ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უპირატესობა აქვს.
„თვითონ მოდელი ამ ორგანიზაციის, პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი, არის ის, რომ ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ პარტიის აქტივების 100%-ის მფლობელი. შესაბამისად, მისი სისტემური რესურსით ხდება ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ რეალური პოლიტიკური ფიგურების გენერაცია არ მომხდარა. იქ ხომ არავინ, გარდა ერთი კაცისა, არავინ არ არის. ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია ატარებს ნეგატიურ ხასიათს, ბუნებრივია ნეგატიურ არჩევნებში რესურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული უპირატესობა, რაც არ გამორიცხავს ცალკეულ ანომალიებს. იგივე, ვაკეში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ფიგურები, რომელზეც ლაპარაკი ღირს და აქვს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფია, საკუთარი პოლიტიკური წონა. ესეთები „ქართულ ოცნებაში“ არ არიან, ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილის რესურსები და ბიძინა პლუს გახარია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას ჰქონდა ის ტონი, როგორც სჩვევია.
„ჩვენ ხომ ყველა სათქმელი ზეპირად ვიცით. გუშინ რომ დაგერეკათ ჩემთან, სანამ წამოაყენებდნენ კანდიდატურას, აბსოლუტურად იგივე სათქმელი მექნებოდა. ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, ჩვენ ვართ ის მაყურებლები, რომლებმაც ზეპირად ვიცით ყველა მიზანსცენა, ყველა ფრაზა, ყველა მოძრაობა, მაგრამ იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ, რადგან სხვა გასართობი ჩვენს სოფელში არ არის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
წყარო:ipn.ge
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/