USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
გილოცავთ - დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს
дата:  439

22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს 1087 წელს აღმოყვანებას მირონლუკიიდან ბარიში წმიდათა ნაწილთა ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა.

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით აღინიშნა. სარწმუნოებისათვის მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა. 325 წელს ის მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელზეც არის მიღებული სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი. კრების სხვა 318 წმიდა მამასთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებას.

წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში დიდხანს უხრწნელად იყო დაცული მისი წმიდა ნაწილები.

1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მათ სურდათ, მობრუნებულზე იტალიაში წაესვენებინათ წმიდანის ნეშტი. მირონლუკიაში პირველნი ჩავიდნენ ბარელები. წინასწარ გაგზავნილმა ორმა კაცმა ამბავი მოიტანა, რომ ქალაქში სიწყნარე იყო, ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო უდიდესი სიწმიდე, მხოლოდ ოთხი ბერი ლოცულობდა. შეიარაღებული 47 კაცი გაემართა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისკენ. ბერებს არაფერში შეპარვიათ ეჭვი და მშვიდად მიუთითეს მოგზაურებს ფიცარნაგზე, რომლის ქვეშაც წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგი იყო დამალული. ერთ-ერთმა ბერმა მოსულებს მოუთხრო გამოცხადებაზე, რომელიც იმ დღეებში მოხდა. ერთ ბერს წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა და მოუწოდა, უფრო ფრთხილად დაეცვა მისი წმიდა ნაწილები. ვაჭრებმა მონაზვნებს თავიანთი გადაწყვეტილება განუცხადეს და გამოსასყიდად 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. დარაჯებმა ფულზე უარი განაცხადეს და თანაქალაქელების გასაფრთხილებლად გაიქცნენ, მაგრამ მისულებმა კარებთან დაიჭირეს ისინი, შეკრეს და დაანგრიეს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც სამარხი იყო. განსაკუთრებული გულმოდგინებით ჭაბუკი მათე საქმიანობდა. მოუთმენლობისაგან მან კუბოს სახურავი გატეხა და ბარელებმა ნახეს, რომ სარკოფაგი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. მღვდლებმა ლუპა და დროგომ ლიტია შეასრულეს. მათემ მირონით სავსე სარკოფაგიდან ამოასვენა წმიდა ნაწილები. ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს.

მღვდელმა დროგომ მოსასხამში შეახვია წმიდანის ნაწილები და მოწიწებით გადაასვენა ხომალდზე. საკვრელთაგან გათავისუფლებულმა ბერებმა ქალაქს შეატყობინეს სამწუხარო ამბავი, ხალხი მოეფინა სანაპიროს, მაგრამ გვიან იყო.

8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარს მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმიდა სტეფანეს ეკლესიაში. ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ აშენდა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა პაპმა ურბან II-მ.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати