USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Tbilisi
გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს!
Date:  2131

მაცხოვრის ნათლისღება – დღე როცა სამება გაცხადდა

ლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

სამების ტაძრის დეკანოზი მამა იაკობი (აბაშიძე): “ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ანუ განცხადება წმინდისა სამებისა არის ერთ ერთი უდიდესი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. ამ დღეს მაცხოვარი მიბრძანდა მდინარე იორდანესთა და როგორც რიგითმა ადამიანმა ნათელი იღო მისგან.

თუმცა, მანამადე იოანე ნათლისმცემელმა უთხრა, რომ ის მისგან ელოდებოდა ნათლისღებას, რაზეც მაცხოვარმა უპასუხა: “აცადე აწ, ასე შვენის რჯულს აღსრულება“, ანუ ღვთისგან დაშვებული იყო, რომ უფალს ნათელი ეღო სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან. მაცხოვარს არ სჭირდებოდა განწმენდა როგოც რიგით ადამიანს, რამეთუ ნათლისღება იყო კაცობრიობისათვის ცოდვების განმწმენდელი, წყალი განწმენდდა სხეულს, ხოლო სულიწმინდა კი განწმენდდა ადამიანის გონებას, მაგრამ თავად განწმინდა მაცხოვარმა წყალი. ერთი მხრივ, იგი დაემორჩილა კანონს, რაც თავადვე დაადგინა და ამავე დროს გვაჩვენა, რომ მას რეალურად აქვს მიღებული ადამიანის სხეული და მასაც როგორც ადამის ძეს მოუწევდა ამ წესის შესრულება. მეორე მხრივ, როგორც ღმერთკაცმა განწმინდა წყალი, რამეთუ წყალში დაბუდებული იყო ბოროტი სულები.

მაცხოვრის ნათლისღებისას მოხდა სასწაული, გამოჩნდა სულიწმინდა, მტრედის სახით, დაშვებული მაცხოვარზე და მამის ხმა ადასტურებდა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“, სწორედ ამ ხილვის გამო ნათლისღებას ეწოდა მეორე სახელი – განცხადება. სრული სახით ღმერთი გამოჩნდა ნათლისღების დროს, ამიტომაც არის ნათლისღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა – მამა ზეციდან, ძე – წყალში მდგომარე და სული წმინდა მტრედის სახით გადმოსული”.

გთავაზობთ ამონარიდს წმიდისა იოანე ოქროპირის, კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის ქადაგებიდან:
“იმის გამო, რომ ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელს-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: “თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ” (იოანე 1,26). და განა გასაკვირია, რომ ხალხი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? “მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი” (იოანე 1,33). მაშ ასე, აქედან სჩანს, რომ – ორია ნათლის-ღება, ხოლო ქრისტე რისთვის მოვალს ნათლის-ღებად და რომელ ნათლის-ღებად, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას: რამეთუ ესეც აუცილებელია ვიცოდეთ, ისევე როგორც ის. და ჯერ-არს თქვენს სიყვარულს წინასწარ ვუთხრა ამ უკანასკნელზე: რამეთუ აქედან შევიტყობთ პირველზეც. იყო ნათლის-ღება იუდაური, რომელიც სხეულებრივ არაწმინდებას განწმენდდა, მაგრამ არა სინდისის ცოდვებს. ასე მაგალითად, როდესაც ვინმე იმრუშებდა, ან ქურდობას ხელს მიჰყოფდა, ანდა რომელსამე სხვა ცოდვას ჩაიდენდა, ამის მოქმედს იგი დანაშაულისაგან არ ანთავისუფლებდა. ხოლო ვინც მიცვალებულის ნეშტს შეეხებოდა, ვინც სჯულით აკრძალულ საჭმელს იხმევდა, ვინც გადამდები სნეულების მქონესთან იქონიებდა ურთიერთობას, ვინაც კეთროვანს ეზიარებოდა, იგი განიბანებოდა და საღამომდე იყო არაწმინდა, ხოლო შემდეგ განიწმინდებოდა. “წყალში განიბანოს, – ნათქვამია წმ. წერილში, – და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება” (ლევიანნი, 15,5; 22,4). ყველაფერი ეს ნამდვილად ცოდვა და არაწმინდება როდი იყო, მაგრამ რამდენადაც იუდეველები სრულყოფილნი არ ყოფილან, ამდენად ღმერთი მათ ამ გზით უფრო ღვთისმოსავთ ხდიდა, დასაწყისშივე უფრო მნიშვნელოვანის უზუსტესად აღსრულებას აჩვევდა.

მაშასადამე, იუდაური განბანვა ცოდვებისაგან კი არ ანთავისუფლებდა, არამედ მხოლოდ სხეულებრივი არაწმინდებისაგან. ამგვარი როდია ჩვენი: იგი შეუდარებლად მაღლა დგას, უდიდესი მადლით აღსავსეა, რამეთუ ცოდვისაგან ანთავისუფლებს, განწმენდს სულს და მოსცემს სული წმიდის ნიჭს. იოანესეული ნათლობაც იუდაურზე ბევრად მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იგი თითქოსდა ხიდი იყო ორ ნათლისღებას შორის, თავით თვისით პირველი უკანასკნელთან რომ მიჰყავდა; ვინაიდან იოანე სხეულებრივი განწმენდით კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ მის ნაცვლად შეაგონებდა და ურჩევდა მანკიერებათა დატოვებით სათნოებებს მიახლებოდნენ და ცხონების იმედი კეთილ საქმეთა აღსრულებაში ჰგულვებოდათ და არა წყლით მრავლგვარ განბანვასა და განწმენდაში. იოანე არ ამბობდა: განრეცხე სამოსელი შენი, განბანე სხეული შენი, და იქნები წმინდა, არამედ რას? “გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სისნანულისა” (მათე 3,8).

ამიტომაც იგი იუდაურზე მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იოანესეული ნათლის-ღება არ ანიჭებდა სული წმიდას და არ მოჰქონდა მადლიანი შენდობა: იგი მცნებად უსახავდა შეენანათ, მაგრამ ხელმწიფება არ გააჩნდა ცოდვები მიეტევებინა. სწორედ ამიტომაც იტყოდა იოანე: მე წყლით გნათლავთ… ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი… მოგნათლავთ სული წმიდით და ცეცხლით” (მათე 3,11). აშკარაა, რომ იგი (იოანე) სულით არ ნათლავდა. რაღას ნიშნავს: “სული წმიდით და ცეცხლით”? მოიგონე დღე იგი, როდესაც მოციქულებს “მოევლინათ ალივით გაყოფილი ენები, რომლებიც დაეფინა თითოეულ მათგანს” (მოც. საქმე 2,3). ხოლო იოანეს ნათლობა რომ სული წმიდასა და ცოდვათა მიტევებას არ ანიჭებდა, სჩანს შემდეგიდან: პავლე “შეხვდა ზოგიერთ მოწაფეს, და უთხრა მათ: მიიღეთ კია სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? ხოლო მათ უთხრეს: არც გაგვიგია, არის თუ არა სული წმიდა. უთხრა მათ პავლემ: იოანე ნათელ-სცემდა სინანულის ნათლისცემით”, – სინანულისა, მაგრამ არა ცოდვათა მიტევებისა; მაგრამ რიღასთვის ნათელ-სცემდა? “ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესუ ქრისტე. ეს რომ გაიგონეს ნათელ-იღეს უფლის იესუს სახელით. და დაასხა მათ ხელი პავლემ, და გადმოვიდა მათზე სული წმიდა” (მოც. საქმე 19,1-6). ხედავ, რამდენად არასრულყოფილი იყო იოანესეული ნათლის-ღება? ვინაიდან, თუკი ის არ იქნებოდა არასრუყოფილი, მაშინ პავლე ხელახლა არ მონათლავდა, და ხელებს არ დაასხამდა მათ; აღასრულა რა ერთიცა და მეორეც აჩვენა სამოციქულო ნათლის-ღების უპირატესობა და ის, რომ იოანესეული ნათლის-ღება ბევრად უფრო დაბლა იდგა. მაშ ასე, აქედან ჩვენ შევიტყვეთ განსხვავება ნათლის-ღებათა შორის; ახლა კი აუცილებელია ვთქვათ, რად მოინათლა ქრისტე და რომელი ნათლის-ღებით? არც უწინდელით – იუდაურით, არც გვიანდელით – ჩვენით; რამეთუ არ საჭიროებდა იგი ცოდვათა მიტევებას; როგორაა ეს მისთვის შესაძლებელი, ვისაც არანაირი ცოდვა არ გააჩნდა? “არ შეუცოდავს, – ნათქვამია წმ. წერილში, – არ დასჩენია ზაკვა მის ბაგეს” (1 პეტრესი 2,22). და კიდევ: “რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვაში?” (იოანესი 8,46). და ხორცნი მისი უზიარებელი როდი იყო სული წმიდას, რომელიც დასაწყისშივე სული წმიდით იყო წარმოქმნილი? და რაკიღა ხორცნი მისი უზიარებელი არ იყო სული წმიდას და თვითონაც არ ექვემდებარებოდა ცოდვას, მაშ რიღასთვის მოინათლა? მაგრამ მანამდე უნდა გავიგოთ თუ როგორი ნათლისღ-ღებით მოინათლა იგი, რის შემდეგ გასაგები გახდება ისიც. როგორიღა ნათლის-ღებით მოინათლა იგი? – არც იუდაურით, არც ჩვენით, არამედ იოანესი. რისთვის? იმისთვის, რომ თვით ნათლობის ხასიათიდან შეიცნო, რომ იგი ცოდვის მიზეზით არ ინათლებოდა და სული წმიდის ნიჭსაც არ საჭიროებდა; რამეთუ როგორც ჩვენ ვაჩვენეთ, ეს ნათლი-ღება შორს იდგა როგორც ერთისგან, ისე მეორისგან.

აქედან ჩანს, რომ იგი იორდანესთან არც ცოდვათა მიტევებისათვის მოდის და არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად. მაგრამ იქ მყოფთაგან ზოგიერთს რომ არ ეფიქრა, სხვებსავით სინანულისთვის მოდისო, მოისმინეთ, იოანემ როგორ გაითვალისწინა ესეც. მაშინ, როცა სხვებს ეუბნებოდა: “გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა”, ისმინეთ, რას ეუბნება იგი მაცხოვარს: “მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხან ჩემთან” (მათესი 3,8,14); ამ სიტყვებით მან აჩვენა, რომ ქრისტეც იმავე საჭიროებისთვის არ მოდის მასთან, რისთვისაც ხალხი და რომ ნათლის-ღების საჭიროებისაგან იგი იმდენადვე შორს იდგა, რამდენადაც თვით ნათლისმცემელზე შეუდარებლად წმინდა და მაღლა მდგომი იყო. მაშ, რიღასთვის მოინათლა იგი თუკი მან ეს არ მოიმოქმედა არც სინანულისთვის, არც ცოდვათა მისატევებლად, არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად? სხვა ორი მიზეზის გამო, რომელთაგანაც ერთზე მოწაფე ამბობს, ხოლოს მეორეზე კი თვით ეტყვის იოანეს. ამ ნათლის-ღების რომელი მიზეზი გამოთქვა იოანემ? ის, რომ ქრისტე ცნობილი გამხდარიყო ხალხისთვის, როგორადაც პავლეც იტყვის: “იოანე ნათელს-ცემდა სინანულის ნათლის-ცემით… რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი (მოც. საქმე 19,4); ეს იყო ნათლის-ღების შედეგი. თუ იოანე თითოელი მათგანის სახლთან მივიდოდა და კართან დამდგარი შინიდან გარეთ გამოიხმობდა და ქრისტეს ხელჩაჭიდებული იტყოდა: “ესაა ძე ღვთისა”, მაშინ ასეთი მოწმობა საეჭვო იქნებოდა და საქმე ესე ფრიად საძნელო; და თუ სინაგოგაში შეიყვანდა ქრისტეს და იქ დაამოწმებდა, მისი დამოწმება აქაც ეჭვს გამოიწვევდა; მაგრამ როდესაც ხალხთა სიმრავლე იორდანესაკენ მოისწრაფოდა და მის ნაპირებზე იდგა და როცა თვით მაცხოვარიც მოვიდა ნათლის-ღებისთვის და დამოწმება ზეგარდმო ზეციური მამისაგან მიიღო ხმით და სული წმიდის გარდამოსვლით ტრედის სახით, მაშინ მასზე იოანეს მოწმობა უეჭველი გახდა.

ამიტომაც იტყვის იგი: “მე არ ვიცნობდი მას”, რითაც თავის დამოწმებას უტყაურს ხდის (იოან. 1,31). ისინი ხორციელი ნათესავები იყვნენ: “და აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო”, ეტყოდა მარიამს ანგელოსი იოანეს დედაზე (ლუკა 1,36); თუკი დედები იყვნენ ნათესაობაში ერთმანეთთან, ცხადია, – შვილებიც. ამიტომ რამდენადაც ისინი ნათესავები იყვნენ, ისე რომ არ გამოჩენილიყო, თითქოს იოანე ნათესაობის გამო მოწმობს ქრისტეზე, სული წმიდის მადლმა ისე მოაწყო, რომ იოანემ მთელი თავისი წარსული ცხოვრება უდაბნოში გაატარა, ვისმეს რომ არ ეფიქრა, მისი მოწმობა მეგობრობიდან ან რომელიმე მსგავსი მიზეზიდან მომდინარეობსო. იოანემ კი იმგვარად ამცნო მასზე, როგორც ღვთისგან იყო დასწავებული; ამიტომაც იტყვის იგი: “მე არ ვიცნობდი მას”. როგორღა იცანი? “ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლისცემად, მითხრა”. რა გითხრა მან? “ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი” (იოანე 1,33). ხომ ხედავ, რომ სული წმიდა მასზე ისე როდი გარდამოვიდა, როგორც პირველი გარდამოსვლისას მასზე, არამედ მის მიერ ქადაგებულზე, თითქოს თითით, ყველას მიუთითა, თავისი მოფენისას. ამა მიზეზის გამო მოვიდა ნათლის-ღებაზე. იყო სხვა მიზეზიც, რაზე თავადაც იტყვის; რომელი სახელდობრ? როდესაც იოანემ უთხრა: “მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?” იესუმ ასე მიუგო: “დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე” (მათე 3,14-15). ხედავ თვინიერებას მონისა? ხედავ სიმდაბლეს მეუფისა? რაღას ნიშნავს: “აღვასრულოთ ყოველი სიმართლე?” სიმართლედ იწოდება ყოველი მცნების აღსრულება, როგორც თქმულ-არს: “ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე, და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს” (ლუკა 1,6). იმდენად, რამდენადაც ამ სიმართლეს უკლებლივ ყველა ადამიანი უნდა ასრულებდეს, მაგრამ არავინ დაიცვა იგი, ამიტომაც მოვალს ქრისტე და აღსრულებს ამ სიმართლეს.

კი მაგრამ რა სიმართლეა იმაში, იკითხავს ზოგიერთი, რომ მოინათლო? წინაწარმეტყველისადმი დამორჩილება იყო სიმართლე. ქრისტემ როგორადაც წინადაიცვითა, შესწირა მსხვერპლი, იცავდა შაბათს და მისდევდა იუდაურ დღესასწაულებს, იმგვარადვე მიამატა ესეც, დაემორჩილა ნათლისმცემელ წინასწარმეტყველს. ღვთის ნება იყო, რომ მაშინ ყველა მონათლულიყო, რაზედაც ყური მიუგდე იოანეს: “ჩემმა მამვლინებელმა წყლით ნათლის-ცემად” (იოანე 1,33); ასევე ქრისტეც: “მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ-იღეს იოანეს ნათლის-ცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან” (ლუკა 7,29-30). მაშასადამე, თუ ღვთისადმი დამორჩილება წარმოადგენს სიმართლეს, ხოლო ღმერთმა კი იოანე წარმოგზავნა, რათა ხალხი მოენათლა, ქრისტემ ყველა სხვა მცნებასთან ერთად ესეც აღასრულა. დავუშვათ, რომ სჯულის მცნებები ორასი დინარია; ეს ვალია, რომელიც ჩვენმა მოდგმამ უნდა გადაიხადოს; მაგრამ ჩვენ ვალი არ გადავიხადეთ და ასეთ დანაშაულში ჩავარდნილები, მოგვიცვა სიკვდილმა. მოვიდა ქრისტე და რა გვნახა სიკვდილით შეპყრობილები, გამოგვიხსნა ვალისაგან, ყველა, ვისაც არ შეგვეძლო გადახდა. ამიტომ მას არ უთქვამს: “ჩვენ გვმართებს ეს და ეს მოვიმოქმედოთ”, არამედ “აღვასრულოთ ყოველი სიმართლე”. “მე, მეუფეს მქონებელსა, – ამბობს ის, – ჯერ-მიჩნს გადავიხადო მათთვის, ვინც არმქონეა”. ასეთია მისი ნათლის-ღების მიზეზი, რათა ყველამ ნახოს, რომ მან აღასრულა მთელი სხული; და ეს მიზეზიცაა იმისა, რაზედაც ამაზე უწინ ითქვა. ამიტომაც გარდამოვიდა სული სახედ ტრედისა; რამეთუ, სადაც – ღმერთთან შერიგებაა, იქვეა ტრედიც. ასევე ნოეს კიდობანში ტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო – ნიშანი ღვთის კაცთმოყვარებისა და წარღვნის შეწყვეტისა, და ამჯერადაც სახედ ტრედისა, და არა სხეულში, – ეს განსაკუთრებულად უნდა შევნიშნოთ – გარდამოხდა სული წმიდა, ამცნობდა რა ღვთის წყალობას ქვეყნიერებას და ამასთან აჩვენებდა, რომ სულიერი ადამიანი უბოროტო, უბრალო და უმწიკვლო უნდა იყოს, როგორც ქრისტეც იტყვის: “თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში” (მათე 18,3). მაგრამ ის კიდობანი წარღვნის შემდგომ მიწაზე დარჩა, ეს კიდობანი კი მას შემდეგ რაც რისხვა შეწყდა, ცადაა აღყვანებული, და ამჟამადაც ეს უბიწო და უხრწნელი სხეული ჰგიეს მარჯვენით მამისა.

ვახსენე რა უფლის სხეული, მცირეოდენს ამაზეც ვიტყვი, ხოლო მერმე კი საუბარს განვასრულებ. დღეს დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი მიეახლება წმ. ტრაპეზს. მაგრამ ბევრი მიეახლება თრთოლვისა და კრძალვის გარეშე, სხვისთვის მუჯლუგუნების რტყმით, მრისხანება მორეული, ყვირილით, წყევით, მოყვასის წყენით, დიდი აღშფოთებით… რითი ხარ, მითხარ მე, ადამიანო აღშფოთებული? რას მოუგვრია მოუსვენრობა? რა თქმა უნდა, აუცილებელი საქმეები მოგიხმობს შენ; ამ წუთში შენ განსაკუთრებულად გრძნობ, რომ საქმეები გაქვს, განსაკუთრებით გახსოვს, რომ მიწაზე ხარ და ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა? მაგრამ განა გაქვავებულ გულს არ სჩვევია იფიქროს, რომ ასეთ დროს შენ მიწაზე დგახარ და არ ზეიმობ ანგელოსებთან, რომლებთან ერთადაც ძლევის გალობას აღუვლენ ღმერთს? ამადაც გვიწოდა ქრისტემ არწივები, სთქვა რა: “სადაც ეგდება მძორი, იქვე შეგროვდებიან არწივნი” (მათე 24,28), – რათა ჩვენ ზეცად აღვიწეოდეთ, მაღლა-მაღლა ვფრენდეთ, ამაღლებულნი ჩვენი სულის ფრთებით; ხოლო ჩვენ კი გველებივით ქვე-მძრომობთ მტვერში და მიწასა ვლოშნით.

სადილზე მიწვეული, რომც დანაყრდე, მეგობრებზე ადრე მაინც ვერ ბედავ წამოხვიდე, ვიდრე ისინი ტრაპეზს უსხედან; აქ კი, როცა ჯერ ისევ გრძელდება მღვდელმოქმედება, შუა წირვაში ყველაფერს ტოვებ და გარეთ გამოდიხარ? შენდობას იმსახურებს ამგვარი საქციელი? რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ამას? იუდა, ეზიარა რა უკანასკნელ სერობაზე იმ ბოლო ღამეს, აჩქარებით გამოვიდა, მაშინ როცა დანარჩენები ჯერეც ინახით ისხდნენ. აი, ვის ბაძავენ ისინი, ვინც სამადლობელ ლოცვებამდე გამოდიან (ტაძრიდან)! ის რომ არ გამოსულიყო, მიმცემელი არ შეიქმნებოდა; თანამოწაფენი რომ არ დაეტოვებინა, მაშინ არ დაიღუპებოდა; სამწყსოს რომ არ განშორებოდა, მგელიც არ მოინადირებდა და არ შთანთქავდა; მწყემმს რომ არ განცალკევებოდა, ნადირიც ვერ მოიტაცებდა. ამიტომაც ის (იუდა) იუდეველებთან იყო, ხოლო ესენი (მოციქულები) უფალთან ერთად გამოვიდნენ, მმადლობელნი. ხედავ განა, მსხვერპლშეწირვის შემდეგ თურმე რის მიხედვით აღესრულება უკანასკნელი ლოცვა? წარმოვიდგინოთ ეს, საყვარელნო, ვიფიქროთ ამაზე, შევუშინდეთ ამისთვის მოსალოდნელ განკითხვას. მოვუხდეთ წმიდა მსხვერპლს უდიდესი კეთილწესიერებით, შესაფერისი კეთილმოკრძალებით, რათა ღვთისაგან უფრო მეტი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, განვიწმინდოთ სული ჩვენი და მივიღოთ საუკუნო სიკეთე, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლისა თანა შვენის დიდება და ხელმწიფება მამასა, სული წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way