USD 2.7013
EUR 3.1184
RUB 3.3726
Тбилиси
გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს
дата:  

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე წარმოვადგენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის, ინტერესებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და საკითხის ირგვლივ გაკეთებული ზოგიერთი შეფასების საპასუხოდ, მსურს, ყურადღება გავამახვილო საქმესთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ გარემოებებზე.

პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით შევეხები ჩემს მარწმუნებელსა და ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჯერ კიდევ ბრალდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების პერიოდში, მისი ოჯახის წევრის (დედის) თხოვნის საფუძველზე, ჩემმა მარწმუნებელმა უზრუნველყო გიორგი ბაჩიაშვილის დასაქმება მის კუთვნილ სტრუქტურაში. ამ დღიდან მოყოლებული, ბრალდებული დაახლოებით 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტიურად მხოლოდ ბატონი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში, მათ შორის 2019 წლის აპრილამდე იგი იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ხოლო შემდგომ გადაინაცვლა ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამგვარად, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩემს მარწმუნებელთან ძალიან დაახლოებულ პირს, რომელმაც მიიღო პიროვნული თუ პროფესიული განვითარების საუკეთესო პირობები და შესაბამისად, ბატონ ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით. სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. კერძოდ, მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში. შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება. ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გაცემა. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადაცემა და უფრო მეტი მოქნილობისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა სს ,,ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე.

გიორგი ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების (რომელსაც მისივე განმარტებით გააჩნდა მცირე დრო, ბევრი სხვა საკითხი განსახილველი და მასთან მოხვედრაც კი ხშირად ობიექტურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული), მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე, შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები. ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა აღნიშნულს და გიორგი ბაჩიაშვილისათვის 5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს ,,ბანკი ქართუს“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო და ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა) გენერალურ დირექტორს ნატო ხაინდრავას. მიღებული დავალების შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას სს ,,ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით. შესაბამისად, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება (როგორც ფულადი სახსრების მოძიება/მიწოდება, ასევე თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი სესხის ფორმით წარმოშობილი ვალდებულების სრული უზრუნველყოფა პირადი სახსრებით) განხორციელებულია ჩემი მარწმუნებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი. პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე. აღნიშნული კი სრულიად შესაძლებელი გახლდათ, ვინაიდან პროექტი იყო უაღრესად რისკიანი და ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა მასში ინვესტირებული ფულადი სახსრების დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა, თუ ბაჩიაშვილს საკუთარი თავი მიაჩნდა ინვესტორად და რისკის ამღებ პირად, რატომ არ მოახდინა თავიდანვე კრედიტის უზრუნველყოფა მის (პირადად მისი, მისი კომპანიების ან ოჯახის საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული ქონებით?! ცხადია, პასუხი მარტივია – იგი წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს. თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩემს მარწმუნებელთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი (უფრო ზუსტად კი, ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებდა, ეგებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ინვესტირებული თანხები ამოვიღოთო). ბატონ ივანიშვილს ერთი მხრივ, სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო. უხეში მაგალითის სახით, რისკის ხარისხი სამორინეში კონკრეტულ ციფრზე ფსონის დადებასაც კი შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად, ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა. მართლაც, შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდგომ, ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან. იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ (რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ და რაც ცხადყოფს, თუ რატომ მოხდა ბატონი ბაჩიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინვესტორის მხრიდან რეაგირება მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდგომ), ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით. შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით).

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (რომლის ერთადერთ ინვესტორს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) მიერ დაფინანსებულ ,,მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით. 2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი – მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა. პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტიურად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში. ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ აცდებოდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტიურად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა. ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა მტკვარის ჰესის მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გვევლინება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის.

ვფიქრობ, საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ ის გარემოებები/საფუძვლები, რის გამოც ბატონი ივანიშვილი იძულებული გახდა რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აქვე მოკლედ შევეხებით ბოლო დღეებში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, რომ თითქოს, ჩემი მარწმუნებლის მხრიდან მისი დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება უკავშირდება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს. იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება.

ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან, თავის დროზე, ძალიან დაახლოებული პირის (რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული ჩემი მარწმუნებლის მიერ და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში) მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი. დაბოლოს, ვინაიდან, კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვფიქრობთ, არ არის მიზანშეწონილი, რეგულარულ რეჟიმში, ჩვენი მხრიდან განცხადებებისა თუ კომენტარების კეთება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვინმეს მიერ არ იქნეს აღქმული გარკვეულ წნეხად მართლმსაჯულების პროცესზე. მართლმსაჯულების ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქმეზე დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, რომ მომავალშიც დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი წინამდებარე განცხადებაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის, ვუპასუხოთ მავანთა მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო მოსაზრებებსა და ბრალდებებს, რაც მოსალოდნელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати