USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ღვინის შენახვისა და დაძველების საკითხისათვის
Date:  456

ოჯახურ პირობებში ღვინის ხარისხის გაუარესება ხშირად ღვინის არასწორ შენახვას უკავშირდება. ღვინის მართებულად და ხარისხიანად შენახვაზე დამოკიდებულია, როგორც თავად ღვინის ხარისხი, ისე ისიც, თუ რამდენ ხანს გაძლებს და დაძველდება ესა თუ ის ღვინო.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობაში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ რაც ძველია ღვინო, მით უფრო კარგია იგი, სიმართლეს არ შეესაბამება და ღვინის ხარისხის მთავარ კრიტერიუმად ეს გარემოება არ გამოდგება.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ღვინო, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე ხანგრძლივ შენახვას არც კი ექვემდებარება და პირიქით, ზოგჯერ ღვინო ვაზის ჯიშიდან, სავენახე ნიადაგიდან, მისი დაყენების წესიდან და თავისივე სტრუქტურიდან გამომდინარე სასიამოვნო და დახვეწილი მხოლოდ რამდენიმეწლიანი დაძველების შემდეგ ხდება.

მოკლედ განვიხილოთ საკითხი, თუ როგორ პირობებში უნდა იქნეს შენახული ღვინო. ღვინის შენახვის პროცესში, იქნება ეს ხანგრძლივი, თუ მოკლე დროით შენახვა, ერთ-ერთ უმთავრეს როლს მარნისა, თუ სარდაფის ტემპერატურა ასრულებს.

ზოგადად მიღებულია, რომ, მაგალითად ქარხნულ პირობებში ღვინის ხარისხიანად და მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროით შენახვისათვის საჭიროა დაახლოებით 15-16°C. ესაა ღვინის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა, თუმცა ოჯახურ მარნებში წელიწადის თბილ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. მაგრამ, მაგალითად, ქვევრში ღვინის შენახვის ტემპერატურა, თუ, რა თქმა უნდა მარანი რიგი წესების დაცვითაა მოწყობილი, ასე თუ ისე, ბუნებრივადაა დაცული. ყოველი შემთხვევისათვის, ქვევრში არასასურველი ტემპერატურის გამო ღვინის შენახვის პროცესი რისკის ქვეშ არ დგას.

ისეთ სარდაფში, სადაც ღვინო, ან ჭაჭა კასრებით ინახება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტემპერატურა, არამედ ჰაერის ფარდობითი ტენიანობაც. საქმე ისაა, რომ ზედმეტად მშრალ ადგილას დადგმული კასრის კედლები შესაძლოა გამოშრეს და ამრიგად იქ მდგარი სასმელი ინტენსიურად აორთქლდეს და დაიკარგოს. არც ზედმეტად ნესტიანი მარანია მისაღები ღვინის შესანახად.

ამრიგად, დადგენილია, რომ სარდაფსა თუ მარანში, სადაც ხდება ღვინისა თუ „ჭაჭის არყის“ მუხის კასრებში დავარგება, საჭიროა დაცული იქნას ჰაერის დაახლოებით 75-85%-იანი ფარდობითი ტენიანობა. ჰაერის ფარდობითი ტენიანობის ეს პირობები მხოლოდ კასრების შემთხვევაშია სასურველი და სხვაგვარი ჭურჭლის შემთხვევაში ეს მოთხოვნა დღის წესრიგში არ დგას. ამრიგად, ღვინის შენახვა რთული საქმეა, თუმცა, როგორც ითქვა, ამ პროცესზე დიდადაა დამოკიდებული მისი ხარისხი.

ღვინის ხარისხიანად შენახვის მისაღწევად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. სხვადასხვა ტიპის ღვინო, მართალია არა რადიკალურ, მაგრამ მაინც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს მოვლა-შენახვის თვალსაზრისით. აქ ვგულისხმობთ იმას, რომ ესა თუ ის ღვინო სხვა ღვინისაგან განსხვავებით შესაძლოა უფრო დიდი ხნით იქნას შენახული.

განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით ინახება ისეთი ღვინოები, რომლებიც ხასიათდებიან ტანინების უხვი შემცველობით, სრული სხეულითა და ზოგადად მაღალი ექსტრაქტულობით. მაგალითად, კახური წესით დაყენებული რქაწითლის ღვინო გაცილებით დიდხანს შეინახება, ვიდრე იგივე რქაწითელი, რომელიც უდედოთ, ანუ უჭაჭოდაა დაყენებული. ტანინის შემცველობის თვალსაზრისით რაც უფრო მდიდარია ღვინო, მით უფრო დიდხანსაა ასეთი ღვინის შენახვა შესაძლებელი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტანინი მაინც არ არის ის ერთადერთი ნივთიერება, რომელიც განაპირობებს ღვინის ხანგრძლივად შენახვას. ხანგრძლივ დაძველებას შესაძლოა არა მხოლოდ კახური წესით დაყენებული ღვინო ექვემდებარებოდეს, არამედ, მაგალითად იმერული, შედარებით ნაზი ღვინოებიც. ასეთ შემთხვევაში ერთგვარ ურთიერთგამომრიცხავ სიტუაციასაც კი ვაწყდებით…

მაგალითისათვის, საინტერესოა ამონარიდი წიგნიდან „საქართველოს ამპელოგრაფია“ ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე. თბილისი 1960 წ. გვ. 361, სადაც საუბარია იმერული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშის – ციცქას ღვინოზე: შენახვისას ციცქას ღვინო უმჯობესდება, ივითარებს ბუკეტს და მაღალ გემურ თვისებებს. კასრებში სამი წლის შენახვის შემდეგ ღვინო ისხმება ბოთლებში დასაძველებლად. ციცქას ღვინო კარგია 6 – 7 წლისა, ხოლო უკეთესია 12 – 18 წლის ასაკში. სიძველეში იგი ივითარებს ძლიერ ბუკეტს, რომელშიც გამოკრთის გუდრონის იერი. საქარის საცდელი სადგურის ძველი საკოლექციო ღვინოების დაჭაშნიკებისას გამოირკვა, რომ ციცქას ღვინო ძლებს 40 – 50 წლის ასაკამდე. მაგალითად 1903 – 1905 წლის მოსავლის ზოგიერთ ღვინოებს, ხანდაზმულობის მიუხედავად დაშლის, კვდომის ნიშნები სრულებით არ ეტყობოდა…

უნდა აღინიშნოს, რომ ამონარიდის თავში აღნიშნულ წიგნში – „საქართველოს ამპელოგრაფია“ სხვადასხვა ღვინის დაძველების საკითხის შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.

საინტერესოა ასევე ღვინის სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხიც. როგორც ცნობილია, ადამიანის მსგავსად ღვინო ერთადერთი პროდუქტია, რომელიც იბადება, ჭაბუკობს, ჭარმაგობს, აქვს სიძაბუნე-სიბერის პერიოდი, რის შემდეგაც იგი კვდება…

ღვინის სიკვდილი მეტად საინტერესო და იშვიათი პროცესია. მაგალითისთვის, წითელი ღვინის შემთხვევაში, როდესაც ღვინო სიკვდილს უახლოვდება, მასში იწყება საღებავი ნივთიერებების დაშლა და დალექვა, ალკოჰოლი ქრება და საბოლოოდ რჩება მოყვითალო შეფერილობის მომჟავო სითხე, რომელიც არც ერთი პარამეტრით უკვე აღარ არის ღვინო.

ღვინოს სიკვდილის პერიოდი შესაძლოა დაუდგეს სხვადასხვა დროს. ნორმალურ პირობებში, ანუ ღვინის ჩვეულებრივ, დაშვებულ პირობებში შენახვის დროს ღვინომ შესაძლოა იცოცხლოს 50, 100, 150, ან 200 წელიც კი. ამის შემდეგ იწყება ის პროცესი, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ.

ზოგიერთი ღვინო, მისი შენახვა-დავარგების პირველ ეტაპზე უფრო და უფრო ვითარდება და უკეთესდება. ოჯახურ პირობებში ეს პროცესი შესაძლოა საშუალოდ 5-10 წელი გაგრძელდეს. ამის შემდგომ ღვინო ერთგვაროვან მდგომარეობაშია რამდენიმე წელი, რის შემდეგაც უკვე იწყება „დაბლა დაშვების“ წლები…

ზოგიერთი ვაზის ჯიში ისეთ ღვინოს ბუნებრივად ვერ იძლევა, რომელსაც დაძველების დიდი უნარი ექნებოდა. ასეთებია, მაგალითად: თავკვერი, შავკაპიტო, ალადასტური, ასურეთული შავი და სხვ. გავრცელებულია აზრი რომ, რაც უფრო თხელი და მჩატეა ღვინო, მით უფრო მცირედი ხნითაა მისი დაძველება რეკომენდებული. მაგრამ ღვინის ხანგრძლივად შენახვის, ანუ დაძველების საკითხი მოითხოვს საქმის საფუძვლიან ცოდნას და ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცესი მხოლოდ ერთ საგანზე არაა დამოკიდებული, არამედ ბევრ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე.

ზოგჯერ ესა თუ ის ღვინო დაყენების წესიდან, თუ სხვა რომელიმე ფაქტორიდან გამომდინარე, მეტად მძიმე, ზედმეტად სხეულიანი და უხეში დგება. რიგ შემთხვევებში ამგვარ ღვინოს დაძველების ერთი, ან რამდენიმეწლიანი პერიოდი მეტად უხდება, მეტადრე ბოთლური დაძველებისა, რომლის დროსაც უმეტეს შემთხვევაში ღვინის გემო საგრძნობლად უმჯობესდება. ის სიუხეშე, რომელიც ღვინის გემოში თავდაპირველად იგრძნობოდა, გარკვეულხნიანი დაძველების შემდეგ ქრება. მისი გემო რბილდება და იგი ხდება უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო.

დაძველების ხანგრძლივობა კონკრეტულად ღვინის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ტიპის ღვინისათვის შესაძლოა ერთწლიანი, ან თუნდაც რამდენიმეთვიანი ბოთლური დაძველება საკმარისი აღმოჩნდეს, მაშინ როდესაც ზოგიერთი მძიმე, სრულსხეულიანი, ძარღვიანი და ტანინების უხვად შემცველი ღვინო მისი ხარისხის მაქსიმუმის გამოსავლენად საჭიროებდეს 5-6 წლიან, ან უფრო მეტხნიან დაძველებას და ა.შ.

ბოთლური დაძველების დროს თავად ღვინის ბოთლის მდგომარეობისა და შენახვის პირობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! ბოთლი დაძველებისა, თუ უბრალოდ მისი მცირე ხნით შენახვის დროს აუცილებლად დაწვენილ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს. თუ ბოთლი „ფეხზე დგას“, მაშინ ბოთლის საცობი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შრება და ერთი მხრივ ღვინო იწყებს აორთქლებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ამყარებს ჰაერთან კონტაქტს, რაც ღვინის ხარისხზე ცუდად მოქმედებს… დაძველება მეტად უხდება, და ასეთ დროს გემოვნური თვალსაზრისით დიდად უმჯობესდება „ჭაჭაც“ (ჭაჭის არაყი), რომელიც შესაძლებელია, დაძველდეს, როგორც მუხის კასრში, ისე ქვევრშიც.

უნდა ითქვას, რომ თუკი ღვინოში, თუნდაც მცირედითაც კი აღინიშნება რაიმე დაავადება, ან ნაკლოვანება, მაშინ ეს გარემოება დაძველების დროს, აბსოლუტური უმეტესობის შემთხვევაში, უფრო მეტად ვითარდება და ღვინის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება.

ქართულ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში გვხვდება ერთი ასეთი ჯიში – სამარხი, რომელიც არის გურიის თეთრყურძნიანი მცირედგავრცელებული საღვინე ვაზის ჯიში. ვაზის ჯიშის სახელის ეტიმოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჯიში არის იმგვარი ღვინის მომცემი, რომელიც არის „სამარხი“, ანუ შესანახი, დაძველების დიდი უნარის მქონე ღვინო…

ღვინის დაძველებისა, თუ უბრალოდ შენახვის დროს დაძველება-შენახვის პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ადგილი (მარანი, სარდაფი), სადაც ხდება ღვინის დაძველება-შენახვა, უნდა იყოს გრილი და მყუდრო. ღვინოზე ზედმეტი ხმაური ცუდად მოქმედებს! და პირიქით – სიგრილე, სიწყნარე და სიბნელე მისი განვითარებისა და ხარისხიანად შენახვისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობებია.

ღვინის დაძველება–შენახვა ყველაზე უკეთ ქვევრში ხდება, რადგან ქვევრი, როგორც ზემოთ აღინიშნა არის უნიკალური ჭურჭელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი წინაპრები ქვევრის დამზადებასაც იმგვარივე სიფრთხილით ეკიდებოდნენ, როგორც თავად ღვინის დაყენებას.

ქვევრმა ღვინო წლებისა და შესაძლოა ათწლეულების მანძილზეც კი უნდა შეინახოს და დაიცვას. ცხადია, ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ღვინის დაყენების წესსა და მარნის ჰიგიენას, ისე ქვევრის დამზადებასაც. ქართლში, მეტეხ-ერთაწმინდის მეთუნეობის კერაში ბოლო პერიოდამდე შემორჩა ერთი ძირძველი ადათი. კერძოდ, როდესაც მექვევრე ქვევრის გასაკეთებელ თიხას სახლში მიიტანდა, ერთ დღე-ღამეს დააყოვნებდა, ფუძე-კერას შეაჩვევდა, შემდეგ თიხას ნაკურთხ წყალს ასხურებდა და ქვევრებისა თუ სხვა რომელიმე ჭურჭლის დამზადებას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა.

ჩვენ მიერ 2014 წელს ქალაქ ახმეტაში, დავით ოზბეთელაშვილის მარანში გახსნილი იქნა ქვევრი, რომელშიც კახური წესით დაყენებული რქაწითლის ღვინო 40 წლის განმავლობაში ინახებოდა. დაგემოვნებისას ღვინოს რომელიმე დაავადება, ან ზადი სრულიად არ ეტყობოდა და იგი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჰარმონიული.

როგორც ვნახეთ, ღვინის შენახვა-დაძველება მეტად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყოველი, თუნდაც წვრილმანი დეტალის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა ღვინის ხარისხი გააუარესოს, ამიტომ ვაზის ჯიშისა, თუ სავენახე ადგილის შერჩევით დაწყებული, საღვინე ჭურჭლით დასრულებული, ღვინის შენახვა-დავარგების პროცესში ყოველი, თუნდაც წვრილმანი დეტალი მეტად მნიშვნელოვანია.

დასკვნის სახით კი ვიტყვით, რომ, თუკი ამა თუ იმ ღვინის ხარისხის მაქსიმალურად გამოვლინების საქმეში დაძველებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთ ღვინოზე დაძველების პროცესმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. სწორედ ამიტომ ღვინის ქართულად დაყენების საქმეში დაძველების პროცესი ინდივიდუალური საგანია, რომელი საქმეც მოითხოვს შესაბამის დარგობრივ ცოდნა-გამოცდილებას.

ავტორი: გიორგი ბარისაშვილი

წყარო: აგროკავკასია

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way