USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ფრთხილად - ქართულ სომხური ურთიერთობები
Date:  6987

ილიას “ქვათა ღაღადზე” უკეთესად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წლების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაქციულ სომეხთა ნაწილი “ჩაკრულოსა” და ასლან ერისთავის მიერ შესრულებულ “მრავალჟამიერს” (მეორენაირად – ასლანურს) გვეცილებოდა. რატომ ამოირჩიეს სომხებმა მაინცდამაინც “ჩაკრულო” და “მრავალჟამიერი”?

ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ამას იმით ხსნის, რომ ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო” კოსმოსში წავიდა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო ერისიონის ეს ცნობილი ჩანაწერი, ხოლო “მრავალჟამიერი” ყველასთვის მისაღები და საყვარელი სიმღერაა. “ქართულ და სომხურ მელოდიებს შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს. ქართულ სიმღერებში ისეთი სულია, რა გვაქვს ვინმესთან საერთო?”, – კითხულობს ჭკუასელი.

ჯემალ ჭკუასელი სხვა შემთვევასაც იხსენებს: „შეიძლება არ იცოდეთ, რომ მსგავსი პრეცენდენტი ადრეც მოხდა. 1989 წელს სან-ფრანცისკოში შეწუხებულმა ქართველებმა ფირფიტა მომიტანეს, ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ, დაგვღუპეს სომხებმაო. ფირფირტაში 15-20 სიმღერა იყო შეტანილი, მათ შორის, “ჩაკრულო”, ხოლო სომხებს ფირფიტაზე წაეწერათ: “სომხური სიმღერები”.

შევუტიე ქართველებს, მერე თქვენ, ქართული დიასპორა, აქ რას აკეთებთ-მეთქი? ვიფიქრე, ეტყობა ქართული დიასპორა ისე ძლიერი ვერაა, როგორც სომხების, ამიტომ ფირფიტა საქართველოში ჩამოვიტანე. ცეკაში ერთ-ერთ დიდკაცს მივუტანე, ცოცხალი აღარაა და არ მინდა, მისი გვარი დავასახელო. ვუთხარი, ვიღუპებით, ნახეთ, რა არის-თქო. გადაირია, ეს რა ვნახე, ნახე, მაგათ რას ვუზამო. სადაც საჭირო იყო, დარეკვასაც შემპირდა, მაგრამ თავი არ შეუწუხებია.

შევეხმიანე, რატომღაც არ ისურვა ჩემთან დალაპარაკება. მაინც არ მოვეშვი, შედეგად ის მივიღე, რომ ფირფიტა დამიკარგეს იმ მოტივით, სომხებს არ ვაწყენინოთო. უკვე ეჭვიც შემეპარა იმ კაცის ქართველობაში. დღეს გამოჩნდნენ არაქართველები, რომლებიც იჩემებენ ქართველობას. სახის ფერით, თვალებით, ბუნებით, ხასიათით ქართველი არაა და იჩემებს, ქართველი ვარო. ასეთები აბაზად გაყიდიან საკუთარ ქვეყანასაც”.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ალექსანდრე აბდალაძე:
– ისტორიულ წიაღსვლას თუ მივყვებით, დავრწმუნდებით, რომ სომხეთი უძველესი დროიდანვე ცდილობდა, კავკასიაში დიდ სახელმწიფოდ გადაქცევას. ამიტომაც არსებობს გამოთქმა “დიდი სომხეთი.” მათი მესვეურები, მეფეები, მოგვიანებით კი საეკლესიო პირები ცდილობდნენ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დაპყრობასა და გასომხებას. ასეთივე გეგმა ჰქონდათ ტაო-კლარჯეთთან მიმართებით. ისტორიულად ტაო-კლარჯეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული აჭარაც.

ქართველები ამას აცნობიერებდნენ?
– რა თქმა უნდა, ქართველები გულხელდაკრეფილნი სულაც არ იყვნენ, ისინი ებრძოდნენ და იგერიებდნენ დიდ დამპყრობლებს, დიდ იმპერიებს და, ცხადია, სომხების შემოტევასაც წინ არაერთხელ აღუდგნენ. ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ შეეჩერებინათ სომეხთა აგრესია ქართული მიწების მიმართ და, როგორც კი ჩვენი მეზობლები მიიტაცებდნენ ქართულ მიწებს, ზოგჯერ მალევე, ზოგჯერ კი მოგვიანებით უკან იბრუნებდნენ. ასე ხდებოდა ძველ დროში, ვგულისხმობ პირველ და მომდევნო საუკუნეებს.

თუკი გადმოვინაცვლებთ მე-20 ს-ში აღმოჩნდება, რომ 1918 წლისთვის სომხური პრობლემა კვლავაც განახლდა.
– მოხდა ისე, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა ამიერკავკასიაში საყრდენად მიიჩნია სომხეთი. საერთოდ, ცნობილია, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში დიდი უსამართლობა ჩაიდინა. კერძოდ, 1783 წლის ტრაქტატის მიხედვით, საქართველო რუსეთისაგან ითხოვდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ხელუხლებლად დარჩენილიყო, რის შემდეგაც, ქართველებმა, მანამდე ირანისა და თურქეთის ვასალობას, ქრისტიანული რუსეთის ვასალობა ამჯობინეს.

ერთმორწმუნეობას მოჰყვა ქართული სახელმწიფოს რუსეთთან დაახლოება, მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა 1801 წელს ვერაგობა ჩაიდინა, ქართული სახელმწიფოებრიობა ერთი ხელის მოსმით მოსპო. ეს თავის დროზე ირანსა და თურქეთსაც არ გაუკეთებია, მათ ეს ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, მოყვრულად მოსული მტერი უფრო საშიშია. ქართული სახელმწიფოს, სამეფოების მოსპობას ქართველები ვერ ეგუებოდნენ და ცდილობდნენ სახელმწიფოებრიობის აღდგენას.

ამას მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არაერთი აჯანყება მოჰყვა რუსეთის წინააღმდეგ. შემიძლია გავიხსენო 1832 წლის შეთქმულება, უფრო ადრინდელი აჯანყებებიც. ამის გამო რუსები მიიჩნევდნენ, რომ ქართვერლები ურჩი და სეპარატისტული ერია, ხოლო სომხეთს დიდხანს, ყოველ შემთხვევაში, მე-19 საუკუნის ბოლომდე, თავიანთ ერთგულად თვლიდნენ. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ სომხური სახელმწიფო მე-11 საუკუნიდან აღარ არსებობდა, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ. ამ დროს კი რუსეთმა მკვდრეთით აღადგინა სომხეთი, ჩვენი მეზობლები სხვადასხვა ქვეყნიდან (ირანიდან, თურქეთიდან და სხვა) სომხეთში დააბრუნა. რუსებმა ყოველნაირად შეუწყეს ხელი მათ სომხეთში დაბრუნებას.

საქართველოს მსგავსად, სომხეთის დაპყრობა არ უცდია რუსეთს?
– როცა რუსეთი შემოვიდა ამიერკავკასიაში, მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის, სომხეთში თითქმის არ იყო ადგილობრივი მოსახლეობა, მთელ სომხეთში ცხოვრობდა მხოლოდ 25 ათასი სომეხი, რაც ძალიან ცოტაა. 25 ათასი კაცი შეიძლება მხოლოდ ერთ დაბაში ცხოვრობდეს. სომხებს ჰქონდათ გეგმა, რუსეთის დახმარებით აღმდგარიყვნენ. ამიტომ თავდაპირველად მათ არ ჰქონდათ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობისა და სომხური სახელმწიფოებრიობის შექმნის სურვილი.

თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს მათაც მოუნდათ სახელმწიფოს აღდგენა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ასკვნიდა, რომ სომხეთს რუსეთს იქით გზა არ ჰქონდა. სომხები ყოველთვის უფრო მორჩილნი იქნებოდნენ, ვიდრე ქართველები. ასეთ ვითარებაში რუსეთის ხელშეწყობით, სომხური წრეები, მათი ბურჟუაზია საქართველოში გაძლიერდა. ძველი გეგმაც გაიხსენეს და საქართველოს დაპყრობა-გასომხება განიზრახეს.

რაც შეეხება აჭარას? ეს კუთხე სომხებს განსაკუთრებით იზიდავთ.
– სომხური ბურჟუაზია გამდიდრდა, მთელი საქართველოს ყიდვა მოინდომა და განსაკუთრებით აჭარით დაინტერესდა. 1918 წელს საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. სომხეთში, ჩვენგან განსხვავებით, ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. მათ დიდი სომხეთის შექმნა, პირველ რიგში, საქართველოს ხარჯზე მოინდომეს. ამ მიზნით ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ზღვაზე გასასვლელის მოპოვება, რაც სომხებმა ბათუმში განიზრახეს.

რამდენადაც ვიცი, სომხებს ლაზეთზეც ჰქონდათ პრეტენზია.
– დიახ, ლაზეთზეც ჰქონდათ პრეტენზია, რომელიც ამჟამად თურქეთშია. სომხებმა ლაზეთის დაქვემდებარების გეგმაც შეიმუშავეს, მაგრამ ეს შედარებით რთული იყო. თურქეთთან ისინი არაერთხელ დამარცხებულან. მოგეხსენებათ, თურქეთმა მათ გენოციდი მოუწყო. ლაზეთზე გავლენის მოპოვებაში დიდ სახელმწიფოთა – ინგლისის, ამერიკის დახმარების იმედი ჰქონდათ. თუმცა უფრო რეალურად მიიჩნიეს ზღვაზე გასასვლელის მოპოვება ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან აჭარის გავლით ბათუმამდე რკინიგზა უნდა გაეყვანათ. ასეთნაირად შავ ზღვაზე გასასვლელი უნდა მოეპოვებინათ.

ცივილიზებულ სახელმწიფოსთან როცა გაქვს საქმე, დასაშვებია, ზღვაზე გასასვლელი მეზობელს იჯარით მისცე. ამ დროს კი საქართველოში ქართული ეროვნული წრეები საფუძვლიანად ფიქრობდნენ, რომ სომხეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება ძნელი იყო, რადგან ისინი აჭარისა და ბათუმის დაპყრობას მოინდომებდნენ. ქართველ პატრიოტებს ეჭვის საფუძველს ისიც აძლევდა, რომ 1918 წლის დეკემბერში სომხეთის დაშნაკურმა ხელისუფლებამ ჯარი შემოუსია საქართველოს, თანაც ომის გამოუცხადებლად. ამით მათ ორმაგი ვერაგობა ჩაიდინეს: პირველი, ეს არის ომი იმ საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მფარველობდა სომხებს და იხიზნავდა საქართველოში. და მეორე ვერაგობაა, ომის გამოუცხადებლად სომხების შემოჭრა.

როცა ქართველები ჩაებნენ ამ ომში, საქმეში ჩაერია ინგლისი და ომიც შეწყდა. გაურკვეველი და არასასურველი ვითარება შეიქმნა იმ მხრივ, რომ ქართული მიწა-წყალი – ლორე-ტაშირი – ინგლისის ნებით ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. შემდგომში, უკვე 1921 წელს ლორე-ტაშირი (ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილი) ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს წაართვა და სომხეთს აჩუქა. ეს მაშინ, როცა საუკუნეების მანძილზე ქართველებმა ზღვა სისხლი დაღვარეს ლორე-ტაშირის შესანარჩუნებლად და გასათავისუფლებლად. ასევე, ბოლშევიკურმა რუსეთმა საინგილო წაგვართვა და აზერბაიჯანს გადასცა.

მოკლედ რომ გითხრათ, 1918 წელს, როცა სომხეთმა ომი გააჩაღა საქართველოს წინააღმდეგ, ნახევარი საქართველოს, კერძოდ, აჭარისა და ბათუმის მიტაცებასაც ისახავდნენ მიზნად. თბილისის, გორის, ახალქალაქის, ახალციხის დაპყრობასაც გეგმავდნენ. იმ პერიოდში სომხეთის რუკები გამოიცემოდა, სადაც დაახლოებით ნახევარი საქართველო, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ტერიტორიები სომხეთისთვის იყო მიკუთვნებული.

ასეთია ისტორია, ასეთ ვითარებაში ქართველები ვერ ენდობოდნენ სომხებს. იმ დროს ქართველებმა მოახერხეს, სომხებისათვის არ დაეთმოთ ზღვაზე გასასვლელი. სამწუხაროდ, დღეს შედარებით იოლად ახერხებენ სომხური წრეები, მოიპოვონ გავლენა აჭარაში, ბათუმში. იტალიელი თუ რაიმეს შეიძენს საქართველოში, ეს იმდენად საშიში არაა, როგორც სომხების შენაძენი. ისინი თბილისში რადენიმე ეკლესიას გვედავებიან.

თუ მათთან ურთიერთობას გავითვალისწინებთ, თუ როგორ ვითარებაში მოჰყავდათ ჩვენს მეფეებს ლტოლვილი სომხები და ასახლებდნენ საქართველოში, უსაფუძვლოა მათი პრეტენზია ძირძველ ქართულ ეკლესიებზე. რეაქციული იდეოლოგიის მიმდევარმა სომხებმა ჯერ კიდევ უძველეს დროს თავისებური იდეოლოგია შექმნეს. თითქოს, თუკი ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, რამე სასიკეთო ხდებოდა, ეს კეთდებოდა ან სომხების ან გაქართველებულ სომხეთა (ნასომხარების) მიერ.

მათი იდეოლოგიით, სომხები არიან შემოქმედი ერი, ხოლო ქართველები – სხვისი კულტურული მიღწევების გადამღებნი. ქართული კულტურა თუ არსებობს, ეს თურმე სომხურის გადამღერება ყოფილა. ეს იდეოლოგია დღესაც ცოცხალია და ამ იდეოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში ყოველთვის გადასწვდებიან ხოლმე საქართველოს.

მე-19 საუკუნეში საქართველოს საქმე ისე წაუვიდა, რომ რუსეთის დახმარებით სომეხთა მრავალრიცხოვანი წრეები ფიქრობდნენ, მთელი საქართველო (პირველ რიგში, აღმოსავლეთ საქართველო) გაესომხებინათ, მიესაკუთრებინათ. ამას ქართველების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გულისხმობთ ილიას “ქვათა ღაღადს”?
– არა მარტო. ილიას გარდა, გავიხსენოთ იგივე აკაკი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა. სამწუხაროდ, საქმეს არ ეშველა. მათ სურდათ ნახევარი საქართველოსა და თბილისის დაპყრობა.

რატომ მაინცდამაინც ქართველები ამოიღეს მიზანში? ტერიტორიული სიახლოვის გარდა მათი პერიოდული შემოტევები იმითაც ხომ არ უნდა აიხსნას, რომ ქართველები მოვისუსტებთ ეროვნული პოზიციის დაცვაში, რითაც ისინი სარგებლობენ?
– რა თქმა უნდა. 90-იან წლებში სომხების რეაქციულმა ნაწილმა გამოაქვეყნა ასეთი წერილი: “ქართველი ერი დღეს არ არსებობს,” ეს ცალკეულ კუთხეთა კონგლომერატია, ამიტომაც შეგვიძლია მათი დამარცხება და ჯავახეთის სომხეთთან შეერთება. მათი აზრით, ქართველებში სათანადო დონეზე არ იყო ეროვნული შეგნება, ამდენად, სომხებს შეეძლოთ ამიერკავკასიაში მიზნის განხორციელება.

ისინი ნოეს შთამომავლებად მიიჩნევენ თავს. არარატი ნამდვილად მათ ეკუთვნით?
– ეს უკვე ლეგენდების სფეროა. საერთოდ, მეცნიერებაში მიღებულია, რომ სომხები შედარებით გვიან არიან მოსულნი ამიერკავკასიაში. არსებობს მონაცემი, რომ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე სხვა ტომები ცხოვრობდნენ. შესაძლოა ვიფიქროთ, საუბარია ქართველურ ტომებზე, რომლებიც ოდესღაც არარატის მიდამოებში ბინადრობდნენ. თუმცა სომხებმა მოახერხეს ზოგიერთი ქართული ტომის განდევნა არარატიდან ან გასომხება.

მართალია, რომ მათი რეაქციული აქტივისტები, თბილისს სომხურ ქალაქად მიიჩნევდნენ?
– მთელი მე-19 საუკუნის, ასევე, მე-20 საუკუნის დასაწყისში, სომხები აცხადებდნენ, რომ თბილისი სომხური ქალაქია. დღესაც გვსმენია მათი რადიკალებისგან ასეთი სიცრუე. ცხადია, ესეც ზღაპარია. თბილისი არასდროს ყოფილა სომხური ქალაქი. უბრალოდ, სომხებმა თავიანთი სამშობლო მიატოვეს, ისინი იყვნენ ხიზნები, მათი სახელმწიფო მე-11 საუკუნეში დაეცა. გარკვეულ მიზეზთა გამო ქართველები მათ იფარავდნენ.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა სომეხმა ბერიას ჯავახეთის გადაცემა მოსთხოვა, რის გამოც ბერიამ იგი საკუთარ კაბინეტში მოკლა.
– დიახ. როგორც ისტორიკოსს, ფაქტებით მიყვარს საუბარი. თუმცა ვერსიის დონეზე მსგავსი გადმოცემა მართლაც არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა ქართველებს ლორე-ტაშირი (ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში) წაართვა და გადასცა სომხებს. მადა ჭამაში მოდის და სომხების პრეტენზიები ამით არ დასრულებულა. მათ ჯავახეთის მისაკუთრებაც მოინდომეს, რაც მიუღებელი იყო საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

ერთ-ერთი ვერსიით, სომხეთის ცეკას მდივანი, გვარად ხანჯიანი შევიდა ბერიასთან კაბინეტში და სომხებისთვის ჯავახეთის მითვისების პრეტენზია წაუყენა. ამაზე შეკამათდნენ და ბერიამ ხანჯიანი თავისივე კაბინეტში რევოლვერით მოკლა.

 მანანა ნოზაძე

წყარო:https://iberiana.wordpress.com/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way