გთავაზობთ გასული კვირის (20-26 თებერვალი) მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს:
1. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო "ეროვნული ბანკის შესახებ" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. უფრო ვცრლად წაიკითხეთ ბმულზე.
2. მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს. გადაწყვეტილება სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
3. ეს არის რუსული კანონპროექტი - კელი დეგნანი "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტზე
“ეს არის რუსული კანონპროექტი. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ, მათი გაჩუმებისკენ, აზრთა სხვადასხვაობის ჩახრჩობისკენ მიმართული ინიციატივა,”- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ელჩის განცხადებით, “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ არის მიმართული. ამასთან, დეგნანი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებას, რომ ეს ინიციატივა ამერიკულ კანონთან არის დაკავშირებული. დიპლომატის განცხადებით, ამერიკაში მოქმედი კანონი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის თაობაზე არის კონკრეტულად ლობისტური საქმიანობის რეგულირებისთვის შექმნილი და არა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისთვის. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
4. სურსათის ფასის რეგულირების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტს მოამზადებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. პრემიერმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა. საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებში იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ფასების “რეგულირებისთვის” ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა, რისთვისაც უწყებამ რიტეილ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან გამართა შეხვედრები. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივის (DIRECTIVE (EU) 2019/633) შესაბამისი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ევროდირექტივა “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. ევროდირექტივის მიზანია აღკვეთოს გარკვეული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების მხრიდან საკუთარი დომინანტური პოზიციის გამოყენება მიმწოდებლებთან მიმართებით. დირექტივის ძირითადი ტექსტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე მალფუჭებადი საქონლის პირველად მწარმოებლებს შეეხება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
5. იანვარში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა
საქსტატმა 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილზე მსუბუქმა ავტომობილებმა გადაინაცვლა, მეორე პოზიციას კი სპილენძის მადნები იკავებს. ათეულში შემავალი პროდუქტიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. კლება მხოლოდ თხილის ექსპორტში ფიქსირდება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
6. ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში კი გაიზარდა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ დსთ-ში საქართველოს ექსპორტი 68%-ით გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ექსპორტის 60%-ს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით შემცირდა. მთლიან ექსპორტში EU-ზე მხოლოდ 16% მოდის. დსთ-ს ბაზარზე საქართველომ 3.75-ჯერ მეტი საქონელი გაიტანა, ვიდრე ევროკავშირში. საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ესენია ბულგარეთი (მეშვიდე) და ესპანეთი (მერვე პოზიციაზე). დანარჩენი ბაზრები ძირითადად დსთ-ს მიეკუთვნება. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.
7. მდინარე რიონზე ავტობანის მშენებარე ხიდის ნაწილი ჩამოიშალა
სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე 810-მეტრიანი ხიდის ნაწილი მდინარე რიონის ადიდების გამო ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნგრევა მშენებარე ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც მასზე დაყრდნობილი ორი მალის ჩაწოლა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის დასრულების არაერთხელ გადავადება არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორებმა განაპირობეს. თავდაპირველად კონტრაქტი კომპანია “ალტკომთან” გაფორმდა, რომელმაც ჩარიცხული მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად, პროექტის მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს “ალტკომი” კომპანია “აკორდმა” ჩაანაცვლა, რომელსაც 89-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც “აკორდმა” დაასრულა, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილი მერვე ბურჯი სწორედ ამ კონტრაქტორმა ააშენა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
8. რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა
საქსტატმა 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება გაზარდა. იანვრის განმავლობაში საქართველომ სულ 82 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, ამ ნავთობის 69%-ის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა. შედარებისთვის, 2022 წლის იანვარში რუსეთი იმპორტში რუმინეთის; ბულგარეთის; აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, წელს კი მან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. პარალელურად, მკვეთრად - 88%-ით დაეცა საწვავის იმპორტი აზერბაიჯანიდან. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
9. ეროვნულმა ბანკმა ციფრულ ბანკ Paysera საქართველოს სესხების გაცემა კიდევ რამდენიმე თვით შეუზღუდა
2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის Paysera-ს საბანკო ლიცენზია გასცა. საბანკო ლიცენზიის პირობების მიხედვით, ბანკს არსებობის პირველი 4 თვის განმავლობაში რეალურ კლიენტებზე სესხების გაცემა შეზღუდული ჰქონდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლითაც Paysera-ს რეალურ კლიენტებზე სესხის გაცემა ლიცენზიის აღებიდან 7 თვის განმავლობაში შეეზღუდა. შესაბამისად, ბანკი რეალურ კლიენტებს 2023 წლის ივნისამდე ვერ მოემსახურება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
10. ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გამართა. სხდომაზე ინვესტორებმა, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო დონორებმა შუა დერეფნის მნიშვნელობის, ასევე შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროკაბელის მშენებლობის, ლოგისტიკის და საზღვაო მიმოსვლის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.