USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!
თარიღი:  1315

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება.

წმ. პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. მიუხედავად იმისა, რომ წმ. პეტრე და პავლე სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, მათ შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა რომ ისინი ერთდროულად აღესრულენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

 

წმ. პეტრე და პავლეს ცხოვრება

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.

წმ. მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. „შენ ხარ სვიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“ ასე უთხრა მას იესო ქრისტემ (იოანე 1.42), როდესაც მიჰხედა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ვლიდა რა ქრისტე გალილეის ტბის ნაპირთან, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. „მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“ (მათე 4.19) (კონდაკი 2) – ამ სიტყვებმა, რომლებიც უბრალო მეთევზეებისადმი იყვნენ მიმართულნი, გადაწყვიტეს მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე შეუდგა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისაგან განკურნა მისი სიდედრი (მარკოზი 1.29-31).

 

ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე, – ერთი მხოლოდ ქრისტეს მოწაფეთაგან – გაკადნიერდება სთხოვოს უფალს: „უფალო… მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. „უფალო, მიხსენ მე!“ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა (მათე 14.28-32) (იკოსი 3). მაგრამ არა მარტო ქარბორბალასა და ქარისაგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა „მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“ (ლუკა 22, 32) (კონდაკი 4).

თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“, პეტრემ განიხარა და წამოიძახა „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ (მარკოზი 9.2-7) (იკოსი 5). ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი (2 პეტრე 1.17-19).

მოახლოვდა რა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა, იერუსალიმისაკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა“ („იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ კი „ძე“-ს, ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)… „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16.15-18) (იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი ჰპოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში „ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ“. საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქორედზე მაცხოვარმა „…მოიღო არდაგი და მოირტყა იგი… და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“. „უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?“ შეეწინააღმდეგა პეტრე. „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა“ – განუმარტა მას უფალმა. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: „უფალო ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი“ (იოანე 13.3-9) (იკოსი 9).

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში და იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: „არა ვიცი კაცი ესე“ (მარკოზი 14.71) და როდესაც მესამედ უარჰყოფდა დაინახა რომ უფალი უმზერდა მას და „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“ (ლუკა 22.62) (კონდაკი 10). ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.

მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ ჰპატიებდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს, მოწაფეთა შორის, პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ (იოანე 21.15-16). იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი (იკოსი 11).

უფლის ამაღლების შემდგომ პეტრეს რჩევისაებრ ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (საქმე 1.15-26). ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქმნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნოებაში (საქმე 2.41; 4.4). საოცარი ნიშები ახლდა პეტრესეული აღმსარებლობის ქრისტესმიერ რწმენას. მკვდრები აღსდგებოდნენ (საქმე 9.40), მკელობელნი და განრღვეულნი განიკურნებოდნენ (საქმე 3.1-8; 9.32-34), დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ (საქმე 5.5-10).

ცნობილია წმ. პეტრე მოციქულის ორი კათოლიკე ეპისტოლე (დაახლ. 63 და 67 წწ.). მეორე ეპისტოლეში წერს „უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფელისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა – იგი უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან მაუწყა მე“ (2 პეტრე 1.14), ანუ უფლის სიტყვისაებრ წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულს. იმპერატორ ნერონის ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. სთვლიდა რა უღირსად თავს მიეღო ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილი, როგორც მის მასწავლებელს ჯალათებს სთხოვდა თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის.
წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდის სახელად სავლე ერქვა. კილიკიის ქ. ტარსუში დაბადებული „განსწავლულ ზედმიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათვის“, როგორც თვითონვე ამბობდა საკუთარ თავზე, – „ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილამდე, შევჰკრებ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა“ (საქმე 22.3-4). იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი სდარაჯობდა (საქმე 7.58). 34წ. მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ერთი მოვლენა შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.

როდესაც იგი დამასკოს მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი მხედარი ცხენებიდან ქვე ჩამოვარდა, ხოლო სავლეს ესმა ხმა, რომელიც იტყოდა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ“. სავლე დაეკითხა: შენ ვინ ხარ, უფალო? ხმამ უპასუხა: მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩვენე შენ, რა თა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ (საქმე 26.13-16).

სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსაკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი ანანია ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს კი გამოცხადებით ემცნო: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდასთა სავლე სახელით, ტარსელი (საქმე 9.11). ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა რა ბრძანებული სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელს-იღო და ეწოდა სახელად პავლე (იკოსი 2).

მოიღო რა პავლემ უფლისაგან ბრძანება, ეხარებინა სასუფეველი, იწყო მქადაგებლობა იუდეველებსა და წარმართებში, მონებს შორის და თავისუფლებში, რისთვისაც თავს იდო ხანგრძლივი მოგზაურობები და წარგზავნიდა ეპისტოლეებს. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა (კონდაკი 3, იკოსი 4, კონდაკი 5). კუნძულ კვიპროსზე მოგზაურობისას აღივსება რა წმ. პავლე სულითა წმიდითა დაუშლის მოგვ ელვიმას ანთვიპატ სერგი პავლეს „გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა“. პავლე მოციქულის სიტყვისაებრ მოგვი დაბრმავდა და „მიმოვიდოდა და ეძებდა მძღუარსა“ (საქმე 13.8-11) (იკოსი 6). დაახლოებით 51წ. პავლე მონაწილეობდა მოციქულთა კრებაში იერუსალიმს. შეკრებილთ პავლემ ამცნო: „რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ“ (საქმე 15.12). კრებამ გადაწყვეტილება მიიღო წარმართებისათვის არ დაეძალებინათ მოსეს სჯულის აღსრულება, ხოლო „კეთილსა იქმოდეთ“-ო (საქმე 15.29).

თავის განუწყვეტელ ღვაწლში მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმ. პავლეს. „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ“ (2 კორინთელთა 11.24-25) (იკოსი 10). ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას შეპყრობილ იქნა და საპყრობილეში ჩაგდებულ. მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას და შუაღამისას დიდი ძრვა იყო, კარნი განეხვნეს და ბორკილები დასცვივდა (საქმე 16.22-26) (იკოსი 8).

ათენში ქრისტეს ახარებდა „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე 17.28). ამ ქადაგებამ არეოპაგში ახალმოქცეულები შესძინა საქრისტიანოს, მათ შორის მომავალი დიდი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი. როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, „შეიკრა ხელნი და ფერხნი და სთქვა: ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალიემს“ (საქმე 21.11) (კონდაკი 11). ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.
აქ, რომში წმ. პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით – პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IVს. წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის