USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი - მეწყერი განვითარდა მყისიერად; პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება
дата:  

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა პირველ რიგში ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდართან დაკავშირებით და მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს. სააგენტოს უფროსის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი, იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება. უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს.

„რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც მოახდინა საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაზიანება. მეწყერი განვითარდა მყისიერად; პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, - განაცხადა ვასიკო გედევანიშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის განმარტებით, კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, საკმაოდ გახშირდა სტიქიური მოვლენები, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში.
„ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს გეოლოგიის, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს. საფრთხეები შეფასებული გვაქვს მთლიანი სოფლის მასშტაბით. მომზადებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ სხვა სოფლებსაც; ბუნებრივია, რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო უცხოელ ექსპერტთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი დეტალიზაცია მოახდინოს. სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები, დამატებითი საფრთხის შეფასება. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ მეწყრულად აქტიური უბნების იდენტიფიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს პროცესები, საკმაოდ გახშირდა ეს მოვლენები და კლიმატის ცვლილებებთან ერთად იზრდება რისკები, საკმაოდ რთულია ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა“, - აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან დაკავშირებით არ მომზადებულა. პოტენციურ მეწყრებს და საფრხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისათვის, რომ დადგინდეს, რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს; არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი.
„დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრული არეალის დამატებით ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ოჯახებიდან არ ყოფილა შემოსული, არსებობდა მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომელიც ქვათაცვენას უკავშირდებოდა, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა დასკვნა, გაიცა რეკომენდაცია, რომელიც არის მიმდებარე და არ უკავშირდება ამ ფერდს.

პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати