USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
გარი კასპაროვი - „უკრაინის ომში დამარცხების შემდეგ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა გახდება“
Date:  565

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) 7 იანვარს ეთერში გადასცა ინტერვიუ რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციონერთან, ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან გარი კასპაროვთან, რომლის ტექსტი გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე სათაურით „უკრაინის ომში დამარცხების შემდეგ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა გახდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

- თქვენ ცდილობთ რუსეთის ოპოზიციის გაერთიანებას. როგორია წარმატებები?

- ტერმინი „გაერთიანება“ მოქმედების შესაბამისი მაინცდამაინც არ არის - იმდენად, რამდენადაც ადამიანები რომ გაერთიანდნენ, უნდა იცოდნენ, როგორია საბოლოო მიზანი. ლაპარაკი [დასავლური დემოკრატიის ტრანზიტზე, ჩემი ზრით, საკმაოდ წამგებიანია, თუ არ ვიცით, საიდ მივდივართ. 9-თვიანმა ომმა გვერდზე მისწია ზოგიერთი ის პრობლემა, რომლებიც რუსეთის ოპოზიციას ჰყოფდა. დღეს ისინიც კი, რომლებიც სრულიად კომფორტულად გრძნობდნენ თავს ყირიმის ანექსიის დროს და თვლიდნენ, რომ ეს ხელს არ უშლით მათ კვაზიოპოზიციურობაში, დღეს უკვე ამბობენ, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია - მართალია, ჯერ კიდევ ენა ებმით ამის აღიარებაზე, მაგრამ მაინც.

- ალექსი ნავალნის გუნდი გყავთ მხედველობაში?

- დიახ, უპირველეს ყოვლისა, ალექსი ნავალნის გუნდი, თუმცა არის კიდევ საკმაოდ ბევრი ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანი. მე ვგულისხმობ იმათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ  რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე თვლიდა, რომ რუსეთის ფედერაცია ჰიბრიდულ დემოკრატიას წარმოადგენს. ჩემი აზრიათ, რუსული ოპოზიციის სწორედ ამ შრის დამსახურებაა, რომ დასავლეთს შეგრძნება დაუსუსტდა და რუსეთის ნამდვილ მიზნებს ვერ ხედავდა და ვერ გრძნობდა. მართალია, იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სრულმასშტაბიანი დაპირისპირებისათვის ემზადება და ომი გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩვენი ხმები საერთო ფონზე არ ისმოდა. „არა, რას ამბობთ! თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, პუტინი ასეთ ავანტიურაზე არ წავა...“. ახლა მიხვდნენ, მაგრამ არ აღიარებენ...

- არიან ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს თუ ჟურნალისტურ კოლექტივებს ხელმძღვანელობენ და იტყვიან, რომ „მე ამის თქმა და აღიარება არ შემიძლია, რადგან [აგვკრძალავენ]...“

- რომელი არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები შეიძლება არსებობდნენ პუტინის რუსეთში? ჟურნალისტი, რომელსაც ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა ეშინია, ის უკვე ჟურნალისტი აღარ არის, იგი მძევალია. კი, შენი ნებაა მშვიდად იცხოვრო, მაგრამ სხვებს თავს ნუ მოაჩვენებ ჟურნალისტად, მით უმეტეს, ოპოზიციურ ჟურნალისად. რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ ამ ადამიანების უფლებას იზრუნონ საკუტარ თავზე, საკუთარ ოჯახზე... მაგრამ საერთო ფონი არ უნდა გააფუჭონ - ვთქვათ, ომთან დამოკიდებულების საკითხში. მაგალითად,  ვინ აწარმოებს ამ ომს - ვლადიმერ პუტინი თუ რუსეთი?

- თქვენი აზრით, ვინ აწარმოებს?

- რა თქმა უნდა, რუსეთი. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ომია. მეორე მსოფლიო ომს ადოლფ ჰიტლერი კი არ აწარმოებდა, არამედ ჰიტლერული გერმანია. დიახ, დღეს რუსეთს „პუტინის რუსეთს“ ეძახიან, მაგრამ ამ მომენტში რუდოლფ ჰესი მახსენდება, რეიხსფიურერის მოადგილე... იგი სწორად ამბობდა - „არ იქნება ფიურერი, არ იქნება გერმანია“ - ანუ მ მომენტში ორივე ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ასევე მართალი თქვა ვიაჩესლავ მოლოდინმაც - „დღევანდელი რუსეთი - ეს პუტინის რუსეთია“. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის საზოგადოების სიღრმული ფაშიზაციისა, რომელმაც საშუალება მისცა ვლადიმერ პუტინს არა მარტო ომი დაეწყო, არამედ ომისთვის ასეთი საშინელი ფორმა მიეცა.

რუსეთში ანტიადამიანის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეებს ადამიანურ სახეებს უკარგავენ. პროცესი დიდი ხანია დაიწყო და ახლა, ომის დროს დამკვრელური ტემპით გრძელდება. რუსეთში დღეს ანტისაომარი პროტესტები არ იმართება. კარგად ვიცი, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უკრაინასთან ომში მონაწილეობა არ სურს. მაგრამ როცა საქმე მობილიზაციას ეხება, ძირითადი კითხვები, რომლებიც მშობლებს და ახლობლებს აწუხებთ, ასეთია: როგორ არიან მათი შვილები ეკიპირებული? რატომ არ არიან აღჭურვილნი კარგი იარაღით? ომისადმი წინააღმდეგობა კი არავის ახსოვს“.

- თქვენი აზრით, თუ „ნაწილობრივი“ მობილიზება მასობრივი გახდება, შესაძლოა მოსახლეობის ანტისაომარი აზრი უფრო მკვეთრად გამოიხატოს?

- ქვეყნდება [გამოკითხვების] მონაცემები, რომ რუსეთში ომის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდაო. ამ ციფრების დაჯერება ძნელია, მაგრამ არის შეგრძნება იმისა, რომ ომი მართლაც რუსების საერთო საქმე ხდება. თავიანთი შვილების ომში გაგზავნის შემდეგ, როცა ვიღაც კვდება, ვიღაც იჭრება, ადამიანები უკვე სხვადასხვანაირად რეაგირებენ: ხშირ შემთხვევაში სიძულვილი მატულობს არა ხელისუფლების მიმართ, ვინც მათი შვილები ომში მოსაკლავად გაგზავნა, არამედ უკრაინის მიმართ. ჩვენ საერთოდ ვეღარ ვხედავთ იმ პროტესტის ნარჩენსაც კი, რომელიც მეტ-ნაკლებად იყო ომის დასაწყისში. ბევრი პროტესტანტი უკვე საზღვარგარეთ არის გაქცეული, ან „ფსკერზეა გაწოლილი“ და ჩუმად არის.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს რუსეთში პროტესტის ღიად გამოხატვა დიდ რისკთან არის დაკავშირებული არამარტო ჯანმრთელობის მხრივ, არამედ საფრთხე შეიძლება თვით სიცოცხლეს დაემუქროს. უფრო მეტიც - მე არასოდეს არავის არ მოვუწოდებ ქუჩაში გამოსასვლელად. იმიტომ, რომ მე როცა თვითონ შორს ვარ, საფრთხე არ მემუქრება, სხვას არ ვუბიძგებ მთავრობასთან დასაპირისპირებლად. მე, უბრალოდ, ამით ის მინდა ვთქვა, რომ ჩინეთშიც და ირანშიც მთავრობა რუსეთზე არანაკლებ სასტიკია, მაგრამ ხალხი საპროტესტო აქციებში მაინც მონაწილეობს. ანუ ჩვენ საქმე გვაქვს საზოგადოების სტაგნაციასთან.

- თქვენ გეტყვიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობთ და ხალხთან კავშირი დაკარგული გაქვთ... რომ არ იცით, ხალხი სინამდვილეში რას ფიქრობსო...

- რაზე ფიქრობს ხალხი სინამდვილეში? ვიცი, რომ ფიქრობს იმაზე, რომ რუსული იარაღით ადამიანები იხოცებიან, რუსული რაკეტები ადამიანებს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ტოვებენ, წყლისა და საჭმლის გარეშე... ამბობენ, რომ ზოგჯერ მთავრობას დანაშაული უნდა ეპატიოსო, მაგრამ რუსეთში ხალხი ხელისუფლებას ომში დამარცხებას არასოდეს პატიობდა. თუ ომი იმ შედეგით დასრულდება, როგორსაც ჩვენ ველოდებით, ანუ რუსეთისათვის კატასტროფულით, სამხედრო განადგურებით, უკრაინისათვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებით და სევასტოპოლში უკრაინის დროშით, ეს საზოგადოებისათვის შოკი იქნება. რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხების შემდეგ პირველი კლასის სახელმწიფო აღარ იქნება, გადაიქცევა მეორე ხარსიხის ქვეყნად. კი, ბირთვული შეიარაღებით, მაგრამ რად გინდა ასეთი შეიარაღება, როცა ღილაკზე თითის დამჭერი არავინ არის.

- თქვენი აზრით, ბირთვული ომი არ იქნება? ვლადიმერ პუტინი ტაქტიკური დანიშნულების იარაღსაც არ გამოიყენებს?

- ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად აუცილებელია ბევრი ადამიანის მზადყოფნა საკუთარი სიცოცხლის გასარისკად. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადმირალი და გენერალი ძირითადად იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს ნაქურდალი ქონება. რუსულ სამხედრო „ლატარეაში ძალიან დიდი ფული თამაშდება“.

- როცა რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, სოციალური აფეთქებაც მაშინ მოხდება?

- დამარცხება კრიტიკულ მასას წარმოქმნის: ფრონტიდან რუსეთში ასობით ათასი შეიარაღებული ადამიანი დაბრუნდება. ყოველი ახალი მობილიზაცია კიდევ უფრო მეტ მსგავს ადამიანებს აჩენს. ჯერ-ჯერობით ისინი უკრაინაში მიდიან, მაგრამ შემდეგ იქიდან როცა წამოვლენ... სხვათა შორის, სამხედრო მოსამსახურეები ისეთი რევოლუციის ინგრედიენტები არიან, რომელიც 1917 წელს მოხდა: არმია დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლების მესაფლავე ხდება.

  • თქვენ თვლით, რომ რუსეთში გიგანტური სისხლისღვრაა მოსალოდნელი?

- რა თქმა უნდა, მოხდება, თუ ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება... ერთადერთი გზა, რომ რუსეთი ცივილიზაციის გზაზე გავიდეს, ისაა, რომ მოხდეს სახელმწიფოს დეფოლტი.

წყარო: https://www.dw.com/ru/kasparov-posle-porazenia-v-ukraine-rf-budet-vtorostepennoj-stranoj/a-64309081

მოამზადა სიმონ კილაძემ

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way