USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ღომელაური და დირსიჭალა - ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია
Date:  1585

გვიანსაუკუნეებში (XVIII ს) ავლაბრისა და ნავთლუღის ერთმანეთისაგან ყოფდა ღომელაურისა და დირსიჭალის ბაღები. ივანე ჯავახიშვილის რედაქციით 1923 წელს შედგენილ „საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ სოფელი ღომელაური დატანებულია ნავთლუღის შემდეგ - სამხრეთით. აქ აღნიშნულ სოფელთა თანმიმდევრობა დარღვეული.
1786 წელს ერთ-ერთ დავის სიგელში მეფურიშვილები და მეითრიშვილები ერთმანეთს ედავებიან მამულის საზღვრებზე: - ჩვენ საქართველოს მსაჯულთ შეკრებულება ამ სადაოს ადგილის გასასინჯავად ჩავედით და მელიქის მაგიერ მინისკარბაში იოსებაც ჩვენთან იყო. ჩვენ ასე გავსინჯეთ ავლაბრის მამულიდამ რომ წავა ნათლუღისაკენ, შევა ღომელაურის მამულში, ღომელაურის მამულს რომ გაივლის ნათლუღის სოფელს ახლო მიადგება ერთს ხევს. ეს ხევი ზევიდანვე მოსდევს ლარზედ ამ მეთირიშვილებისა და ღომელაურის მამულს ჰყოფს და მტკვარს შეერთვის, რომელიც მისის უმაღლესობას მეფის ბრძანებამ და ადგილის მდებარეობამ ეს ხევი მიჯნად დაამტკიცა, რომ იმის იქით ნათლუღის სოფლამდის მიჯნა აღარ არის“ (1). დამოწმებული დოკუმენტი ნათელს ჰფენს სადავო საკითხს და ამტკიცებს, რომ ავლაბარსა და ნავთლუღს შორის სოფელი ღომელაური იდო.
ღომელაური, როგორც  სოფელი, XVII საუკუნეში უკვე არსებობს, შემდეგ იგი გახარაბებულია, მისი განახლება XVIII საუკუნეში  მომხდარა და, დასახლებული პუნქტი, აღნიშნული საუკუნის ბოლომდე გვხვდება. იგი შეტანილია იოანე ბატონიშვილის მიერ 1797-1799  წლების სოფელთა (2) ნუსხაში. 1829 წელს თბილისის გეგმაზე ორ ნავთლუღს ვხვდებით: «Дер. Натлуги» და მის ჩრდილოეთით იქ, სადაც ადრე ღომელაური უნდა ყოფილიყო «Слоб Навтлуг» (3). ვფიქრობთ, მეორე ნავთლუღი (პირველის ჩრდილოეთით) უნდა წარმოშობილიყო სოფელ ღომელაურის მამულების ხარჯზე. აღნიშნულ გეგმაზე აქვე გვხვდება მეორე დასახლება - სოფელი მირზაბადი (ისიც მეორე ნავთლუღის - Слоб Навтлуг -ის მსგავსად XIX საუკუნეშია გაჩენილი).
ზემოთ ავღნიშნეთ, რომ დირსიჭალაში მხოლოდ ბაღები იყო გაშენებული. დირსიჭალის ბაღების მესაკუთრენი არიან როგორც ქალაქელები, ასევე ახლომახლო სოფლელები - ავლაბრელები, ღომელაურელები, ნავთლუღელები და სხვა.
დირსიჭალის ბაღები გაშენებული იყო ღომელაურის დასავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ხევის  დაბოლოებაზე, მის ქვემო წელზე.
ქალაქის სანახებში დირსიჭალის არსებობაზე დღეს მიგვანიშნებს ამჟამად აქ არსებული პატარა ქუჩა, რომელიც ამავე სახელს ატარებს - „დირსიჭალის ქუჩა“. იგი მდებარეობს „5 დეკემბრის“ ქუჩის პერპენდიკულარულად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სიახლოვეს.
საბუთებში დირსიჭალას ვხვდებით „დარსიჭალის“ ფორმითაც: „დარსიჭალაში ბაბანათა გრიქურას პაპისეული ბაღი“ (4).
„დირსიჭალის“ ეტიმოლოგიის დადგენა სიძნელესთანაა დაკავშირებული, დღევანდელი ქართული სალაპარაკო თუ ლიტერატურული ენა მას აღარ იცნობს. ამას ისიც აძნელებს, რომ ადგილმდებარეობისდა მიხედვით  წარმოშობილი ტოპონიმების ახსნა ხელს უშლის ქალაქის მიდამოების განსახლება, განაშენიანება, რასაც თავისთავად, მოსდევდა და მოსდევს თბილისის მიდამოს ლანდშაფტის შეცვლა (ხევების ამოვსება და მათი გადახურვა).
სიტყვა „დირსიჭალა“ კომპოზიტია, ორი სიტყვის ნაზავია. ბოლო სიტყვა - ჭალა გასაგებია, წყლისპირეთს  ნიშნავს, ხოლო პირველი, საწყისი სიტყვის - „დირსი“-ს ახსნა კი ჭირს.
დირსიჭალაში ვხვდებით მეტად საინტერესო სახელოს, რაც ქალაქის შემოგარენის სოფელთა, უბანთა თუ ბაღების მოხელეთა ისტორიის შესწავლისათვის იძლევა მეტად იშვიათ ცნობას: „ქ. ჩვენი ბრძანება არის დირსიჭალის ბაღების პატრონებო და მებაღეებო. მერე: დირსიჭალის უსტაბაშს ნიკოლოზს, რომელიც უსტაბაშობას შეეცილება და ან მიზეზი შეექმნება უსტაბაშობის წართმევისა. ფიცით ვბრძანებთ ასი თუმანი... მებაღეებო გაფრთხილებთ, რომ ამაზედ ამას არა აწყენინოთ, თორემ სწორეთ ასე აღვასრულებთ და ვერც იპატიებთ ამ ჯარიმას. ხათრი - ჯამნი იყავით. ივნისის უპგ“ (5).  შედგენილია 1794 წელს. ამას მეფე ერეკლე ბრძანებს. აღნიშნულ სიგელს 1800 წელს ხელმეორედ ანახლებს მეფე გიორგი.
მაშასადამე, ისევე როგორც ქალაქის ამქართა უსტაბაშების, დირისჭალის მებაღეთა უსტაბაშის სახელოც მეფის მიერ გაიცემოდა და მტკიცდებოდა.
აღნიშნული სიგელის შედგენით ჩვენ ბედნიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საგულისხმოა, რომ საბუთის საგანგებოდ დაწერა, შედგენა უნდა გამოეწვია დირსიჭალელ მებაღეთა რაღაც საპროტესტო გამოსვლას, შეიძლება მათთვის არასასურველი უსტაბაშის დანიშვნას. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჩვენ ხელთა გვაქვს ცნობა ქალაქის შემოგარენში მდებარე ბაღების უსტაბაშის არსებობის შესახებ.
როგორც ქალაქისპირა ყველა ბაღიდან, ქალაქის მოურავს დირსიჭალიდანაც ეკუთვნოდა თავისი სარგო.
თუ XIX საუკუნის ღომელაური  ქალაქის სანახების გეოგრაფიიდან ქრება, ამას ვერ ვიტყვით დირსიჭალაზე. იგი აღნიშნულია რუსულად შედგენილ XIX საუკუნის ქალაქ თბილისისა და მისი შემოგარენის გეგმებზე - «Виноградные сады Тирсы чали» (6) და «Сады Дарсичали» (7) (1859).
აქედან  ჩანს, რომ დირსიჭალაც ორთაჭალის მსგავსად თავისი ბაღებით  XIX ს-შიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას, როგორც ქალაქისპირას მდებარე ერთ-ერთი სასოფლო- სამეურნეო ერთეული.
ვფიქრობთ, რომ XIX საუკუნეში  უნდა გაჩენილიყო ღომელაურისა და დირსიჭალის ადგილზე ახალი ტოპონიმები - ძაღლის უბანი, შავი სოფელი და სოფელი სამება. „ავლაბრიდან  სამხრეთით, ყოფილ კახეთის „საყარაულოს“ იქით, კახეთის საფოსტო გზის ორივე მხარეზე, მდებარეობს შავი სოფელი ანუ ძაღლის სოფელი, რომლის ზემოთ არის რუსთა სასაფლაო: ხოლო შავი სოფლის იქით დასახელებულ საფოსტო გზის მარცხნივ, იმყოფება სოფელი სამება. შავისოფლიდანვე  ქვემოთ, მტკვრის მარცხენა ნაპირისაკენ ჩამოშვებულია ყაფარი, რომელიც უკავია ნავთლუღს“ (8).

* * *

  1. სცსია - ფ. 1450, N3;
  2. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ. S-3729;
  3. ЦГВИА, ф. ВУА, д. 19813;
  4. სცსია - ფ. 1450, დავთ. 56, N64;
  5. სცსია - ფ. 1448, N8711;
  6. ЦГВИА, ф. ВУА, д. 22659;
  7. ЦГВИА, ф. ВУА, д. 22666;
  8. შ. ჩხეტია - ტფილისის ისტორიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ., 1, 1938, გვ. 62;

 

სტატიის ავტორი – თეიმურაზ ბერიძე;
მასალა აღებულია წიგნიდან "ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია"; თბილისი, 1977 წ. გამომცემლობა - მეცნიერება; .      

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way