ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა.
„კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხმარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
მათივე ცნობით, 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.
„აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია.
აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს: 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის Wine Enthusiast ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის, ემილი სალადინო (Emily Saladino) საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.
სექტემბრის თვეში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში.
23 სექტემბრიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები.
26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება.
ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა New York Times დაეთმობა. New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.