USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
განათლების სამინისტროს ახალი უფლებები დაემატა – რა შეიცვალა პრემიერ-მინისტრის დადგენილებით
თარიღი:  304

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ცვლილებები შევიდა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში, რომლის თანახმადაც გივი მიქანაძის უწყებას ახალი ფუნქციები დაემატა.

მათ შორის არის შპს “საგანმანათლებლო რესურსების” დაფუძნების უფლება და მისი ადმინისტრაციული მართვის საკითხებიც, რომელიც განათლების სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს, თუმცა შესაბამისი დადგენილება 2026 წლის 26 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.

სკოლის მოსწავლეებს ფორმებით, წიგნებითა და ავეჯით განათლების სამინისტროს შპს მოამარაგებს

პრემიერის 13 მარტის დადგენილებით, განათლების სამინისტრო ახლა უკვე უფლებამოსილია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების განსახორციელებლად, დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება, განახორციელოს აგრეთვე ისეთი საქმიანობა/ პროექტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად.

დადგენილების თანახმად, სამინისტროს ახალი ფუნქციებია შემდეგი: “უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსებითა და ინვენტარით აღჭურვას − მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით;

-ამტკიცებს სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს;

-ადგენს საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებებს, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს, საფასურს, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესს;

-ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

-ნიშნავს და ათავისუფლებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორს”.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: ირაკლი კობახხიძის დადგენილება

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის