USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები
дата:  484

წყარო:https://bm.ge/

გთავაზობთ გასული კვირის (13 – 18 ივნისი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ევროკავშირის მოთხოვნები, რომლებიც საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს
2. როგორი არის თიბის კაპიტალისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
3. საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 446.5 ლარამდე გაიზარდა
4. მაისში საქართველოში სარეკორდო ფულადი გზავნილები გადმოირიცხა
5. იანვარ-მაისში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი
6. IDS Borjomi International-მა საქართველოს მთავრობას 7.73%-იანი წილი გადასცა
7. IMF-მა საქართველოს ახალი 280 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა
8. როგორია სახელმწიფო საბაზისო პენსიის ოდენობა და პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი საქართველოში
9. რა ღირს უფუნქციოდ დარჩენილი ,,ქუთაისის პარლამენტის შენობა''
10. რა შედეგები აქვს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში

1. ევროკავშირის მოთხოვნები, რომლებიც საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს
ევროკომისიის რეკომენდაციით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა მიიღოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს, ხოლო ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ შეფასებას 2022 წლის ბოლოს მოამზადებს. რაც შეეხება სტატუსის მისაღებად შესასრულებელ მოთხოვნებს, ეს მოთხოვნებია: პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება; ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების გარანტია; სასამართლოს რეფორმა; ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის დონის ამაღლება; „დეოლიგარქიზაცია“; დამოუკიდებელი მედიაგარემო; მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა; ომბუდსმენის წარდგენის პროცესის გამჭირვალობა და სხვ.

სრულად EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 მოთხოვნა: https://bit.ly/3mYKfdx; https://bit.ly/3n0ta31

2. როგორი არის თიბის კაპიტალისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
თიბისი კაპიტალმა 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან თითქმის 8%-მდე გაზარდა. ზრდის ფაქტორებად კი ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები გაუმჯობესება დასახელდა. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკურ პროგნოზების მიხედვით კი წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება, დაშვება ემყარება პანდემიის შემდეგ დაფიქსირებულ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/39Af6tX; https://bit.ly/3xBYQAD

3. საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 446.5 ლარამდე გაიზარდა
2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 446.5 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.1%-ით მეტია. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მეტი მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დაფიქსირდა - 3 037.5 ლარი. რეგიონებს შორის ლიდერობენ ქ. თბილისი (1 675 ლარი) და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (1319.3 ლარი). რაც შეეხება სქესობრივ ჭრილში, ქალების საშუალო ხელფასი 1 184.8 ლარს, ხოლო კაცების - 1 695.4 ლარს შეადგენდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3y0trZU; https://bit.ly/39BnJ7C

4. მაისში საქართველოში სარეკორდო ფულადი გზავნილები გადმოირიცხა
ეროვნული ბანკის მონაცემებით მაისში საქართველომ 505.7 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე მეტი გზავნილი კი რუსეთიდან შემოვიდა - 313.9 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 889%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსული Zolotaya Korona-თი გადმოირიცხა (208 მილიონი აშშ დოლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xzNltl; https://bit.ly/39y1Ypf; https://bit.ly/3OoGWrI

5. იანვარ-მაისში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 841 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი რუსეთიდან შემოსულმა მოქალაქეებმა დახარჯეს, ჯამში 150.4 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა ბელარუსი (94.6 მილიონი აშშ დოლარი), თუმცა ერთ ვიზიტორზე საშუალო ხარჯებით პირველი ბელარუსია, რომლის ერთი ვიზიტორის საშუალო ხარჯი 3,188 აშშ დოლარს შეადგენდა. ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი კი 2022 წელს, პანდემიამდე პერიოდის, 2019 წლის მაჩვენებლის 75%-ზეა.
ვრცლად თემა: https://bit.ly/3MWvenj

6. IDS Borjomi International-მა საქართველოს მთავრობას 7.73%-იანი წილი გადასცა
საქართველოს მთავრობა IDS Borjomi International-ის 7.73%-იანი წილის მფლობელი გახდა, ამასთან მთავრობას კომპანიის დირექტორთა საბჭოში ორი წევრი ეყოლება, რომელთაგან ერთი თავად საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა შეძლებს კომპანიაში სრული კონტროლის დამყარებას, ხოლო “ბორჯომი” სრულფასოვნად ფუნქციონირებას შეძლებს. გარდა მთავრობის 7.73%-იანი წილისა, IDS Borjomi International-ის აქციონერები არიან: Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49.99%; Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48% და “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%.
ვრცლად თემა: https://bit.ly/3xCgMv4; https://bit.ly/39Iyepw; https://bit.ly/3mXDaKj

7. IMF-მა საქართველოს ახალი 280 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 280 მლნ აშს დოლარის პროგრამა დაუმტკიცა, რომელიც ითვალისწინებს: ფისკალური ბუფერების შევსებას, ფისკალური ჩარჩო წესების გაძლიერებას, საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, საფინანსო სექტორის მდგრადობის განმტკიცებასა და მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. პროგრამის დამტკიცებისთანავე კი საქართველოთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
ვრცლად თემა: https://bit.ly/3O65HcE

8. როგორია სახელმწიფო საბაზისო პენსიის ოდენობა და პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი საქართველოში
PMC კვლევითი ცენტრის კვლევის ანგარიშის მიხედვით 2017-2021 წლებში სახელმწიფო პენსიის მოცულობა ლარებში იზრდებოდა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო, დოლარში გადაყვანილი პენსია პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და მხოლოდ 3 აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საბაზისო პენსიის ოდენობითა და პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტით (საბაზისო პენსიის შედარება საშუალო ხელფასთან) კი საქართველო ჩამორჩება აზერბაიჯანსა და სომხეთს.
ვრცლად თემა: https://bit.ly/3tLG8Wd; https://bit.ly/3zI9I2A; https://bit.ly/3bdjP5n

9. რა ღირს უფუნქციოდ დარჩენილი ,,ქუთაისის პარლამენტის შენობა''
2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არის. მიუხედავად მთავრობის წევრების დაპირებებისა, ამ შენობის არც პრივატიზება და არც სხვა ფუნქციის მინიჭება არ მომხდარა. BMG-ს მიერ მოძიებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით „ქუთაისის პარლამენტის შენობის“ ღირებულება 53.5 მლნ ლარია, ხოლო მასში განთავსებული ქონება თითქმის 7 მლნ ლარი. ამ ხნის განმვალობაში კი ქონების მოვლა-პატრონობაზე მინიმუმ 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა.

ვრცლად თემა: https://bit.ly/3tFBTeL

10. რა შედეგები აქვს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში საქართველომ 43.3 მილიონი ლარი და 7.3 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ კომპანიებს დაეკისრათ კომპენსაციების გადახდა. აქვე შეგახსნებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 24 საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა, სადაც 2 დავა ქართული მხარის წაგებით დასრულდა, ხოლო 4-ში კი მოსარჩელე მხარესთან მორიგება გადაწყდა. ჯამში საარბიტრაჟო დავებში საქართველოს 47.6 მილიონი დოლარის, 9.2 მილიონი ევროს და 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა.
ვრცლად თემა: https://bit.ly/3mW2dxs

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати