USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს | Kalaki.ge
Date:  1455

ეს არის ადგილი თბილისში, რომელიც ყველა სეზონზე ჭრელია და სიჭრელისთვის გაზაფხულის მოსვლა არ სჭირდება - ადგილი, სადაც შეიძლება უნიკალური ძველი ნივთები აღმოაჩინო. ადგილი, რომელიც სხვადასხვა ეპოქის უნიკალურ სინთეზს ქმნის. აქ ძველ თბილისელებთან ერთად, უამრავ ძველ და უკვე ანტიკვარ ნივთს ნახავთ.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

ძველი არქიტექტურის ფონზე, ტროტუარებზე გაშლილი უამრავი საინტერესო, ყველა ეპოქის ნივთი დაგაიტერესებთ: ნახატები, ქანდაკებები, ჭანჭიკები, მონეტები, საოცარი მუსიკალური საკრავები. თუმცა, არა მარტო ძველი, აქვეა ახალი ხელნაკეთობანი. ძველისა და ახლის შერწყმა კი საოცრად ლამაზი და საინტერესოა. ესაა ადგილი სიცილის, დისკუსიის, ძველი ისტორიების გახსენების, სხვადასხვა ეროვნების ძველი თბილისელი ადამიანების გაცნობის, ასევე, გარშემორტყმული უამრავი ხელოვნების ნიმუშების სახელოსნოებით.

ეს რუსთაველის ქუჩიდან რამდენიმე მეტრში მდებარე მშრალი ხიდია. თბილისელების ნაწილი მას ძველმანების ხიდს, ზოგი კი მოგონებების ხიდს ეძახის.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

ძველისა და ახლის უკეთ შეცნობის სურვილით, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მშრალ ხიდზე მდებარე, ძველმანების ბაზარში გაისეირნება გადავწყვიტე, რათა საკუთარი შთაბეჭდილებები მკითხველისთვის უკეთ გამეზიარებინა. მშრალი ხიდის ტროტუარები უცხოელებით გადავსებული დამხვდა. ტურისტები დიდი ინტერესით იტაცებდნენ უძველეს სუვენირებს, ვერცხლს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სამხედრო ქურთუკებს, მათ შორის, დიდი რაოდენობით უსარგებლო ნივთებს, როგორებიცაა ნოკიას ძველი ტელეფონები, პლასტმასის მზის სათვალეები ჩინეთიდან და ა.შ.

„წლების მანძილზე ოჯახებში შეგროვილი ძველი ნივთები, ანტიკვარი, ყველაფერი – საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. ჩვენს ქვეყანაში არაფერი რჩება. ქართველი მყიდველიდან მხოლოდ ძველი ხალხი შემორჩა, რომელმაც ამ ნივთების ფასი იცის.

ჭურჭლის ნაწილი საკუთარი ოჯახიდან მომაქვს, ნაწილს კი გაჭირვებულებისგან ვყიდულობ, იაფად. ყოველ დღე, საღამოს 6-7 საათამდე ქუჩაში ვზივარ. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ორი კვირა ისე გავიდეს, ვერც ერთი ნივთი გავყიდო, მაგრამ ხანდახან მიმართლებს.“ – გვიყვება მშრალ ხიდზე ძველებური ჭურჭლის გასაყიდად გამოსული გიორგი.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

მაშინ, როდესაც თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გაშენდა და გაჩნდა უბნები, საჭირო გახდა ამ უბნების ერთმანეთთან დაკავშირება. მოქალაქეები თავისი ხარჯებით ძირითადად, ხის ხიდებს აშენებდნენ, რომლებიც დროის განმავლობაში, ადიდებულ წყალს მიჰქონდა. სწორედ ამ მიზნით, რათა პრობლემა მოეგვარებინათ, 1848 წელს მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დავალებით, იტალიელმა არქიტექტორმა, ჯოვანი სკუდიერიმ თავისი პროექტით, ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორი ტრაგიკულად დაიღუპა ხიდის მშენებლობა მაინც გაგრძელდა, მშენებლობა განაგრძო და 1851 წელს დაასრულ, ნორვეგიელმა ინჟინერმა ბლიქსმა. მას ჯერ „მიხეილის მცირე ხიდი“, შემდეგ კი „ნიკოლოზის ხიდი“ ეწოდებოდა. 1930-იან წლებში სკუდიერის დაპროექტებული ორი ხიდის შესაერთებლად, ადგილის აწევა გახდა საჭირო, რის გამოც ამ ტერიტორიაზე მდებარე „მადათოვის კუნძულის“ ნაწილში უზარმაზარი მიწაყრილი გაკეთდა. მალევე მტკვრის ამ ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, თუმცა ხიდი კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას, რის გამოც მას „მშრალი ხიდი“ დაერქვა.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

მშრალი ხიდის მიმდებარედ, დედაენის ბაღია გაშენებული, სადაც ყველას შეუძლია გაისეირნოს და სუფთა, მწვანე სივრცეებს შორის დაისვენოს.

2021 წლის 16 ივნისს უკვე ოფიციალურად და საზეიმო ვითარებაში გახსნილი, განახლებული დედაენის ბაღი თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი გახდა და ტრადიციულად, უამრავ ვიზიტორს იზიდავს.

დედაენის ბაღი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. მწვანეში ჩაფლულ ბაღში, სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამებია მოწყობილი. აქ არის სკეიტ პარკიც სპორტის მოყვარულთათვის. ბაღის ტერიტორიაზე არის კაფე-ბარები და სანაყინე, სადაც სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. აქვე ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის შექმნილი, დედაენის ძეგლი დგას.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

ამ ბაღს უდიდესი ისტორიული დატვირთვაც აქვს – აქ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეკრებები იმართებოდა და განსაკუთრებულ მოვლენად რჩება საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1978 წელს გამართული საპროტესტო აქციები, სადაც ადამიანები კრემლის მიერ საქართველოში სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ამ აქციამ მართლაც ისტორიული შედეგი გამოიღო და 1978 წლის 14 აპრილს სკკპ–ის ცენტრალურმა კომიტეტმა, როგორც სახელმწიფო ენის – ქართულის გაუქმების გადაწყვეტილება უკან წაიღო. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით ამ ადგილს 1990 წელს „დედაენის ბაღი“ ეწოდა.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

ამ ადგილს კლასიციზმის ელემენტების მქონე, რამდენიმე შენობა გამოარჩევს, რომელიც მშრალი ხიდის წინ მდებარეობს. მათგან აღსანიშნავია ყოფილი სასტუმრები „Grand Hotel“-ი და „London“-ი.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

„ლონდონი” – 1875 წელს გაიხსნა (ახლანდელი ათონელის #31, მაშინდელი მადათოვის ქუჩის #21). მისი პროექტი არქიტექტორმა ოტო სიმონსმა შეადგინა. ფერდიანი ნიადაგიდან გამომდინარე შენობას რთული სტრუქტურა ჰქონდა, ფასადი სხვადასხვა სიმაღლის, სხვადასხვაგვარად გადაწყვეტილი მონაკვეთებისგან შედგებოდა. საბჭოთა პერიოდში აქ რაღაცები შეცვალეს – ერთსართულიანი ფლიგელი ახლა ათონელის ქუჩაზე ძირითადი შენობისაგან მოწყვეტილია, მაგრამ მას ეზოს მხარეს ებმის. შენობას ძალიან ლამაზი მიმდებარე ბაღიც ჰქონდა, რომელიც აღარ არსებობს, ხელოვნების ნიმუში – აივნები კი დროთა განმავლობაში გადაკეთებულია, ნაწილი კი ამოაშენეს. უნიკალური სანახაობაა სადარბაზო და კიბის უჯრედი, რომლის კედლებიც მოხატულია. შელახული, მაგრამ მაინც აღქმადი, რომ დიდი შრომაა ჩადებული. ოთახები შეზღუდული რაოდენობის იყო, თუმცა მომსახურება საუკეთესო. აქაურ მომსახურე პერსონალთაგანს 2-3 უცხო ენაც კი სცოდნია.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

„ლონდინში ადგილები არასოდეს არაა თავისუფალი“, – ასე წერდა თბილისში 1894 წელს ჩამოსული ირანელი გენერალი მაჯდ ოს-სალტანე.

მართლაც და წყაროები მოგვითხრობს უამრავი სტუმრების ამბავს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. 1888 წელს თბილისში ჩამოსული პიოტრ ჩაიკოვსკი, 1883 წელს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებათა მინისტრი მიხეილ ოსტროვსკი, მარკიზი ჯორჯ კერზონი, შემდგომში ინდოეთის ვიცე-მეფე და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1892 წელს), ინგლისელი სიძველეთა მკვლევარი და პოლიტიკური ემისარი გერტრუდ ბელი (1892 წელს) და ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი (1899 წელს). ამ დროისთვის კნუტ ჰამსუნი უკვე ცნობილი მწერალი იყო, მას უკვე ჰქონდა დაწერილი რომანები: „შიმშილი“, „მისტერიები“, „პანი“, „ვიქტორია“. ცოლ-ქმარი რატომღაც სხვისი გვარ-სახელებითა და საბუთებით მოგზაურობდა, ამიტომ საქართველოში მათ ზარ-ზეიმით არ დახვედრიან.

მოგზაურობის შედეგად ნორვეგიელმა მწერალმა ორი ნაწარმოები – პიესა „დედოფალი თამარი“ და „ზღაპრული ქვეყანა“ შექმნა. სწორედ „ზღაპრული ქვეყნიდან“ ვიგებთ, რომ ჰამსუნი და მისი მეუღლე მაშინდელი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სასტუმროში დაბინავდნენ.

1914 წლის დეკემბერში პეტრე ზუბალაშვილმა შენობა ხელისუფლებას დაუთმო სამხედრო ლაზარეთად და აღჭურვილობისათვის 20 ათასი მანეთიც მისცა. დაახლოებით, 1960 წელს შენობა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს
გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

1881 წელს ჰექტორ დელალანდმა სასტუმრო „გრანდ-ოტელი“ გახსნა. 1885 წელს მას „ბერლინი“ დაერქვა. 1890 წლის შემდეგ მალე სასტუმროს ისევ ძველი სახელწოდება დაუბრუნეს. თავად შენობა ხუთსართულიანი, თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის ტიპის იყო. ყველა სართულზე აივნებით მოპირკეთებული, რომლებიც დღეს ნახევრად მოშლილია. 1901 წელს, სასტუმროში იდუმალებით მოცულმა მკვლელობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პოლონელი მწერლის სტანისლავ ფშიბიშევსკის მეუღლე დაგნი იუელი, ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილმა, 25 წლის ვლადისლავ ემერიკმა, სასტუმროს ნომერში მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

გასეირნება მშრალ ხიდზე – ადგილი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს

P.S. მშრალი ხიდი თავის უნიკალურ, მოგონებებით სავსე არსებობას მაინც განაგრძობს და კიდევ დიდხანს გაულამაზებს ინტერიერს, ექსტერიერს თუ ცხოვრებას დედაქალაქის მაცხოვრებლებს, თუმცა არავინ იცის რა ბედი ეწევათ იმ ძვირფას ნივთებს, რომლებიც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

წყარო: https://kalaki.ge/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way