USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
გერმანელი დიპლომატი შულენბურგი - საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი და 1934–1941 წლებში მესამე რაიხის ელჩი საბჭოთა კავშირში
თარიღი:  812

ფოტოზე: შულენბურგი და ახმედ დევიძე. სამსუნი, 1916 წელი.

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი (დ. 20 ნოემბერი, 1875, კემბერგი – გ. 10 ნოემბერი, 1944, ბერლინი) — გერმანელი დიპლომატი და საჯარო მოხელე. გერმანიის იმპერიის ვიცე-კონსული რუსეთის იმპერიის კავკასიის გუბერნიის დედაქალაქ თბილისში, მოგვიანებით კი - გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

დაიბადა საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში, საქსონიაში. შულენბურგის საგვარეულოს წარმომადგენლები ისტორიულად სამხედრო და საჯარო მოხელეები იყვნენ. დაწყებითი განათლება მიიღო ბრაუნშვაიგში, სადაც მისი ოჯახი საქსონიიდან საცხოვრებლად გადავიდა. 1894-1900 წლებში განათლება ლოზანაში, ბერლინსა და მიუნხენში, იურისპუდენციის განხრით მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ არჩევანი სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურებს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.

1901 წლიდან იწყებს სამსახურს გერმანიის საგარეო განყოფილების (ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს) საკონსულო სამსახურში. 1903-1906 წლებში იყო გერმანიის საკონსულო სამსახურში ბარსელონაში, ლვოვსა და ნეაპოლში, 1907 წელს კი განაწესეს გერმანიის ვარშავის საკონსულოში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ამის შემდეგ თავისი კარიერით მთლიანად დაუკავშირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

1911 წელს ვარშავიდან თბილისში გერმანიის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე გადაიყვანეს და 1914 წლის 11 აპრილამდე ასრულებდა მოვალეობას. 1914 წელს რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გართულების დროს ის სამშობლოში იმყოფებოდა შვებულებაში და უკან დაბრუნების მცდელობისას საზღვარზე არ გამოატარეს. თბილისში 5 აგვისტოს დააპატიმრეს ადგილზე მყოფი გერმანელი კონსული ანდერსი და მისი მოადგილე კაპიტანი ვაიკმანი. ზემოხსენებული ჩხრეკა საკონსულოში როგორც ჩანს ამ დროს ჩატარდა და საარქივო მასალის დიდი ნაწილი დაიკარგა. 1911-1914 წლების შუალედში შულენბურგმა და ანდერსმა მნიშვნელოვანი სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარება მოასწრეს კავკასიაში. შექმნეს მნიშვნელოვანი ჯაშუშური ქსელი, რომელიც გერმანელების სასარგებლოდ აგროვებდა სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური სახის ინფორმაციას. სწავლობდნენ რუსული არმიების რაოდენობას, განლაგებას, გადაადგილებას კავკასიაში, მხარს უჭერდნენ გერმანული კაპიტალის ინვესტირებას ნავთობის მოპოვების საქმეში ბაქოში, ყურადღებას უთმობდნენ კავკასიის ეკონომიკურ პოტენციალს ომის შემთხვევაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტაქტს ამყარებდნენ ადგილობრივ, განსაკუთრებით კი ქართულ ნაციონალისტურად განწყობილ საზოგადოებასთან და საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ.. თბილისში სამწლიანი მუშაობისას მან დაამყარა ახლო კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ ქართულ ელიტასთან, ასევე შექმნა ჯაშუშური ქსელი კავკასიის მასშტაბით. კარგად იცნობდა არარუსი ერების, განსაკუთრებით ქართველებისა და პოლონელების ნაციონალიზმს და მათი მისწრაფებების გერმანულ ინტერესებთან შეთანხმებას ცდილობდა. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სამხედრო სამსახურში წავიდა საფრანგეთში, 1915 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს თურქეთის კავკასიის ფრონტზე, ერზრუმში კონსულად, მაგრამ ამ პერიოდში მისი საქმიანობის არეალი ახლო აღმოსავლეთსაც მოიცავდა.

შულენბურგი კავკასიონზე, როკის უღელტეხილთან.1913 წლის ოქტომბერი

დიდი ომის დაწყების შემდეგ შულენბურგი გარკვეული პერიოდით დასავლეთის ფროტზე წავიდა, 1915 წელს გერმანიის მოკავშირე ოფიცრად ბრუნდება აღმოსავლეთში ოსმალეთის არმიაში, მერე კი ერზრუმში კონსულის თანამდებობაზე ინიშება. მისი გავლენის არეალი უფრო ფართო იყო და ახლო აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა. ოსმალეთში ყოფნისას შულენბურგი იყო ერთერთი იდეის ავტორი და ასევე მეთაური ოსმალეთის მხარეზე მებრძოლი „ქართული ლეგიონის“, რომელიც 1915-1917 წლებში არსებობდა. შულენბურგს უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა ბერლინში და კონსტანტინოპოლში მყოფ პროგერმანულ „ქართულ დამოუკიდებლობის კომიტეტთან“ და მის ლიდერებთან მაჩაბელთან, წერეთელთან, სურგულაძესთან. აღნიშნულმა კომიტეტმა ქართულ საკითხში ომის დროს შეტანილი წვლილისთვის შულენბურგს 1917 წლის 1 მაისს ქართული ლეგიონის სამახსოვრო ორდენი გადასცა. შულენბურგის არქივში მოიპოვება ამ სიგელის ორიგინალი. გარდა ამისა, ინახება ქართულ კომიტეტთან მიმოწერის, საბანკო გადარიცხვების, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელობის, წევრების, დაფინანსების, აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციები.

რუსეთის არმიის მიერ ოსმალეთის ჯარების დამარცხების შემდეგ და იმის გამოც, რომ ქართულ ლეგიონს სამხედრო თვალსაზრისით თავი არ გამოუჩენია, 1917 წელს ის გაუქმდა, ერზრუმი რუსების ხელში აღმოჩნდა. 1917 წლის 1 ივნისიდან 1918 წლის 1 აპრილამდე შულენბურგი ახლო აღმოსავლეთში ბეირუთსა და დამასკოში ხელმძღვანელობდა კაიზერის საკონსულოებს. 1918 წლის მარტში გაფორმებული ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შემდეგ ბოლშევიკურ რუსეთსა და გერმანიასა და მის მოკავშირეებს შორის, იქმნება ხელსაყრელი პირობები შულენბურგის ხელახლა კავკასიაში დასაბრუნებლად, მისი ცოდნის და კავშირების გამოსაყენებლად.

ლეგიონის მეთაურები – ნესტორ მაღალაშვილი და ფ.-ვ. შულენბურგი – თურქ ოფიცრებთან ერთად

1918 წლის 4 მაისს კანცლერ ჰერტლინგის ხელმოწერით ინიშნება ბათუმში კავკასიელებსა და ოსმალებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში გერმანული დელეგაციის წარმომადგენლად, რომლის მეთაური იყო გენერალი ოტო ფონ ლოსოვი. ფონ ლოსოვი, რომელიც იმ გერმანელი ოფიცრების რიცხვში შედიოდა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე თურქეთის შტაბში მსახურობდნენ, ტრადიციულად გამოირჩეოდა პროთურქული განწყობით. ეს განწყობა ძალიან ანტითურქულისკენ შეიცვალა სწორედ ბათუმში მიმდინარე მოლაპარაკებებისას, რაშიც თავად თურქების ცუდი საქციელის გარდა შულენბურგის ხელიც უნდა ერიოს. შულენბურგის არქივში ინახება ერთი ვრცელი წერილი გაგზავნილი კონსტანტინოპოლში გერმანიის წარმომადგენელ შარფენბერგისადმი, რომელიც 1918 წლის 10 მაისით თარიღდება. შულენბურგი აღწერს კავკასიაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, თურქებისგან მომავალ საფრთხეს, ადგილობრივების ანტითურქულ და პროგერმანულ განწყობებს, ამბობს რომ ვეჰიბ ფაშა ცდილობს ფონ ლოსოვის იზოლირებას, არ ელაპარაკება ფრანგულად, წვდომას უხშობს ტელეგრაფთან, აღწერს თურქების მტრულ დამოკიდებულებას გერმანელებისადმი და საქმეში ჩარევის აუცილებლობისკენ მიუთითებს. შულენბურგის ამ წერილიდან მალე ყოფილი პროთურქი გენერალი ოტო ფონ ლოსოვიც გზავნის წერილს ბერლინში და ახალი კავკასიური პოლიტიკის საჭიროებაზე საუბრობს. ეს ორი ადამიანი, შულენბურგი და ფონ ლოსოვი გახდა გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის სულისჩამდგმელი.

გენერალ ფონ ლოსოვის ინიციატივით შულენბურგი ბათუმის მოლაპარაკებებიდან პირდაპირ თბილისში გაემგზავრა გერმანელი ომის ტყვეებისგან საჯარისო შენაერთების ჩამოსაყალიბებლად, რომელთა მიზანი თურქების წინსვლის შეჩერება უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე. შულენბურგი მისთვის ნაცნობ და საყვარელ თბილისში 1918 წლის 20 მაისს ჩავიდა და აღმოაჩინა, რომ მის სახლში შვედეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია განთავსებულიყო. მან ნაცნობი სომეხის ბაღდასაროვის სახლში არჩია დარჩენა და იქიდან მართავდა გერმანული შენაერთების ჩამოყალიბების პროცესს. იარაღი და აღჭურვილობა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. ასე რომ, როდესაც დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, პირველი გერმანული ნაწილები ჩამოვიდნენ საქართველოში ყირიმიდან ეგან-კრიგერის მეთაურობით, მათ მცირე გერმანული შენაერთები საქართველოში უკვე დახვდათ ჩამოყალიბებული შულენბურგის მიერ, რომლებმაც ჯერ კიდევ მაისის ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში გაამაგრეს ბორჯომი, ყარაგერანი, სანაინი, კატარინენფელდი, ფოთი და სოხუმი. 1918 წლის მაისის მოვლენებს საქართველოში გერმანიის მხრიდან მეთაურობდნენ თბილისში მყოფი ფრიდრიხ შულენბურგი და გერმანიის პირველი სამხედრო კომისიონერი კავკასიაში კაპიტანი ლუდვიგ ფონ ნიდა, ვინც უშუალოდ ქმნიდა სამხედრო ტყვეებისგან გერმანულ შენაერთებს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ასევე ფოთში მყოფი კონსული ანდერსი და ბათუმში მყოფი საიდუმლო მდივანი კირმისი, რომლებიც ფონ ლოსოვის ბრძანებებს ასრულებდნენ. საინტერესოა, რომ შულენბურგის თბილისში ჩასვლამდე იქ უკვე იმყოფებოდა პრუსიელი კაპიტიანი შნაიდერი, რომელსაც ევალებოდა სამხრეთ კავკასიაში, ტრანსკასპიასა და თურქესტანში მყოფი გერმანელი ტყვეების დაკვალიანება. თუმცა ამ ტყვეებს საქართველოს დაკავებისთვის გერმანელები არ ამზადებდნენ.

შულენბურგი (პირველ რიგში, პირველი მარჯვნიდან), ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენსშტაინი (მეექვსე მარცხნიდან), ვალიკო ჯუღელი (მეშვიდე მარცხნიდან), გერმანიის კავკასიური ექსპედიციის წევრები, ქართველი სამხედროები და მოხელეები. 

1918 წლის 6 ივნისს გერმანიის ელჩი კონსტანტინოპოლში ბერნშტორფი შულენბურგს ატყობინებს, რომ მალე თბილისში ჩამოვა მისია ფრაიჰერ ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით და სთხოვს, რომ მისი კომპეტენციის შესაბამისად ყველაფერში დახმარება აღმოუჩინოს. შულენბურგი გახდა გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი, რომლის საქმიანობა გერმანიის ომში დამარცხებამდე და მის შემდეგაც რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა. შულენბურგის და ფონ კრესის მსგავსი კვალიფიციური მოხელეების წყალობით, ურთიერთობა ადგილობრივ ქართულ ხელისუფლებასთან შესანიშნავად აეწყო. მიუხედავად დიდი იდეოლოგიური სხვაობისა ქართველ მემარცხენე სოციალისტებსა და კაიზერის არისტოკრატიულ სამხედროებს შორის, მისია ისე დასრულდა, რომ სერიოზული პრობლემები გერმანელებსა და ქართველებს შორის არ გაჩენილა. შულენბურგი კავკასიაში დარჩა მისიის ბოლომდე, ყველა გერმანული შენაერთის გასვლის შემდეგაც კი და ბოლო ტალღასთან ერთად დატოვა საქართველო. უკან დაბრუნებისას შულენბურგი, კრესენშტაინი და დელეგაციის დარჩენილი წევრები ინგლისელთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ კუნძულ პრინკიპოზე რამდენიმე თვით და საბოლოოდ გერმანიაში 1919 წლის შუაწელში ჩააღწიეს.

1919 წლის პირველი ივლისიდან იწყება შულენბურგის დიპლომატიური სამსახური გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუკი კაიზერის გერმანიაში ქონებრივი ცენზის გამო არ ეძლეოდა ამის საშუალება და მხოლოდ საკონსულო სამსახურით კმაყოფილდებოდა, ეს შეზღუდვა ვაიმარის რესპუბლიკაში მოიხსნა. მან დაიწყო მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში, 1921 წელს კი ლეგაციის მდივნად დამტკიცდა. მისი ინტერესის სფეროდ ამ წლებშიც რჩებოდა კავკასია, რასაც დაემატა ბულგარეთი და რუმინეთი.

1919-1921 წლების შულენბურგის მიმოწერაში აშკარად ჩანს მონატრება თბილისის მიმართ. მაგალითად 1920 წლის 16 აპრილით დათარიღებულ წერილში საქართველოში მყოფ გერმანელ წარმომადგენელ დრაიერისადმი, შულენბურგი მოკითხვის გადაცემას სთხოვს ბევრ სხვასთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრების ჟორდანიას, რამიშვილის, ჩხენკელის მიმართ, სხვაგან სითბოთი იხსენიებს თბილისსა და მის ხედებს. 1919 წლიდან მოყოლებული შულენბურგი დიდი მონდომებით ცდილობდა საქართველოში დარჩენილი პირადი ნივთების გერმანიაში წაღებას, განსაკუთრებით კი ხალიჩების, სურათებს, წიგნების და იარაღის, რომელთა დაკარგვა არ ემეტებოდა. ამ ნივთების დიდი ნაწილი, როგორც ირკვევა, მან მართლაც ჩაიტანა გერმანიაში. შულენბურგი მხარს უჭერდა ვაიმარის რესპუბლიკის მიერ საქართველოს იურიდიულ აღიარებას, 1921 წელს კი აგროვებდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, რაც გერმანიაში საქართველოს შესახებ 1919-1921 წლებში ჩადიოდა, სწორედ შულენბურგის ხელში გადიოდა. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის თითქმის პარალელურად დასრულდა შულენბურგის დიპლომატიური საქმიანობა ბერლინში, რადგან ის თეირანში გერმანიის წარმოადგენლობაში გაიგზავნა, 1922 წლიდან კი ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შულენბურგის კავშირები ქართველ და კავკასიელ პოლიტიკურ მოღვაწეებთან უკვე პიროვნულ დონეზე გრძელდებოდა თითქმის მისი სიცოცხლის ბოლომდე.

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, 1919-1922 წლებში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში. 1922-1931 წლებში იყო გერმანიის წარმომადგენელი თეირანში, 1931-1934 წლებში - ბუქარესტში.

1934 წელს შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში და დაინიშნა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში. არასოდეს ყოფილა ნაცისტი და ჰიტლერი მას, კაიზერის დროის სხვა მოხელეების მსგავსად, უნდობლობით ეკიდებოდა, თუმცა, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, უარს ვერ ამბობდა მათ სამსახურზე. შულენბურგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ ომის დაწყებას საბჭოთა კავშირთან. ომის დაწყების შემდეგ იყო ბოლო მაღალჩინოსანი გერმანელი საჯარო მოხელე, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორია.

გრაფ შულენბურგის ძმისშვილიშვილს ახსოვს მამის მონათხრობიც: ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, როგორ არ დაესწრო ბიძამისი საუზმეს, რადგან ჩაეძინა. მალევე გაირკვა, რომ იმ ღამით ის კრემლში, სტალინთან გამართულ თათბირს ესწრებოდა.

„მე როგორც ვიცი, ასე მარტივად კრემლში მისვლა ყველა დიპლომატს არ შეეძლო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ის იყო, რომ მას მიიჩნევდნენ როგორც რუსეთის იმპერიის, ისე კავკასიისა და საქართველოს კარგ მცოდნედ. ან იქნებ ის, რომ მან ცოტაოდენი ქართული იცოდა და, სავარაუდოდ, ისინი ქართულადაც ლაპარაკობდნენ“.

ვიაჩესლავ მოლოტოვი, იოსებ სტალინი, ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი და იოახიმ ფონ რიბენტროპი გერმანია-საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების (იგივე – ჰიტლერ-სტალინის, ან რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის) გაფორმებისას მოსკოვში. 24 აგვისტო, 1939 წელი. 

ომის მიმდინარეობისას იყო ანტისაბჭოელ ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობის მომხრე. მისი ინიციატივით 1942 წელს ბერლინში, სასტუმრო „ადლონში“ გაიმართა ემიგრანტული წრეების კონფერენცია, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. შულენბურგი ამ ხაზს საბოლოოდ ჩამოსცილდა ნაცისტურ პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირების გამო. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანია ომში მარცხდებოდა, ჰიტლერი კი მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებდა, შეუერთდა გერმანიაში არსებულ ანტიჰიტლერულ საიდუმლო მოძრაობას და მონაწილეობდა 20 ივლისის შეთქმულებაში.

1944 წელს შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, შულენბურგი, სხვების მსგავსად დააპატიმრეს და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების 40 წელი გერმანიის უწყვეტ სამსახურში გაატარა, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

შულენბურგი ნაცისტური სახალხო სასამართლოს წინაშე ჰიტლერზე განხორციელებული 1944 წლის 20 ივლისის თავდასხმის შემდეგ. სასამართლოს თავმჯდომარემ – როლანდ ფრაისლერმა დიპლომატს „სახელმწიფო ღალატის“ გამო სიკვდილი მიუსაჯა. 

მსოფლიო
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.