USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ღმერთი, კოვზი და სიყვარული
дата:  2265

ზიარების წესის უძველესი ვერსია დაცულია პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად, ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად» (1-ლი კორინთ. 11: 23:25).
ე. ი. პავლეს მიხედვით, ქრისტემ მოწაფეები აზიარა ცალ-ცალკე _ ჯერ პურით, ხოლო შემდეგ - ღვინით.
იგივე დასტურდება მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებით.
„და როდესაც ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური და აკურთხა, გატეხა და მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი; და აიღო სასმისი და მადლობდა, მისცა მათ და თქვა: სვით ამისგან ყველამ, რადგან ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა“ (მათე 26:26-28).
თითქმის, სიტყვა-სიტყვითაა აღწერილი იგივე ეპიზოდი მარკოზის სახარებაში, ამიტომ მარკოზს აღარ დავიმოწმებ.
პავლე მოციქულის ვერსიის იდენტურია ლუკას სახარება:
„და აიღო სასმისი და მადლობდა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთში. (...) და აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა მათ და უთხრა: ეს არის ხორცი ჩემი, და თქვენთვის მოცემული; ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად. და ასევე სასმისი _ სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემი სისხლით, რომელიც თქვენთვის არის დათხეული“ (ლუკა, 22:17, 19-20).
ეს ტექსტები მხოლოდ იმისთვის დავიწმე, რომ მეთქვა: მაცხოვარმა მოწაფეები აზიარა კოვზის გარეშე და ცალ-ცალკე (სწორედ ამიტომაა უბისის ცნობილ ფრესკაზეც ზიარება ორ ნაწილად გაყოფილი _ სიხლით და ხორცით), . შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის სინოდს სრული უფლება ჰქონდა, აღედგინა ახალიაღთქმისეული წესი ზიარებისა და ამით არაფერი არ დაირღვეოდა.
რატომ მიიღო სხვა გადაწყვეტილება სინოდმა?
მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაეშვათ ეჭვის ქრისტეს სისხლსია და ხორცის ძალმოსილებაში? იმაში, რომ იქ (ბარძიმში, კოვზზე), სადაც ქრისტეს სისხლი და ხორცია, ვირუსი უძლურია და უმოქმედოა ან საერთოდ არ არის?
არ ვაპირებ ამ თეზისის გამო კამათს.
ამ თეზისების საპირისპიროდ არაერთი საღვთისმეტყველო არგუმენტი დაიწერა.
ვსვამ კითხვას:
სინოდს უნდა დაესვა თუ არა ყველაზე მთავარი კითხვა: შეიძლება თუ არა ზიარების მიმღები და, ამავდროულად, ვირუსის მატარებელი საშიში იყოს სხვებისთვის?
აშკარაა, რომ სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა საქართველოს ეკლესიის სინოდისაგან განსხვავებით ეს კითხვა დასვეს და მას დადებითად უპასუხეს _ ანუ დაუშვეს, რომ ზიარების მიმღები და ამავდროულად ვირუსის მატარებელი, მიუხედავად ზიარებისა, საშიშია სხვებისთვის; ამიტომ საკითხიც სხვაგვარად გადაწყვიტეს.
რას ეყრდნობიან ისინი?
მე არ ვიცი მათი გადაწყვეტილების საღვთისმეტყველო თუ სამედიცინო დასაბუთება. შემიძლია დავიმოწმე პავლე მოციქულის იგივე ეპისტოლე, რაც ზემოთ დავიმოწმე:
„... ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება.“ (1 კორინთ. 11:27-30).
ე. ი. პავლე მოციქული თვლიდა, რომ ბევრი უღირსად ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მიუხედავად ზიარებისა, ისინი უძლურებიც იყვნენ, ბევრი სნეულიცაა და ბევრიც კვდებოდა.
ე. ი. პავლე მოციქულის მიხედვით, თუ ზიარების მიმღები უღირსად ეზიარება, იგი სნეულიც დარჩება და შეიძლება მოკვდეს კიდეც, ანუ ზიარება მისთვის არ არის „საკურნებლად ხორცისა“
ახლა დავუშვათ, რომ ზიარების მიმღებთა უდიდესი ნაწილი ღირსებით იღებს ზიარებას და ვირუსი ვერაფერს აკლებს.
არის გარანტია, რომ ყველა ღირსებით იღებს ზიარებას?
თუ უნდა დავუშვათ უღირსად მაზიარებელთა არსებობაც?
პავლე მოციქულთა დაუშვა, რადგან ხედავდა ბევრ უღირსად მაზიარებელს.
და, შესაბამისად, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით და პრაქტიკული გამოცდილებით სინოდს უნდა დაეშვა უღირსად მაზიარებლის დასნებოვანება ვირუსით ან მისი მეშვეობით სხვათა დასნებოვანება!
მაგრამ არ დაუშვა!
ან დაუშვა, მაგრამ სხვა არგუმენტმა გადაწონა!
პავლე მოციქულის დაშვება სხვა არგუმენტმა გადაწონა!
რა არის სხვა არგუმენტი?
მე არ ვიცი სინოდზე გამართული მსჯელობის შინაარსი.
ამიტომ მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს იყო რიტუალთმადიდებლობის ურღვევობა და უმეცრება!
ის კი მტკიცედ ვიცი, რომ ეს იყო სრული და დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა!
ღმერთის, მრევლის, საზოგადოებისა და მთელი ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა.
უკლებლიც ყველას სრული უპასუხისმგებლობა _ პატრიარქისა და სინოდის მონაწილე თითოეული ეპისკოპოსისა (მიუხედავად იმისა, ვის რა პოზიცია ჰქონდა)!
ერთი რამ კიდევ მყარად ვიცი:
მათ არ უყვართ არავინ, გარდა საკუთარი თავისა და ძალაუფლებისა.
ღმერთის, მოყვასისა და ქვეყნის მოსიყვარულე მწყემსთავრები სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
როგორს?
დაფუძნებულს მხოლოდ სიყვარულზე, რადგან ღმერთი მხოლოდ სიყვარულია და ესაა უმთავრესი მცნება:
„... ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. ვინაიდან: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა ისურვო, და თუა კიდევ სხვა მცნება, ყველა ამ სიტყვებშია მოქცეული: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია“ (რომ. 13:8-10).
შესაძლოა, სხვა კონტექსტია, მაგრამ ზუსტად მიესადაგება განსახილველ თემას და ამიტომ რომაელთა ეპისტოლიდან კიდევ ერთ ამონარიდს დავიმოწმებ:
„ხოლო თუ საჭმლისთვის წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა. ნუმც დაიგმობა თქვენი სუკეთე, რადგანაც ღმერთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდით. ხოლო ვინც ამით მსახურებს ქრისტეს, სათნოა ღმერთისთვის და საქებარი კაცთა მიერ“ (რომ. 14:15-17).
იმას, ვინც ამბობს, რომ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება მისის სიცოცხლე და ცხოვრებაა, ასე ვუპასუხებ:

თუ შენი ძმების უსაფრთხოებისათვის მაინცა და მაინც ეკლესიაში ზიარებაა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და გაქვს დილემა, შენ თუ მოყვასი, იხილე იოანე მოციქულის პირველი ეპისტოლე:
„ამით შევიცნობთ სიყვარულს, რომ მან ჩვენთვის დადო თავისი სული; და ჩვენც გვმართებს ძმებისთვის სულის დადება“ (1 იოანე, 3:16).
და კიდევ იოანე:
„თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს? და ეს მცნება გვაქვს მისგან: ვისაც უყვარს ღმერთი, უნდა უყვარდეს თავისი ძმაც“ (1 იოანე, 4:20-21).
და ბოლოს:
ამ საშინელმა ჭირიანობამ მთელი არსებით წარმოაჩინა ჩვენი დღევანდელი ეკლესიის არსი, რაც ორი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს:
„კოვზი და უსიყვარულობა“.
არცერთს არაფერი აქვს საერთო არც ქრისტესთან და არც ქრისტიანობასთან.
სინოდის აქტი კოვზის (რიტუალების) რელიგიისა და მოყვასისადმი უსიყვარულობის მანიფესტია, კვაზიქრისტიანობაა.
სხვა არაფერი.
წერტილი.

 

ავტორი: ოთარ ზოიძე

წყარო: https://www.facebook.com/dimitri.beridze.775/posts/645075312725359

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати