USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში (26 აგვისტო - 1 სექტემბერი)
Date:  338

გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში (26 აგვისტო - 1 სექტემბერი)

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა. სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღგ-ის გადამხდელი კომპანიების, ანუ კერძო სექტორის ბრუნვამ, რამაც ივლისში 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8%-ით მეტია.

"2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს

„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს. ამის შესახებ პარასკევს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, სადაც "რუსული კანონის" წინააღმდეგ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა რეესტრს ამ კანონმდებლობის საფუძველზე ბანკიდან ინფორმაციის მიღება. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეეხება საფინანსო სექტორს და საბანკო კონფიდენციალურობა სპეციალური კანონმდებლობით არის დაცული.

ამის საპირისპიროდ, საჯარო რეესტრის უფროსი, დავით დევიძე ამბობს, რომ კანონი საბანკო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებასაც იძლევა.

ლარმა გამყარება განაგრძო

გასული კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარების ტრენდი გაგრძელდა. კვირის დასაწყისში ერთი დოლარი 2.6977 ლარი ღირდა, კვირის ბოლოს კი მისი ღირებულება 2.6911 გახდა. ასევე უფრო მეტად, 2 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან, რომელიც ორშაბათს 3.004 ლარი ღირდა, კვირის ბოლოს კი ერთი ევროს ღირებულებამ 2.9809 ლარი შეადგინა.

სავარაუდოდ არსებული გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში გაზრდილი ტურისტული შემოდინებააა, თუმცა, ოფიციალურად ტურიზმის სტატისტიკა თვიურ ჭრილში ცნობილი აღარ ხდება და ის მხოლოდ კვარტალის (მესამე კვარტალის) დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, ეს კი ნიშნავს, რომ უცნობია რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს აგვისტოში და რა არის მისი წლიური ზრდა. რაც შეეხება ექსპორტს, აგვისტოს ექსპორტის სტატისტიკა ცნობილი გახდება 15 სექტემბერს, იქამდე კი უცნობია რა მოცულობის საქონელი გაიტანა საქართველომ გასული თვის განმავლობაში ექსპორტზე.

2024 წლის 7 თვეში მთავრობამ ₾11.5 მილიარდის გადასახადები აკრიფა - ბიუჯეტის ანგარიში

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს მთავრობამ 11.5 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალი მიიღო, რაც ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 82%-ია. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, გეგმასთან მიმართებით ყველაზე მაღალი შესრულება მოგების და აქციზის გადასახადების მიმართულებით ფიქსირდება.

2024 წლის იანვარ-ივლისში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:

დღგ - 4.27 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 79.4%;
საშემოსავლო გადასახადი - 3.81 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 80.2%;
მოგების გადასახადი - 2.03 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 93.5%;
აქციზის გადასახადი - 1.44 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 85.9%;
იმპორტის გადასახადი - 81.6 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 74%.

რაც შეეხება საპრივატიზაციო შემოსავალს, 2024 წლის იანვარ-ივლისში ცენტრალურ ბიუჯეტში 99 მილიონი ლარი მიიმართა, რაც 9 თვის გეგმის 89.5%-ს წარმოადგენდა.

დაგეგმილზე მსხვილი საგადასახადო შემოსავლების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის 519 მილიონით, 25.5 მილიარდ ლარამდე ზრდას გეგმავს.

საქართველოში Zolotaya Korona-ს მომსახურება აღდგა - საბანკო ასოციაცია

26 აგვისტოს ქართულმა ბანკებმა ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona-ს მომსახურება აღადგინეს. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, რადგან სექტორი აზუსტებდა Zolotaya Korona-ს კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა კომპანიასთან. მოკვლევის შედეგად, აღნიშნული კავშირი არ დადგინდა.

თუმცა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველომ ფულადი გზავნილების ეს სისტემა მაინც უნდა დაბლოკოს, რადგანაც ის გადარიცხვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ემსახურება, რითაც ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს.

2024 წლის 7 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.81 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2024 წლის იანვარ-ივლისის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 თვეში საბანკო სექტორმა წმინდა მოგების სახით 1.81 მილიარდი ლარი გამოიმუშავა. მათ შორის მოგებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, რომლის მოგებამც 921 მილიონი ლარი შეადგინა, მეორე პოზიციაზეა თბილისი ბანკი, მესამეზე კი ლიბერთი. 17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზე იმყოფება, მათ შორის ყველაზე მსხვილ 9.3 მილიონიან ზარალზეა ვი-თი-ბი ბანკი.

2024 წლის იანვარ-ივლისის მდგომარეობით, ქართული ბანკების მოგების მაჩვენებლები ასეთია:

# კომერციული ბანკი მოგება ლარებში
1 საქართველოს ბანკი 920,991,000
2 თი–ბი–სი ბანკი 682,891,000
3 ლიბერთი ბანკი 65,683,000
4 ბაზის ბანკი 42,015,000
5 კრედო ბანკი 31,363,000
6 ქართუ ბანკი 22,159,000
7 პროკრედიტ ბანკი 20,699,000
8 ტერა ბანკი 18,479,000
9 ხალიკ ბანკი 11,213,000
10 იშ ბანკ 9,093,000
11 პაშაბანკი 4,457,000
12 ზირაათ ბანკი 3,453,000
13 პეივბანკი -194,000
14 პეისერა -791,000
15 ჰეშბანკი -2,074,000
16 სილქ ბანკი -5,519,000
17 ვი–თი–ბი ბანკი -9,327,000

ივლისში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 3%-ით გაიზარდა, ბინების გაქირავების ფასი კი შემცირდა - TBC Capital

"2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე,"- ამის შესახებ ცნობილი ხდება TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში თბილისში გაყიდული ბინების საერთო ფასი $268 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამასთან, ივლისში შეიცვალა ტრენდი და გაყიდვებში ზრდა დაფიქსირდა.

გასაქირავებელმა ფასმა ივლისშიც განაგრძო კლება და კვადრატულ მეტრზე $11.5-ს გაუტოლდა, რაც გასული თვის მაჩვენებელს 0.8%-ით ჩამორჩება, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით - 9.1%-ით.

ქართულ ბანკებში არსებულმა დეპოზიტებმა ₾56 მილიარდს მიაღწია

სქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 55.66 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825.97 მლნ ლარით, ანუ 1.51%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 51.50 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით).

ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელი 57 მილიარდი ლარია - ივლისის სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 202.32 მლნ ლარით (0.35%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და ივლისის ბოლოს 57.14 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის თანახმად, ივლისში ქართული ბანკების სესხებში ეროვნული ვალუტის წილი 0.93 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55.76% შეადგინა.

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული - 261 მლნ ლარის ხელფასები გასცა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2024 წლის 6 თვეში 261 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 520 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.

შპს "ავიატორმა" აზარტული თამაშების ოპერატორს Spribe OÜ-ს და Adjarabet-ს $330-მილიონიანი დავა მოუგო

20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შპს ავიატორის საავტორო უფლებებისა და სასაქონლო ნიშნებზე უფლებების დარღვევის შესახებ სარჩელზე აზარტული თამაშების კომპანიის Spribe OÜ-სა და საქართველოს უდიდესი ონლაინ კაზინოს, Adjarabet-ის, მიმართ, რომელიც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანია Flutter Entertainment Plc-ს. (NYSE: FLUT) (LON: FLTR). სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა საავტორო უფლებების და სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევა და გაუქმდა არაკეთილსინდისიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები, რომელიც იმავდროულად არღვევდა შპს ავიატორის საავტორო უფლებებს. საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ოდენობა 330 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

„ინფორმაცია მოპოვებულია „bm.ge-ის“ მიერ და თავდაპირველად გამოქვეყნდა https://bm.ge-ზე.“

world
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way