პოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს გააჩნია, არის სწორი, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ „ამის პარალელურად ორი მონოლოგი დიალოგში უნდა გადავიდეს, რათა ყველამ ერთად კრიზისი გადავლახოთ“.
რაც შეეხება პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს მათი თავის ტკივილია.
„გრიგოლ ვაშაძემ პრაქტიკულად ის პუნქტები გაიმეორა, რომელიც მე კრიზისიდან გამოსვლის საგზაო რუკის სახით „ფეისბუქის“ გვერდზე დავწერე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შეთანხმება სახელმწიფოებრივი რისკების ფონზე ისე, რომ სახე არც ერთმა მხარემ არ დაკარგოს. ის, თუ რა ხდება პარტიაში, არ ვიცი და ეს მათი შიდა სამზარეულოა. საკუთარი პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტონ და თუ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით რაიმე პარტიული დისციპლინა დაირღვა, ეს ცუდია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გია ხუხაშვილმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს:
“მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“.
მანამდე სააგენტო “ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.