USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
გილოცავთ 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !!!
თარიღი:  2362

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება.

ისტორია

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთში მონარქია დაამხო. 2 მარტს ტახტიდან გადადგა ნიკოლოზ II და დამყარდა ორხელისუფლებიანობა — სამართლებრივი თვალსაზრისით, სახელმწიფო ხელისუფლებას ფლობდა დროებითი მთავრობა, ხოლო რეალურ ხელისუფლებას კი დეპუტატთა საბჭოები. ორხელისუფლებიანობა დამყარდა ამიერკავკასიასა და საქართველოშიც. რევოლუციის გამარჯვების შედეგად შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, ხოლო 1917 წლის მარტში თბილისში მუშაობას შეუდგა რუსეთი დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ხელისუფლების ორგანო — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი).

1917 წლის აპრილში თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი — საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მან თავის თავზე აიღო ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია — სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას.

1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშვნასა და თავისი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივით ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 1917 წლის ნოემბერში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ — ამიერკავკასიის კომისარიატმა. მას უნდა შეესრულებინა კომისარიატის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია რუსეთში კანონიერი ხელისუფლების (დროებითი მთავრობის) აღდგენამდე.

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ნოე ჟორდანია.

1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ. თურქეთის მხარე თავის სასარგებლოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. შექმნილ სიტუაციაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიიდან არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან 1918 წლის თებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა. თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს.

1918 წლის მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი უფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას.

დამოუკიდებლობის აქტის მიღება

1918 წლის მაისის მეორე ნახევარში თურქეთის არმია აგრძელებდა შეტევით ოპერაციებს. მალე გაირკვა, რომ გერმანია უარს ამბობდა დაეცვა ანგლოფილური სომხეთი და თურქოფილური აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ დაიშლებოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა[6].

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ხელში.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის