USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს
дата:  486

19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ის 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. დღე, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა, კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს - სულიერ ფერისცვალებას.

მაინც რას ნიშნავს ფერისცვალების დღესასწაული და რას უკავშირდება მისი წარმოშობა? - შევეცდები მოკლედ მოგითხროთ.

 

image

 '' სახარების თანახმად მაცხოვარმა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას მათ ნახეს, რომ იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გადმოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვყავ; მაგისი ისმინეთ!" ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. იგივე დაემართებოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ამიტომ უფალმა მხოლოდ წამიერად გვიჩვენა თავისი ნამდვილი სახე - სახე, რომელსაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვიმალავდა. სწორედ ამ განუზომელი ნათლის გამო იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ დადიოდა - სხვაგვარად მას ვერც კი შეხედავდნენ. ამავე დროს, იმის მაგალითსაც გვაძლევდა, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ქრისტიანი'' - (შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მიქაელის ქადაგებიდან).

 
მაინც რატომ გამოარჩია ქრისტემ ეს სამი მოწაფე? პეტრე - უფლის უსაზღვრო სიყვარულით, იოანე - ერთგულებით, იაკობი კი - იმ სიტყვების გამო, ძმასთან ერთად რომ უთხრა იესოს: ძალგვიძს, შევსვათ შენი სასმისი. იოანე დამასკელი სახარების ამ ადგილს ამგვარად ხსნის: მაცხოვარმა თან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ მისი მოწმობა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ მამის მოწმობითაც მტკიცდებოდა და დაერწმუნებინა იგი, რომ თვით ზეციურმა მამამ განუცხადა ეს მოწმობა; იაკობი - რაკი სხვა მოციქულებზე ადრე ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო უფლისათვის და ბოლოს, იოანე - ქალწულებისა და ღვთისმეტყველების სიმბოლო, რათა ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და ეთქვა: "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი".

 
ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, ხოლო ოჯახებში ასევე ხილის სუფრები იშლება. მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელსა კურთხევის შემდეგ ან ეკლესიაში ტოვებენ, ან ოჯახებში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობლის გადახდის მიზნით უფალს სწირავდნენ.

 სამწუხაროდ, უამრავ ტრადიციას აზრი დაეკარგა, რადგან ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კეთილი ტრადიცია ჩვენში დღემდე შემორჩა. მართალია, შეიძლება ჩვენი შრომით არ მოგვყავდეს ესა თუ ის ხილი, მაგრამ მისი შეძენა ხომ იგივე ჩვენი შრომის, შემოსავლის საფუძველზე ხდება.

მოსავლის გარკვეული ნაწილი ეკლესიაში უძველესი დროიდან იწირებოდა. ეს იქნებოდა ხორბალი, რომელსაც სეფისკვერის გამოსაცხობად იყენებდნენ; ყურძენი; საბარძიმე ღვინის დასაყენებლად; ზეთი კანდელისათვის თუ ცვილი, რომლისგანაც სანთელს ამზადებდნენ. ეს იყო სამადლობელი ღვთისა და შესაწირი ეკლესიისადმი.

 


image

 

'' ხშირია კითხვა, შეიძლება თუ არა ახალი ხილის ჭამა ფერისცვალების დღესასწაულამდე. ეს აუცილებელიც არის. თუ ვინმეს სურს არავითარი ხილი არ მიიღოს ფერისცვალებამდე, ეს თავის დატანჯვა იქნება. თუ ასეთი სურვილი მაინც გვექნება, კურთხევა მოძღვრისგან უნდა ავიღოთ. საზოგადოდ იმის თქმა, რომ ხილის კურთხევამდე, არც ერთი ხილის ნაყოფის მიღება არ შეიძლება, ეს დიდი უგუნურებაა. უარს ვამბობთ იმაზე, რაც ღმერთმა მოგვცა. დღეს ხილის კურთხევისას წარმოვთქვით ლოცვა, რომ უფალმა შეიწიროს ეს ნაყოფი, მიიღოს ძღვენი და მოგვეცეს მადლი.

ფერისცვალების ამბის თხრობით მახარებელნი იმისთვის გვამზადებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს ასეთივე ფერისცვალება. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ხომ სწორედ ფერის, ცოდვილი ბუნების შეცვლაა. არსებობს სიმაღლე, რომლის წვდომაც ადამიანს ძალუძს და უნდა მისწვდეს კიდეც, და ეს უნდა მოხდეს ღვთით. ადამისა და ევას დაცემა თითოეულ ჩვენგანზე ვრცელდება. ჩვენი მიზანია, პირვანდელი მდგომარეობა დავიბრუნოთ, ეს კი ვნებებთან ბრძოლას, მათზე გამარჯვებას გულისხმობს. უნდა ვიცვალოთ ცოდვილი ბუნება, უნდა განვიღმრთოთ, ქრისტეს ნათლით გავნათდეთ'' - (ლომისის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის, მამა დავით ნოზაძის ქადაგებიდან ).

 ყველას გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სიკეთის, სიხარულის, ღიმილის და სიყვარულისკენ გეცვალოთ ფერი! უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати