USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - ზრდა რუსეთში რეკორდულმა გაყიდვებმა განაპირობა
Date:  1341

4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდული ღვინის მოცულობამ კი 45 139 ტონა შეადგინა.

საქართველოს $1 მილიარდ 763 მილიონიან ექსპორტში, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მთლიანი ექსპორტის 7.2% მოდიოდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ღვინის ექსპორტზე 4% მოდიოდა.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. თუმცა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში გაყიდვების ზრდით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში რუსეთზე ღვინის ექსპორტის 78.6% მოდიოდა. რუსეთში ღვინის ექსპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 37 045 ტონა ღვინის გაყიდვით საქართველომ 99,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 90.1%-ით, მოცულობა კი 94.4%-ით გაიზარდა. ამასთან რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა 2023 წელს ჯამურად რუსეთში გაყიდული ღვინის მოცულობის ნახევარს აღემატება. (2023 წლის ექსპორტი 168.3 მლნ დოლარი, 62 282 ტონა ღვინო). ღვინის გაყიდვის ასეთი ზრდას მეღვინეები რუსეთში ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე აქციზის გადასახადის ზრდით ხსნიან. მეღვინეების ნაწილი განმარტავდნენ, რომ მწარმოებლები პირველ ოთხ თვეში ამ ბაზარზე წლიური რეალიზების 80%-მდე გატანას შეეცდებოდნენ.

იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი მცირედით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ პერიოდში EU-ში 10 მილიონ 217 ათასი დოლარის ღირებულების 3 249 ტონა ღვინო გაიყიდა. ზრდა ღირებულებაში - 13%, მოცულობაში კი 13.7%-ია. ღვინის ექსპორტში ევროკავშირს მცირე - 8%-იანი წილი უჭირავს.

ღვინის გაყიდვებს თუ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის რეალიზება რუსეთში, პოლონეთში, ყაზახეთში, აშშ-ში გაიზარდა, ხოლო უკრაინაში, ჩინეთში, ბელარუსში, ლატვიასა და ლიეტივაში შემცირდა.

ყურძნის ნატურალური ღვინოების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:

  1. რუსეთი - $99.5 მლნ, 37 045 ტონა;
  2. პოლონეთი - $4.9 მლნ, 2 006 ტონა;
  3. უკრაინა - $3.9 მლნ, 1 415 ტონა;
  4. ყაზახეთი - $2.9 მლნ, 893 ტონა;
  5. ჩინეთი - $2.2 მლნ, 633 ტონა;
  6. აშშ - $2.1 მლნ, 363 ტონა;
  7. გერმანია - $2 მლნ, 452 ტონა;
  8. ბელარუსი - $1.8 მლნ, 640 ტონა;
  9. ლატვია - $1.1 მლნ, 314 ტონა;
  10. ლიეტუვა - $664 ათასი, 197 ტონა.

წყარო: https://bm.ge/

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way