USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ფრთხილად: უპირობო პრივატიზაცია ეწინააღმდეგება მიწის სისტემური პოლიტიკის შექმნის საფუძვლებს!
Date:  446

სულ ახლახანს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის მორიგი მასშტაბური და უპირობო პრივატიზება გამოგვიცხადა. პრივატიზებას ექვემდებარება 11 000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა და მათ შორის, არა მხოლოდ სახნავი, არამედ, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია,  საერთო-სათემო სარგებლობის სათიბიბებიც!

ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ გახარიას მთავრობის მიერ  2020 წლის 23 ივნისს მიღებული დადგენილება, რითიც დამტკიცდა „სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდის სახელმწიფო პროგრამა“; დღევანდელმა მთავრობამ ამ დადგენილებაში ა/წ 8 აპრილსა და  11 მაისს შეტანილი ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა ეს „ხელმისაწვდომობა“: რაიმე კონკრეტული პირობის დადების გარეშე,  მოხსნა სასოფლო-სამეურნეო დანიშულების,   მათ შორის სათიბებისაც (!), იჯარით გაცემულ 10 ჰა-ზე მეტი ფართობების პრივატიზების შეზღუდვა და დააწესა 25%-იანი ფასდაკლება.  აშკარაა –  „მიწის რესურსის ხელმისაწვდომობის“ ამგვარად გაზრდით, საკუთარ სამკვიდროზე ქართული სოფლის უფლება  კიდევ  უფრო მეტად შეიზღუდა ვიდრე ოდესმე,   სწორედ ეს – უპირობო პრივატიზების ე.წ. ხელმისაწვდომობა, წარმოადგენს სამკვიდროზე სოფლის უფლებათა შეზღუდვისა და, აქედან გამომდინარე, მისი გარდაუვალი ხელმოკლეობის უმთავრეს საწინდარს; უდიდეს საფრთხეს, რითიც ქართულ სოფელს, პირდაპირი მნიშვნელობითაც ფეხქვეშ ეცლება ნიადაგი, მისი სამკვიდრო. სამკვიდრო მოკლებული სოფელი კი, სადაც არ არსებობს სათემო უფლებები მარჩენალ მიწაზე, მათ შორის – სასიცოცხლოდ აუცილებელ სათიბებზე, განსაკუთრებით მთაში, უნიადაგოა, უფესვოა, განწირულია ან ხიზნობისათვის, ანდა სულაც უარესი: ეს მისი სამოქალაქო სიკვდილის განაჩენის ტოლფასია!

პრივატიზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასიკეთო, სასარგებლო და როგორც ისტორიულ სამართლიანობასთან, ასევე ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთანაც თავსებადი, როცა მკაფიოდ პირობადადებულია და არა ისეთი ყოვლად უსისტემო და სრულიად უპირობოდ გაყიდულ-განიავებული როგორც ეს დღეს ხდება.

სისტემურობა  მიწის გაყიდვის პირობადადებას იმთავითვე გულისხმობს, რაც  უწინარესად სწორედ ამას ნიშნავს: „პრივატიზება პრივატიზებისთვის“ კი არა, არამედ ისე, რომ სამართლიანად და ეკონომიკურადაც მაქსიმალური სარგებლიანობით, იმთავითვე სწორედ განისაზღვროს როგორც ჯეროვანი გამყიდველი, ასევე ჯეროვანი მყიდველიც; არ უნდა დარჩეს არვითარი კითხვის ნიშანი – ვინ და რატომ ყიდის და ვინ და რისთვისა  ყიდულობს!

საარაკო უსამართლობაა, როცა სასოფლო მიწა სოფლის დაუკითხავად, სახელმწიფო ჩინოვნიკების ნებისამებრ იყიდება; ხოლო საარაკო ეკონომიკური სიბეცეა, როცა იყიდება ნებისმიერზე,  ოღონდაც გამოჩნდეს და თუნდაც ხელოვნურად გაიაფებული ფასი გადაიხადოს, იყიდება იმისდა მიუხედავად, იცის თუ არა მან მიწის ყადრი, სურს თუ არა და რაც მთავარია – ძალუძს თუ არა ამ მიწის კონკრეტული საზოგადოებისთვის – ადგილობრივი  თემისთვის  და მთლიანად ერის ინტერესების შესაბამისად, სასიკეთოდ გამოყენება.

არაერთგზის გვითქვამს:  არა მხოლოდ საზარალო, არამედ სამარცხვინოა, როცა მიწის პოლიტიკის ერთადერთი განზომილება მისი უპირობოდ, თვითმიზნურად პრივატიზებაა და სხვა, არც არაფერი. ვერაფრით ვერ ვეღირსეთ  ამ პოლიტიკის მყარი, სისტემური საფუძვლების შექმნას. ასევე, მრავალგზის გვითქვამს, თუ რა სჭირდება ამგვარი სისტემური საფუძვლების  ჩამოყალიბებას და  კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად გავიმეორებთ მიწის სახელმწიფო პოლიტიკის ცივილიზებულ ამოსავალ პრინციპებს:

მიწა არა მხოლოდ ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსი და წარმოების ძირითადი საშუალებაა, არამედ იგი ჩვენი იდენტობის დამდგენი ეროვნული საუნჯეა – მიწასამკვიდროა!

მიწის, ე.ი. სამკვიდროს ჯეროვანი მოვლა–პატრონობა, დაცვა და სიკეთისთვის გამოყენება შეადგენს ყოველი მოქალაქის, ადგილობრივი თემისა და ეროვნული სახელმწიფოს ძირეულ, საარსებო (ეგზისტენციურ) ფუნქციას!

მიწის საკუთრება იმავდროულად სოციალურადდამავალდებულებელიბუნებისაა, რაც ხაზგასმული იყო კიდეც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლში: „მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.“ (ასევე ყურადსაღებია, რომ ზოგადად საკუთრების სოციალურად დამავალდებულებელი ბუნება მკაფიოდ არის ასახული თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე მოწინავე სოციალური სახელმწიფოს – გერმანიის კონსტიტუციის მე-14 მუხლში: „საკუთრება ავალდებულებს. მისი გამოყენება საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს“).

ამ ფუნდამენტური პრინციპებიდან, რაც ნაწილობრივ გაზიარებული და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში,  გამომდინარეობს  კიდეც უცხოელების მიწათმფლობელობის შეზღუდვა (იხ. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი), რაც, რასაკვირველია, დისკრიმინაციული ხასიათისა სწორედ ამიტომაც არ არის.

ამ ფუნდამენტური პრინციპების ხორცშესხმისთვის მიწის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებას დღეს უნდა წარმოადგენდეს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მკაფიო სამართლებრივი მოწესრიგება; ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად კი აუცილებელი იქნება მიწის კანონმდებლობის კოდიფიცირება, ე.ი. მიწათმფლობელობასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების სისტემატიზებული, კომპლექსური თავმოყრა  „მიწის კოდექსში“.

სწორედ „მიწის კოდექსმა“ უნდა შექმნას ამ ეგზისტენციური ფუნქციის – მიწის ჯეროვანი მოვლა-პატრონობისა და დაცვის, მისი სასიკეთოდ გამოყენების, მიწის საჯარო პოლიტიკის სამართლებრივი საფუძვლები და ასეთი პოლიტიკის დემოკრატიულობის, ასევე მისი ეფექტიანობის მყარი გარანტიები;

მიწის საჯარო პოლიტიკა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის აუცილებლობიდან (რის გარეშეც თანამედროვე ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობა წარმოუდგენელია) გამომდინარე და სუბსიდიარობის ფუნდამენტური პრინციპის დაცვით ორ – სახელმწიფო და მუნიციპალურ, დონეზე უნდა წარიმართოს; ხოლო ამისთვის აუცილებელია მიწის რეფორმის თანმიმდევრული, რაციონალური დაგეგმვა და გატარება;

მიწის რეფორმის ძირითადი მიზნები, გარდა მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ფუნდამენტური მოწესრიგებისა, უნდა იყოს:

1)  მიწათმლობელობის მიმართულებით:

ა) ისტორიული სამართლიანობის, მაშასადამე, საკუთარ სამკვიდრო მიწაზე ადგილობრივი თემის ტრადიციულ უფლებათა თანამედროვე ფორმით აღდგენა, რაც გულისხმობს ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მუნიციპალურ საკუთრებასა და ადგილობრივი თემის მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემას;

ბ) იმ შეუწყნარებელი ვითარების, როდესაც სახელმწიფო კვლავაც რჩება ყველაზე მსხვილი და ამასთანავე სრულიად არაეფქტიანი მიწათმფლობელი, რაც შეიძლება დროულად გამოსწორება; სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებას და ადგილობრივი თემის მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემული უნდა იქნეს, როგორც სასოფლო (უწინარესად საძოვრები და სათიბები, სათემო ტყე, წყლის ფონდის მიწა და არამარტო ეს), ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ყველა ის მიწა, რაც არ გამოიყენება კონკრეტული სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელების, ან სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებით, ან საერთო ეროვნული მასშტაბის ეკონომიკური პროექტებისთვის;

გ) მიწის ბაზრის მოწესრიგებისთვის აუცილებელია შემოღებული იქნეს სოფლის მეურნის (ფერმერის) სტატუსი და დადგინდეს მიწის გაყიდვის დროს უპირატესი შესყიდვის უფლებათა შემდეგი რიგითობა: მკვიდრი სოფლის მეურნე (ფერმერი), სათემო კოოპერატივი, საქართველოს მოქალაქე არამკვიდრი სოფლის მეურნე,  მუნიციპალიტეტი (იმ პირობით, რომ მიწა სათემო სარგებლობისა იქნება), სახელმწიფო;

 

2) მიწათსარგებლობის მიმართულებით – ეროვნულ დონეზე 2022 წლიდან (და არა 2024  წლიდან რასაც ითვალისწინებს სამთავრობო დადგენილება) უნდა აღდგეს მიწის სტრატეგიული მართვის, ე.ი. მიწათსარგებლობის აღრიცხვის (მიწის ბალანსის სისტემური წარმოების), სახელმწიფო რეგულირების (მიწათსარგებლობის მონიტორინგი, მიწის დაცვის ნორმების მიღება და მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა) და მიწის რაციონალური გამოყენების სტრატეგიული დაგეგმარების, ტერიტორიის სივრცითი მოწყობის ფუნქციის, ხოლო ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე – ასევე მიწის ადგილობრივად ოპერატიული მართვის, ე.ი. მიწათმოწყობის (ადგილობრივი მიწათსარგებლობის აღრიცხვა და რაციონალური მიწათსარგებლობის ოპერატიული დაგეგმარება) ფუნქციათა განხორციელება.

სწორედ ამ სისტემური მიწის პოლიტიკიდან გამომდინარე უნდა მოწესრიგდეს მიწის პრივატიზებაც, მიწა უნდა გაყიდოს არა სახელმწიფომ (გარდა კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა)  არამედ  მუნიციპალიტეტმა,  კანონმდებლობით მკაფიოდ დადგენილი  წესებითა და პირობებით, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწის შემძენი; კერძოდ, უნდა დადგინდეს სათემო მფლობელობაში მოქცეული მიწის პრივატიზების ის წესიც, როდესაც პრივატიზება დაიშვება მხოლოდ თემის თანხმობით და იმ პირობით, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი სარგებელი პრივატიზებიდან სწორედ თემმა უნდა მიიღოს; გარდა ამისა, მიწის პრივატიზებისას შემძენისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მიწათ-მოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმების (რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტებს) წარდგენაც, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისას – ფერმერის სტატუსიც.

ამ სისტემური საფუძვლების შექმნას, რასაკვირველია, აყოვნებს, უარესიც – ხელს უშლის და ეწინააღმდეგება დღევანდელი უსისტემო და უპირობო პრივატიზაცია.

კვლავ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს კეთილგონიერება, ხელი აიღოს ასეთ უპირობო პრივატიზებაზე  და სანაცვლოდ, ყველაფერი იღონოს მიწის პოლიტიკის რაც შეიძლება დროულად, სისტემური მოწესრიგებისთვის.

ქართველი პოლიტვეტერანები: პაატა კოღუაშვილი, გურამ სანადირაძე, ზურაბ მარშანია, პაატა ჩხეიძე, დავით მარღანია, გოგიტა ქერქაძე, სანდრო სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, ნოდარ ლაბარტყავა, შალვა უგრეხელიძე, გია იაკობაშვილი

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way