USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
გელა ჩარკვიანი - პოლკოვნიკი სენდერსმა KFC-ის სადილის ერთჯერადი ტალონები მაჩუქა
Date:  5381
„8 საათზე სასტუმროს ადმინისტრატორის ზარმა გამაღვიძა, თქვენთან სტუმარია მოსულიო. რა დროს სტუმარია-მეთქი, გავიფიქრე და ნელა, ზარმაცად შევუდექი ჩაცმას. პირზე წყალი შევისხი და პირველი სართულის ფოიეში ჩავედი. გარეთ გელოდებათო, ადმინისტრატორმა.
 
უკიდეგანო ლურჯი ამერიკული მანქანის ფონზე, იმ თეთრ კოსტიუმში და შავი პეპელა-ბანტით, ზუსტად ისეთი, მსოფლიოს 28 000 რესტორნის აბრაზე რომ ნახავთ, იდგა პოლკოვნიკი სენდერსი, კენთაკის შემწვარი წიწილის რეცეპტის ავტორი. ჯარში მართლაც უმსახურია, თუმცა მაღალ სამხედრო წოდებას იქ ვერ მიანიჭებდნენ, ჯორებს უვლიდაო, ამბობენ. პოლკოვნიკად კი სამხრეთ შტატებში ყველა პატივსაცემ მამაკაცს ნათლავენ. წინა საღამოს ჩვენმა ბიჭებმა, ამერიკელი იმპრესარიოს რჩევით, ქალაქ ლექსინგტონის დიდ სპორტულ არენაზე „შემწვარი წიწილას“ სარეკლამო სიმღერა იმღერეს, გამოკვეთილად ქართული მანერითა და აქცენტით. “America loves what the colonel cooks” (ამერიკას უყვარს, რასაც პოლკოვნიკი ამზადებს). ჰარლანდ სენდერსი და მისი მეუღლე კლაუდია ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე ისხდნენ და მათ პროჟექტორი მიანათეს, როცა ბიჭებმა წამოიწყეს: “Have a bucket of chicken, have a barrel of fun” (მიირთვი ერთი პატარა ვედრო წიწილა და მიიღე დიდი კასრი სიამოვნება). კონცერტის შემდეგ ჰარლანდი და კლაუდია კულისებში გვეწვივნენ, თითქმის გაუგებარი სამხრეთის შტატების ამერიკულით მომღერლებს მადლობა გადაუხადეს, ცოტა ხანს ჩემთან ისაუბრეს და გამოგვეთხოვენ. და აი, ახლა, დილით, იგი კვლავ ჩემ წინ იდგა და ერთ ხელში რაღაც ბანქოსხელა ქაღალდებს ურევდა. „ეს სადილის ერთჯერადი ტალონებია. ჩემს ნებისმიერ რესტორანში შეგიძლიათ გამოიყენოთ. შვიდი ცალი მომღერლებს და ერთი თქვენ“. მადლობა ვუთხარი და მანქანაში რომ ჯდებოდა, დავაყოლე, იმედი მაქვს, როდისმე თქვენი რესტორანი ჩემს ქალაქშიც გაიხსნება-მეთქი.
 
ამის წარმოდგენა 1974 წლის შემოდგომაზე არამარტო აბსოლუტურად არარეალური, არამედ სადღაც სარისკოც კი იყო. ვინ იცის, ვინ რა კუდს გამოაბამდა, რომ გაეგონა, მაგრამ გარშემო არავინ ჩანდა.
გავიდა ზუსტად ორმოცი წელი. 2014 წლის დეკემბრის დილაა. მაშინდელზე უფრო ზარმაცად და ხუთჯერ ნელა ჩავიცვი, სახეზე წყალი შევისხი და ქუჩაში გავედი. ბახტრიონი გადავჭერი და ბუკიას ბაღის გვერდით მიწისქვეშა გადასასვლელისკენ გავემართე. წითელი პასტა და კორექტორი უნდა მეყიდა. კიბეს რომ მივუახლოვდი, გავშტერდი. ყოფილი „ნიკალას“ სასადილოს დიდი ვიტრინიდან ისევ ის კაცი მიყურებს. მალე გაიხსნებაო, წერია ქვეშ. გავიფიქრე, რასაც ამგვარ შემთხვევებში ყოველთვის ვფიქრობ. როგორ უმოწყალოდ ჩაგრავს ჩვენს ფანტაზიას რეალობა.
 
ვერ მოვითმინე და ყოფილ „ნიკალაში“ შევედი. შიგ რამდენიმე მუშა ტრიალებდა და ორი გოგო უსაქმოდ იდგა. შავი ნაქსოვი ქუდი წარბებზე მქონდა ჩამოფხატული. ყველა ისედაც ვერ მცნობს, ასე გამოწყობილს კი მით უმეტეს. გოგოებს მივესალმე, ხელი სენდერსის პორტრეტისკენ გავიშვირე და ძალიან ბუნებრივად ვთქვი, ამ კაცს ვიცნობდი-მეთქი. ვიგრძენი, რომ დაიძაბენ. ვინ ვიყავი? „ნაპოლეონი ვარ“ ტიპის გიჟი? ან იქნებ ფული მინდოდა მეთხოვა და ლეგენდა შევქმენი. მე კი წყნარად გავაგრძელე თხრობა: „ლექსინგტონში გავიცანი 1974 წლის შემოდგომაზე. სასტუმროშიც მეწვია და ტალონებიც მაჩუქა. კონცერტზე ცოლთან ერთად იყო მოსული, კლაუდიასთან“. ცოლის სახელი რომ გაიგონეს, გოგონებს სიცილი აუტყდათ. ერთი ვეღარ ჩერდებოდა და სადღაც მიიმალა. ალბათ სწორედ მან შეატყობინა „უფროსს“, ვიღაც გიჟია შემოსულიო, რადგან ორიოდ წუთში მენეჯერული გარეგნობის კაცი გამოჩნდა. რომ მომიახლოვდა, მომეჩვენა თითქოს ჩემი სახე ეცნო – ძალიან თავაზიანად მომმართა, რით შეგვიძლია გემსახუროთო. არაფრით. უბრალოდ გამიხარდა, რომ თბილისში KFC იხსნება, პოლკოვნიკ სენდერს ვიცნობდი-მეთქი, ვთქვი და კარისკენ წავედი. ალბათ მასაც და გოგონებსაც გულზე მოეშვათ, სულელური ამბების მოყოლა რომ აღარ გავაგრძელე და, რაც მთავარია, ფული რომ არ ვთხოვე. ყურზე ძლიერი „ოტიკონი“ მეკეთა და გასვლისას გავიგონე, კაცმა გოგოს რომ უთხრა: „მოკლედ, გაგიჟდები რა, ისეთ რამეს გაიგონებ. საიდან მოიტანა. ეგ პოლკოვნიკი ხომ გამოგონილი ფიგურაა. სინამდვილეში არც არასდროს არსებობდა“-ო.
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way