USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
თბილისი
გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (20-26 თებერვალი)
თარიღი:  292

გთავაზობთ გასული კვირის (20-26 თებერვალი) მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს:

1. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო "ეროვნული ბანკის შესახებ" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. უფრო ვცრლად წაიკითხეთ ბმულზე.


2. მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს. გადაწყვეტილება სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


3. ეს არის რუსული კანონპროექტი - კელი დეგნანი "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტზე

“ეს არის რუსული კანონპროექტი. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ, მათი გაჩუმებისკენ, აზრთა სხვადასხვაობის ჩახრჩობისკენ მიმართული ინიციატივა,”- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ელჩის განცხადებით, “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ არის მიმართული. ამასთან, დეგნანი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებას, რომ ეს ინიციატივა ამერიკულ კანონთან არის დაკავშირებული. დიპლომატის განცხადებით, ამერიკაში მოქმედი კანონი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის თაობაზე არის კონკრეტულად ლობისტური საქმიანობის რეგულირებისთვის შექმნილი და არა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისთვის. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


4. სურსათის ფასის რეგულირების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტს მოამზადებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. პრემიერმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა. საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებში იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ფასების “რეგულირებისთვის” ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა, რისთვისაც უწყებამ რიტეილ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან გამართა შეხვედრები. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივის (DIRECTIVE (EU) 2019/633) შესაბამისი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ევროდირექტივა “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. ევროდირექტივის მიზანია აღკვეთოს გარკვეული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების მხრიდან საკუთარი დომინანტური პოზიციის გამოყენება მიმწოდებლებთან მიმართებით. დირექტივის ძირითადი ტექსტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე მალფუჭებადი საქონლის პირველად მწარმოებლებს შეეხება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


5. იანვარში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა

საქსტატმა 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილზე მსუბუქმა ავტომობილებმა გადაინაცვლა, მეორე პოზიციას კი სპილენძის მადნები იკავებს. ათეულში შემავალი პროდუქტიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. კლება მხოლოდ თხილის ექსპორტში ფიქსირდება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


6. ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში კი გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ დსთ-ში საქართველოს ექსპორტი 68%-ით გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ექსპორტის 60%-ს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით შემცირდა. მთლიან ექსპორტში EU-ზე მხოლოდ 16% მოდის. დსთ-ს ბაზარზე საქართველომ 3.75-ჯერ მეტი საქონელი გაიტანა, ვიდრე ევროკავშირში. საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ესენია ბულგარეთი (მეშვიდე) და ესპანეთი (მერვე პოზიციაზე). დანარჩენი ბაზრები ძირითადად დსთ-ს მიეკუთვნება. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.


7. მდინარე რიონზე ავტობანის მშენებარე ხიდის ნაწილი ჩამოიშალა

სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე 810-მეტრიანი ხიდის ნაწილი მდინარე რიონის ადიდების გამო ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნგრევა მშენებარე ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც მასზე დაყრდნობილი ორი მალის ჩაწოლა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის დასრულების არაერთხელ გადავადება არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორებმა განაპირობეს. თავდაპირველად კონტრაქტი კომპანია “ალტკომთან” გაფორმდა, რომელმაც ჩარიცხული მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად, პროექტის მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს “ალტკომი” კომპანია “აკორდმა” ჩაანაცვლა, რომელსაც 89-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც “აკორდმა” დაასრულა, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილი მერვე ბურჯი სწორედ ამ კონტრაქტორმა ააშენა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


8. რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა

საქსტატმა 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება გაზარდა. იანვრის განმავლობაში საქართველომ სულ 82 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, ამ ნავთობის 69%-ის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა. შედარებისთვის, 2022 წლის იანვარში რუსეთი იმპორტში რუმინეთის; ბულგარეთის; აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, წელს კი მან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. პარალელურად, მკვეთრად - 88%-ით დაეცა საწვავის იმპორტი აზერბაიჯანიდან. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


9. ეროვნულმა ბანკმა ციფრულ ბანკ Paysera საქართველოს სესხების გაცემა კიდევ რამდენიმე თვით შეუზღუდა

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის Paysera-ს საბანკო ლიცენზია გასცა. საბანკო ლიცენზიის პირობების მიხედვით, ბანკს არსებობის პირველი 4 თვის განმავლობაში რეალურ კლიენტებზე სესხების გაცემა შეზღუდული ჰქონდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლითაც Paysera-ს რეალურ კლიენტებზე სესხის გაცემა ლიცენზიის აღებიდან 7 თვის განმავლობაში შეეზღუდა. შესაბამისად, ბანკი რეალურ კლიენტებს 2023 წლის ივნისამდე ვერ მოემსახურება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


10. ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გამართა. სხდომაზე ინვესტორებმა, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო დონორებმა შუა დერეფნის მნიშვნელობის, ასევე შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროკაბელის მშენებლობის, ლოგისტიკის და საზღვაო მიმოსვლის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.