პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ის (ბიძინა ივანიშვილი) მისთვის მნიშვნელოვან და შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს, ამიტომ იძულებულია აკრიტიკოს.
“პირველი ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პოლიტიკაზე სასაუბროდ, მე გახლდით. “მინდა მე და შენ დავიწყოთ” – ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები. სამი დღე ვუყურე ტელევიზორს და შენ აგარჩიეო. შევპირდი, დავეხმარებოდი, მაგრამ პოლიტიკაში არ შევიდოდი. მეორე დღიდანვე გავმართე კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისთან ერთადაც ბიძინა ბრძოლის დაგეგმვას აპირებდა. პირველი შეხვედრა გავმართე რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებთან”. საჯარო მონაწილეობაზე თავიდანვე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ კულისებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. პირველი ნაბიჯები ნამდვილად მე გადავდგი კოალიციის ფორმირებაში. შემდეგ ვიფიქრე, კულისებში ყოფნა სწორი აღარ იქნებოდა და საჯაროდ ჩავერთე საქმეში. დღეს აღარავის ახსოვს და შეთქმულების თეორიებს აწყობენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გავდგებოდი განზე. სამწუხაროდ, არჩევნები მოვიგეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა.
დავაპირე, მაგრამ ივანიშვილმა მთხოვა რამდენიმე თვე არ წავსულიყავი, რადგან იყო საკითხები, რომელთაც ჩემ გარდა ვერავინ მოაგვარებდა. სწორი იქნებოდა, რომ არ დავთანხმებულიყავი. ასე ვერ მოვიქეცი. ამიტომაც მივიღე რეპუტაციული ზიანი. ბინძური კამპანია დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ, არა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, არამედ თავად გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ მავანთ ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ, ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი. ვიცოდი, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეს, საქმის კურსში ბიძინაც ჩავაყენე, მაგრამ ზერელედ შეხედა ამ პრობლემას. მაშინ მივხვდი, უკვე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. ისევ მთხოვა დარჩენა, ამის გამო ურეკშიც ჩამიყვანა, მაგრამ მე აზრი აღარ შევიცვალე.
ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ძალიან მაკლია როგორც მასთან, ასევე მის ოჯახთან ურთიერთობა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა – ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის.“– ამბობს ხუხაშვილი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/