USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Тбилиси
გეორგიევსკის „ლეღვის ფოთოლი“
дата:  1298

24 ივლისი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. სწორედ 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო კავკასიის რუსულ სიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო „მეგობრობითი ხელშეკრულება“ - ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც, ქართლ-კახეთის სამეფო ცნობდა რუსეთის იმპერატორის „უმაღლეს ხელისუფლებასა და მფარველობას”, ხოლო რუსეთის იმპერატორი პირობას დებდა სამუდამო მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის სამეფოსათვის და ქვეყნის ტერიტორია დაეცვა გარეშე მტრებისაგან. სწორედ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარმა „მეგობრობითმა ხელშეკრულებამ“ მიიყვანა საქართველო სახელმწიფოებრიობის, ხოლო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დაკარგვამდე.

ტრაქტატი ახლო წარსულში

1983 წელს, როცა საქართველოსა და რუსეთში „ფართოდ აღინიშნებოდა“ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი (იღებდნენ ფილმებს, წერდნენ ლექსებსა და სიმღერებს, დგამდნენ ძეგლებს და ა.შ.), გეორგიევსკის ტრაქტატი წარმოჩნდებოდა როგორც რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობისა და ძმობის ისტორიული მანიფესტი.

"სამარადჟამო მეგობრობა". ზ. წერეთელი
"სამარადჟამო მეგობრობა". ზ. წერეთელი

„გვინდა ვისარგებლოთ დღევანდელი მოვლენით და კიდევ ერთხელ მოვახსენოთ განსაკუთრებული მადლობა რუს ხალხს, რომლის უანგარო დახმარება რომ არა, საქართველო ვერ დარჩებოდა მსოფლიო ცივილიზაციის ასპარეზზე, ვერ დაადგებოდა აღმშენებლობის გზას“, - ასე მიესალმა საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ოთარ ჩერქეზია, საბჭოთა რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად სტუმრობდა.

1983 წელს ფართოდ აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი
1983 წელს ფართოდ აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი

„ჩვენს მეგობრობას აცისკროვნებს რუსეთისა და საქართველოს შვილების დიადი სახელები. ერთიანობის, ურთიერთგამდიდრების ფასდაუდებელი ტრადიციები მტკიცდება, ვითარდება და ახალ-ახალ მასშტაბს იძენს“, - წერდა მაშინდელი ქართული საბჭოთა პრესა, რომელიც არაფერს ამბობდა იმაზე, რომ ტრაქტატმა მუსლიმური სამყაროს (ირანი, ოსმალეთი, კავკასიის მუსლიმობა) გაღიზიანება გამოიწვია და რუსეთისაგან მიტოვებული ქართლ-კახეთის სამეფო იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ 1801 წელს, როცა რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთი თავის გუბერნიად გამოაცხადა, ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. როგორც აკაკი წერეთელმა თქვა:

„მოგვხიბლა ტკბილი სიტყვით,
დაგვარწმუნა მან ფიცით,
ჩამოგვართვა პირობა
და მერე?.. აღარ ვიცით!“

რა მოუტანა „რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობისა და ძმობის ისტორიულმა მანიფესტმა“ საქართველოს, ამაზე გალაკტიონ ტაბიძეც წერდა გასული საუკუნის 40-იან წლებში:

ცეცხლის ალით პკურებული,
სულმთლად განადგურებული,
აწ რუსეთის ვასალია
ქართლი, როსმე დიდებული.
ჯოჯოხეთად მიწა იქცა,
სად გაიქცა, იქ წაიქცა.
საქართველო ერთ საცოდავ
პროვინციად გადაიქცა.
ვეღარ იცნო ტომი ტომმა,
აღარ იყო ძმობის ნდომა
და შესწყვიტა არსებობა
საქართველოს სამეფომა.

ტრაქტატამდე...

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე 12 წლით ადრე, 1771 წლის 30 დეკემბერს, ერეკლე II-მ ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-თვის გასაგზავნ დოკუმენტს, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლას ითხოვდა ისე, რომ უმაღლესი საერო და საეკლესიო ხელისუფლება ,,უცვალებელად” დარჩებოდა.

„კუალად ვითაც ძველად ყოფილა ჩვენის ჩამომავლობის მეფობა, ვითხოვთ თქვენისა დიდებულების მოწყალებისა გამო, ეგრეთვე საუკუნოდ უცვალებლად ეგოს...” - ვკითხულობთ ხელშეკრულების პროექტში, სადაც ასევე მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული თხოვნა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების, სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქის, კათოლიკოს-პატრიარქის თავის უფლებებში უცვლელად დატოვების თაობაზე: ,,მსგავსადვე კათოლიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად”.

ერეკლე ii
ერეკლე ii

კიდევ რას ითხოვდა ერეკლე II რუსეთის იმპერატორისთვის გაგზავნილი ხელშეკრულების პროექტით?

  • ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვის მიზნით, რუსთა ოთხი ათასიანი კორპუსის გამოგზავნას;
  • ყირიმის სახანოს ტერიტორიაზე ოსმალთა ტყვეობისაგან თავდახსნილ ქართველთა სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების უზრუნველყოფას;
  • ქართლ-კახეთის ჯარის შესანახავად რუსეთის იმპერიის ხაზინიდან სესხის მიცემას;
  • რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774 წწ) დამთავრების შემდეგ ზავის დადებისას ,,ახალციხის ქვეყანა” ( სამცხე-საათაბაგო) არ უნდა დარჩენილიყო ოსმალეთის შემადგენლობაში, ,,ვინაიდგან საქართველოს მიწა არის და ქართული ენა აქუსთ და მრავალნი ქრისტიანენი არიან იმათში, და სხუანიცა ახალნი გარდაქცეულნი არიან მაჰმადიანობაზედ”.

ერეკლეს მიერ ხელმოწერილი ეს დოკუმენტი პეტერბურგში 1772 წლის ზამთარში ჩაიტანეს კათოლიკოზ-პატრიარქმა ანტონ I-მა და ლევან ბატონიშვილმა, თუმცა ეკატერინე II-ის პასუხმა „რატომღაც“ მთელი 10 წლით დაიგვიანა. მხოლო 1783 წლის დამდეგს ეკატერინე II-ის მდივანმა ალექსანდრე ბეზბოროდკომ კავკასიის ხაზის უფროსს, გრიგოლ პოტიომკინს, აცნობა ეკატერინე II-ის აზრი ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებთან დასადები ხელშეკრულებების თაობაზე.

,, ... დაიდოს ქართველ მეფეებთან სამოკავშირეო ტრაქტატი, ნუ უწოდებთ მათ ქვეშევრდომებს, უწოდეთ მოკავშირეები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის იმპერიის მფარველობაში”, - ბრძანებდა ეკატერინე II.

პოლიტიკური ფონი

ერეკლე მეორე, ცხადია, ეძებდა ძლიერ მოკავშირეს, თუმცა ის დამოუკიდებლადაც მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდა საგარეო გამოწვევებს. როგორც ისტორიკოსმა აპოლონ თაბუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 1762 წელს ერეკლემ ტყვედ ჩაიგდო ირანის შაჰობის ერთ-ერთი პრეტენდენტი აზატ-ხანი, რომელიც ყირბულახის ბრძოლაში დაამარცხა. აზატ-ხანი ერეკლემ გაუგზავნა ირანის მმართველ ქერიმ-ხანს, რითაც ირანთან ურთიერთობის ნორმალიზება შეძლო.

„რაც შეეხება მეორე მუსლიმურ სახელმწიფოს, ოსმალეთს, მასთან გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა, რადგან 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომში ერეკლემ დაიკავა აშკარად რუსეთის მხარე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჯარები გაიყვანა საქართველოდან და საქართველო მტერს შეატოვა, ერეკლემ მაინც მოახერხა საგარეო პოლიტიკური კურსის გამოსწორება. მოლაპარაკებები აწარმოვა ახალციხის ფაშასთან, 1878 წელს კი ერეკლემ ხელშეკრულება დადო ოსმალეთის სულთანთან, რითაც მშვიდობის გარანტია მიიღო“, - ამბობს აპოლონ თაბუაშვილი.

აპოლონ თაბუაშვილი
აპოლონ თაბუაშვილი

რუსეთ-თურქეთის ომში ერეკლეს მიტოვებას შეთქმულებას უწოდებს ისტორიკოსი ვახტანგ გურული, რომლის თქმითაც, გენერალ ტოტლებენის მიზანს შეადგენდა ერეკლე II-ისა და ქართველთა ლაშქრის მტკვრის ხეობაში შეტყუება, აწყურის აღებისთვის ბრძოლის დაწყება და შემდგომ ქართველთა ბრძოლის ველზე მიტოვება.

„ტოტლებენს საკმაოდ კარგი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, მან შესანიშნავად იცოდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა რუსთაგან მოულოდნელად მიტოვებული ქართველთა ლაშქარი. ტოტლებენის გეგმის მიხედვით, ერეკლე II ბრძოლაში უნდა დაღუპულიყო, უნდა განადგურებულიყო ქართველთა ლაშქრის ძირითადი ნაწილი. ამის შემდეგ რუსის ჯარი ადვილად დაიკავებდა ქართლის სტრატეგიულ პუნქტებს და მოღალატე თავადების დახმარებით მოსახლეობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცებდა. ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში გადმოსასვლელი გზა ამ დროისათვის უკვე გახსნილი იქნებოდა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ჯარის გადმოყვანა არ გაჭირდებოდა“, - წერს ვახტანგ გურული.

გენერალი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი
გენერალი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი

რუსეთის საიმპერატორო კარის გეგმა ვერ განხორციელდა. ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში დამოუკიდებლად დაამარცხა ოსმალები და თბლისში დაბრუნებულმა ტოტლებენის მოქმედება აღკვეთა. როგორც ვახტანგ გურული ვარაუდობს, ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია:

„ ერთის მხრივ, ერეკლე II მიხვდა, რომ პროირანულ ორიენტაციას რუსეთი აღარ აპატიებდა და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე მის ტახტიდან ჩამოგდებას ისევ შეეცდებოდა. თუ ერეკლე II მეფობას საერთოდ არ დაკარგავდა, ქართლის კვლავ ცალკე სამეფოდ გამოყოფა და იქ რუსეთის ერთგული ბაგრატიონების (ქართლის ბაგრატიონების) გამეფება ირანის დასუსტების შემთხვევაში რუსეთს არ გაუჭირდებოდა. მეორეს მხრივ, ერეკლე II შიშობდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან სამხედრო პოლიტიკური კავშირით განაწყენებული ირანი და ოსმალეთი ქართლ-კახეთის მეფეს აღარ ენდობოდნენ. ერეკლე II-ს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გაეკეთებინა“.

ერეკლემ მორიგე ჯარის წყალობით თითქმის სრულად მოსპო ლეკების თარეში, თუმცა ანგარიშგასაწევ ძალად რჩებოდა შირვანისა და დარუბანდის მფლობელი ფათალი-ხანი, რომელიც ამიერკავკასიაში პირველობისთვის იბრძოდა. ამავე დროს გამოჩნდა ვახტანგ VI-ის შვილიშვილიც, ალექსანდრე ბაქარის ძე, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ქართლის ტახტზე. ალექსანდრემ კავშირი დაამყარა ფათალი-ხანთან და იმერეთის მეფე სოლომონ პირველთან. როგორც ჩანს, რუსეთის იმპერია ალექსანდრე ბატონიშვილსა და ფათალი-ხანს ერეკლეს შანტაჟისთვის იყენებდა.

ერეკლე II
ერეკლე II

ერეკლე მოკავშირეებს ევროპაშიც ეძებდა. 1780-81 წლებში ორგზის გაიგზავნა ელჩობა ავსტრიის იმპერატორთან, საფრანგეთის მეფესთან, რომის პაპთან, რომლებისგანაც ერეკლე ითხოვდა სესხს რეგულარული არმიის შესაქმნელად, მაგრამ ელჩობამ შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთი კი განაგრძობდა ფათალი-ხანისა და ალექსანდრე ბაქარის ძის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და უბიძგებდა ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობისკენ.

ამასობაში რუსეთი უმიზნებს ყირიმის სახანოს ტერიტორიას, რაც გავლენას ახდენს მის საგარეო კურსზე. თუ აქამდე ქართველი მეფეები სთხოვდნენ რუსეთს დახმარებას, ახლა რუსეთი ცდილობს კავკასიის დაუფლებით მცირე აზიაში უპირატესობის მოპოვებას. იწყება საქართველოს ინტენსიური დარწმუნება იმაში, რომ ერთმორწმუნე რუსეთი საუკეთესო მფარველი იქნება. პეტერბურგიდან წამოსული შეთავაზებებიც იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო. დაპირებებში ჩნდება ერეკლე მეორისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ქართული მიწების - ჭარ-ბელაქნისა და სამცხე-საათაბაგოს შემოერთების საკთიხი, რომლის გადაჭრა საქართველოს დამოუკიდებლად არ შეეძლო.

ტრაქტატი

1783 წლის 20 აგვიტოს ერეკლე II თბილისში ზეიმს აწყობს. მიწვეულ სტუმრებს შორის არის რუსი პოლკოვნიკი სერგეი ბურნაშოვი. 9 საათზე ხალხი სიონის ტაძართან იკრიბება, სადაც 11 საათზე მეფე უფლისწულებითა და დიდებულებით მიდის. ტარდება წირვა, რომლის დასრულების შემდეგ მეფე წვეულებას მართავს, აძლევენ სალუტს - ასე აღნიშნა თბილისმა 24 ივლისს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის რატიფიკაცია.

რას ზეიმობდა ერეკლე II და მისი ამალა?

ტრაქტატი შედგებოდა პრეამბულისა და ცამეტი მუხლისგან, რასაც ემატებოდა ცალკე დოკუმენტად გაფორმებული ოთხი საიდუმლო მუხლი („სეპარატული არტიკულები”).

  • I მუხლში ერეკლე II თავისი და მემკვიდრეების სახელით საზეიმოდ აცხადებდა, რომ ამიერიდან სამუდამოდ უარს ამბობს ცნოს ირანის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ხელმწიფის უზენაესი ხელისუფლება და მფარველობა, გარდა რუსეთის იმპერატორისა და მისი მემკვიდრეებისა.
  • II მუხლში ერეკლე მოხსენიებულია „უგანათლებულეს მეფე ირაკლი თეიმურაზოვიჩად“ და აღნიშნულია, რომ რუსეთის იმპერატორი თავისი და მემკვიდრეების სახელით პირობას დებს სამუდამო მფარველობა გაუწიოს ქართლ-კახეთის სამეფოს და ქვეყნის ტერიტორია დაიცვას გარეშე მტრებისაგან.
  • III მუხლში დადასტურებულია, რომ რუსეთის მფარველობაში შესულ ქართლ-კახეთის სამეფოში შენარჩუნებულ იქნებოდა ერეკლე II-ისა და მისი მემკვიდრეების მეფობა. ახალი მეფის ტახტზე ასვლას სამეფო ნიშნების (ინვესტიტურის) გამოგზავნით ადასტურებდა რუსეთის იმპერატორი. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი.
  • IV მუხლში ნათქვამია, რომ ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა.
  • V მუხლში აღნიშნულია, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი, ანუ მინისტრი.
  • VI მუხლით რუსეთი საქართველოს მეფეს აღუთქვამდა, რომ მისი მტრები გამოცხადდებოდნენ რუსეთის მტრებად, რომ ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში დარჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.
  • VII მუხლში ერეკლე დაპირებას იძლეოდა, რომ ყოველთვის მზად იქნებოდა თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარიყო და რომ ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებას (,,რათა უსაკუთრესად აჩუენოსმცა უდიდესობაი მსახურებისათვის რუსეთის იმპერიისა”).
  • VIII მუხლით, მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელი, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I ხდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმიდესი სინოდის წევრი და სინოდის წევრ მღვდელმთავართა შორის იკავებდა მერვე ადგილს ტობოლსკის არქიეპისკოპოსის შემდეგ.

IX, X და XI მუხლებით განისაზღვრა ქართველი თავად-აზნაურების, ვაჭრებისა და ტყვეობიდან გამოხსნილთა მდგომარეობა, XII და XIII მუხლებით კი - სარატიფიკაციო ვადები და ის, რომ ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“.

საიდუმლო მუხლები

  • I მუხლში ასახვა პოვა ეკატერინე II-ის მოთხოვნამ ერეკლე II მეგობრულ ურთიერთობაში დარჩენილიყო სოლომონ I-თან, ხოლო მეფეებს შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში არბიტრის როლს შეასრულებდა რუსეთის იმპერატორი. ისტორიკოს ვახტანგ გურულის მიხედვით, პირველი სეპარატული მუხლი ლახავდა როგორც ერეკლე II ის, ისე სოლომონ I-ის სუვერენულ უფლებებს და, ამავე დროს, რუსეთს საშუალებას აძლევდა ჩარეულიყო ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების ურთიერთობაში.
  • II მუხლი გვაუწყებს, რომ რუსეთი საქართველოში გზავნის ორ სრულ ბატალიონს ოთხი ზარბაზნით ,,დაცვისათვის სამფლობელოისა ქართლისა და კახეთისა ყოვლით კერძო შეხებისაგან მეზობელთასა“.
  • III მუხლის ძალით რუსეთი ვალდებული იყო ომის შემთხვევაში დამატებითი დახმარება აღმოეჩინა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის და მისი მტერი ორივე ქვეყნის მტრად შეერაცხა.
  • IV მუხლის ძალით რუსეთი ვალდებული იყო ომის შემთხვევაში (იგულისხმებოდა ომები ირანსა და ოსმალეთთან) ქართლ-კახეთის სამეფოს დახმარებოდა იარაღით, ამასთან ერთად, საზავო მოლაპარაკების დროს უნდა ეცადა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის დაებრუნებინა წინათ მტერთაგან წართმეული ტერიტორიები.

ტრაქტატის შემდეგ

გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, ხელშეკრულება დაიდო „საუკუნოდ“, ურთიერთსასარგებლო ცვლილებების შეტანა კი მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით იყო შესაძლებელი, თუმცა საქმეც ის არის, რომ რუსეთს არც უცდია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების შესრულება, რის გამოც ტრაქტატის შედეგები დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსათვის.

ერეკლე II-ის ღია რუსულმა არჩევანმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქართლ-კახეთის სამეფო, რომელსაც უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა ირანსა და ოსმალეთთან.

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II
რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II

ტრაქტატის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, დოკუმენტი თითქოს საქართველოს სასარგებლოდ გაფორმდა, რადგან მასში ძირითადად რუსეთის ვალდებულებებია გაწერილი: რუსეთმა უნდა დაიცვას ქართლ-კახეთის სამეფრო, რუსეთმა უნდა გამოყოს ჯარი და მისი შესანახი ფული და ა.შ. როგორც პროფესორი აპოლონ თაბუაშვილი შენიშნავს, მხოლოდ ერთი, VII მუხლია ისეთი, სადაც რუსეთის მიერ წარმოებულ ბრძოლებში ერეკლეს ჩართვაზეა საუბარი:

„სინამდვილეში ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ გაკეთდა. 1882 წელს რუსეთი აპირებდა ყირიმის დაპყრობას და იცოდა, რომ თურქეთი ამას არ გადაყლაპავდა. იქნებოდა ომი. რუსული გეგმის მიხედვით, ავსტრიას და რუსეთს ერთად უნდა შეეტიათ. მოსალოდნელი ომის გამო რუსეთმა გააძლიერა კორპუსი მოზდოკში, სადაც 50 ათასამდე აიყვანა ჯარისკაცთა რაოდენობა. ერთ-ერთ ფრონტზე საქართველოს გავლით უნდა შეეტიათ. ქართველ მეფეებს ევალებოდათ ზურგის გამაგრება და დივერსიების მოწყობა. ეს იყო რუსეთის გეგმა და ტრაქტატიც, რეალურად, ამას მოჰყვა. სოლომონ I-ს ეს ხელს საძლევდა, ერეკლეს II-ს - არა. სოლომონი ისედაც ეომებოდა ოსმალებს და ერეკლეს არ სურდა 12 წლის წინადელი ამბების ხელახლა გამეორება, მაგრამ რუსეთს ჰქონდა ძალიან ბევრი ბერკეტი და ბოლო მომენტში შეძლო ერეკლეს დაყოლიება, თუმცა ომი არ დაიწყო და რუსებმაც დაივიწყეს ტრაქტატი. მალე მის გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ“.

ტრაქტატმა ვერ დაიცვა საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეორეც, დარეჯან დედოფალიც და გარსევან ჭავჭავაძეც ლამის ულტიმატუმის ტონში სთხოვდნენ რუსეთის იმპერიას ხელშეკრულების ღია თუ საიდუმლო მუხლებით გათვალისწინებულ დახმარებას ირანის მოსალოდნელი თავდასხმის წინ.

1795 წლის ივლისში, აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმამდე ორი თვით ადრე, გარსევან ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ალექსანდრ ბეზბოროდკოს, რუსეთის იმპერიის საგარეო უწყების ფაქტობრივ ხელმძღვანელს:

გარსევან ჭავჭავაძე
გარსევან ჭავჭავაძე

„სპასეთის ახლანდელი მბრძანებელი, აღა-მაჰმად-ხანი, მიისწრაფის შაჰად იქნეს ცნობილი და საქართველოზე თავდასასხმელად ემზადება. ჩემი თანამდებობისამებრ, მე უმდაბლესად გთხოვთ გვაუწყოთ: ინებებს თუ არა რუსეთის უმაღლესი კარი ტრაქტატით გათვალისწინებულ დახმარებისა და მფარველობის აღმოჩენას. ვთხოვთ თქვენს ბრწყინვალებას ამ ჩემს წარდგინებაზე სწრაფად მომცეთ პასუხი. ჩვენ ახლა უკიდურესად გვჭირდება ამისი ცოდნა“.

ტრაქტატით გათვალისწინებულმა დახმარებამ - რუსეთის ქვეითთა ორმა ბატალიონმა და რამდენიმე ზარბაზანმა - საქართველოში მხოლოდ თბილისის აოხრების, ომის დასრულებისა და აღა-მაჰმად-ხანის საქართველოდან წასვლის შემდეგ ჩამოაღწია.

ალექსანდრეს მანიფესტი

რუსეთის იმპერიამ მომდევნო წლებშიც ბევრი გააკეთა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის როგორც ფიზიკური, ასევე რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად, იმის წარმოსაჩენად, რომ ქვეყანა დაიქცა და დამოუკიდებლად არსებობის გაგრძელება აღარ შეეძლო, რომ ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ბატონიშვილების ერთმანეთზე გადაკიდებით ქვეყანას ბოლო მოეღო და ა.შ.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პეტრე პირველიდან მოყოლებული რუსეთი კავკასიის დაპყრობისთვის ემზადებოდა, მაგრამ შესაბამის დროს ელოდა და, როცა ამისთვის სამხედრო, მატერიალური და ყველა სხვა საფუძველი მიეცა, მაშინ გააუქმა კართლ-კახეთის სამეფო. დაელოდნენ მეფის გარდაცვალებასაც, მოქმედი მეფის ჩამოგდება არ გამოდიოდა. ქართველ თავადებსა და ვაჭრებს რომ უფლებები მისცეს, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ექსპანსიონისტური მიზნები ჰქონდა. თან ფაქტია, რომ ყველა მეზობელს იპყრობდა. საქართველოსაც ასე უყურებდა, მაგრამ ელოდებოდა შესაბამის დროს, ვითარებას. ამიტომ იყო, რომ გეორგიევსკის ტრაქტატს აპიარებდა ძალიან. რუსეთმა ლამის ყველა ენაზე გადათარგმნა ხელშეკრულება და გაავრცელა. როგორც ჩანს, ლეგიტიმაციის საფუძვლებს იქმნიდა. ელოდებოდა ხელსაყრელ დროს“, - ამბობს აპოლონ თაბუაშვილი.

რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I
რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I

ხელსაყრელი დრო კი 1801 წლის 12 სექტემბერს დადგა, როცა ალექსანდრე I-ის მიერ გამოცემული მანიფესტით, რუსეთმა „არა აღორძინებისთვის ძალთა, არა ნივთთათვის, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყნისა ზედა იმპერიასა შინა“, გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და მიიღო „ტვირთი საქართველოს სამეფოსა მართებელობისა“.

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ 1801 წლის მანიფესტმა განსაზღვრა საქართველოს მომავალი მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, საბჭოთა ისტორიოგრაფია, მათ შორის ქართული, ლეღვის ფოთოლივით იფარებდა გეორგიევსკის (ერთი შეხედვით, საქართველოსთვის უწყინარ) ტრაქტატს, რომლითაც მარჯვედ ინიღბებოდა, როგორც პოეტმა თქვა, „დიდმპყრობელური შოვინისტის“ ძალადობრივი მმართველობა:

„იყო ძარცვა და მკვლელობა,
მთელი მათი მმართველობა,
როგორ ზიზღით უყურებდნენ,
როგორ სძულდათ ქართველობა...
თან ამბობდნენ: რის ნაცია!
გაიგებსო - ვინც კაცია
რას ნიშნავსო უმაღლესი
რუსის ცივილიზაცია!“

  • ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჯიმშერ რეხვიაშვილი არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2003 წლიდან.

    https://www.radiotavisupleba.ge/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати