USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გიორგი ანთაძე - მინდა ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე გარკვეული მოვლენების თანამიმდევრულობაზე გავაკეთო აქცენტი
дата:  1616
მეგობრებო და კოლეგებო,
მინდა ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე გარკვეული მოვლენების თანამიმდევრულობაზე გავაკეთო აქცენტი.
როგორც წესი დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მსგავსი მოვლენების დროს ხალხის ყურადღება მიზანმიმართულად კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, რაც ერთი შეხედვით ბუნებრივად მთავარი თემაა, მაგრამ როგორ წესი, ძაღლის თავი სხვაგან არის. ანუ ვუყურებთ ინსტრუმენტს, ამ შემთხვევაში ეს არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მაგრამ სინამდვილეში ინსტრუმენტი ემსახურება უფრო დიდი მიზნების მიღწევას.
მოგეხსენებათ მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება სწორედ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მაქვს გატარებული სხვადასხვა პოზიციებზე. შესაბამისად, რასაც ქვემოთ დავწერ ეს ჩემი პროფესიული დაკვირვებაა მხოლოდ, რომელიც ემყარება ჩემს გამოცდილებასა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების მუშაობის პრაქტიკასა და მათი ფუნქციონირების ისტორიასაც. ამასთან თითოეული მოვლენის შესახებ ქვემოთ მოცემული იქნება ბმულებიც.
„ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის რიტორიკიდან ნათლად ჩანს, რომ საუბარია სტრატეგიული კურსის ცვლილებაზე, რაც ჩემი აზრით, გზის ბოლოს გულისხმობს უარს ნატოსა და ევროკავშირზე და საქართველოში ე.წ. "სუვერენული დემოკრატიის" პროექტის რეალიზაციას. პრაქტიკაში ეს იქნება ახალი რეალობა, სადაც გვეყოლება ერთი მმართველი ძალა, ფეოდალი და მასზე დაქვემდებარებული ელიტები. დანარჩენი ქვეყანაში იქნება ამ სისტემის მომსახურე პერსონალი. საუბარი რაიმე სახის ევროპული დემოკრატიების თავისუფლების ხარისხზე ბუნებრივია ამდაგვარ რეალობაში წარმოუდგენელი იქნება. საბოლოო ნიშნით რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე საკვანძო გავლენის დამყარების შესაძლებლობას მიიღებს. თბილისი იყო, არის და იქნება კავკასიის გასაღები. ამ საფრთხეებზე ბექა კობახიძე მუდმივად საუბრობს.
ახლა გადავიდეთ მთავარზე.
რეალურად ჩვენ ახლა ვუყურებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ ორგანიზებულ და მომზადებულ სპეცოპერაციას. ხელწერაც კი ძალიან ჰგავს უკრაინაში გამოყენებულს. სცენაზე ტიტუშკებიც გამოჩნდნენ.
მოგეხსენებათ, საქართველოში ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მუშაობას ეფუძნება. ეს სამი ლოკომოტივი არის: თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავარი მომენტი - ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახური და არა რომელიმე სხვა ინსტიტუტი. არავის წვლილს არ ვაკნინებ, უბრალოდ უმთავრესებზე ვსაუბრობ.
მერწმუნეთ, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, თუ კი სადმე იყო დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს დახმარება ეს საგარეო დაზვერვის სამსახურია. მარტივად მიხვდებით შენობის არქიტექტურის ფოტოდანაც, რომლის მშენებლობა დაგეგმარებაშიც მათი დიდი წვლილია. ეს ინსტიტუტი უკრაინის ომის დაწყების დღიდან და მანამდეც, აქტიურად იყო საერთაშორისო სადაზვერვო თანამეგობრობის საქმიანობაში ჩართული, ისე როგორც ეგების დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის წევრ სადაზვერვო სამსახურს. საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ეს არის „ჯენტლმენთა კლუბი“ ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. ეს არის ინსტიტუტი რომელიც „ვაჭრობს“ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საქონლით - ინფორმაციით.
განვაგრძოთ.
აღნიშნული კანონის შინაარსზე და რისკებზე აღარ დავწერ, ბევრჯერ აიხსნა. კიდევ ერთხელ, წარმოვიდგინოთ ეს როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება სტრატეგიული კურსის ცვლილებას.
რა ნაბიჯების გადადგმა ხდება კანონპროექტის ინიცირების პარალელურად?
მიმდინარე წლის 3 აპრილს ხდება კანონ პროექტის ხელახალი ინიცირება. https://1tv.ge/…/uckhouri-dafinansebis-gamchvirvalobastan…/
მეორე დღეს. პრემიერის დაპირების მიუხედავად, რომ არ იქნებოდა ცვლილებები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმახორციელებელი ორი ინსტიტუტიდან მეორე საკვანძოში, ხდება ერთადერთი საკადრო ცვლილება. (ჯანდაცვის მინისტრი აქ ცვლადი იყო, რომელიც სულ სხვა, შიდაპოლიტიკურ კონტექსტში შეიცვალა). ეს ცვლილება არის საქართველოს დაზვერვის სამსახურის, ანუ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის ცვლილება, რომელიც პირდაპირ პრემიერთან არის ანგარიშვალდებული. https://on.ge/story/128039-დაზვერვის-სამსახურის-უფროსი-შალვა-ლომიძე-სამსახურიდან-გაათავისუფლეს ისიც ვთქვათ, რომ ჩვენს ორგანიზაციას, ჯეოქეისს, მემორანდუმიც გვაქვს დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ და აქტიური პროექტებიც გვქონდა. უკვე წარსულში. (ამიტომ, ვიცი რაზეც ვწერ და ვსაუბრობ). https://geocase.ge/…/jeoqeisisa-da-saqartvelos-dazvervis…
შეჯამებისკენ, რომ წავიდეთ, წლების განმავლობაში, მოხდა მიზანმიმართული დარტყმები ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომლის ბოლო აკორდი სწორედ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის ცვლილება გახდა.
კიდევ რამ გამიმყარა ეს სურათი?
აშშ-ს საელჩოს გუშინდელმა განცხადებამ და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხმა მასზე.
უნდა ვიცოდეთ დიპლომატების მიერ ნათქვამ სიტყვებში კონტექსტისა და ქვეტექსტების ამოცნობა. სინამდვილეში, მე ასეთი განცხადება მინიშნებებით, ელჩის მხრიდან აქამდე არ მახსოვს.
ქალბატონი ელჩი, რობინ დანიგანი ამბოს, რომ „ ახლახან საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების შესახებ საკითხის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე“.
საგარეოს პასუხის მიხედვით, https://mfa.gov.ge/news - „.. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
იმის გათვალისწინებით რომ ივლისში ნატოს ვაშინგტონის სამიტია, საუბარი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის ახალი სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების განხილვაზე, რაც სავარაუდოდ შეიძლება ეხებოდეს ნატოს მიმართულებით ქვეყნის შემდგომ ძირეულ პროგრესს. ანუ, რაღაც ისეთის განხილვა უნდა მომხდარიყო, რაც შეუქცევად პროცესებს დაუდებდა სათავეს და ყოვლად შეუთავსებელი იქნებოდა აღნიშნული კანონპროექტი ამ კონტექსტში, ამიტომ დადგა განხილვის შეჩერების პირობა და არა იმიტომ, რომ ცალ ფეხზე იდექითო.
როგორც იცით, ასეთი გადაწყვეტილებები არ მზადდება უცებ და მალე. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია თვეებით ადრე ცნობილი გახდა რუსეთისთვისაც. ამიტომ, დაისვა კონკრეტული ამოცანა მომხდარიყო პროცესების ფორსირება და საქართველოს ნატოს მიმართულებით შემდგომი პროგრესის მორიგი საბოტაჟი.
პარტნიორების მხრიდან სულ არის განცხადებები, რომ პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით, ავტომატურად აისახება ნატოს მიმართულებაზეც. ახლა არის შესაძლებლობების ფანჯარა და ეს ფანჯარა ვაშინგტონში შეიძლება გახსნილიყო. ეს ნატოს გენ. მდივანმაც დაადასტურა თბილისში ბოლო ვიზიტის დროს. https://www.nato.int/cps/en/natohq/opinions_223793.htm… "And what you do to move towards EU membership goes hand in hand with efforts to become a full NATO Ally."
პედალირება კი მიდის ევროკავშირის საკითხების, მაგრამ ჩემი გონივრული ეჭვით, გნებავთ პროფესიული გუმანით, საუბარი უნდა ეხებოდეს სწორედ ნატოს და არა ევროკავშირს. იმიტომ, რომ ნატოში შეიძლება არა პროცედურული გადაწყვეტილებების მიღება, ვგულისხმობ არაა ნატოში ევროკავშირის მსგავსი სავალდებულო ეტაპების გავლის აუცილებლობა. მიუხედავად მაპის არსებობისა, შესაძლებელია გადახტომები. ეს ვნახეთ შვედეთისა და ფინეთის მაგალითზე. ევროკავშირში ისედაც სავარაუდოდ არ მიგვიღებენ ასეთი პროცესებით ამიტომ რიტორიკა რომ 2030-ში შევალთ ბოლია, ვერ შეხვალ ასე და პირდაპირ გვეუბნებიან.
რა იქნება შემდეგ იცით?
სავარაუდოდ არჩევნების მერე გაიხსნება დისკუსია: რუსეთთან რკინიგზის გახსნაზე, საქართველოს კონფედერაციულ მოწყობაზე (აფხაზეთი), ჩინეთის ნაკადების ანაკლიაში მიზიდვაზე და ა.შ. ანუ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის რადიკალური ცვლილება. ამავე პროექტის შემზადება შესაძლოა ყოფილიყო ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მოულოდნელი გაფორმება.
ამ ყველაფრის რეალიზაციის გზაზე სწორედ საგარეო დაზვერვა იყო ბოლო ინსტიტუტი, რომლის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოქცევაც იყო აუცილებელი.
ჯარში ინსტიტუციური თავისებურების გამო, მინისტრი ვინ იქნება, რა პოლიტიკა იქნება, რადიკალურად არ არის მნიშვნელოვანი. აპოლიტიკური ინსტიტუტია, სხვა თემებზე ფოკუსირებული, დიდია მოსახლეობაში მისი მხარდაჭერა და ა.შ. თუმცა აქვე ვახსენოთ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოულოდნელი და გაუგებარი ცვლილებაც იყო გასული წლის გაზაფხულზე, თუ სწორედ მახსოვს მაისის თვეში. ასევე, წინა წლის ანალოგიური მოვლენებიდან მალევე.
ახლა კი მიდის სპეცოპერაცია საქართველოს სტრატეგიული კურსის ცვლილების უზრუნველსაყოფად, რომლის შინაარსზეც უკვე მინიშნებები 29 აპრილის მიტინგზეც იყო.
აი ეს არის, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ამიტომ არის ეს ბრძოლა საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილი წევრობისათვის, რომლის ალტერნატივა მოსკოვის გეოპოლიტიკურ ტყვეობაში დაბრუნებაა, რაც მცირე სახელმწიფოებისათვის, განსაკუთრებით მათი დემოკრატიული არსებობისათვის, ფუნდამენტურ საფრთხეებს შეიცავს და სხვა საუბრისა და ანალიზის თემაა.
დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს პოზიცია და ნაბიჯები, ვინაიდან დღემდე ამ პარტნიორობის შედეგებით მოვდივართ ჩვენი პროგრესის თვალსაზრისით, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ მჯერა ეს სტრატეგიული თანამშრომლობა თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.
(ფოტო ინტერნეტიდან, ყურადღებისთვის)
 
 
იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სპეციალობით გიორგი ანთაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე პროფესიული კომპეტენციის ასამაღლებელ სასწავლო პროგრამასა და ტრენინგკურსში, რომლებიც ორგანიზებული იყო  ნატო-ს, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევის ევროპული ცენტრის, თბილისის ევრო-ატლანტიკურ სწავლებათა ცენტრის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. აქვს მუშაობის გამოცდილება საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელად,  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში,  ანალიტიკურ ორგანიზაცია “ჯეოქეისში”. არის 24 პუბლიკაციის ავტორი.
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати