USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
გენერალ-მაიორ თენგიზ ეპიტაშვილის მოგონებებიდან - ავღანეთი უფრო მაგარი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი მოელოდა
თარიღი:  2728
„თავისუფლებისმოყვარე ხალხის დამორჩილება, უბრალო საქმე სულაც არაა.“ 
ნაწყვეტი გენერალ-მაიორ თენგიზ ეპიტაშვილის მოგონებებიდან ავღანეთზე.
 
ბ-ნი ზურაბ შარეიძე იხსენებს: „ეს დღეები ბევრს საუბრობენ ავღანეთზე და თალიბებზე, მე მგონი არ იქნებოდა ურიგო, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა გენერალ თენგიზ ეპიტაშვილის მოგონებებიდან ნაწყვეტი, სადაც კარგად ჩანს რომ - „თავისუფლებისმოყვარე ხალხის დამორჩილება, უბრალო საქმე სულაც არაა.“
 
მქონდა პატივი არა მარტო პირადად მცნობოდა, არამედ მემეგობრა კიდეც ამ საოცარ ადამიანთან - გენერალ თენგიზ ეპიტაშვილთან. ბევრჯერ მოგვიწია ყოფნა მივლინებით უცხო ქვეყნებში. ერთი სიამოვნება იყო ათას ომს გადახდილი გენერლის საოცარი საბრძოლო ისტორიების მოსმენა.
 
დაკვირვებული ვარ, სამშობლოს გარეთ, იშვიათი თავისუფალი დროის ხელთ მოგდებისას, მცირე „ემიგრანტულ“ სუფრაზე მოსმენილ ჩვენი ბედკრული ქვეყნის სადიდებელი სხვა წარუშლელი შთაბეჭდილებად გეღვენთება გულის ფიცარზე. გენერლის მოყოლილი ეს ისტორია ისე მეამაყებოდა თითქოს მე გადამხდენოდა თავს...
 
ამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე არ გვაწყენდა იმის გახსენება რომ მარადიულ ფასეულობას - ვაჟკაცობას მოსისხლე მტერიც კი მიაგებს პატივს.დასტურად წიგნიდან „მე - გენერალი ეპიტაშვილი“ მოტანილი ნაწყვეტიც გამოდგება:
„საოცარი ქვეყანაა ავღანეთი. ის თავისი დიდი ისტორიული ტრადიციებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით, დღესაც ანდამატივით იზიდავს ყველა ჯურის დამპყრობელს. თუმცა, ყველა მათგანმა შესანიშნავად იცის, რომ „დანაღმული უდაბნოს“ თავისუფლებისმოყვარე ხალხის დამორჩილება, უბრალო საქმე სულაც არაა. ეს რომ ასეა, გავიხსენოთ სპარსელები, ბრიტანელები და რუსები... მათ ხომ ეს ჩანაფიქრი სამარცხვინოდ დაასრულეს.
 
ვინც მის ისტორიულ ბრძოლებში სახელი გაითქვა, ეს სპარსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი ქართველებიც იყვნენ, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში მიერეკებოდა „ტლანქი ძალა" იმ შორეულ უდაბნოში.
 
მე, გენერალ თენგიზ ეპიტაშვილს, მომიწია „იმ ისტორიასთან შეხვედრა“ ანუ ჩემი დიდი წინაპრების ნაკვალევზე გავლა...
პაკისტანის საზღვრიდან ავღანეთის მეორე დიდ ქალაქ ყანდაგარამდე 900 კილომეტრია. ქალაქამდე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, უცნაური, მსოფლიოში უმაგალითო ძეგლი დგას. ეს არის მარმარილოს უზარმაზარი, ძველთაძველი სვეტი, რომელსაც ამშვენებს ასევე,
 
უმაგალითო წარწერა:
„მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე – ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ, საბოლოოდ ვერავინ დაიპყრო დღემდე, ალაჰის ნებით! მხოლოდ, სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება...“
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იქვე ახლოს, ამ სამი დამპყრობლის სიმბოლური საფლავებია. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ავღანელები გასაოცარ პატივს მიაგებენ „ღირსეულ მტერთა“ საფლავებს. რასაკვირველია, დიდი ხანია, ჩაიარა ისკანდერის „ატეხილმა გრიგალმა“, დრომ ულმობლად წაშალა მათი ცხენების ნაფლოქვარი, მაგრამ ძლიერი მტრის ხსოვნა მაინც დარჩა წერა-კითხვის უცოდინარ ავღანელთა გონებაში. ისინი თაობებს გადასცემდნენ ტყუილს თუ მართალს, იმის შესახებ, რომ ავღანეთის აურაცხელ მტერთაგან, სწორედ ამ სამმა ვაჟკაცმა უბრძანა თავის ჯარს: გაეთავისუფლებინათ ტყვეები, ხელი არ ეხლოთ ქალ-ბავშვთა და მოხუცთათვის. ისე აეკრიფათ ალაფი, რომ ოჯახისათვის უკანასკნელი ლუკმა არ წაერთმიათ.
 
მაინც ვინ არის ამ ავღანურ უზარმაზარ „სტელაზე“ გამოსახული სამი დაუმარცხებელი სარდალი? ესენი არიან: ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ხანი და... გურჯი გიორგი!
 
ვინ არის გურჯი გიორგი, ასეთ პატივს რომ მიაგებენ ავღანელები? იგი გვირგვინოსანი მეფე, ვახტანგ მეხუთეს ძე, გურგენ-ხანად წოდებული ქართლისა და ირანის სპასალარი, ყანდაგარის ბეგლარბეგი, გირიშკის ბატონი გიორგი მეთერთმეტეა. ამ სვედანავსულ ქართლის მეფეს ბედმა და გარემოებამ არ დააცადა, თავისი ნიჭი და ძალა სამშობლოს ხსნისთვის გამოეყენებინა და იძულებული გახდა, დამმონებლის – სპარსეთის მთავარსარდლობა მიეღო.
 
ირანის მბრძანებელმა, შაჰ-სულთან ჰუსეინმა ქართლის ნომინალურ მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა და ბოლოს აიძულა, ისლამიც მიეღო. გიორგი მეთერთმეტე მრავალმხრივი მოღვაწე და ძლიერი პიროვნება იყო, მამაცი და განათლებული, დიდი მოურავის რანგის, რომელმაც მაჰმადიანობა მხოლოდ მტრის თვალის ასახვევად მიიღო. გულზე კი, მასაც ქრისტეს ჯვარი ეკიდა.
ყაენმა მას ირანის სამხრეთ პროვინცია – ქირმანი ჩააბარა და დაავალა, აჯანყებული მომთაბარე ტომების, ბელუჯებისა და ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლა ბელუჯისტანის მხარეში.
 
ქართლის მეფემ მთელი 13-14 წელი გაატარა უცხო ქვეყნის ცის ქვეშ და ისე აღესრულა, სამშობლო მიწის ხილვა მაინც ვერ შეძლო. იქვე, ყანდაგარში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.
 
ეს მოხდა 1709 წელს...
 
გიორგი მეთერთმეტე ვერაგულად მოაკვლევინა ყანდაგარის მირ-ვეისმა, რომელმაც მას მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი ახსნა და როგორც ორგულობის საბუთი, ისპაჰანში შაჰს გაუგზავნა.
 
ისტორიამ შემოინახა ისიც, რომ თურმე, ავღანელების ბელადი ძალზე აფასებდა გიორგი მეთერთმეტეს. როდესაც ის ვერაგულად მოკლა, თანამემამულეებს ასე მიმართა: „ის იყო ერთადერთი კაცი, რომელმაც ღირსეულად დაიმსახურა მეომრის სახელი... ირანელთა შორის.“
ასეთი კაცი შეეწირა შაჰის პატივმოყვარეობას და ავღანელთა ტომების დამორჩილებას.
რატომ ვიხსენებ ამ ამბავს?
 
ყანდაგარი ავღანეთის სამხრეთით დასახლებული უმსხვილესი პუნქტია, იმავდროულად – ყველაზე „ცხელი წერტილიც“, ყველაზე დიდი უბედურებებიც სწორედ აქ ხდებოდა. კრემლს შოკში აგდებდა ყანდაგარში განვითარებული მოვლენები, ყველანი მოელოდნენ, რომ მოჯაჰედები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავდნენ თავიანთ „მექას“ მაგრამ ასე არ მოხდა.
ავღანეთის ომის დროს დიდხანს ვიბრძოდი ყანდაგარის ჭიშკართან. მოწინააღმდეგეც შესაფერისი მყავდა – მოლა მოჰამედ ომარი – სოფლის მოლა, რომელიც მოგვიანებით, მრისხანე საველე მეთაური გახდა. ის ყანდაგარის მეზობელი სოფლიდან იყო. 10 წელიწადს გვეომებოდა, მანამ, სანამ „დანაღმულ უდაბნოში“ საბჭოთა ჯარების შეზღუდული კონტინგენტის ნაწილები იდგნენ.
ომარის ხელმძღვანელობით მოჯაჰედები გააფთრებულები გვებრძოდნენ. თითქმის ყველა აული, ყველა სახლი ციხე-სიმაგრედ იყო გადაქცეული. ჩემს გაოცებას დღესაც იწვევს ის, რომ ამ სამხედროწვრთნაგაუვლელ, ფეხშიშველა ხალხს საიდან ჰქონდა ამხელა გამოცდილება და გამჭრიახობა - სადაც არ ველოდით, სწორედ იქ გვესხმოდნენ თავს. ერთს ჩათვლემდა ჩვენი „პატრული“ თუ არა, მაშინვე უხსენებელივით ამოძვრებოდნენ მიწიდან და... პირტიტველა ბიჭი, ჯარისკაცი, უკვე წამში ყელგამოჭრილი, უსულოდ ეგდო მიწაზე, სისხლის გუბეში ცურავდა.
 
ყანდაგარის კარიბჭესთან ბრძოლისას, როცა შევიტყვე, გიორგი მეთერთმეტეს საფლავის არსებობის შესახებ, მოსვენება დავკარგე. ბრწყინვალე მეფის, სწორუპოვარი მეომრის ბედი, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას შევადარე და აღმოვაჩინე... ძალზე უმწეოდ მომეჩვენა ჩემი თავი, რადგან მეც, საბჭოთა ოფიცერი, საბჭოთა მთავრობის დავალებას ვასრულებდი და არც ვიცოდი, სად ვპოვებდი სამუდამო განსასვენებელს, ან რა შეფასებას მისცემდა ჩემს „ავღანურ-ინტერნაციონალურ ვალს“ მომავალი თაობა. დიდებული მხედართმთავარი, თუმცა თავის ნების საწინააღმდეგოდ იყო ნაბრძოლი, მაინც ბედნიერი იყო, რადგან ისტორიაში დარჩა, როგორც ტრიუმფალური ქართლის მეფე, რომლის გამარჯვებასაც დამარცხებულმა ავღანელმა ხალხმა მარადიული ძეგლი აუგო.
დიდი სურვილი მკლავდა, მუხლი მომეყარა გურჯი გიორგის სახელით დამშვენებული სვეტისა და საფლავის წინაშე, მაგრამ ვერ ვიღებდით ყანდაგარს, ვერაფრით წავიწიეთ წინ, თითქმის ერთ ადგილს ვტკეპნიდით. იერიში რამდენიმე დღით გაგვიჭიანურდა, იმიტომ, რომ „უდაბნოს ომი“ კლიმატსმიჩვეულ და მთის ბილიკების თვალდახუჭვით მცოდნე ავღანელებს ჩვენზე უკეთ ეხერხებოდათ.
ჩემში ისე იძალა სურვილმა, რომ ბიჭებს წყაროს წყალზე ჩამოსული ავღანელი გლეხი დავაჭერინე და მოჯაჰედების მეთაურს მისი პირით შევუთვალე: „მე, გურჯ პოლკოვნიკს, გურჯი გიორგის თანამემამულეს, სურვილი მაქვს, ჩემი დიდი წინაპრის საფლავს ვცე თაყვანი და თუ ნებას დამრთავთ, ხვალ 3 საათზე უიარაღოდ მარტო გამოვალ-მეთქი. არავითარ გარანტიას არ გთხოვთ, მეომრის სიტყვის გარდა. იცოდეთ, მეც თქვენსავით პატარა ქვეყნის შვილი ვარ-მეთქი.
 
შუაღამისას დაბრუნდა, უდაბნოს მტვერში ამოგანგლული, მშიერ-მწყურვალი შუამავალი. კაცი თარჯიმანს ძლივს აგებინებდა, რადგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, თან შიგადაშიგ იღიმებოდა კიდეც.
 
შემომითვალეს, რომ მათ უფრო მეტი იცოდნენ გურჯი პოლკოვნიკის შესახებ, ვიდრე მე მეგონა. რიტუალის შემსრულებელი კაცი მათთვის წმიდათაწმიდა იყო და მოსისხლეც რომ ყოფილიყო, არაფერს დაუშავებდნენ. უფლება დამრთეს: მოვიდეს, მუხლი მოიყაროს თავისი დიდი პაპის წინაშე, ჩვენ ჩვენი მხრივ, დერეფანს გავუკეთებთ, რომ ვინმე მოჯაჰედს, შემთხვევით, იარაღი არ გაუვარდესო.
მოდი და, ნუ გადაირევი ამ ამბის შემტყობი. ბოლოს და ბოლოს ვინ ვიყავი მე მათთვის?! – რუსი ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი დახელოვნებული მკვლელი, რომელსაც მათთვის ზიანის მეტი არაფერი მომიტანია, მაგრამ ხმები მომივიდა (დაზვერვა იქაც კარგად მუშაობს და – თითო გამყიდველი ყველგან მოიძებნება): მათ იცოდნენ ჩემი ჩამომავლობის – გურჯობის შესახებ და ჩემს სახელს რაღაცნაირი პატივისცემითაც კი მოიხსენიებდნენ. ყოველივე ეს მაკვირვებდა. იცით, რატომ? რა კარგს მე ვუკეთებდი ამ უწყინარ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს – დღისით, მზისით, თავს ვესხმოდი და ვანადგურებდი. მინდა, ჩემს სასარგებლოდაც ვთქვა ერთი რამ, ბრძანება მქონდა გაცემული – ლოცვების დაწყებისთანავე ჩვენებს შეეწყვიტათ სროლა. ამ ბრძანებას ასრულებდა ყველა, ვინც ჩემს დაქვემდებარებაში იყო. ამის შესახებ იცოდნენ მოჯაჰედებმა და ამას დიდ ადამიანურობად და ჩემგან უდიდეს პატივისცემად მიიჩნევდნენ.
 
დათქმულ დროს უიარაღოდ, შილიფად ჩაცმული წავედი. თეთრი კვართის მსგავსი მოსასხამი მოვიცვი. ეგ იყო, საბჭოთა ოფიცრის ქუდი მაინც მეხურა. ხელები წელზე შემოვიწყვე და ხანდახან ნაბიჯს ვანელებდი, რომ კარგად შემათვალიერონ. თუმცა მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ უიარაღოდ ვიყავი.
 
ჩემს „ზონას“ რომ გადავცილდი, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ამ გაუთვალისწინებელ ნაბიჯს რა შედეგი შეიძლება მოეტანა ჩემთვის. უკვე საკუთარ თავსაც ვტუქსავდი, ასე რომ ავცუნდრუკდი. რა უფლება მქონდა მე, ოფიცერს, ჩემი სიცოცხლე სასწორზე შემეგდო?! რას იტყოდა სარდლობა, ამას რომ გაიგებდა?! მაგრამ, იმ წუთს, ამ სრულიად ადამიანურ შიშს, რომელიც თავისდაუნებურად დამეუფლა, „მოქიშპე“ გამოუჩნდა – ჩემს არსებაში გაღვიძებული საოცარი გრძნობა, მე ხომ ქართველი ვიყავი და თანაც, გიორგი მეთერთმეტის ნაკვალევზე მიმავალი..
.
ყოველ ოც მეტრში თეთრად თავყბაახვეული მოჯაჰედები იდგნენ, მათ ახლოს ჩავლისას ვხედავდი, ყველა მათგანი როგორი გაფართოებული თვალებით მიღიმოდა. როგორც იქნა, მივაღწიე ნანატრ ადგილამდე, მოწიწებით ვემთხვიე გრანდიოზულ „სტელას“, რომელზეც ავღანურ ენაზე შესრულებული ისტორიული სიტყვები ამოვიკითხე. რამდენიმე წუთი ხელი იმ ადგილას მედო, სადაც „გურჯი გიორგი“ იყო ამოტვიფრული. მერე მისი საფლავის წინაშე მოვიყარე მუხლი. კარგა ხანს ვიყავი ასე მუხლმოყრილი. როცა წამოვდექი, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი და იქვე, საკუთარ თავს გამოვუტყდი: ახლა რომც ესროლათ, აღარ ვინანებდი, რადგან მე ხომ ჩემი შევასრულე-მეთქი.
 
სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, ირგვლივ მიმოვიხედე. საოცარი იყო, ორიოდე მოჯაჰედი „მცველის" გარდა, ირგვლივ ვეღარავინ დავინახე. მადლიერების ნიშნად ორივე ხელი ზეაღვმართე. მოულოდნელად იქვე, დაახლოებით 50 მეტრში „შავი შაშხანის“ (ამერიკული M-16) სროლის ხმა გაისმა. დავიბენი, არ შემეშინდა-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილია, მაგრამ თავს შევუძახე, შიში არ შეგამჩნიონ, გიორგი მეთერთმეტის შთამომავალს არ გეკადრება-მეთქი და წელში უფრო გავიმართე.
 
გაუგებრობა სწრაფად გაირკვა: თურმე, ჩემ მიერ გადადგმული სწორედ ამ გაბედული ნაბიჯის პატივსაცემად ისროლეს ჰაერში. ცოცხალ დერეფანში ჩამწკრივებულ მოჯაჰედებს გავუსწორდებოდი თუ არა, სამხედრო წესის თანახმად, მხრიდან შაშხანას იხსნიდნენ, ჰაერში ისროდნენ, შემდეგ კვლავ მხარზე იკიდებდნენ, თეთრ კბილებს მიელვებდნენ და გზას ხელით მიჩვენებდნენ – მიბრძანდითო.
უზომოდ გახარებული და სიცხისგან თუ განსაცდელისგან ოფლში გაღვარული დავბრუნდი ჩემს ბლინდაჟში. მეორე დღეს კი, საომარი მოქმედებები, საუბედუროდ, კვლავ გაგრძელდა. ერთი თვე დამჭირდა, რათა ყანდაგარი ამეღო. ხატზე შემიძლია დავიფიცო, ქორივით ვედექი ჯარისკაცებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობათაგან არავინ გაეძარცვათ ან გაეუპატიურებინათ. თუმცა, თითო-ოროლა შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი. რას ვიზამთ, ომი მაინც ომია. ასეთი „უსიამოვნებები“ ყოველთვის თან ახლავს.
 
თითქმის ათი წელი ვიდექით ავღანეთში, მაგრამ მთელი ჩემი მხედრული სინდისით მაინც ვაცხადებ, რომ ჩვენ ეს ქვეყანა ვერ დავამარცხეთ. იცით, რატომ ვერ დავამარცხეთ? თვითონ ავღანელის დაჩოქება გაგვიჭირდა, იგი სიკვდილს არჩევდა თავისუფლების დაკარგვას და ამიტომ იყო, ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ გვებრძოდა.
 
მოკლედ, ავღანეთი უფრო მაგარი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი მოელოდა.“
„მე - გენერალი ეპიტაშვილი.“
ზურაბ შარეიძე - გენერალ-მაიორი თენგიზ ეპიტაშვილის მოგონებები ავღანეთზე (16.08.2021)
 
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის