. ვერავითარმა ძალამ ვერ შეძლო მისთვის ხელიდან ამ კვართის ართმევა. რამდენიმე დღის შემდეგ ელიოზმა მიწას მიაბარა თავისი და და მასთან ერთად – საუფლო კვართი!

თავისი ნაშრომის დასასრულ  კირიონი დაასკვნის: ,,ეს კვართი ღმერთკაც იესო ქრისტესი, ჩამოტანილი ივერიის ძველ დედაქალაქ მცხეთაში, ქართველ ებრაელთა მთავრის – ელიოზის მიერ, იყო პირველი საღმრთო კურთხევა მოწამეობრივი საქართველოსათვის, და უეჭველი წინდიც იმისა, რომ უფალი მარადის შემწე და მფარველი იქნება იმ ნეტარი ქვეყნისა, რომელიც წილად ხვდა მოქცევა-განათლებისათვის მის ყოვლადწმიდა დედას – მარადის ქალწულ მარიამს''.

ათი საუკუნის წინ იყო ეს ამბავი ნაწინასწარმეტყველები და დავით მეფე განაცხადებდა მას თავის ფსალმუნში: ,,განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი'' (ფსალ. 21,19), ხოლო ზუსტად იმავე სიტყვებით აღწერდა თვითმხილველი მოციქული ათი საუკუნის შემდეგ: ,,განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი''. (იოანე 19,24). ხოლო ეს კვართი რომაელი მეომრებისგან სწორედ ქართველმა ებრაელებმა შეიძინეს საქართველოსათვის! როგორც ვხედავთ, უსაზღვროა ქართველი ებრაელების ღვაწლი ქართველი ერისათვის იმ სამარადისო საღმრთო მადლის მინიჭებაში, რომელიც საქართველოში მაცხოვრის კვართის დავანებას უკავშირდება – აკი სწორედ ქართველმა ებრაელებმა – ელიოზმა და ლონგინოზმა – ჩამოიტანეს ეს კვართი იერუსალიმიდან! ისიც ნიშანდობლივია, რომ მაცხოვრის ტანჯვა და სიკვდილი პირველმა თანამედროვეთაგან ქართველმა ებრაელმა ქალმა – ნათელმხილველმა ელიოზის დედამ იგრძნო და განიცადა. მან დედის ლოცვად და დარიგებად გაატანა შვილს, არ მიეღო ღმერთკაცის მკვლელობაში მონაწილეობა და შვილმაც, როგორც გამოჩნდა და, როგორც ამას შემდგომი მოვლენებიც ადასტურებენ, პირნათლად შეასრულა დედის სიტყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საღმრთო განგებულება არ შეახვედრებდა მას იესოს კვართს, არ ჩამოაბრძანებინებდა კვართს თავის მეორე სამშობლოში და, რაც მთავარია, რომ არა იერუსალიმს წარგზავნილ ქართველ ებრაელთა უზაკველობა და ბრალის უქონლობა, ქართველების ეროვნებათშორისი ტოლერანტობა არ იკმარებდა ალბათ აბრაამის შთამომავალთა მიმართ მომავალი კეთილსათნო დამოკიდებულებისათვის – ქართველთა და ქართველ ებრაელთა მომავალ კეთილ ურთიერთობას საფუძვლად ის უნდა დასდებოდა, რომ ქართველებს მტკიცედ სწამდათ – ქართველ ებრაელებს მაცხოვარი არ გაუკრავთ ჯვარზე! მათ მის გვემა-ტანჯვაში, დამცირებასა და ქირდვაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა – ისინი მოვლენების ოდენ უტყვი მოწმეები იყვნენ, რისი ჯილდოც გახლდათ კვართი უფლისა მათთვის და იმ ქვეყნისათვის, რომელიც უნდა შექმნილიყო ახალ ისრაელად!

ყველა ქართველი ებრაელის ნამდვილი დიდი დედა იყო ელიოზ მცხეთელის მშობელი, რომელიც იესო ქრისტეში იდუმალი ხილვით აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს და მის ჯვარცმასა და ტანჯვაში ისრაელის მეფობის დასასრულს ხედავდა; დაი ელიოზისა, სიდონია, რომელმაც სიყვარულით ჩაიკრა გულში მაცხოვრის კვართი და იქვე აღესრულა, ჩვენი, ქართველების, საერთოდაც პირველი ქრისტიანი წმინდანია, რომლის საფლავზეც ამოვიდა სწორედ ის კვიპაროსი, საუკუნეებში ნათელ სვეტად – სვეტად ცხოველად რომ ადგას თავს ჩვენს ქვეყანას; გავიდა სამი საუკუნე მას შემდეგ და, როდესაც კვართის ამბავი უკვე აღარავის ახსოვდა, მისი ადგილსამყოფელი წმინდა ნინოს გაუმხილა ისევ ებრაელმა, ელიოზ მღვდლის შთამომავალმა – ჰურიათა მღვდელმა – აბიათარმა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო თავის ქალიშვილთან და სხვა რამოდენიმე თვისტომთან ერთად. იგი გახდა მეფე მირიანის პირველი ქრისტიანი მრჩეველი, რასაც ბოლოს ქართველთა მეფისა და მთელი ქვეყნის გაქრისტიანება მოჰყვა! ამდენად, როდესაც პირველი საუკუნეების ქართველ ებრაელთა ღვაწლზე ვსაუბრობთ, როგორ არ უნდა დავუფასოთ ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს უფლის კვართის საქართველოში ჩამობრძანება, ხოლო წმინდა სიდონიასა და წმიდა აბიათარს – ქართველთა ზიარება მაცხოვნებელ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან და როგორ არა ვთქვათ, რომ საქართველოში პირველი ქრისტიანები – ქართველი ებრაელები იყვნენ!

მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველები ღირსეული მოწაფენი აღმოჩნდნენ და თაყვანისცემითა და კრძალულებით მიიღეს მოძღვრება განკაცებული ძისა უფლისა. ხოლო წმიდა სიდონიასა და წმიდა აბიათარის მემკვიდრე ქართველი ებრაელები თვისტომთ ვერ გაემიჯნენ და ძველი აღთქმის ახალთან თავიანთ მიერ გავლებულ მიჯნის მიღმა დარჩნენ. არადა, ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტებას ხომ სწორედ ის ძველი აღთქმა ადასტურებს, რომელსაც დღესაც ეფუძნება ებრაელთა სარწმუნოება. სწორედ ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის მოვლინება, რაც სრულად გაცხადდა ახალ აღთქმაში – ანუ, ახალ აღთქმაში აღსრულდა ის, რასაც ჯერ კიდევ ძველი აღთქმა ქადაგებდა. ამდენად, ძველი აღთქმა ახალი აღთქმის გარეშე გაუგებარია, მით უფრო, როდესაც საკითხი მესიის მოვლინებას შეეხება, რადგან, თუკი ებრაელთა რაბინები კვლავაც ელოდებიან მესიას – მიწიერ ადამიანს, ისინი თავიანთსავე წმიდა წიგნს ეწინააღმდეგებიან. თავად განსაჯეთ, თუ როგორ მოწმობენ მესიაზე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, რომლებიც ებრაელთათვის დღემდე შეურყეველი ავტორიტეტები არიან: წმიდა დავითი – მეფე და წინასწარმეტყველი ბრძანებს: ,,უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ'' (ფსალ. 2,7). ხოლო სხვაგან სად განხორციელებულა ძის შობა მამისაგან, თუ არა ახალ აღთქმაში? როდესაც ესაია ამბობს: ,,აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს'' (ეს. 7,14), შევადაროთ როგორ სიტყვა-სიტყვით იმეორებს წინასწარმეტყველებას მათეს სახარება: ,,აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენთანა ღმერთი'' (მათე 1,23) და თუ ქალწულისგან იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შვიდი საუკუნის შემდეგ ახდენილი წინასწარმეტყველება კიდევ სხვა რა დასტურს მოითხოვს? და ან სხვა ვისზე, თუ არა ქრისტეზე, ცხადდება ფსალმუნში აღვლენილი მესიის სადიდებელი: ,,და თაყუანისსცემდენ მას ყოველნი მეფენი ქვეყანისანი, და ყოველი წარმართნი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდნენ მას'' (ფსალ. 71,11).

განა ვნების კვირის ავბედით დღეთა გამო, იუდა ისკარიოტელის პირით არ წინასწარმეტყველებს ზაქარია, როდესაც ძველ აღთქმაში გვამცნობს: ,,მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში – საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში'' (ზაქ. 11,12-13). ახდა თუ არა ეს თვითბრალდება საკუთარი მოძღვრის 30 ვერცხლად გაყიდვისა? ქრისტეს კვართის გაყოფის ერთნაირი აღწერის შესახებ, დავით მეფისა და იოანე მახარებლის მიერ, ზემოთ უკვე ითქვა; ხოლო თვით ის მოვლენები, რომლებიც თან ახლდა ჯვარცმას, სავსებით ისე აღსრულდა, როგორც ამოს წინასწარმეტყველი უქადიდა: ,,იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას'' (ამოს, 8,9). ეს ხომ წინასწარმეტყველებაა იმ მოვლენისა, რომელიც თან ახლდა ქრისტეს ჯვარცმას!

ახლა კი, ის დროა, გავიხსენოთ, რას ჰპირდება მოსეს უფალი: ,,შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან. თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, თავად მე მოვთხოვ მას პასუხს'' (II რჯ. 18,18-19). როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობთ, იმ ამაგის სანაცვლოდ, რომელიც ქრისტიანობის დამნერგავ ქართველ ებრაელებს მიუძღვით ჩვენს მიმართ, ჩნდება ჭირისუფლის ბუნებრივი ზრუნვა, რათა ,,სიტყვების არ შესმენის'' გამო ჩვენს თანამოძმეებს არა ევნოთ რა   უფლის წინაშე! ხოლო დამაიმედებლად გვახსენდება პავლე მოციქულის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამისთვის, იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს მრავალი ხალხის ქრისტიანობისაგან განდგომილებასთან ერთად დაიწყება ებრაელი ერის მიახლება ქრისტიანობასთან:

,,არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, საიდუმლოისაი ამის, – რაითა არა იყვნეთ თავით თვისით ბრძენ, – რამეთუ სიბრმე ჟამადჟამად შეჰყვა ისრაელსა, ვიდრემდე სავსებაი იგი წარმართთაი შემოხდეს.

და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მხსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი...'' (რომ. 11,25-26).

https://www.georoyal.ge

ბლოგი
1918 წლის აპრილი - ბრძოლა მდინარე ჩოლოქთან და ქართველების ბრწყინვალე გამარჯვება გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით!
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის 12 მარტს დაიწყო ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია. მოლაპარაკებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მოლაპარაკების პარალელურად, ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო.
საბრძოლო მოქმედებები 6 აპრილამდე:
მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. 1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი მე-4 ქვეითი ლეგიონი (სარდალი წერეთელი) გაიქცა ოზურგეთში, მე-2 ქვეითი ლეგიონი კი (სარდალი პოლკოვნიკი ყარალაშვილი) ჩაქვში. საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ დაავალა გიორგი მაზნიაშვილს დაუყოვნებლივ წასულიყო სადგურ ნატანებში და არ დაეშვა ოსმალების წინსვლა მდინარე ჩოლოქს აქეთ. მაზნიაშვილმა შტაბის უფროსობა ჩაიბარა 1 აპრილს.
2 აპრილს მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებელი გაგზავნა ჩაქვში ალყაში მოქცეული მე-2 ქვეითი ლეგიონის გამოსახსნელად, რომელსაც ოსმალებმა გზა მოუჭრეს და ტყვეობა ელოდა. ოსმალების ქვეითი ჯარი გამაგრებული იყო ქობულეთის აღმოსავლეთით, რკინიგზის გასწვრივ, ხოლო ჩაქვის სადგურზე იდგა მათი ცხენოსანი ათასეული. ჯავშნოსანი დილის 9 საათზე ჩაქვის სადგურზე ჩავიდა და ტყვიისმფრქვევის ცეცხლით გაანადგურა სადგურზე გამაგრებული ოსმალები. ამით ყარალაშვილის ლეგიონმა ისარგებლა და მცირე მსხვერპლით დაიხია უკან. ეს ლეგიონი, რომელიც 500 ჯარისკაცისგან შედგებოდა, დემორალიზებული იყო და მაზნიაშვლმა გაუშვა ლანჩხუთში, რეზერვში, რომელიც უნდა შევსებულიყო ისიდორე რამიშვილის მიერ შეკრებილი მოხალისეებით. მე-4 ქვეითი ლეგიონი მაზნიაშვილმა ოთხ ათასეულად დაჰყო და გაანაწილა ლიხაურში, შემოქმედში, ვაშნარსა და ოზურგეთში. სადგურ სუფსაზე იდგა ცხენოსანი ბატარეა პორუჩიკი ყარაევის მეთაურობით. მაზნიაშვილის განკარგულებაში იყო 4 ტყვიამფრქვევი, 6 ზარბაზანი, ჯავშნოსანი მატარებელი 90 ჯარისკაცით და 400 სახალხო გვარდიელი.
ფრონტის ხაზი იწყებოდა შეკვეთილის ნავსადგურიდან და გრძელდებოდა სოფელ შემოქმედამდე. მას საზღვრავდა მარჯვნიდან შავი ზღვა, მარცხნიდან კი აჭარა-გურიის მთები. მთელ სიგრძეზე, ზღვიდან ოზურგეთამდე მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების ნაპირები იყო თითქმის გაუვალი ჯარისთვის. იქ გავლა შეეძლოთ მხოლოდ ადგილობრივებს, რომლებმაც იცოდნენ ბილიკები. ამ მონაკვეთს ჰქონდა მხოლოდ ორი გასასვლელი: სარკინიგზო ხიდები ნატანებზე და ჩოლოქზე და შარაგზა ლიხაურის გავლით ოზურგეთზე. მაზნიაშვილმა დაიწყო ჯარის შევსება ადგილობრივი მოხალისეებით. ამაში მას ეხმარებოდა ისიდორე რამიშვილი. სოფლად იარაღი თითქმის ყველას ჰქონდა და ცოტა თოფი იყო საჭირო დასარიგებლად.
3 აპრილს ჯავშნოსანი მატარებელი ჩოლოქის სამხრეთით ლიანდაგიდან გადავარდა. გზა ადილობრივებს ჰქონდათ გაფუჭებული. ლიანდაგზე შეყენების დროს ქართულ მხარეს ცეეცხლი გაუხსნეს, რასაც ქართველ მზვერავთა მოწინავე რაზმმა ცეცხლითვე უპასუხა, მოწინააღმდეგეს ორი კაცი მოუკლა და ხელთ რამდენიმე თოფი იგდო.4 აპრილს ოსმალებმა აიღეს ქობულეთი, 5 აპრილს მოხდა მცირე შეტაკება, სადაც ქართულ მხარეს მოუკლეს ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ოფიცერი და დაჭრეს რამდენიმე. ოსმალებმა შემდეგ უკან დაიხიეს.
ნატანებში მებრძოლების გასამხნეველად ჩავიდნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე და სხვები და წარმოთქვეს სიტყვები. 5 აპრილს, საღამოს რვა საათზე ქართულმა მხარემ მიიღო დაზვერვის ცნობა, რომ ოსმალეთის გალიპოლის მე-2 დივიზიის შედარებით მცირე ნაწილი მიდიოდა ოზურგეთისკენ, შარაგზით და უფრო დიდი ნაწილი, 7000 ჯარისკაცი, რკინიგზის გასწვრივ ნატანებისკენ. ოსმალებმა აჰყარეს ლინდაგი მდინარე ოჩხამურის ხიდზე, რაც ადასტურებდა რომ მთავარ იერიშს სწორედ ნატანების მხრიდან აპირებდნენ. ლიანდაგის აყრით ისინი იმედოვნებნენ ქართული ჯავშნოსანი მატარებლის უფუნქციოდ დატოვებას. მაზნიაშვილმა ერთ დღეში ააგებინა ჩოლოქის ხიდიდან ტყეში შემავალი ლიანდაგი. 6 აპრილის საღამოს ოსმალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
ბრძოლა ჩოლოქის ხიდთან:
8 აპრილს ოსმალეთის ჯარი გასცდა ოჩხამურს, მაგრამ არ გადიოდა ველზე და თავს აფარებდა ტყეს ოჩხამურს და ჩოლოქს შორის. მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებლის უკან დახევა ბრძანა. ჯავშნოსანი არიერგარდში უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მან გაიზიარა ჯავშნოსანის ხელმძღვანელის ვლადიმერ გოგუაძის გეგმა: მტრის პოზიციებში შეჭრა და ბრძოლის გამართვა. ბრძოლა 7 აპრილს დილის ხუთ საათზე დაიწყო. ჯავშნოსანი მატარებელი შეიჭრა მოწინააღმდეგის რიგებში. მაგრამ ქართული მხარე არ ხსნიდა ცეცხლს არც მატარებლიდან და არც სანგრებიდან, რადგან ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული. მოწინააღმდეგეს ცეცხლს უხსნიდა მხოლოდ არტილერია, რომელიც კარგარეთელს ჰქონდა ჩაბარებული.
ოსმალები მიაუხლოვდნენ თუ არა მატარებელს, გაიხსნა ცეცხლი. ქართველებმა ცეცხლი გახსნეს როგორც მატარებლიდან, ასევე თხრილებიდან და სანგრებიდან. გაშლილ ველზე აღმოჩენილი ოსმალო ასკერები მრავლად დაიხოცნენ. 11 საათვისთვის, ბრძოლიდან ექვსი საათის შემდეგ ოსმალების დრეზინა დაეჯახა ჯავშნოსანს და მატარებლის პირველი ვაგონი ლიანდაგიდან გადაეგდოთ და დასავლეთიდან წამოსული ახალი ათასეულით კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ჯავშნოსანზე. გოგუაძეს იმედი გადაწურული ჰქონდა და ხელი დააჭირა ღილაკს, რომლითაც ჯავშნოსანი უნდა აფეთქებულიყო, რატა მტერს მხოლოდ რკინის ნამსხვრევები შერჩენოდა, მაგრამ პულტიდან ნაღმამდე მიმავალი მავთული გაწყვეტილი ყოფილიყო და ნაღმი მოქმედებაში არ მოვიდა. ამასობაში მაზნიაშვილთან მივიდა დამატებითი დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი აკაკი ურუშაძე და ბრძოლაში ჩაერთო გორის გვარდიის 400 კაციანი რაზმი. ოსმალები საბოლოოდ გატყდნენ და დაიწყეს უკანდახევა. ქართველები ამოვიდნენ საგრებიდან და დღის 4 საათამდე მისდიეს გაქცეულ მტერს ოჩხამურის ხიდამდე.
„7 აპრილს გენერალმა მაზნიაშვილმა უკან დახევა ბრძანა. უკან დახევის დროს ჯავშნიანით არიერგარდში ვყოფილიყავი და მტრის თავდასხმისგან იგი დამეცვა, ბოლოს ამეფეთქებინა რკინის გზის ხიდები და სუფსაში მივსულიყავი. მე მას ჩემი გეგმა მოვახსენე: მტრის პოზიციებში შევიჭრები და ბრძოლას გავუმართავ-მეთქი. გენერალმა ეს განზრახვა არ გაიზიარა და ამიკრძალა კიდეც: ტყუილა-უბრალოდ დაიღუპებითო. მე თუ არიერგარდში უმოქმედოდ ვიქნებოდი, მაშინ მტრის არტილერია დამაზიანებდა. გენერალმა ბოლოს მითხრა და დამლოცა: ნახე! როგორც სჯობდეს, ისე მოიქეციო. ჯავშნოსანის მხედრებს არ ეძინათ. უკვე ორი საათი იყო. მებრძოლები შევკრიბე და მათ მდგომარეობა განვუმარტე, ჩემი გადაწყვეტილებაც გავაცანი...დილით ხუთ საათზე ჩოლოქის ხიდს მივადექით. ოსმალო გუშაგები დავიჭირეთ, მტრის ბანაკში შევედით და შუა ადგილი დავიპყრეთ. ოსმალების ჯარს იქაურობა აევსო. რკინის გზის აღმოსავლეთით ნაყანევი ადგილები მტრის ჯარებით იყო გავსებული. მე სროლა არ ავტეხე. მტერს ვაგრძნობინე, რომ მე შეცდომით მოვხვდი მტრის ბანაკში და ვნებდები. უკვე გათენდა და ოსმალნი ჩვენი ჯავშნოსანისაკენ გამოიქცნენ. ახლოს მოვიდნენ. მატარებლის საფეხურებზეც ამოცოცდნენ, ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვეველების ლულებს ჩამოეკიდნენ. ჯავშნიანი მატარებელი ჩაკეტილი იყო, შიგ შემოსვლა არავის შეეძლო. ოსმალთა იქ მყოფი ჯარი შეგროვდა რკინის გზასთან. როცა აქ ყველამ მოიყარა თავი, მაშინ გავეცი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ. შეიქნა სასტიკი ბრძოლა. მოწინააღმდეგე მამაცად იბრძოდა. ერთი საათის ბრძოლის დროს ბევრი ოსმალო დაიღუპა. შემდეგ ოსმალებმა მიაშურეს საფარს და იქიდან დაგვიწყეს სროლა. მე დავიწყე მანევრების კეთება და სადაც ოსმალოებს უფრო მეტი ჯარი ჰყავდათ, სწორედ იქითკენ გავხსენი მომაკვდინებელი ცეცხლი. მტრის უმთავრესი ძალა უკვე განადგურებული იყო“
(ვლადიმერ გოგუაძე)
ოსმალეთის ჯარმა 4 კილომეტრით უკან დაიხია. ბრძოლაში ქართულ მხარეს მოკვდა 3, დაიჭრა 25 ადამიანი. ოსმალების მხარეს, მაზნიაშვილის შეფასებით დაიღუპა 500-მდე ადამიანი, ხოლო სხვა ქართველი სახმედრო ლიდერების შეფასებით - 1000 მდე ადამიანი. ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის მონაცემებით ოსმალებს ბათუმში გადაჰყავდათ 600 დაჭრილი ჯარისკაცი. გაზეთ „საქართველოს“ ცნობით ოსმალეთის მხარეს დაიღუპა 80, ტყვედ ჩავარდა 2 ასკერი. ქართველებმა ხელში ჩაიგდეს 20 თოფი.
ბრძოლაში გმირობა ბევრმა ადგილობრივმა გამოიჩინა: ლიხაურელი პორფილე და ალექსანდრე გორგოშიძეები გიორგის ჯვრით დაჯილდოვდნენ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის; გმირობა გამოიჩინა ობერკონდუქტორმა სიმონ სკამკოჩაიშვილმა, გადმოცემის მიხედვით დაზვერვაზე გასულმა ჯარისკაცმა ბოლქვაძემ, რომელსაც მოულოდნელად ოსმალო ასკერების ჯგუფი შეეჩეხა, 4 მოკლა და 4 ტყვედ აიყვანა. 1918 წლის 13 აპრილს ვლადიმერ გოგუაძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეროვნული გმირის წოდება მიიღო. პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ეს წოდება აღარავის მიუღია. გმირულად იბრძოდა მისი მოადგილე იუსტინე სიხარულიძე, მზვერავთა რაზმის უფროსი გობრონიძე, ელიზბარ გაგნიძე, ნოე გოგუაძე, აკაკი ურუშაძე, დავით შარაშიძე.
შედეგები: 
ჩოლოქის ხიდთან მიღწეულ წარმატებას ხაზი გადაუსვა ქართული ჯარის სხვა შენაერთებმა. ოზურგეთისკენ დაძრულ ოსმალების მცირერიცხოვან ჯარს (ერთი ბრიგადა არტილერიით) ლიხაურში დაბანაკებულმა ათასეულმა არ გაუწია წინააღმდეგობა, დატოვა პოზიციები და უკან დაიხია ქალაქისკენ. ამან გამოიწვია პანიკა, ოზურგეთი მიატოვა ჯარმა, სახელმწიფო დაწესებულებებმა და დაიწყო უკან დახევა ჩოხატაურისკენ. მთელი ქალაქი გაიხიზნა ჩოხატაურში და ოსმალებმა თავისუფლად დაიკავეს მიტოვებული ქალაქი. გარდა ოზურგეთისა, ოსმალებმა აიღეს ჭანიეთი, ლიხაური, მაკვანეთი, წითელმთა, მელექედურის ნაწილი, წინ წაიწიეს ვაშნარის მიმართულებით. გაკირულიდან შეუტიეს შემოქმედს, მაგრამ შემოქმედში ვერ შევიდნენ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო. მაზნიაშვილმა მოასწრო ლანჩხუთში მყოფი სათადარიგო ჯარის დაყენება ნასაკირალის უღელტეხილზე და ჩოხატაურის გზის ჩაკეტვა. 11 აპრილს მაზნიაშვილმა სცადა ოზურგეთზე შეტევა და გაიმართა ვაშნარის ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ სამხედრო მოქედებები შეაჩერა გერმანიის დიპლომატიურმა ჩარევამ და დროებითმა ზავმა. ოსმალები ოზურგეთიდან ზავის პირობების მიხედვით 7 ივნისს გავიდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати