USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
გეოგრაფიული აღნიშვნა „სქური“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული
თარიღი:  590

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „სქური“-ს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ისტორიული ეგრისის მხარეში - სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაცული და ჩაკეტილი ხეობაა სქური. ადგილი, რომლის ირგვლივ ბუნებრივად წარმოქმნილი მთათა სისტემა ქმნის სამმხრივ დაცვას და მხოლოდ ერთ გასასვლელს, რომელიც ომიანობის პერიოდში მთელი ხეობის მცხოვრებთა მთავარი მანიშნებელი ადგილი იყო - ხალხური გადმოცემით, სქურის შესასვლელში დანთებული ცეცხლი მიანიშნებდა საფრთხეს - რომ მტერი ახლოსაა. ცეცხლის დანახვისთანავე მოსახლეობა ხეობაში შედიოდა, იმ ერთადერთ გასასვლელს ჩახერგავდნენ და მტერს გზას უკეტავდნენ.

ასე გადარჩა ადგილობრივი ხალხი, ბუნება და ის ხელშეუხებელი ბუნებრივი რესურსები, რაც სქურს გააჩნია. მათ შორის უმთავრესი კი არის წყალი.

 სანამ სქურის მინერალური წყლის შესახებ მოგითხრობთ, გეტყვით რომ სქურის წყალი, ზოგადად, გამორჩეულად სუფთაა, რასაც მოწმობს კალმახების ჭარბი რაოდენობა სქურის მდინარე ჭანისწყალში და ის სასმელი წყალი, რომლითაც ირგვლივ სოფლები მარაგდება.

 რაც შეეხება მინერალური წყლების საბადოს, ბუნებრივად მომდინარე წყლების შესწავლა 1915 წლიდან დაიწყო, 1920 წელს კი მას სამკურნალო წყლის სტატუსი მიენიჭა. 1937 წელს საბადოსთან ჭაბურღილი გაითხარა და დღემდე მინერალური წყალი სწორედ ამ ჭაბურღილის საშუალებით მოედინება. ბუნებრივად, წყლის ტემპერატურა 17-19 გრადუსზე მერყეობს. ბაქტერიოლოგიური ანალიზის მინერალიზაციით კი სქურის მინერალური წყალი არ ჭუჭყიანდება და მისი სანიტარული მდგომარეობა სრულად აკმაყოფილებს სამკურნალო და სასმელი წყლის მოთხოვნებს.

წალენჯიხის მუნიციპალური ცენტრიდან სქურამდე დაახლოებით ნახევარი საათის მანძილია. მინერალური წყლებით მდიდარ და მთებით გარშემორტყმულ მწვანეში ჩაფლულ ხეობას კურორტის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 წლების განმავლობაში, სქურის ხეობაში ფუნქციონირებდა პანსიონატები და სანატორიუმები, სადაც დასასვენებლად თუ სამკურნალოდ ჩადიოდნენ სტუმრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან. სქურში იყო პიონერთა ბანაკებიც. კურორტის ასეთმა პოპულარობამ გამოიწვია ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაც. ელექტროენერგიით მომარაგდა სქური და მიმდებარე სოფლები, გაკეთდა უკეთესი გზა და კურორტი კიდევ უფრო მეტ ხალხს მასპინძლობდა წელიწადის სხვადასხვა დროს.

კონკრეტულად სქურის მინერალურ წყალს რაც შეეხება, საინტერესო სტატიას ვპოულობთ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. 2004 წლის ნოემბრის სტატიაში, ავტორი ზაურ ფიფია წერს მე-19 საუკუნის ცნობილი მოგზაურის, ბოტანიკოსის, ფლორისტის და გეოგრაფის - ნიკოლოზ ალბოვის შესახებ. პუბლიკაცია გვიყვება თუ რა აქტიურად მოგზაურობდა ეს პიროვნება კოლხეთის ტერიტორიაზე, როგორ მიუძღვნა სამეცნიერო ნაშრომები კოლხეთის (ანუ დღევანდელი სამეგრელოს) მხარეს და როგორ დაატარებდა ბოთლით უცნობ სითხეს, რომელსაც „სხურას“ ეძახდა. სახელწოდებიდან გამომდინარე, ამ სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ „სხურა“ სწორედ რომ „სქურს“ ნიშნავს. თანაც, მეცნიერი ალბოვი კავკასიას განსაკუთრებულ პატივს სცემდა, ამ უცნაურ სითხეს კოვზით სვამდა, როგორც წამალს, როგორც „ჯადოსნურ მიქსტურას“. შესაძლოა, სტატიის ავტორი უცნობ სითხეს მხოლოდ სახელწოდების მიხედვით აკავშირებს სქურის მინერალურ წყალთან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წყლის სამკურნალო თვისებები მედიკოსების მიერ არის დადასტურებული. წლების განმავლობაში სქურის წყალი ინიშნებოდა საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. სამეცნიერო დასკვნით კი სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეო სამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს.

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „სქური“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის