USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
გამოკითხულთა 46% აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა
Date:  895

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოქალაქეების 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. გამოკითხული მოსახლეობის 84 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 41 პროცენტი კი სოციალური ქსელებიდან.

როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 44 პროცენტი ენდობა, ხოლო მედიას - 18%.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way