USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
გია ჩაჩანიძე: დრო ქმნიდა ადამიანებს და ადამიანები ქმნიდნენ დროებას
Date:  2340

არიან ადამიანები, რომელთაც როგორც გამორჩეულთა ხვედრია, ცხოვრება მნიშვნელოვან მისიას არგუნებთ ხოლმე - ისინი თავისი ღირებულებებით, იდეებით, საქმეებით ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებულ  როლს ასრულებენ და წარუშლელ კვალს ტოვებენ.    

ნებისმიერი ქვეყანა თავისი განვითარების ყველა ეტაპზე სწორედ ასეთ პიროვნებებზე დგას, მით უფრო ჩვენი ტიპის ქვეყნებში, სადაც პიროვნებას განსაკუთრებული როლი აქვს. 

ჩვენი ისტორია სავსეა ღირსეული ადამიანებით, რომლებიც ქართული სახელმწიფოს იდენტობას ქმნიდნენ. შეუფასებელია მათი ღვაწლი ჩვენი ერის  და დღევანდელი სახელმწიფოს წინაშე. ხშირად მათი საქმიანობის სწორად შეფასებას დრო სჭირდება, რადგან ისტორიას ისე არაფერი აფასებს და უხდება, როგორც  დრო..     

ასეთი პიროვნებებით იყო გამორჩეული საქართველო  მე -19 საუკუნის მეორე ნახევრიდან  დამოუკიდებლობის მოპოვებამდე,  სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება  ჩვენს ქვეყანაში კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, არქიტექტურის, ინჟინერიის განვითარება და უმაღლეს დონეზე აყვანა, ალბათ, ამიტომაც იყო საბჭოთა საქართველო სხვა რესპუბლიკებს შორის გამორჩეული თვითმყოფადობით, ნიჭიერებით, ეროვნული სულით.    

ბატონმა გიორგი ჩაჩანიძემ ამ ადამიანების ცხოვრება და  ისტორიები ერთ საინტერესო გამოცემაში გააერთიანა. დამსახურებულად უნდა ითქვას,   რომ არა ბატონი გიას  დიდი ძალისხმევა, იმ პერიოდის სახელმწიფო მოხელეებზე დღეს ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა, რადგან სამწუხაროდ, მსგავსი ლიტერატურა, ბევრი არ არის. წიგნზე  „დრონი და ადამიანები“ გია ჩაჩანიძე  25 წლის განმავლობაში მუშაობდა, შესაბამისად, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ფლობს ამ ადამიანების ცხოვრების, საქმიანობის, კადრს მიღმა დარჩენილი მოვლენების შესახებ. ბატონი გია თავადაც ძალიან კარგი  რესპოდენტია, მასთან ინტერვიუ სწორედ გამოცემის „დრონი და ადამიანების“ შესახებ საუბრით დავიწყეთ. 

ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ გამოცემის „დრონი  და ადამიანების“  შექნა და რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დაიწყეთ?

ბავშვობიდან სკოლის საგნებს შორის ყველაზე მეტად ისტორია და ქართული ლიტერატურა მიზიდავდა. მეფეები, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკა იყო ის ძირითადი პოსტულატი, რომლის ზედმიწევნით ცოდნის გარეშე ჩემი ისტორიის მასწავლებელი არჩილ გელოვანი მაღალ ნიშანს არ წერდა და მეც რუდუნებით ვსწავლობდი ქვეყნის მმართველთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას...

ისტორიის ფაკულტეტზე მსურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ მაღალი კონკურსის გამო, ქულები დამაკლდა და ვერ მოვხვდი...

მუშაობა დავიწყე სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში დამხმარე მუშად. პარალელურად, ჩავირიცხე სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. ე.წ. კომუნისტურ ეპოქაში, დამოუკიდებლად, მფარველების გარეშე, ეტაპობრივად განვვლე ყველა კარიერული საფეხური...  ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ იმ ეპოქის შეფასებისას აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შრომისმოყვარეობა, საქმისადმი თავდადება შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ რჩერებოდა...

25 წლის განმავლობაში საარქივო ფონდებში ვეცნობოდი იმ ადამიანთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომლებიც საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ. ზოგი ავად, ზოგი კარგად, ეს ისტორიამ უნდა განსაჯოს, მაგრამ იმ პერიოდის მოღვაწეთა შორის ბევრია ღირსეული მამულიშვილი, რომლებიც უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.   

ვფიქრობ, მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო გამორჩეული იყო თვითმყოფადობით, ეროვნული სულით. იმ პერიოდში აღიმართა „ქართვლის დედა“, ვახტანგ გორგასლის მონუმენტური ქანდაკება, „კიდევაც დაიზრდებიან“, დიდგორის მემორიალი და მრავალი სხვა. ბოლოს და ბოლოს, იმ ეპოქის შვილია ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც ვაჟკაცობის, გაუტეხელობის და ღირსეული მამულიშვილობის სიმბოლოდ იქცა!

ვფიქრობ, წიგნის „დრონი და ადამიანები“ გამოცემის მიზანიც ირიბად ავხსენი. ამ ადამიანებმა შექმნეს, აგურ-აგურ ააშენეს, დაგვიტოვეს და საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცნენ. მათი დავიწყება კი ქვეყნის ისტორიის დავიწყებაა. 

- რა პერიოდიკას მოიცავს გამოცემა და რა კრიტერიუმებით განისაზღვრებოდნენ ადამიანები, რომელთა ისტორიებიც  ამ გამოცემაში მოხვდა?

წიგნში წარმოდგენილია 1950-1990-იან წლებში მოღვაწე მაღალი თანამდებობის პირების - ცენტრალური კომიტეტის მდივნების, განყოფილების გამგეების, საქალაქო თუ რაიონული კომიტეტების პირველი პირების, მინისტრთა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, პროფსაბჭოსა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების, მინისტრების, სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეების, მთავარი სამმართველოს უფროსების ბიოგრაფიები.

- ტექნიკურად რამდენად იოლი იყო ამ გამოცემაზე მუშაობა? რა იყო თქვენთვის ძირითადად ინფორმაციის წყარო?

ძალიან რთული იყო... 25 წლის განმავლობაში ჩავკირკიტებდი საარქივო მასალებს, ჟურნალ-გაზეთებს...საჯარო ბიბლიოთეკაში რომ დამინახავდნენ, ხუმრობდნენ, - ჩაჩანიძე მოვიდა და ამოგვიტრიალებს ახლა უძველეს პერიოდიკასო. ფოტოატელიეებში ვათვალიერებდი უძველეს ფოტოსურათებს, ვეცნობოდი ბიოგრაფიებს. ბევრ მათგანს პირადადაც შევხვედრივარ, მომისმენია მათი ნაამბობი... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმდროინდელ მოღვაწეთა უმრავლესობა წესიერი, საქმისადმი თავდადებული მამულიშვილი იყო და ისე ემსახურებოდა ქვეყანას, რის შესაძლებლობასაც  ის პერიოდი იძლეოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ გამონაკლისებიც... მათი უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, არიან ხანდაზმულები, ზოგიც კვლავ მედგრადაა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და, მოხარული ვიქნები, თუ თავიანთი წინაპრების ხილვით ამ წიგნმა სიამოვნება მიანიჭათ. 

- ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით  საქართველოში  ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა პიროვნებებს. როგორ ცვლიდნენ  ეს ადამიანები დროებას, რომელშიც მათ უწევდათ მოღვაწეობა და როგორ განსაზღვრავდა დროება, მათ საქმიანობას?

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობაში არის ასპექტები, რომლებმაც საქართველოსთვის რეალობა შეცვალა -  1977 წლის 23 ივლისს "დინამოს" სტადიონზე მომხდარი ინციდენტი და ვნებათაღელვა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუსეთის მხრიდან ჯარის გამოყენებით დაცხრებოდა, სამთავრობო ლოჟიდან მინდორზე გადასულმა შევარდნაძემ განმუხტა, რამაც სისხლისღვრას გადაარჩინა ქვეყანა. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში სევარდნაძე ხელმძღვანელობდა იმ პრინციპებით, რომლებმაც საქართველოს რეალობა შეცვალა. მისი მსოფლმხედველობა ეფუძნებოდა და ემსახურებოდა ქართულ სახელმწოფოებრიობის, ეროვნული კულტურის და ეკონომიკის აღმასვლის მიზნებს, ის ამ მიდგომებნით უპირისპირდებოდა პიროვნულ დონეზე არასწორედ ფორმირებულ კეთილდღეობას.

  

ასევე, აღსანიშნავია 1978 წლის 14 აპრილი, როცა საქართველოში მასობრივი გამოსვლები დაიწყო კრემლის გადაწყვეტილების - სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების საწინააღმდეგოდ. 

ვითარება უმართავი ხდებოდა, რაც ედუარდ შევარდნაძემ ხალხთან გასვლით განმუხტა, მისი უშუალოდ პირდაპირი და ე.წ. "დახურული არხებით" ქმედებებით.

მაშინ ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა და დღეს, უკვე ყოველი 14 აპრილი ქართული ენის, დედაენის დღეა.

ვასილ მჟავანაძის სახელს უკავშირდება თბილისში ვახტანგ გორგასალის  - საქართველოში მეფის პირველი ძეგლის აღმართვა (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი), რაც განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან იმ პერიოდში ქართველ მეფეთა და ეროვნულ გმირთა ხსოვნისათვის პატივის მიგება დანაშაულად ითვლებოდა.

ასევე, ცნობილი ფაქტია - საქართველოში ჩამოსულ მჟავანაძესთან ერთი დამსმენი კაცი შესულა და დასაპატიმრებელთა გრძელი სია წარუდგენია. „მე ხალხის დასაპატიმრებლად კი არა, საქმის გასაკეთებლად ჩამოვედიო“ - იყო პასუხი...

გავიხსენებ ომარ ვარძელაშვილს - საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს - უანგარო მოქალაქესა და პატრიოტს, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა მშრომელი ადამიანები. ერთ-ერთ ფერმაში უცნაური სკამისთვის მიუქცევია ყურადღება, ცალფეხა რატომააო, - უკითხავს. მეცხვარეს უპასუხია: დოლის დროს თუ ჩაგვეძინა, შეიძლება, ცხვარი ან ბატკანი დავკარგოთ, ეს სკამი კი ჩაძინების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან მძინარე კაცი წონასწორობას ვერ დაიცავსო...

ომარ ვარძელაშვილს მეცხვარისთვის მხარზე ხელი მოუხვევია და მადლობა გადაუხდია საქმისა და ქვეყნის ერთგულებისათვის. ვახშმად მიპატიჟებულს კი ერთი სადღეგრძელოს შემდეგ სიტყვა უთხოვია - იმ ადამიანებს გაუმარჯოთ, ქვეყნის სამსახურში ცალფეხა სკამზე უძილო ღამეებს რომ ათენებენო... 

  

- თუ შეგიძლიათ გამოყოთ გამოცემიდან ადამიანები, განსაკუთრებული ეპიზოდებით, მათი ცხოვრების მაგალითებით და ღვაწლით   სახელმწიფოს წინაშე.

არაერთი ადამიანის გამოყოფა შეიძლება და ისინი არც ისე ცოტანი არიან, თუმცა, არ შემიძლია, არ გავიხსენო ქალბატონი დალი ბოჯგუა - საქართველოს კომპარტიის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი 1986-1990 წლებში. ქალბატონი დალი წიგნზე მუშაობისას გავიცანი. იმ წუთიდანვე გვერდიდან არ მომშორებია, მიაჩნდა, რომ ამ წიგნს დღის სინათლე აუცილებლად უნდა ენახა. თავისივე ინიციატივითა და თავდადებით გადამალახინა ყველა სიძნელე, მთელი საქართველო შეძრა... წიგნის პრეზენტაციაც ქალბატონი დალის ოფისში შედგა, სადაც ხალხის ტევა არ იყო - ვინ არ მოიყარა თავი! წიგნში წარმოდგენილმა ადამიანებმა - საქართველოს იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს წიგნს და ერთხმად აღნიშნეს ქალბატონი დალის დამსახურება!   

არაერთი მაღალი თანამდებობისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის ხელმძღვანელობის შემდეგ, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სათავეში ჩაუდგა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად შექმნა. ვინ იცის, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული და დაუბრუნა ცხოვრების ხალისი, თუმცა, თვითონ ამაზე არასოდეს საუბრობდა...

ჟიული შარტავა - საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე; ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე 1982-85 წლებში; 1985 წლიდან - საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1987 წლიდან - საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის პირველი მოადგილე.  კაცი „გმირობისათვის დაბადებული“, რომლის განვლილმა გზამ, გაუტეხელმა სულმა და შეუპოვრობამ იმდროინდელ საქართველოსაც კი ჩამორეცხა ის ლაქა, რომელიც პერიოდულად ჩრდილავდა საბჭოთა საქართველოს...

ირაკლი ციციშვილი - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებელთა განყოფილების გამგე 1969-70 წლებში; მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე 1970-78 წლებში; 1978 წლიდან - ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამმართველოს უფროსი; 1982 წლიდან- საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო საწარმოო სამმართველოს უფროსი;   ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საბჭოთა კავშირის გმირი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, გააფთრებულ ბრძოლებში, თოვლსა და ყინვაში, ოთხ დღე-ღამეში ააგო 350 მეტრიანი ხიდი და გზა გაუხსნა მძიმე ტექნიკას კიევისკენ. ახალგაზრდა არქიტექტორმა ამ მძიმე წუთებშიც არ უღალატა პროფესიულ ღირსებას და დადგა მის მიერვე აგებული ხიდის ქვეშ, როგორც საიმედოობის გარანტი და საკუთარ თავზე „გადაიტარა“ ტანკების კოლონა... „გავიმარჯვეთ ჭია-ჭია მარია, ბარბაროსი დაულეწავს ციციშვილს“, - წერდა ანა კალანდაძე.  

უამრავი ღირსეული ადამიანის დასახელება შეიძლება, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლად  მოგვიანებით, სხვა ინტერვიუებში ვისაუბროთ.

- ამ  გამოცემაზე დიდხანს მუშაობდით, როგორია თქვენი მოსაზრებები - რა  იყო  იმ პერიოდში ქვეყნის ლიდერების მთავარი მახასიათებლები, ჰქონდათ თუ არა მათ ინდივიდუალიზმი, თუ პირიქით, იყო ამისი დეფიციტი, როგორც მართავდნენ ისინი ქვეყანას და ეპოქას, რომელსაც თავად  ქმნიდნენ.  

მათი უმრავლესობა რიგითიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოყალიბდა პროფესიონალად და წარმატებულ ხელმძღვანელად. იყვნენ კაცები და ქალები - მტყუან-მართლის გამრჩევნი, ღირსეულები, საქვეყნო საქმისთვის თავდადებულნი, რომლებმაც ეპოქა შექმნეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველას დასახელება შეუძლებელია. თბილისის ყოფილ თავკაცებზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას. დედაქალაქის თითქმის ყველა პირველი პირი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი პროფესიით ინჟინერი იყო. მიხეილ ლელაშვილი, კონსტანტინე ბუჯიაშვილი, ნიკოლოზ სტურუა, ემილ სეხნიაშვილი, გიორგი გეგეშიძე, ოთარ ლოლაშვილი, ბახვა ლობჟანიძე, ალექსანდრე მელაძე, შოთა ბუხრაშვილი, თამაზ ჯანელიძე, თენგიზ მენთეშაშვილი, გურამ ჭოღოსვილი, გურამ გაბუნია, ზაურ მესხისვილი, ბორის სალარიძე,ირაკლი ანდრიაძე, ვილი ალავიძე და სხვები, რომლებსაც თბილისის აღმშენებლობისთვის თავი ჰქონდათ გადადებული და საკუთარი კვალი დაამჩნიეს დედაქალაქს...

...იყო დრო, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად აკრძალა სპორტული ნაგებობების მშენებლობა, თბილისში კი სპორტის სასახლის უნიკალური შენობა აიგო!

თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი გიორგი გეგეშიძე ძალ-ღონეს არ იშურებდა დედაქაალქის იერსახის გასალამაზებლად. მისი რისკიანი ბუნების, პატრიოტული სულის გამოხატულება იყო სპორტის სასახლის მშენებლობა. საცურაო აუზისთვის განსაზღვრული შენობა სპორტის სასახლედ მისი ინიციატივით აქციეს! თბილისში ხრუშჩოვის ვიზიტისას კი, თვალის ასახვევად, მარმარილოს იატაკი შეღებეს, თუმცა, ერთმა უსინდისო ქართველმა გაამჟღავნა ეს უწყინარი ოინი, რამაც საბჭოთა ლიდერის აგრესია გამოიწვია.

გიორგი გეგეშიძის ძალისხმევით (ცხადია, ვასილ მჟავანაძის მხარდაჭერით) გაიხსნა ვაკე-საბურთალოს ახალი გზა. იქ ადრე გაუვალი მთა იყო. გზის მშენებლობაში  მონაწილე სამხედროები სამ ცვლად მუშაობდნენ. გიორგი გეგეშიძე სახლში მიირბენდა, მეუღლეს 100 ცალ ბუტერბროდს მოამზადებინებდა, ღვინოს აიღებდა და მათთან გარბოდა. 

მის მხრებზე გადაიარა მეტროპოლიტენის მშენებლობის სიმძიმემ. მოსკოვმა მოულოდნელად დაფინანსება შეტყვიტა, რამაც პანიკა გამოიწვია, უამრავი ადამიანი უმუშევარი რჩებოდა. გეგეშიძემ ფიქტიური პროექტი გააკეთებინა, რომლის მიხედვითაც მეტროს დასრულება უფრო ნაკლებ  ხარჯებს მოითხოვდა, ვიდრე მისი კონსერვაცია. გიორგი გეგეშიძემ მოსკოვში წაიღო აღნიშნული პროექტი და თავისი ავტორიტეტეტის წყალობით, მშენებლობის დასრულების უფლება და დაფინანსება მოიპოვა.

მოგვიანებით, ამ ფაქტს მისი მეუღლე გულისტკივილით იხსენებდა: მთელი საქართველო გვირეკავდა და გვილოცავდა, მაგრამ ერთი კაციც არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც 1966 წელს, როცა გიორგი ცეკას მდივანი აღარ იყო, თავისი ნაამაგარი მეტროპოლიტენის გახსნის ცერემონიალზე მიიწვევდა...

მადლიერმა თბილისელებმა ვაკეში ბაღს “გეგეშიძის ბაღი“ შეარქვეს...

ბევრმა ალბათ, არ იცის, რომ თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელი, რომელიც დღეს დავით აღმაშენებლის ხეივნის სახელითაა ცნობილი, ირაკლი ანდრიაძის სახელს უკავშირდება. მოგვიანებით, აკადემიკოსი როინ მეტრეველი იხსენებდა: 80-იანი  წლების ბოლოს ვრცელი სტატია გამოვაქვეყნე დავით აღმაშენებლის შესახებ. იმავე საღამოს ჩემთან სატელეფონო ზარი გაისმა - თბილისის საქალქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ირაკლი ანდრიაძე ამ სტატიით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავდა ... მთხოვა, ხვალ დილით ადრე გამოგივლი და ქალაქის შემოსასვლელთან მივიდეთ, ვფიქრობ, ამ ქუჩას რომელიც ხეივნად უნდა გადაიქცეს, დავით აღმაშენებლის სახელი ვუწოდოთო...

1988 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ თხოვნით მიმართა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, თბილისში აშენებულიყო ტაძარი, რომელიც იქნებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიის სიმბოლო.

წმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის ადგილის შემრჩევ კომისიას ირაკლი ანდრიაძე  თავკაცობდა, მასვე ჩააბარეს ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარეობა და საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელობა.

სამების ტაძრის კურთხევის 15 წლისთავზე 2019 წლის 23 ნოემბერს, პატრიარქმა საგანგებოდ აღნიშნა ირაკლი ანდრიაძის დამსახურება და დალოცა ის : „წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა. წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა“.

1987-88 წლებში პატრიარქსა და ირაკლი ანდრიაძეს შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა. საუბრის თემა თბილისის გაუქმებულ ეკლესიებში წირვა-ლოცვის განახლებისა და დანგრეული თუ დანგრევის პირას მყოფი ტაძრების აღდგენა იყო. ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყდა ნაძალადევში აბანოდ გადაკეთებული ეკლესიის (ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია) აღდგენა, ნარიყალაზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის აშენება, მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში განთავსებული თეატრისთვის ახალი ფართის გამოყოფა და ტაძრის საპატრიარქოსთვის გადაცემა.

საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ირაკლი ანდრიაძე ყოველ შაბათს, მშენებელ-არქიტექტორებთან ერთად ატარებდა შტაბის სხდომებს, რომელზეც ქალაქის რეკონსტრუქციის, განახლება-გალამაზების გეგმებსა და მიმდინარე პროექტებს განიხილავდნენ... გაიხსნა დიდი დიღმისა და თემქა-გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი ხიდი და გზა, რომელიც დიღმის მასივის გვერდის ავლით აკავშირებს ერთმანეთთან აღნიშნულ რაიონებს...

1988 წელს, ირაკლი ანდრიაძის ინიციატივითა და დეპუტატათა მხარდაჭერით შეიქმნა დედაქალასის ისტორიაში პირველად შეიქმნა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომითან არსებული მრჩეველთა საბჭო, რომელსაც პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე თავმჯდომარეობდა. საბჭო აერთიანებდა მეცნიერების, კულტურის ხელოვნების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებსა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც ობიექტური, არგუმენტირებული მასალებით წარმოაჩენდნენ დედაქალაქში არსებულ პრობლემებს და იბრძოდნენ კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციისა და დაცვისათვის. მრჩეველთა საბჭოს მუშაობის შედეგად, „პლეხანოვის“ ნაცვლად მივიღეთ აღმაშენებლის გამზირი, ავჭალის გზატკეცილის ნაცვლად გურამიშვილის გამზირი, კამოს ქუჩის ნაცვლად - დიმიტრი უზნაძის ქუჩა...

 “აი, ეს დიდებული ტაძარი არის აშენებული მის მიერ და ვერავინ სხვა ვერ გააკეთებდა ამას”, –  ასე შეაფასა მისი ღვაწლი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

დრო ქმნიდა ადამიანებს და ადამიანები ქმნიდნენ დროებას, რომელზე საუბარიც, დღეს, რატომღაც, ეუხერხულებათ და ესირცხვილებათ, თუმცა, მრავალგზის გავიმეორებ, - იმდროინდელ საქართველოში მრავლად იყვნენ ღირსეული მამულიშვილები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების წესითა და მოღვაწეობით ნათელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.

თამარ  ჩხენკელი

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way