USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Tbilisi
გასეირნება ძველ ტფილისში- კინტოები და ყარაჩოღლები
Date:  4289

ჰამქარი იყო კორპორაცია, რომელიც თბილისში ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნიდან არსებობდა. ძველი სახელებია – „ასნავი“, „თაბუნი“, თუმცა, მოგვიანებით, მას „ჰამქარი“ ეწოდა და თანამედროვეობაში ამ სახელწოდებითაა ცნობილი.

„ჰამქარი“ სპარსული სიტყვაა. „ჰამ“ – ნიშნავს ერთად, „ქარ“ – კეთებას, (შემგომი მოდიფიკაცია - ამქარი). აქედანაა სიტყვა „ქარხანაც“ (ანა, ანუ „ხანე“ – არის სახლი). ჰამქარი იყო ერთი ხელობის ხალხის გაერთიანება და ნახევარი თბილისი მაინც იყო სხვადასხვა ჰამქრის წევრი – საინტერესო გაერთიანება იყო თავისი წესებითა და ტრადიციებით. ბევრგან მათი ნაკვალევია შემორჩენილი – ვერცხლის ქუჩა, სამღებროს ქუჩა, ბამბის რიგი, პურის მოედანი… ყველაზე საპატიო და ძველი ჰამქარი იყო ტყავის დამამუშავებელთა, ანუ დაბაღების, ხარაზების ოქრომჭედლების და ასე შემდეგ. ყველა ჰამქარს ჰქონდა თავისი დროშა - ფირი, რომელზეც იყო გამოსახული ღერბი. ჰამქარს ყავდა ხელმძღვანელი, ანუ უსტაბაში (სიტვასიტყვით - ოსტატების უფროსი).
ჰამქრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ ხელოსნები - ოსტატები - იგივე ყარაჩოღლები.

გალავნის შიდა ქალაქში ამქრებს თავიანთი საქმიანობის კონკრეტული ადგილები ჰქონდათ – იყვნენ მეხამლეები, იყო „ჭონხანა“ – მექუდეების რიგი, მერე დაიკარგა, საბჭოთა დროს ბევრი რამ განადგურდა.

ბევრი საინტერესო წესი ჰქონდათ, ირჩევდნენ ჰამქრის უფროსს – როგორც უკვე აღვნიშნეთ უსტაბაშს – ეს იყო ერთობ პატივსაცემი ადამიანი, რომელიც განკარგავდა ამ გაერთიანების თანხას. უსტაბაში ხელმძღვანელობდა ჰამქარს სიცოცხლის ბოლომდე. 6 დღე მუშაობდნენ და ერთ დღეს ქეიფობდნენ. ჰქონდათ ახალი წევრების მიღების საყურადღებო წესი – ზურნა-დუდუკის თანხლებით ჩამოივლიდნენ ქუჩებში, უსტაბაში ახალ წევრს აკითხებდა საგანგებო ფიცს, შემდეგ კი ცერ თითებს დაუჭერდა და სამჯერ სილას გააწნიდა. მიღება ხდებოდა ყოველ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კვირას.

ჰამქრიდან გარიცხვა თითქმის არ ხდებოდა, რადგან სანამ ესა თუ ის პირი ჰამქრის წევრი გახდებოდა, საკმაოდ დიდ გამოცდას გადიოდა, ჯერ იყო ქარგალი, შემდეგ ოსტატი და გარდა იმისა, რომ ამქრის წევრი კარგი ოსტატი უნდა ყოფილიყო, ის უნდა ყოფილიყო კარგი ადამიანიც (ზნეობრივად). შემთხვევით არ არის თანამედროვეობაში შემორჩენილი სიტყვა „ყარაჩოხელი“ პატიოსანი, სამართლიანი კაცის აღსანიშნავად.

ჰამქარს ჰქონდა ერთიანი სალარო – ქვრივ-ობოლს, ყარაჩოხელები ყოველი ღონით ეხმარებოდნენ, უგზავნიდნენ ფულს, სურსათ-სანოვაგეს… უფრო სწორად, ფულს ისეთი გასაქანი არ ჰქონდა მაშინ. ასევე, პატრონობდნენ დაობლებულ ბავშვებს. გოგონებს უზრუნველყოფდნენ მზითევით, იმიტომ რომ უმზითვო ქალს მაშინ არავინ ითხოვდა. ვაჟებს კი, შეასწავლიდნენ ხელობას, რითაც, ფაქტობრივად, სამუშაო ადგილით უზრუნველყოფდნენ.

იყო ასეთი შემთხვევა – 1863 წელს თბილისში გავრცელდა ქოლერის ეპიდემია, მთელი ადმინისტრაცია გაიქცა ქალაქიდან და ხალხს ყარაჩოხელები პატრონობდნენ. ორთაჭალასთან იყო ჩაიხანა და ჩაის ასმევდნენ. დიდი მეომრები არ იყვნენ ჰამქრის წევრები, მაგრამ თუ საჭირო შეიქნებოდა, იარაღსაც ჰკიდებდნენ ხელს და თავგანწირვით იბრძოდნენ. მაგალითად, ერეკლეს ძალიან დაუდგნენ გვერდით 1747 წელს – „ქალაქის ერი“, როგორც არის მოხსენიებული, კიბით გადაძვრნენ და სპარსელებს ქვედა ციხე გამოგლიჯეს. ასევე, კრწანისის ბრძოლაში – მესაზანდრეთა უსტაბაში მაჩაბელა ჰამქართან ერთად ზურნა-დუდუკით ამხნევებდა ქართველთა ლაშქარს. თავად მაჩაბელა კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა. ასევე, როგორც ვორონცოვი წერს, ამ ორგანიზაციებს საპოლიციო ფუნქციაც ჰქონდა – არაფორმალური. ურთიერთობები კარგად იყო მოწესრიგებული და ორგანიზებული, ჩხუბი და დავიდარაბა არ ხდებოდა არც ამქრის შიგნით, არც ამქრებს შორის. დაბალ დონეზე უსტაბაშს მოსამართლის ფუნქციაც ჰქონდა. განიხილავდა წვრილ საქმეებს. ცენტრალური ხელისუფლება პეტერბურგიდან ითხოვდა ამქართა ორგანიზაციის გაუქმებას. არ მოსწონდათ.

ისიც აღანიშნავია, რომ ევროპულ ქალაქებში ყველგან იყო ხელოსანთა გილდიები. სიტყვა „ეტალონი“ იქიდან მოდის. შეგირდს ჯერ ეტალონი – ნიმუში უნდა დაემზადებინა, შემდეგ ის ოსტატებს უნდა შეეფასებინათ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მისი მიღება პროფესიულ გაერთიანებაში. 

დღესასწაულებს რაც შეეხება, თბილისობა უფრო საბჭოთა გადმონაშთი, უფუნქციო და უთვისებო დღესასწაულია. ეს არ არის თბილისური დღესასწაული. თბილისს ჰქონდა თავისი ტრადიციული კარნავალი – „ყეენობა“. „ბერიკაობა“ არის „ყეენობის“ ანასხლეტი და შემადგენელი ნაწილი. შევარდნაძის დროს, არქიტექტორმა ყავლაშვილმა რომ ძველი ქალაქი აღადგინა, ასევე იყო საუბარი ძველი ტრადიციების, მათ შორის – ყეენობის აღდგენაზეც. მეცხრამეტე საუკუნეში იმპერიამ აკრძალა ეს კარნავალი  მარტო იმიტომ რომ შინაარსი და იდეა იყო ასეთი: გადაცმული ტაკიმასხარა, ანუ ყეენი შემოდის და იპყრობს ქალაქს. დღის მეორე ნახევარში თბილისელები აჯანყდებოდნენ და „ყეენს“ მეტეხის ხიდიდან მტკვარში აგდებდნენ. ის, რომ თბილისელები ჯანყდებოდნენ, მაინცდამაინც არ მოსწონდა იმპერიის ხელისუფლებას. არც საბჭოთა ხელისუფლება დარჩა მოხიბლული – ამიტომ შეეცადნენ, ალტერნატიული დღესასწაულის შემოღებას. ყეენობა ათასწლოვანი დღესასწაულია, რომელიც ძალიან დიდხანს აღინიშნებოდა ყველიერის სამშაბათს.

ყარაჩოხელებს რაც შეეხება, ყარა – შავს ნიშნავს – ჩოხა – ჩოხას. ეს ხალხი ზამთარ- ზაფხულ ატარებდა შავ ჩოხას და ბუხრის ქუდს, რთული წარმოსადგენია, როგორ ეცვათ გაუსაძლის სიცხეში. ეს იყო მათი გამომარჩეველი ტანსაცმელი, რომლის ჩაცმის უფლებაც სხვებს არ ჰქონდათ. ყველა ყარაჩოღელს ჰქონდა დიდი ვერცხლის ქამარი, იმისთვის, რომ მისი დაღუპვის შემდეგ ქამარი გაეყიდათ და კუბო შეეკრათ.



ბევრს ყარაჩოხელები და კინტოები, ეს ორი სრულიად განსხვავებული კატეგორიის ხალხი ერთმანეთში ერევა. რატომღაც, კომუნისტების დროს, კინტოების უაზრო იდეალიზება ხდებოდა და ყველას ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს კინტო წმინდა ქართული მოვლენა იყო, რეალურად კი, სულ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.

ყარაჩოხელი გარეგნულად წარმოსადეგიმ მხარბეჭიანი, ბრგე, დარბაისელი, გულმართალი, პატიოსანი და რაინდი პიროვნებაა. თასებით ხელში დადიოდნენ. თავის, თუ ძმაკაცის შეყვარებულებს უმღერდნენ, ქვრივ-ობოლზე ზრუნავდნენ, გაჭირვებულს უვლიდნენ, ავადმყოფს ეხმარებოდნენ და ქალაქზე ზრუნავდნენ. ყარაჩოხელის სიტყვა თამამი იყო და გულუბრყვილო. ყარაჩოხელი სინთეზია ქართული და აღმოსავლური ქვეყნების ურთიერთობისა. კინტო კი ბაზრის წიაღში შეიქმნა, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო. ყარაჩოღელის გადაგვარებულ სახეს კინტო ეწოდა (კვინტო ძველად კუდიანს ნიშნავდა).
ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს რომლებიც ხალხს ატყუებენ”. დავით ორბელიანი:”რაც თურქებმა ვერ ქნეს იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”. იაკობ გოგებაშვილი გაზეთ “კვალ”-ში წერდა: ”ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”.

კინტოს ვაჟკაცური არაფერი ეცხო: თვალმანკიერია, ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, ცუღლუტი, მასხარა და მცირე უნარის პიროვნებაა.მიუხედავად იმისა რომ უდარდელი და ზანტი კინტო მთელ სიცოცხლეს ლაზღანდარობასა და ყალთაბანდობაში ატარებდა, გულით მაინც სევდა და ნაღველი დაჰქონდა. ცხოვრებამ აიძულა იგი ქუჩა–ქუჩა ეხეტიალა. ცოცხალი, მკვირცხლი, მოძრავი, “ლოთიანი” ქეიფის მოყვარული კინტო, რომელსაც თავზე ღვინით სავსე ბოთლი ედგა ცეკვავდა კინტოურს.

მკვლევართა აზრით, კინტოების ტანსაცმელი წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა კინტოურზეც, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ. არსებობს ვერსია, რომ კინტოური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყეს.



ქალ ყარაჩოხელებს რაც შეეხებათ, იყვნენ ქალი და სხვა ეროვნების – სომეხი, ებრაელი ყარაჩოხელები. მაგალითად, ლიმნის გამყიდველი, რომელსაც „ლიმონას“ ეძახდნენ – მისი ფოტო შემორჩენილია. იყო ყარაჩოხელი ქალი – სონა, ტანმაღალი, ბრგე – ისეთი მაგარი ქალი იყო, ქალს კი არა, მამაკაცს გაწყვეტდა წელში. გრიშაშვილის მუზეუმში არის მისი ფოტო, წელზე უზარმაზარი ვერცხლის ქამრითა და ბალთით. რიყეზე დუქანი ჰქონდა. ერთხელ არღანი მოპარეს და ძალიან გაბრაზდა.

იყო ცნობილი ყარაჩოხელი ლოპიანა, გრიგოლ ორბელიანის მეგობარი, რომელსაც „მუხამბაზში“ იხსენიებს. მას ორთაჭალაში დუქანი ჰქონდა. ბევრი მათგანი იყო ცნობილი მოკრივე – მაგალითად „ქარაფქანდოლი“, რომელსაც ისეთი ძლიერი მუშტი ჰქონდა „კლდის განმგრევი“ შეარქვეს ზედმეტსახელად (ქარაფქანდოლი).

ზოგადად კრივი, პოპულარული იყო ძველ ტფილისში და მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ერთმანეთს უპირისპირდებოდა. ცნობილია, რომ ვაჟა-ფშაველაც ხშირად მონაწილეობდა ამ ჩხუბში.

ქალაქური, სალდასტის კრივი იყო ყეენობის შემადგენელი ნაწილი. იყოფოდა ქალაქი „გაღმა“ და „გამოღმა“ თბილისად და ერთმანეთში ჩხუბობდნენ, იყენებდნენ ქვებსაც. ხშირი იყო დაზიანება-დასახიჩრება, იყო სიკვდილის შემთხვევები, ამიტომ, მეფისნაცვალ ვორონცოვის დროს აიკრძალა სალდასტის კრივი. პეტერბურგში „დანოსები“ მიდიოდა სიკვდილის შემთხვევების შესახებ – ვითომ ვიღაც აგურის ჩარტყმით მოკლეს. კრივი მხოლოდ მამაკაცების საქმე იყო, თუმცა, იყვნენ მოჭიდავე ქალები. მაგალითად, თინა წავკისელი და ანა-ბაჯი, რომელსაც პოემაც კი მიეძღვნა.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way