USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
გახარია: ეს იყო ჩემი შეცდომა
თარიღი:  639

ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის 20 ივნისისა და 2023 წლის 7-8 მარტის აქციებს შორის „უზარმაზარი განსხვავებაა“.

ამის შესახებ გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, თუ რით განსხვავდება გახარიას საქციელი 20 ივნისს, როდესაც პოლიციამ გაცილებით ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებისგან, რომელსაც აკრიტიკებს.

„ახლა იყო მშვიდობიანი აქცია. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას, რასაც ეს უკანასკნელი იტანდა 3-4 საათის განმავლობაში. ამ ორი პროტესტის შედარება შეუძლებელია. გამოძიებამ დაადგინა, რომ [20 ივნისის] აქციაზე იყო სპეციფიკური შემთხვევები, რომელიც გამოძიებულ უნდა იქნას, მაგრამ საერთო ჯამში პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. ახლანდელი და 20 ივნისის პროტესტები სრულიად განსხვავებულია. ეს არის საფუძველი ჩემთვის, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციასა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე ინტერვიუში გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ატარებს რუსულ პროპაგანდას.

მისი თქმით, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე რუსეთის რეაქცია დამატებითი ნიშანია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ინტერესებით მოქმედებდა. გახარიას აზრით, საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილება უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო.

„ცდილობს რა, შეინარჩუნოს ძალაუფლება, საქართველოს მთავრობა ბუნებრივად მოძრაობს რუსეთის მიმართულებით. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სტრუქტურა უბრალოდ შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიასთან“, — განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, არის თუ არა კურსის ცვლილებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი, გახარია პასუხობს, რომ მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

„ის [ივანიშვილი] მოქმედებს კრემლის ინტერესებით ამ მომენტში, მას მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ და რა არის ამის მიზეზი, მოტივაცია, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის კრიტიკულია, რომ თუ საქართველო არ იქნება დიდი შეთანხმების ნაწილი, როდესაც ეს საშინელი ომი უკრაინაში დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო დარჩება სამხრეთ კავკასიის კონტექსტში და არავინ იცის, შესაძლებლობის ფანჯარა [ევროკავშირში] გაწევრიანებისთვის კიდევ როდის გაიხსნება“, — განაცხადა გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ, ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაკავშირებულია კრემლთან.

გახარიამ ასევე თქვა, რომ თავადაც გრძნობს პასუხისმგებლობას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამიტომ შექმნა ახალი პოლიტიკური პარტია.

„შეიძლება, მე ვიყავი ყველაზე ეფექტური პერსონა ბიძინას ხელში უკანონო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც შეეძლო ძალიან პოზიტიური როლი ეთამაშა ქვეყნის ისტორიაში, იტყვის, რომ ის ტოვებს პოლიტიკას, მაგრამ მიზნად დაისახავს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და, სამწუხაროდ, ის მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი — მათ შორის ქვეყნის საგარეო ორიენტაცია — რომ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ეს იყო ჩემი შეცდომა და ეს ვალი უნდა გავუსტუმრო ქართველ ხალხს“, — დასძინა გიორგი გახარიამ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის