გიორგი ჩალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, ახლა მთავარი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა.
„პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირება არის საჭირო, შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. დღეს, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, სამწუხაროდ, შეხვედრებზე ვიყავი და მასთან პირადი საუბარი ვერ შევძელი, საჭიროა, ერთად დასხდომა და საუბარი, ეს საქმე შარშან, 3 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და პრეზიდენტ სააკაშვილის თემა უნდა იყოს პირველი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ვხსნი ჩემ კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემ კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბები, ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები, ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის.
იმედი მაქვს, პარტია და სხვა დანარჩენი რესურსი მხარში ამომიდგება, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ“, - განაცხადა ჩალაძემ.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალი თავმჯდომარის პირობებში ეფექტურ მუშაობას იხილავს.
„ლევანიმ ის თქვა, რაც დიდი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ნათქვამი. მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ნათქვამი. მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში არაეფექტური მუშაობა იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვიხილავ ეფექტურ, შედეგისმომცემ საქმიანობას, პირველი რასაც გავაკეთებ, მე და ლევანი ერთად დავსხდებით“, - განაცხადა ჩალაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც დღეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, ინიციატივით გამოვიდა, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.