USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გარდაიცვალა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი
дата:  8743
გარდაიცვალა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში  არქინანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს.
 
"გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი.
ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ. -წერს არქიმანდიტრი.
 
"თბილისი პოსტის" რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბ-ნი არჩილ მინდიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და სრულიად საქართველოს დიდი მამულიშვილის გარდაცვალებას.
 
განმეორებით გთავაზობთ "თბილის პოსტის" ბოლო ინტერვიუს ბ-ნ არჩილ მინდიაშვილთან, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნის 15 წლის შესრულებასთან დაკავშირებით ჩავიწერეთ, სადაც ბ-ნი არჩილი იხსენებს სამების ტაძრის კონკურსის და მისი მსენებლობის ისტორიას.
 

არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) გამარჯვებული. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება "კათედრალს".

 -ბ-ნო არჩილ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი

როდესაც  წმინდა სამების საკათედრო ტაძარზე მუშაობა დავიწყეთ 38 წლის ვიყავი.  ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად,  საკმაო გამოცდილება მქონდა - ვმუშაობდი "საქქალაქმშენსახპროექტში", რომელიც  საკავშირო მასშტაბის ცნობილი  საპროექტო ორგანიზაცია იყო.   ჩემს კოლეგებთან  ერთად უკვე მქონდა   ნამუშევარი აფხაზეთის უნივერსიტეტის და ასევე   ცხინვალის დრამატული თეატრის პროექტზე,  სამწუხაროდ,  იმ წლებში დატრიალებული მძიმე პროცესების გამო,  ვერც ერთი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.  

სამების საკათედრო ტაძრის კონკურსის  გამოცხადების  შესახებ ტელევიზიით  შევიტყვე.  მეგობრებთან ერთად ვიყავი წვეულებაზე, როგორც კი პატრიარქის  განჩინება მოვისმინე, არ ვიცი რატომ, მაგრამ  ვთქვი:   მე ამ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას და გავიმარჯვებ!  დამემომოწმებიან  ის ადამიანები, ვინც მაშინ ჩემგან ეს სიტყვები მოისმინა. მეორე დღესვე  წავედი მოძღვართან მამა არჩილ მინდიაშვილთან.   მაშინ მას არ ვიცნობდი.  მე და ჩემი ძმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, მივედით  პეტრე-პავლეს ეკლესიაში, წარვუდგინე თავი მამა არჩილს  და დახმარება ვთხოვე. მამა არჩილმა  გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცნობიერებაში და ჩემს შემოქმედებით კარიერაში.  მახსოვს ასეთი ამბავი  მომიყვა, ბიზანტიაში ერთი მწყემსი ბიჭი იყო,  დილით კარიბჭიდან ბატები გამოყავდა, იქვე საბალახოდ, კარიბჭის თავზე  მთავარანგელოზის ხატი იყო, იდგა ეს მწყემსი, ქვიშაზე ხატავდა და ხატავდაო. არ გამოსდიოდა, წაშლიდა, თავიდან იწყებდა ხატვას;  ერთ დღეს უფლის მადლი მოვლინა და ზუსტად დახატა,  რასაც ხედავდა, ამის შემდეგ ცნობილი ხატმწერი შეიქმნა. შე დალოცვილო, მებატე თუ ხატმწერი გახდა, უმაღლესი  გაქვს დამთავრებული, არქიტექტორი ხარ კაცი, და ასე ძალიან თუ გინდა ამ პროექტში მონაწილეობა, გაუხსენი უფალს შენი გული და მოგცემს მადლსო. მართლაც ისე აგისრულდეთ ყველაფერი, როგორც  მე ეს ამისრულდა. დავიწყე ტაძარში სიარული, იქამდე  რელიგიური თვალსაზრისით,  ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა, ტაძართან გავლისას პირჯვარს ვიწერდი, ეკლესიაში სანთელს ვანთებდი, თუმცა  შემდეგ, პირველი ზიარების დროს მეხსიერებაში ამომიტივტივდა ის ემოციები, რაც მქონდა ხოლმე  ბავშვობაში, როდესაც ბებიას სიონის ტაძარში დავყავდი ზიარებაზე.  სამების ტაძარზე  მუშაობა, მის უწმინდესთან  ურთიერთობა ამ მხრივ  იყო გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის.

- რა იყო თქვენი  მთავარი მიზანი, როდესაც სამების პროექტზე მუშაობა დაიწყეთ?

- იქამდე ჯერ იყო კონკურსი. კონკურსის პირველი  ტურის  შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ვინც  კონკურსის პირველ ტურში მივიღეთ მონაწილეობა, არავინ არ ვიყავით მზად ასეთი მასშტაბური პროექტისთვის.  ჩვენ ზედაპირულად  გვასწავლიდნენ თეორიებს, ტაძრების არქიტექტურის  ეპოქალურ განვითარებებს, მაგრამ  შინაარსი არ ვიცოდით. პირველ ტურში პოეზიის ჟანრი ავირჩიე, გადავწყვიტე აპოკალიფსი გადმომეცა,  მაცხოვრის ჩამოსვლა ტახტით  და ა.შ. რთული პროექტი იყო, მაგრამ   რასაკვირველია შორს იყო  იმისგან, რაც უნდა გაკეთებულიყო. მერე დავფიქრდი, ამდენი საუკუნეა ტაძრებს აშენებენ, როგორ,  ჩემ გარდა აპიკალიფსის გადმოცემა არავის მოუვიდოდა აზრად, ეს  მიდგომა  რომ  სწორი  ყოფილიყო-მეთქი?!  ისეთი ხასიათი მაქვს, რასაც ხელს მოვკიდებ, ბოლომდე, მთელი ენერგიით უნდა ვაკეთო, პირველი ტურის მარცხის შემდეგ, ჩავიფიქრე, ამას  თავს არ დავანებებ-მეთქი. შევისწავლე კათედრალების განვითარება, როგორ ხდება, რა პარამეტრებით. ერთი ხერხი ვიხმარე. როცა მივხვდი, რომ მე თბილისში ამ პროექტს ვერ გავაკეთებდი, არ "დამაცდიდნენ" მეგობრები,  წავედი და სოფელში გამოვიკეტე.  ჩემს მეუღლეს ხარაგაულის რაიონში  ბებიისეული ძველი სახლი ქონდა, წავედი, წავიღე ყველაფერი რაც მუშაობისთვის მჭირდებოდა, ძირითადად წიგნები. იქ არც  ტელეფონი მქონდა, არც მეზობელი მყავდა, არც ინტერნეტი არსებობდა. ერთი თვე ვიყავი ჩაკეტილი, როცა თბილისში დავბრუნდი, პროექტი თითქმის უკვე ჩამოყალიბებული მქონდა, შემდეგ დაიწყო სამუშაო პროცესი,  მეგობრები მეხმარებოდნენ  ესკიზების ქაღალდებიდან პლანშეტებზე გადატანაში.  პროექტმა მოგვიანებით განიცადა ცვლილებები, თუმცა ძირითადი ნაწილი უცვლელი დარჩა. 

- როგორც ცნობილია მისი უწმინდესობა აქტიურად იყო ჩართული კონკურსის პროცესში

მის უწმინდესობას მაშინ ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა შემდეგ მასთან ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.  როდესაც მეორე ტურის სხდომა დაინიშნა, ყველა კონკურსანტი,  ვინც მეორე ტურში ვმონაწილეობდით, მხატვრის სახლში ვიყავით შეკრებილი.  შერეულ კომისიას, რომელშიც სინოდის წევრები და სამოქალაქო პირები - ცნობილი საზოგადო მოღვაწეები შედიოდნენ, მისი უწმინდესობა ხელმძღვანელობდა. მეორე ეტაპის  ბოლოს ორი პროექტი დარჩა, შოთა ყავლაშვილის და მისი ჯგუფის და ჩემი. ამ ორ პროექტს შორის   პატრიარქმა არჩევანი ჩემს პროექტზე შეაჩერა, რომელიც სადა  მუყაოს მაკეტით იყო წარმოდგენილი. მეორე ტურის ფინალურ  დღეს რვა საათი ველოდებოდით არქიტექტორები "ვერდიქტს". ჟიურის  სხდომა ორ საათზე დაიწყო  მხატვრის სახლში, ღამის ათი საათი იყო, როდესაც  სხდომა დასრულდა.  უწმინდესს ფოტოგრაფი ჰყავდა,  ილია ერქვა, გამოვიდა სხდომიდან, რაღაცას მანიშნებს,  ვერ ვხვდები, მე არ ვიცოდი,რომ  თურმე, ისიც სხდომას ესწრებოდა და მანიშნებდა, რომ გამარჯვებული  მე ვიყავი.    დასრულდა სხდომა და ჩამოდიან კომისიის წევრები. სხდომა  მიჰყავდა თამაზ ნათიძეს. ჩვენ კონკურსანტები დაღლილები, გასავათებულები ვართ ნერვიულობით. უცებ თამაზ ნათიძეს  ეუბნება მისი  უწმინდესობა: ბატონო თამაზ,  რატომ უნდა გადავდოთ ხვალისთვის გამოცხადება, ყველა კონკურსანტი აქ არის და  ვუთხრათ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებო. წაიკითხა თამაზ ნათიძემ  სხდომის ოქმი:  ახალი საკათედრო ტაძრის პროექტს საფუძვლად დაედო ახალგაზრდა არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის წარმოდგენილი ნამუშევარიო. ეს რომ გავიგე, მუხლები მომეკვეთა, მერე  აღარ მახსოვს, არ მოხდა,   როგორ დავეცი მუხლებზე, როგორ გადავიწერე პირჯვარი. იმავე ღამეს მამა ბესარიონის რჩევით მასთან ერთად ჩავედი სიონში,  გავაღებინეთ  დაკეტილი ტაძარი, ავანთეთ სანთელი, რომელიც "გამოვძერწეთ" შანდლებში დამწვარი სანთლებისგან  და მადლობა გადავუხადე უფალს ამ მადლისთვის. ეს იყო დასაწყისი - 1995 წლის  23 ნოემბერს  ეკურთხა მიწა, ზუსტად 9 წლის თავზე, გიორგობის დღესასწაულზე  უკვე ეკურთხა ტაძარი. 

-როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, რა პრობლემების წინაშე იდექით სამუშაო ჯგუფი? 

- რამდენიმე ადამიანზე  მინდა ვთქვა, რასაკვირველია, პირველ რიგში მისი უწმინდესობაა, ის რომ არა, ალბათ, წარმოუდგენელი  იქნებოდა ამ ტაძრის მშენებლობა. ძალიან დიდი ღვალწი აქვს ედუარდ შევარდნაძეს, შემდეგ მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილს.  ამ საქმეს თავი დაადგა  თბილისის აღმასკომის თავმჯდომარემ  ირაკლი ანდრიაძემ, ის ძალიან დაუდგა მხარში ეკლესიას.  ნაძალადევში აბანო იყო, მამას დავყავდი ხოლმე, სულ მაინტერესებდა, რატომ იყო აბანოში ლამაზი თაღები. მერე გავიგე, რომ იქ ეკლესია იყო, რომელიც კომუნისტებმა  აბანოდ გადააკეთეს. ირაკლი ანდრიაძის ძალისხმევით  გადაკეთდა   აბანო ისევ ეკლესიად  და დაუბრუნდა ძველი ფუნქცია. ირაკლი ანდრიაძემ  უზარმაზარი შრომა გაწია სამების მშენებლობაზე, არა მხოლოდ როგორც ორგანიზატორმა და ფონდის ხელმძღვანელმა, ის პირადად იყო ჩართული ისეთ დეტალებში, რაც ტაძრის მშემებლობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. 

სამების ტაძრის მშენებლობაზე მუშაობდა ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდი. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო იმ ადამიანების დამსახურება, ვინც საოცარი პასუხისმგებლობით მუშაობდნენ  ამ პროექტზე. ესენი იყვნენ მშენებლები, ინჟინრები, კონსტრუქტორები.  ძალიან დიდია მთავარი კონსტრუქტორის ემზარ კიზირიას როლი. დაპროექტების პროცესში  მე და ემზარი ორჯერ ჩავედით მოსკოვში, სადაც შენდებოდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.  ჩვენი ინტერესი იყო, თუ  როგორ ანგარიშობდნენ  ისინი სეისმიკას, თუმცა ღა მოსკოვი და კიევი არ არის სეისმური ზონა.  როდესაც  ჩვენმა კოლეგებმა ჩვენი ინტერესის შესახებ  შეიტყვეს, გვითხრეს, ჩვენ საერთოდ არ გვიანგარიშია სეისმიკა, მანდ ლუჟნიკის ბასეინი იყო, საძირკვლად ბასეინის რკინა ბეტონი გამოვიყენეთ და დავიწყეთ მშენებლობაო.  მერე, როდესაც ჩვენ გაგვიჭიანურდა  მშენებლობა, ქვაბული ამოღებული იყო და  შემდგომ სამუშაოებს  ვეღარ  ვაგრძელებდით უფინანსობის გამო, ჩვენი მოსკოველი კოლეგები გვეხუმრებოდნენ,  ჩვენ ბასეინის ადგილზე ეკლესია ავაშენეთ და ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა ეკლესიის  ნაცვლად ბასეინი გააკეთესო..   საბოლოო ჯამში ჩვენი კოლეგები  დაგვეხმარნენ  კონსულტაციებით, რაც ძალიან გვჭირდებოდა.  ისეთი დრო იყო, ჩვენთან არ არსებობდა კომპიუტერული ტექნოლოგიები,  მაღაზიაც კი არ გვქონდა.   ირაკლი ანდრიაძე ძალიან მომჭირნე კაცი იყო, კაპიკს არ გაიღებდა ზედმეტად, მაგრამ  იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე პროგრამების გამოყენება ტაძრის მშენებლობაში. ერთხელ   მე და ემზარ კიზირიას  25 ათასი დოლარი გაგვატანა მოსკოვში  ტექნიკის საყიდლად, ჩამოვიტანეთ ჩვენ საჭირო ტექნიკა, ასევე ოფიციალური ვერსიები იმ პროგრამების, რაც გვჭირდებოდა მშენებლობისთვის.  მაშინ ჩვენმა დირექტორმა, ცხონებულმა  გოგი ანდრონიკაშვილმა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ცალკე  ფიდერი გამოიყვანა ჩვენი შენობისთვის, რომ უწყვეტი  ელექტროენერგია გვქონოდა და გვემუშავა. ირაკლი ანდრიაძე მეტყოდა ხოლმე,  შუაღამისას რომ გამოვივლი ჭავჭავაძეზე, მთელი ვაკე ჩაბნელებულია და მხოლოდ თქვენთან მე-13  სართულზე არის შუქიო. ველანი  დღე და ღამე ვმუშაობდით, თითქოს მოსწრებაზე ვიყავით, ხან რა პრობლემა იყო, ხან-რა, მაგრამ ტაძარი  მაინც შენდებოდა.

-ტაძრის მშენებლობა საწყის ეტაპზე ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა

ერთხელ პატრიარქმა მკითხა, ბატონო არჩილ,  რა მდგომარეობაშია მშენებლობაო. მიამიტურად ვუთხარი, როგორ იქნება თქვენო უწმინდესობავ, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული მეთქი. შემომხედა და მითხრა, არა,  ფინანსებზე კი არა ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებულიო. სანამ ტაძრის მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებოდა, ვისაც როგორ შეეძლო ისე შეჰქონდა თავისი წვლილი, ვისაც რა  ჰქონდა,  ის მოჰქონდა, ზოგს ხე -ტყე, ზოგს - რკინა. ერთი კახელი კაცი მოდიოდა ხოლმე,  თავისი მანქანით მოიტანდა აგურს, გადმოცლიდა და მიდიოდა. ბატონმა ირაკლი ანდრიაძემ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, როდესაც  ყველა ამ ადამიანის მოაგროვა ინფორმაცია და შეიტანა  შემომწირველთა წიგნში, ასე შემოინახა ამ ადამიანების სახელები და გვარები. ორი ადამიანი  დაიღუპა  ტაძრის მშენებლობაზე. ერთ-ერთს კარგად  ვიცნობდი. იმ დღეს სამუშაო დაასრულეს და  უკვე მიდიოდნენ. უცებ გაჩერებული  ამწე "დაიძრა"  მათი მიმართულებით.  ერთმა გაქცევა სცადა, გაქცევის დროს ფეხი წამოკრა და დავარდა,  მეორე გაიქცა. ის გადარჩა, რომელიც დავარდა,  მეორეს ზედ დაეცა ამწე, თითქოს თავისი ფეხით მივიდა სიკვდილთან. ერთხელ  60  მეტრის სიმაღლიდან  ჩამოვარდა ელექტროდი. ერთ მუშას დაეცა, ბედი მისი, რომ  ჩაფხუტი ეხურა, პირდაპირ ჩაფხუტში ჩაერჭო ელექტროდი. ისეთი დრო იყო, უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ვერ ვიცავდით, თუმცა მერე  ირაკლი ანდრიაძის მოთხოვნით, ფორმებიც შეიკერა მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებისთვის და  უკვე ყველა ფორმებით მუშაობდა. ახლა მოსათხრობად თითქოს იოლია ამ ისტორიების თხრობა,  მაგრამ  წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რამდენად რთული  და საპასუხისმგებლო სამუშაოების შესრულება გვიწევდა მაშინ  ჩვენ ყველას. 

- როგორ შეცვალა სამების ტაძარმა  თქვენი ცხოვრება? როგორ გაგრძელდა  თქვენი პროფესიული კარიერა ამ პროექტის შემდეგ?

_ მე მქონდა პროფესიული წარმატებები ამ პროექტამდე, მაგრამ ამ პროექტის შემდეგ  თავი დავანებე ყველაფერს, საერთოდ ჩამოვშორდი  საერო არქიტექტურას. ამის შემდეგ საერო ნაგებობა აღარ დამიპროექტებია. უწმინდესის კურთხევით  საპატრიარქოსთან  შევქმენით საეკლესიო ხურთმოძღვრების ცენტრი და  დავიწყეთ ეკლესიების  მშენებლობა თბილისში, რეგიონებში. არც მინდა ვიფიქრო, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ ყოფილიყო სამება. იმდენად გრანდიოზულ თემას შევეხე და ისე "მოვიწამლე", სხვა ვერაფრისკენ ვეღარ გავიხედავდი. ამდენი წელი გავიდა და  სიზმრებში ისევ იქ ვარ, რაღაც დეტალებს ვუკვირდები, 'ვხაზავ". დღეს რომ უკან დამაბრუნა, უმნიშვნელო დეტალების გარდა,  არაფერს შევცვლიდი. ღამით ჩემი სამუშაო კაბინეტიდან რომ გავდივარ და შევხედავ  ხოლმე განათებულ სამებას,  სასწაული გრძნობა მეუფლება, მით უმეტეს თუ ზამთარია და თოვს!      

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати