USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
გეოგრაფიული აღნიშვნა „ქინძმარაული“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული
Date:  420

ადგილწარმოშობის დასახელება „ქინძმარაული“

დიდი ლუა - ეს სახელი ყვარელში ხალხმა შეარქვა ლუარსაბ დავითის ძე რუსიაშვილს. ის იყო გამორჩეულად გულმოწყალე, კეთილშობილი და დაიმსახურა კიდეც ეს მეტსახელი. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ყვარლის მემორიალურ მუზეუმში გამოფენილია ფოტო, სადაც ილია და ლუა ერთად არიან გამოსახულნი. ხალხის სიყვარული და ლუარსაბის დიდი ავტორიტეტი მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ილიას დაკრძალვაზე ყვარლის დელეგაციის ხელმძღვანელობა სწორედ ლუას მიანდეს. აი, ამ კაცის მფლობელობაში შედიოდა მიწა, რომელზეც მოიწევდნენ ღვინო „ქინძმარაულის“ დასაყენებელ საფერავის ჯიშის ყურძენს. ლუარსაბი ამ ყურძნით აწარმოებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს, რომლითაც აღფრთოვანებული იყო ყველა და მათ შორის ილიაც. ისტორიულად ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძემ ღვინო ძალიან კარგად იცოდა და საკმაოდ პრეტენზიული მომხმარებელიც იყო. „ქინძმარაული“ კი მისი საყვარელი ღვინის სახეობების სათავეში იდგა. ეს საინტერესო დეტალი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქინძმარაულის“ მაღალ ხარისხს.

ზოგადად, „ქინძმარაული“ დაკავშირებულია კახეთის მეფე ლევან ავგიორგისძესთან, რომელიც მეფობდა XVI საუკუნეში (1518/20-1574 წწ.). როდესაც მეფე ლევანმა ყვარლის ციხე-სიმაგრე ააგო და ეს პატარა ქალაქი კულტურულ-კომერციულ ცენტრად გადააქცია, თავდაცვით ნაგებობასთან ახლოს საჭირო-სამეურნეო შენობებიც ააშენა. მათ შორის, ღვინის მარანი. აქ ამზადებდნენ ღვინოს, ბადაგს, ჭაჭის არაყს. მათი მირთმევა კი მხოლოდ სამეფო გვარისა და მეფის ოჯახისთვის იყო ნებადართული. ასევე, იყენებდნენ მეფის ჯარისა და სამეფო საჩუქრებისთვის. ამიტომ ხალხმა ამ ადგილს „სამეფო მარანი“ უწოდა. საკმაოდ დიდი რაოდენობის ღვინოს აყენებდნენ ყოველ სეზონზე. ღვინით, არყით და ბადაგით მარანში ივსებოდა 433 ერთეული ქვევრი. მარნის ბარაქიანობამ ერეკლე მეფის ხანამდე გასტანა, საუკუნეებთან ერთად ხალხმა სახელიც გადაარქვა მას და ხშირად ამ ადგილს „ერეკლეს მარანსაც“ ეძახდნენ. მარანი ყველა იმ ფუნქციას ინარჩუნებდა, რაც ლევან მეფის დროს ჰქონდა. ერთი საინტერესო ცვლილებით – სამეფო კარზე დასაქმებულ მეციხოვნეებს, ხაბაზებს, მზარეულებს, მჭედლებს, თერძებსა და სხვებს, ვინც ციხე-სიმაგრეში მუდმივად ან დროებით იმყოფებოდა, უფლება ჰქონდა ერეკლე მეფის მარნიდან ყოველდღიურად მიეღო თითო ჩარექა თეთრი ღვინო, ხოლო დღესასწაულებზე – თითო ხელადა წითელი ღვინო. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მარანი იხსნებოდა საჯაროდ. როდესაც საგანგებო სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ, მათ შეეძლოთ დაეჭაშნიკებინათ ღვინო, ბადაგი, არაყი, ეტრაპეზათ და გასცნობოდნენ კახური ღვინის დაყენების ხელოვნებას. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ აქ დაიწყო ღვინის ტურიზმის პირველი ჩანასახი საქართველოში და აქედან გაიცნო „ქინძმარაული“ საქართველოში ჩამოსულმა უამრავმა სტუმარმა.

რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ქინძმარაული“ წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა, აქვს მუქი წითელი ფერი, უზადო, ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი და სასიამოვნოდ ტკბილი გემო კარგად გამოხატული ხილის ტონებით და საფერავის ჯიშის ყურძნის ამ ადგილისთვის დამახასიათებელი არომატით. „ქინძმარაულის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 10,5%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი უნდა იყოს 18-დან 45 გ/ლ-მდე.

ეს ღვინო მზადდება მხოლოდ ქინძმარაულის მიკროზონაში მოწეული საფერავის და/ან საფერავი ბუდეშურისებურის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოკრეფის დროს აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, არანაკლებ 22%-იანი შაქრიანობით. რაც შეეხება მიკროზონას, მისი ფარგლები მოქცეულია ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე. ღვინის განსაკუთრებულ გემოზე სწორედ რომ ეს მდებარეობა მოქმედებს ყველაზე მეტად. აქ ერთადაა თავმოყრილი კავკასიონის მაღალი მთების სამხრეთით მიბჯენილი მთისწინეთის გავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, რომელსაც ემატება ნიადაგის განსაკუთრებული შემადგენლობა მდინარეების ჩამონადენზე, შავ ფიქალებზე განვითარებული ხირხატი ნიადაგები. მზის სხივური ენერგია და სითბოს რაოდენობა კი ისე ნაწილდება, რომ ვენახს ექმნება ხელსაყრელი სითბური რეჟიმი და ამ გარემოში გაშენებული ვაზის ზემოთ ხსენებული ჯიშები მაქსიმალურად ახერხებენ თავიანთი გემური და სასარგებლო თვისებების რეალიზებას.

მიუხედავად იმ უძველესი ისტორიისა, რაც „ქინძმარაულის“ გაჩენა-ჩამოყალიბებას უკავშირდება, დაზუსტებულია, რომ „ქინძმარაულის“ წარმოების სრულყოფილი ტექნოლოგია 1942 წლამდე არ არსებობდა. ღვინის სტაბილიზაცია, ხანგრძლივად შენარჩუნებული სიტკბო და სხვა თვისებები სწორედ რომ ქარხნულ რეჟიმში შეიძინა „ქინძმარაულმა“, მას შემდეგ, რაც მისი სტაბილური წარმოება დაიწყო. ეს პერიოდი კი 1942 წლით თარიღდება, როდესაც მოხდა საწარმოთა ტექნიკური გადაიარაღება და სიცივის გამოყენება ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოებაში.

ამ დროიდან დღემდე, ექსპორტზე გასატან ღვინოებს შორის, „ქინძმარაული“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღვინოა. 2014 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ბაზრებზე გაიყიდა 9.3 მილიონი ბოთლი „ქინძმარაული“, რაც მთლიანი ექსპორტის 15.8%-ია. ადგილწარმოშობის დასახელების მქონე ღვინოებს შორის კი გაყიდული ღვინოების 49%, თითქმის ნახევარი, სწორედ, „ქინძმარაულზე“ მოდის.
ღვინო „ქინძმარაულს“ მრავალი კონკურსსა თუ გამოფენაზე აქვს მიღებული მონაწილეობა და დაჯილდოებულია არაერთი საერთაშორო მედლით.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ქინძმარაული“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2006 წლის 30 მარტს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way